საზოგადოება

ილიკო ფერაძე: მე რომ ავად არ გავმხდარიყავი, „ყვავილების ქვეყანას“, ალბათ, სულ სხვა ტექსტი ექნებოდა

№6

ავტორი: ქეთი კაპანაძე 16:00 12.02

გია ფერაძე
დაკოპირებულია

წელს 28 წელი შესრულდა ცნობილი მსახიობის, გია ფერაძის გარდაცვალებიდან და მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ახალგაზრდობა გიას გარდაცვალების მერეა დაბადებული და მას პირადად არ იცნობდა, ფილმებსა და სპექტაკლებში შესრულებული როლებით, ახლაც ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს. ძველი თბილისელები კი დღემდე მისტირიან საყვარელ მსახიობს. სოციალურ ქსელებში უცნობი ავტორების მიერ იხსნება ახალ-ახალი, გვერდები: „გია ფერაძე“, „არასერიოზული კაცი“ და სხვა, სადაც თითქმის ყოველდღე დებენ კადრებს გიას სპექტაკლებიდან და ფილმებიდან.

გია ფერაძის ძმამ – ილიკო ფერაძემ გიას გარდაცვალების მერე გამოსცა წიგნი არა მარტო გიაზე, არამედ მთელ მის ოჯახზე „მე, ბებიები-ბაბუა, დედ-მამა და გია ფერაძე”, სადაც მოკლედაა აღწერილი მათი სახელოვანი წინაპრებისა და გია ფერაძის ცხოვრების უცნობი და ნაცნობი თავგადასავლები. ბატონი ილია თავად მოკრძალებული, მაგრამ საკმაოდ ცნობილი პიროვნებაა: მრავალი წიგნის ავტორი, პროფესორი, საქართველოს ტელევიზიაში კომპიუტერების დანერგვის პიონერი, ერთ-ერთი პირველი სარეკლამო სააგენტოს დამფუძნებელი, ამასთან, არის სპორტის ოსტატი. საქართველოში აფროსნობის დაარსებისა და განვითარებისთვის დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. და ბოლოს, წმინდა გრიგოლ ფერაძის საზოგადოების დამფუძნებელი და სულისჩამდგმელი და ბაკურციხეში წმინდანის მუზეუმის დამაარსებელია. მის წიგნში მოთხრობილია ნაღდ თბილისელებზე – ჟორჟოლიანებისა და ფერაძეების გვარის სახელოვან წარმომადგენლებზე, მათ შორის: დედის – თინა ჟორჟოლიანის – ბიძის, სანდრო ჟორჟოლიანის შესახებ, ასევე – ბაბუის, ცნობილი პუბლიცისტისა და პედაგოგის – ილია ფერაძის შესახებ და მათი ახლო ნათესავის, წმინდანად შერაცხილი სასულიერო მოღვაწის, მეცნიერისა და პედაგოგის, არქიმანდრიტ გრიგოლ ფერაძის შესახებ.

დედა

დედა - თინა ჟორჟოლიანი, ბიბლიოთეკარი, ჟურნალისტი, მწერალი იუმორისტი გახლდათ. იგი ცნობილი მსახიობის, სანდრო ჟორჟოლიანის ძმისშვილი იყო. საოცარი იუმორის გრძნობა ჰქონდა და მის მოყოლილ ანეკდოტებზე ყველა მაგრად ხალისობდა. სპეციალური ბლოკნოტი ჰქონდა, რომელშიც ანეკდოტებს ახარისხებდა და იწერდა ხოლმე და მათი რიცხვი 800-ს აღწევდა. სულ უნდოდა, რომ ხალხში ყოფილიყო. გარშემო რამდენიმე კაცი მისთვის უკვე აუდიტორია იყო და წამში იწყებდა იუმორისტულ მონოსპექტაკლს პაროდიებით. ამ ნიჭით ჰგავდნენ ერთმანეთს დედა და გია. მათი ერთად ყოფნა სუფრაზე რაღაც დაუსრულებელი იუმორისტული ნომრების კორიანტელი იყო. ორივე ჩახმახზე შეყენებული თოფივით სულ მზად იყვნენ იუმორის ახალი ფეიერვერკების ამოსაფრქვევად.

მამა

მამა - ბიძინა ფერაძე, იყო ინგლისურის მასწავლებელი. შემდგომ განათლების სამინისტროში მუშაობდა სკოლების სამმართველოს უფროსის მოადგილედ, მას არასოდეს ეკავა დიდი თანამდებობა, მაგრამ დაჯილდოებული იყო პიროვნული ქარიზმით და ძველი თბილისელები დღემდე დიდი სიყვარულით იგონებენ მას. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მეოცე საუკუნის საუკეთესო ქალაქური ჟანრის სიმღერად აღიარებული სიმღერა, „ყვავილების ქვეყანა“, მამაჩემის ლექსზეა დაწერილი. საინტერესოა მისი დაწერის ისტორია. 1946 წელს ჩვენი ოჯახი დაბა წყნეთში ისვენებდა. მე ავად გავხდი და დედამ მამაჩემი თბილისში სტრეპტოციდისა და კარაქის საყიდლად გააგზავნა. სტრეპტოციდის აბები იმ დროს იშვიათობა იყო და პედაგოგის ერთი თვის ხელფასი ღირდა. მამა მასწავლებელი იყო და როგორც დღეს, მაშინაც მასწავლებლებს საკმაოდ უჭირდათ. თბილისში ჩასვლისას მამას პირველი ამოცანა იყო ფულის შოვნა. ჩამოსვლისთანავე ვერაზე შემოხვდა მისი მეგობარი, ჯანო ბაგრატიონი. ჯანომ იცოდა, რომ ბიძინა წერდა ლექსებს. გაიგო მისი გასაჭირი და შესთავაზა: გოგი ვასაძემ კარგი მელოდია ჩამოიტანა ქუთაისიდან და წამოდი, მოისმინე, ტექსტი არა გვაქვს. თუ ტექსტს დაწერ, ავანსად ჰონორარსაც გამოგიწერო. მამამ მოისმინა მელოდია და დაწერა ლექსი: „ყვავილების მეუფევ“, მიიღო ავანსი, იყიდა წამალი, თან წამოაყოლა რამდენიმე ბოთლი ღვინო – „8 ნომერი“ და საღამოს დედამ და მამამ შეასრულეს ეს სიმღერა წყნეთში. რომელიც შემდგომ ბატონმა ჯანომ პირველად იმღერა ესტრადაზე ქუთაისში, გასტროლებზე და პირველსავე დღეს 15-ჯერ ბისზე გაამეორებინეს. ასე დაიწყო ამ სიმღერამ სვლა ქართველი კაცის გულებისაკენ და მისი განსაკუთრებული პოეტური მუხტის წყალობით, მეოცე საუკუნის ყველაზე პოპულარული სიმღერა გახდა. მაშ ასე, მე რომ ავად არ გავმხდარიყავი, ეს სიმღერაც, ალბათ, სულ სხვა ტექსტით იქნებოდა და დარწმუნებული ვარ, ასეთ პოპულარობას ვერ მოიპოვებდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული