საზოგადოება

იყო თუ არა მართლაც ყრუ სერგო ორჯონიკიძე და ვინ ამოაჭრა მას ორივე სათესლე ჯირკვალი

№28

ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 19.07, 2023 წელი

სერგო ორჯონიკიძე
დაკოპირებულია

ეს ცხოვრების დღიურები რადიკალურად იმ პიროვნებებისგან განსხვავებულ ადამიანს ეხება, რომელთა დღიურებიც აქამდე გაგვიცნია თქვენთვის, ადამიანს, რომელიც ისტორიაში სულ სხვა იმიჯით შევიდა – ოკუპანტებს შემოუძღვა და საკუთარი სამშობლო დააპყრობინა, საქართველოს ძირძველი ტერიტორიები გააჩუქა და სამუდამოდ დაგვაკარგვინა და, კიდევ ვინ მოსთვლის მის სისაძაგლეებს, თუმცა მას ზოგიერთი დღემდე გმირადაც მოიხსენიებს. მისი ცოხვრების ეპიზოდები საყურადღებოა დღევანდელ პოლიტიკურ მდგომარეობასთან მიმართებაში, რათა მომავალმა თაობამ გაიგოს, როგორი გამყიდველები ჰყავდა საქართველოს, რათა კარგად იცოდნენ, გაიაზრონ და თავიდან ააცილონ ქვეყანას გასული საუკუნის 30-იანი წლების უმძიმესი შეცდომები. მაშ ასე, სერგო ორჯონიკიძე – სამშობლოს გამყიდველის თუ კრისტალურად სუფთა რკინის სახკომის გმირის უკუღმართი და ტრაგიკული ცხოვრების ეპიზოდები.

შავ ჩარჩოში

...1937 წლის 18 თებერვალს თავის სამუშაო ოთახში თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე საქართველოს ოკუპაციის ერთ-ერთმა მთავარმა ორგანიზატორმა, რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (ბ) კავბიუროს ყოფილმა თავმჯდომარემ, 1921 წლის 25 თებერვალს ბაქოდან მოსკოვში გაგზავნილი ყველაზე ცნობილი დეპეშის ავტორმა და საბჭოთა კავშირის მძიმე მრეწველობის მოქმედმა კომისარმა, გრიგოლ (სერგო) კონსტანტინეს ძე ორჯონიკიძემ. საქართველოს დამოუკიდებლობის მსგავსად, „რკინის სახკომისთვისაც“ საბედისწერო გამოდგა თებერვლის თვე. სერგო ორჯონიკიძე ვერც საქართველოს გასაბჭოების მე-16 წლისთავს მოესწრო და ვერც თავის 51-ე დაბადების დღეს... „საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) ცენტრალური კომიტეტი ღრმა მწუხარებით აუწყებს პარტიას, მსოფლიო მუშათა კლასსა და საბჭოთა კავშირის ყველა მშრომელს, რომ გუშინ, 18 თებერვალს 17 საათსა და 30 წუთზე, მოულოდნელად გარდაიცვალა პარტიის უდიდესი მოღვაწე, მხურვალე და უშიშარი ბოლშევიკ-ლენინელი, ჩვენი ქვეყნის სამეურნეო აღმშენებლობის უდიდესი მოღვაწე – პარტიის პოლიტბიუროს წევრი, მძიმე მრეწველობის სახალხო კომისარი, ამხანაგი გრიგოლ (სერგო) კონსტანტინეს ძე ორჯონიკიძე“, – ამ ცნობით, რომელსაც დართული ჰქონდა სერგო ორჯონიკის შავ ჩარჩოში ჩასმული პორტრეტი, იხსნებოდა 1937 წლის 19 თებერვალს გამოსული ყველა საკავშირო თუ ადგილობრივი გაზეთი, თუმცა მასში არაფერი იყო ნათქვამი სახალხო კომისრისა და ერთგული ლენინელის გარდაცვალების მიზეზზე, მხოლოდ მომდევნო დღეს, დიდი ტირაჟით დაბეჭდილი და იოსებ სტალინის მიერ ხელმოწერილი ხსოვნის ფურცლიდან შეიტყვეს საბჭოთა მოქალაქეებმა, რომ სერგო ორჯონიკიძის სწრაფი და მოულოდნელი სიკვდილი გამოიწვია გულის დამბლამ, რაც, რბილად რომ ითქვას, არ იყო სიმართლე. „იწვა ტახტზე. საფეთქელზე ეცხო ძველი და გრძელი, უჯიათი ჯიშის მარად წითელი სისხლის წინწკალი. ტყვია ჰქონდა მიჭედილი იმ ყურში, რომელშიც არ ესმოდა“, – ასე აღწერა მწერალმა რეზო ჭეიშვილმა თვითმკვლელობის შემდგომი სცენა 1992 წელს გამოცემულ, „სერგო ორჯონიკიძის უკუღმართსა და ტრაგიკულ ცხოვრებაზე“ დაწერილ დოკუმენტურ წიგნში „რკინის სახკომი“ (წყარო: „რადიო თავისუფლება“). სერგო ორჯონიკიძეს მართლაც ჰქონდა სმენასთან დაკავშირებული პრობლემები. ცნობილია ლენინის ხუმრობა პარტიის მეათე ყრილობაზე (1921 წლის მარტი), სადაც სერგოს თანაპარტიელებმა შეურაცხყოფისა და უხეშობისათვის უჩივლეს. „ორჯონიკიძე მარცხენა ყურით ყრუ ყოფილა და ამიტომ სჩვევია, თურმე, ყვირილიო“, – ასე დაიცვა ვლადიმირ ლენინმა ორჯონიკიძე და არ დაუშვა მისი გამოყვანა პარტიის ცენტრალური კომიტეტიდან. ოფიციალურ დასკვნაში, რომელსაც ხელს აწერდნენ კრემლის სამკურნალო-სანიტარული სამმართველოს კონსულტანტი, პროფესორი ლევინი და კრემლის ამბულატორიის მორიგე ექიმი გეცი, არაფერი იყო ნათქვამი ყურში ნასროლ ტყვიაზე. ექიმები ამტკიცებდნენ, რომ სიკვდილი გამოიწვია „ამხანაგ გ.კ.ორჯონიკიძის გულის კუნთისა და გულის მილების მძიმე სკლეროზულმა ცვლილებებმა“. დასკვნის მიხედვით, გარდა გულისა, ორჯონიკიძეს ქრონიკულად დაზიანებული ჰქონდა ერთადერთი, მარჯვენა თირკმელი. ტუბერკულოზით დაავადებული მარცხენა თირკმელი მას 1929 წელს ამოაჭრეს. „ორი უკანასკნელი წლის განმავლობაში ამხ. ორჯონიკიძეს დროგამოშვებით ჰქონდა სტენოკარდიის (გულის ანგინის) და გულის ასთმის შეტევები. უკანასკნელი ასეთი შეტევა, რომელიც ძალიან მძიმედ მიმდინარეობდა, 1936 წლის ნოემბრის დამდეგს მოხდა. 18 თებერვალს დილიდან ამხ. ორჯონიკიძე არაფერს უჩიოდა, ხოლო 17 საათსა და 30 წუთზე, დღის დასვენების დროს, უეცრად თავი ცუდად იგრძნო და რამდენიმე წუთის შემდეგ გულის დამბლისგან გარდაიცვალა“, – ეწერა სამედიცინო დასკვნაში. არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ სერგო ორჯონიკიძეს ამოკვეთილი ჰქონდა ორივე სათესლე ჯირკვალი. 1909 წელს, როცა ციხიდან დაბრუნებულმა, საცოლის, პეპესი წერეთლის გარდაცვალების ამბავი შეიტყო, გამწარებულმა იმ ღამესვე მოინდომა საყვარელი ქალის საფლავის ნახვა, მაგრამ პერევისკენ მიმავალი ცხენიანად ჩავარდნილა ნაჭურალში. ცხენი ადგილზე მომკვდარა, უნაგირის ტახტზე დამკვდარი მხედარი კი დილით უნახავთ მწყემსებს. ოპერაცია ერთ ჯირკვალზე ექიმ მაჭავარიანს გაუკეთებია. მეორე სათესლე ჯირკვლის ამოღების შესახებ კი ზუსტი ცნობები არ არსებობს. ცნობილია, რომ 1927 წელს, მეთხუთმეტე ყრილობის წინ, სერგო ორჯონიკიძეს ქირურგიული ოპერაცია გაუკეთებია, რაც ყრილობაზე სიტყვით გამოსვლის დროსაც ახსენა, თუმცა რა ოპერაცია გაიკეთა, ეს არ უთქვამს. ცნობად არის მისაღები ის გარემოებაც, რომ, თავის დროზე, ექიმ მაჭავარიანს უთქვამს, ადრე თუ გვიან, მეორე სათესლე ჯირკვალიც ამოსაკვეთი გახდებაო... („რკინის სახმკომი”. რ. ჭეიშვილი).

ვირი

...სერგოს ბედი მართლაც დიდწილად გადაწყვიტა სტალინთან შეხვედრამ. შემთხვევითი არ იყო, რომ უკიდურესად გაღიზიანდა, როცა, ჯერ კიდევ საქართველოს ოკუპაციამდე, თანაპარტიელმა არი კობახიძემ (პარტიული ფსევდონომი „მირსკი“) მას სტალინის ვირი უწოდა. არი კობახიძისა და სერგო ორჯონიკიძის ჩხუბის ამბავმა პარტიის ხელმძღვანელობის ყურამდეც კი მიაღწია. ვირზე მეტად სერგო ორჯონიკიძე იყო სტალინის თვალი, ყური და ხელები საქართველოს დაპყრობის დღეებსა და ანექსიის პირველ წლებში... სერგო ორჯონიკიძის მიერ დამყარებული საბჭოთა ხელისუფლება გეგმაზომიერად ანადგურებდა საქართველოს მოსახლეობას. სწორედ სერგო ორჯონიკიძე იყო უკმაყოფილო მოსახლეობაში თავადაზნაურობის მაღალი წილით, რასაც მოჰყვა კიდეც ცნობილი სტატია 1924 წლის 21 მაისის გაზეთ „კომუნისტში“, რომლის მიხედვითაც დაისახა თავადაზნაურობის 6%-იანი წილის შემცირება 4 და უფრო დაბალ პროცენტამდე.

ანტიგმირი

„რკინის სერგო“ ასეთივე განსაკუთრებული სისასტიკით ებრძოდა მენშევიკებს. „მენშევიკებზე უფრო გახრწნილი, ზნედაცემული და წყალწაღებული პარტია მე არ მინახავს... ხალხი შეიარაღებულ აჯანყებას იწყებს, მოუწოდებენ „სახალხო აჯანყებისკენ“, წერენ ყოველგვარ ჭორს და როცა ორი დღის შემდეგ ხედავენ, რომ ეს ყველაფერი ზღაპარია და ბუტაფორია, ამ ადამიანებს გამბედაობა არ ყოფნით, რათა ღირსეულად შეეგებონ სიკვდილს!“ – წერს სერგო ორჯონიკიძე 1924 წლის აჯანყების ჩახშობის შემდეგ და ნიშნის მოგებით ამბობს, „უხერხემლო მენშევიკებმა ერთი კომუნისტის დახვრეტაც კი ვერ გაბედეს, ჩვენ კი ათასობით მენშევიკი დავხვრიტეთო“. სწორედ „პატიოსანმა ბოლშევიკმა სერგომ“ დახვრიტა ვაჟა-ფშაველას შვილი, ლევან რაზიკაშვილი, კიტა აბაშიძის შვილი – 24 წლის გია აბაშიძე და ბევრი სხვა.

სერგო ორჯონიკიძის კისერზეა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის როგორც შექმნა, ასევე მისი ტერიტორიის საზღვრებში ბევრი დასახლებული პუნქტის „აუხსნელი“ მოქცევა – სერგო ორჯონიკიძის სოციალისტური რესპუბლიკა, რომელსაც საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ავტონომიის სტატუსი ჰქონდა. ორჯონიკიძემ აფხაზეთის „დამოუკიდებლობის ცნობის“ ფაქტი ასე ახსნა: „როცა აფხაზეთმა დამოუკიდებლობა მოითხოვა, ჩვენ აფხაზეთის კომუნისტებს მივუთითებდით, რომ ასეთი პატარა სახელმწიფოს დამოუკიდებლობა შეუძლებელია, მაგრამ დავთანხმდით ამაზე. ჩვენ ვამბობდით: თუ აფხაზი ხალხისთვის მიყენებული ჭრილობები ჯერ კიდევ არ მოშუშებულა, დაე, აფხაზეთი დამოუკიდებელი იყოს. დაე, მოიშუშოს მენშევიკებისაგან მიყენებული ჭრილობები, მაგრამ შემდგომში აფხაზები თვითონ დარწმუნდებიან საბჭოთა მეზობელთან – საქართველოსთან მჭიდრო გაერთიანების აუცილებლობაში“.

1932 წლიდან სერგო ორჯონიკიძე საბჭოთა კავშირის მძიმე მრეწველობის სახალხო კომისარია. „სერგომ შეასხა ფოლადის აბჯარი ჩვენს გმირულ წითელ ლაშქარს, დაუმზადა და მიაგება საკმაო და საკადრისი, ჩვენ მტრებს რომ ეკადრება, ისეთი იარაღი და საჭურველი. და როცა სასიკვდილო ბედისწერით გაბოროტებული მტერი ჩვენზე თავდასხმას მოინდომებს, სერგოს ქარხნებში, სერგოს უძილო ღამეებში მოფიქრებული და მომზადებული საქმეებით გამოჭედილი იარაღი გადაუღობავს ჩვენს მტრებს ჩვენსკენ მომავალ გზას“, – წერდა საბჭოთა პრესა „რკინის სახალხო კომისარზე“. თუმცა, სერგო ორჯონიკიძის დამსახურებამ რუსეთის კომუნისტური პარტიის, საბჭოთა მრეწველობის, თავდაცვისა და პირადად სტალინის წინაშე, ვერ დაიცვა ვერც სერგოს მრავალრიცხოვანი ნათესავები და ვერც, საბოლოო ჯამში, თვითონ სერგოც. 1936 წელს დააპატიმრეს და 1937 წელს დახვრიტეს სერგოს უფროსი ძმა პაპულია, პაპულიას ცოლი ნინო მაჭავარიანი (ოთხი შვილის დედა) და 15-მდე სხვა ახლო ნათესავი. სწორედ პაპულიას დაპატიმრებით მიხვდა სერგო, რა ბედიც ელოდა...

ბედის ირონია

...ბედის ირონიით, ორჯონიკიძეს, მეგობრისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დასამარებაში არანაკლები წილის მქონე სერგეი კიროვის გვერდითა ბუჯერი ერგო, თუმცა ეს მაინც არ იყო რკინის სახკომის ნამდვილი სიკვდილი. სერგო ორჯონიკიძის სახელი ეწოდა ათასობით ქარხანასა და ასობით დასახლებულ პუნქტს მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით; თითქმის ყველა დიდ ქალაქში, მათ შორის თბილისში, დაიდგა სერგო ორჯონიკიძის ძეგლი. სერგო ორჯონიკიძის მეორე, პოლიტიკური სიკვდილი გაფორმდა 1989 წელს, როცა თბილისში, გაბაშვილის ქუჩაზე 1977 წელს აღმართული მისი ბრინჯაოს ძეგლი ქართველმა ხალხმა დაამხო. იმავე წელს აიღეს ორჯონიკიძის სიცოცხლეშივე (1935 წელი) მუშტაიდის პარკში დადგმული ძეგლი…

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა