საზოგადოება

გრძელი გზით წარმატებისკენ

№19

ავტორი: „თბილისელები“ 10:00

მარინა კორძაძე
დაკოპირებულია

მარინა კორძაძის კარიერული გზა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან იწყება, სადაც ჯერ ეკონომიკის ფაკულტეტზე გამოიჩინა თავი და მოგვიანებით, ამჯერად უკვე 35 წლის ასაკში, ბრუნდება დედა უნივერსიტეტში იურიდიული განათლების მისაღებად. პრაქტიკოსი ეკონომისტი და იურისტი აქტიურია აკადემიურ სფეროშიც და საკუთარი გამოცდილების სხვებისთვის გაზიარებასაც ისეთივე მონდომებით ახორციელებს, როგორც თავად ეუფლება ნებისმიერ სიახლეს.

წარმატება თავისთავად არ მოსულა, მას ის თავდაუზოგავი შრომისა და მოთმინების ფასად ქმნიდა. უწყვეტ განათლებაზე ზრუნვა, განვითარებისკენ შუეფერხებელი სვლა, გამჭრიახი გონება და მტკიცე ხასიათი მარინა კორძაძის მთავარი მახასიათებლებია, რისი წყალობითაც ჩვეულებრივი სტუდენტი გოგონასგან შექმნა მაღალკონკურენტული, ძლიერი პროფესიონალი, რომლისთვისაც რთული საქმეები ყოველდღიური რუტინის ნაწილია.

მარინა კორძაძე: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი წითელ დიპლომზე დავამთავრე და როგორც მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტი, განაწილების პრინციპით, მოვხვდი ფინანსთა სამინისტროში, შემოსავლების სამსახურის ცენტრალურ აპარატში, სადაც 20 წელი ვიმუშავე და ყველა საფეხური გავიარე – რიგითი ეკონომისტიდან დაწყებული, სამმართველოს ხელმძღვანელობით დამთავრებული. მუშაობის პარალელურად, ჩავაბარე ასპირანტურაში, დავიცავი დისერტაცია და გავხდი ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი.

– ეკონომიკის სფეროში უკვე წარმატებული, იურისტობით რატომ დაინტერესდით?

– ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე იურიდიულ საკითხებში მჭირდებოდა კომპეტენცია და 35 წლის ასაკში ისევ ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ამჯერად იურიდიულ ფაკულტეტზე. გავხდი ადვოკატი, ვარ მენტორი ადვოკატიც და მაქვს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც კვლევებს აწარმოებენ ადამიანის უფლებებზე, ბიზნესსამართლისა და სხვა აქტუალურ საკითხებზე. ჩავაბარე სამართალმცოდნეობის დოქტორანტურაში და არაერთი სტატია მაქვს გამოქვეყნებული უცხოურ ჟურნალებში. მზად მაქვს დისერტაცია, თუმცა დროებით გადადებული მაქვს. გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში მოწვეული პროფესორი ვარ და ძირითადად საგადასახადო სამართლის მიმართულებით ვკითხულობ ლექციებს. თსუ-ში დაახლოებით 15 წელი ვკითხულობდი საგადასახადო საქმეს. ასევე სპეციალიზირებული ვარ ბავშვთა უფლებების მიმართულებით, ამასთან, მიღებული მაქვს არაერთი გრანტი ფრიდრიხ ებერტის ფონდიდან და ტექნოლოგიების სააგენტოდან. არის შემთხვევები, როცა ჩემ მიერ წამოწყებული საქმეები პრეცედენტულად აღიქმება.

– საინტერესო ქეისი გავიხსენოთ…

– ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიას წარმოვადგენდი, რომელსაც მეზობელი უჩიოდა ხმაურის გამო, რაც მას სიზმარს უშლიდა. ყველა ინსტანციაში მოვიგეთ საქმე და ყველა ხარჯი მომჩივანს დაეკისრა, თუმცა კომპანიას ვთხოვე, მისთვის ეს ვალდებულება არ დაეკისრებინა.

– წინასწარ თუ შეგიძლიათ პროგნოზების გაკეთება?

– ადვოკატებისთვის აკრძალულია გარანტიების მიცემა, მაგრამ როცა პერსპექტივა არ არსებობს, აუცილებლად ვუხსნით კლიენტს, რომ სასურველი შედეგი ვერ დადგება. მნიშვნელოვანია სამართალწარმოების სწორად დაგეგმვა.

– ვიცით, რომ თქვენი ოჯახის თითოეული წევრი წარმატებული კარიერით გამოირჩევა, გაგვაცანით ისინი…

– მეუღლე ისტორიკოსი და ეკონომისტია, მენეჯერის პოზიციაზეა. მყავს ორი შვილი – ზურა და მანონი უმანკოშვილები. მანონი იურისტია და მუშაობს კორპორატიულ კომპანიებში სამოქალაქო სამართლის მიმართულებით. ჰყავს ორი შვილი – ელისაბედ და ანდრია ალანიები. ზურა აშშ-ის მოქალაქეა, იქ ცხოვრობს და მუშაობს. მისი შვილი მარი უმანკოშვილი სამართალმცოდნეობას სწავლობდა ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტში და სტაჟირებას გადის საადვოკატო ოფისში. ის არის ათასწლეულის ფონდის გამარჯვებული და NASA-შიც იმოგზაურა. რძალი თინათინ გელაშვილი მაგისტრია NYU-სა და ჰონგ კონგის უნივერსიტეტიდან. მუშაობს საერთაშორისო პროექტებზე. თავს ბედნიერად და რეალიზებულად ვგრძნობ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა