საზოგადოება

ჰაოს და ქართლოს

№30

ავტორი: „თბილისელები“ 13:00 04.08, 2022 წელი

ვაჟა ფშაველა
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #29(1125)

4.

ქართლოსის ქება ისმოდა

ყველგან ხმელეთის კუთხესა,

იბრძოდა პირ-ოფლიანი,

ხმალს არ აგებდა ბუდესა,

იცავს, ამაგრებს ყველგანა

მშობელი ქვეყნის ზღუდესა,

სახლისა ვერა გაიგო,

არცა-რა სხვებმა უთხრესა.

ჰაოსი რაღას შვრებოდა,

ესეც ხომ უნდა ვიცოდეთ?

თუ არ ომობდა, შრომობდა,

შრომის ქებასაც ვიტყოდით.

დიაღ, შრომობდა ჰაოსი,

მაგრამ როგორ და ვისთვისა?!

ცხვარი ვის ჩაუბარებავ,

თქვენგან არ მიკვირს, მგლისთვისა?

იმ მეორე წელს, როდესაც

ქართლოსი ლაშქარს წავიდა,

დიდ სიმშილობას ამბობდნენ,

კოდი თუმანში ავიდა.

ჰაოსმაც პურები ყიდა

და ზოგიც სესხათ გაიღო,

და კალოობას ერთს კოდზე

ორი სარგებლად აიღო!

სოფელი კარგათ გაიცნო,

ყველგან მელურად ძვრებოდა,

გულით რაც იყო და ენით

ხალხის გულისთვის კვდებოდა.

„ბილანი ხალხი ყოფილა,

და მინდობილი გულისა,

აქა ყოფილა კიდევაც

სწორედ ხაზინა ფულისა“.

სთქვა ეს ჰაოსმა და სოფლად

წამოასკუპა დუქანი,

მას აქეთია ჰაოსი

არის და არის მსუქანი.

ცოლ-შვილსაც გადმოუძახა

ჰაიასტანით აქეთა:

მალე მოვიდნენ და ჩვენაც

ხანის ცოლ-შვილად ვნახედა,

ხოლო ქართლოსის ცოლ-შვილის

ვერ უმზერ მტირალ სახეთა.

რა ჰაოს უთხრა იმათა:

„სახლიდან დაიკარგეთა!

თქვენი პატრონი სადა გყავთ

ამდენ ხანს!“ - ჰყვირის მკვახედა.

„მომწყინდა, კმარა რაც ხანი

გკვებეთ და შეგინახეთა!

სახლი დაცალეთ, აჩქარდით,

ადექით, აიბარგეთა!“

მას აქეთია კერაზე,

საცა თამარი თბებოდა,

ქართლოსი ხმალსა ჰლესავდა,

ცოლ-შვილის მზერით სტკბებოდა,

ჰაოს-ხანუმა დაფუძნდნენ,

მათ ძენი: მიკიჩ, გალუსტა,

სულ „ვარხალალოს“ მღერიან,

ბედი თავს დაჰყეფს: „ბაშუსტა!“

ხოლო ქართლოსის ცოლ-შვილი

სადღაც სოროში შემძვრალან;

თითქოს ობოლი ბარტყები

ხმელს ხის ტოტზედა შემსხდარან.

დახეხილ-დაბუზულები

უნუგეშობით შემკრთალან.

მჭადიც არა აქვთ საჭმელად,

ცეცხლი უქრებათ კერაში,

თვალ-გული ჩამოეღალათ

ქართლოსის მოსვლის ცქერაში.

ის არ უწყიან, ქართლოსი

როდია ლხინს და მღერაში!

ატირდებიან ერთადა,

გამაადებენ წიკოსა:

„ჩვენიც ჟამ-კარის ამრევსა

ეგები ღმერთმა ჰკიხოსა!“

5.

ღამეა ბნელი, პირქუში,

შავი ნისლები ცურავენ,

ისედაც უჩინს ქვეყანას

უფრო წყვდიადით ჰბურავენ.

გაცრცვილს, გაროზგილს ბუნებას

ტანზე ნაბადსა ჰხურავენ.

ცა გლოვობს, ტირის, ცრემლისას

მიწაზე ადენს ღვარებსა,

ისინიც რბიან ათას მხრივ,

არ თხოულობენ ღარებსა.

ზოგი მღერს, ზოგი კისკისებს,

სხვა ლაყბობს ათას გვარებსა,

ამბავს ცისა და ქვეყნისას,

ზოგს ტკბილს და ზოგს კი მწარესა,

მტკვარსა და არაგვს მიართნენ

მაღლის მთის დანაბარებსა.

არაგვი სისხლის წყლად მოდის,

მტკვარიც მტრის ლახვრით ხეულა,

მაქ რისგან არის, მდინარე

რომ სისხლად გადაქცეულა?!

ქართლოსის სახლთან მოვიდა

ცხრა-ათიოდე მხედარი,

ვიღაცა მოაქვთ საკაცით,

იქნება იყოს ცხედარი?!

საკაცე დერეფანს დადგეს,

თითონ შესძახენ შინაო:

„გამოჩნდი, გამოიხედე,

სახლში მოსჩანხარ ვინაო?“

გარეთ ბიჭები მორბიან,

ბატონს კი დაეძინაო.

„ვინა ხარ? - შემოუძახეს:

ამ დროს რამ მოგიყვანაო?!

„ჩვენა ვართ, ქართლოსიანნი,

ქართლოსი მოგვაქვს საკაცით,

დაჭრილი არის მძიმედა -

მძლივს მოვიტანეთ ბარბაცით.

ჰაოსი ნუთუ შინ არი,

რას კრძალობს დიაცურათა,

საწყენს თუმც ეტყვით ამბავსა,

ძნელად ჩასაგდებს ყურადა,

მაგრამ რა უყოთ, უთხარით,

ძმას მოეხმაროს ძმურადა.

დიდი ამაგი გასწია,

მტერს უხვდებოდა მტრულადა

და ეხლა ჭრილობიანსა

მთელს ტან-იოგზე სრულადა

ნუთუ არ უნდა მივხედოთ,

არ მოვურჩინოთ წყლულები?!

ეს ვალი ჰაოსისაა,

ერთგულად ასასრულები“.

შევიდნენ, მსახურთ უამბეს

ჰაოსს ქართლოსის ამბები.

ამას აემღვრა ბუნება,

თითქოს ეყლაპოს აბები.

გაცხარებულსა ჰაოსსა

ბიჭისთვის დაებარაო:

„მე რა ვალი მაქვს მოვლისა,

აქიმი არ ვარ ჯარაო.

ნეტავი თავს უპატრონო,

ჩემი ცოლ-შვილი მბარაო.

მიჰბარდეს თავის სახლ-კარსა,

აქ მას ბინა აქვს არაო.

ამდენი ხანი სად იყო?

ქურდულად გაიპარაო.

სად იყო, რა გამიკეთა,

აბა რა მოიტანაო?

რომ მოდის, რა პირით მოდის,

ნეტავ ვინ დაიბადაო?

მაგის ცოლ-შვილმა ოჯახი

გაქურდა, გაიტანაო.

წაიყვათ თავის სახლშია,

მე ოხერი ვარ განაო?!

თქვენც იქ მიბრძანდით დაჭრილიც

მხრით გადიტანეთ თანაო“.

ეს რომ სთქვა, ერთი ხათაა!

და ვა!-ოც დაატანაო.

6.

ქართლოსის ცოლ-შვილს გაეგოთ,

მორბოდნენ, თანა ტიროდნენ.

„ვაჰ, ჩვენო სულის ჩამდგმელო!“ –

ყველანი ამას ყვიროდენ.

ჰაოსის ყოფა-ქცევასა

მეზობლებიცა ჰკვირობდენ.

ქართლოსოს ცოლი თამარი

ზარით მოსთქვამდა ამასა:

„ღირსი არ არის, ნუ სტირით,

შვილებო, თავის მამასა.

თქვენთვის ყელების საჭრელად

ჰაოსს აძლევდა დანასა.

დღეს სხვა ჰმკის გადამთიელი

თქვენის მამულის ყანასა.

თქვენი სახლიდამ გაგრეკათ,

ვაჰ, ყოფნას ამისთანასა!

საწყალის გულის პატრონო,

ვის ენდობოდი, რადაო?

თავისი სარჩო-საბადი

გადაულოცე სხვასაო;

ცოლ-შვილს კი დასჭერ ყელები,

მიეც მდინარე წყალსაო“.

ქართლოსმა წაილუღლუღა:

„რად არ გაიკმენდ ხმასაო?

დიაცო, რაებსა ჰბოდავ,

რისთვის მაცოდებ ძმასაო?“

- ძმასა, მაშ არა? იმოტომ

ცხვირით ვერ გადენს ძმარსაო.

ვაჰმე, ბეჩავო, ბეჩავო,

როდისღა მოხვალ ჭკვასაო?

ძმა, როგორც გამიგონია,

უნდა ძმას სჭერდეს მხარსაო,

სულთა-მხუთავის ძმობასა

სჯობს კბილით ჰკვნეტდე ქვასაო.

ფანჩატურში წევს ქართლოსი,

ავად არ იღებს ხმასაო.

თუ ვინმე დაენუკვება

ომის ამბების თქმასაო,

უამბობს, იტყვის: „წყეული

მტრები გვჭარბობენ რიცხვითა.

სხვაფრივ ვერაფრით გვჯობიან,

მხოლოდ გვჯობიან იმითა“,

და როცა მოსცემს სიცხესა -

უტყდება ტეხა წყლულისა,

მაშინ ამოდის და გვესმის

პასუხი იმის გულისა.

იქნებ გგონიათ სახლ-კარის,

მამულის დაკარგულისა?!

ჰაოსის მოღალატობა,

სიმრუდე იმის სულისა? –

არა, ის ომსვე იგონებს,

ჰბოდავს: „დაჰკარით მტერსაო:

მოდიან, აგერ მოდიან,

გადმოეფინენ სერსაო.

ფარი და ხმალი სადა მაქვს?“

იქითკენ იწვდის ხელსაო.

1899 წ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი