გოგი წულაია: სხვა ადამიანზე მოპოვებული გამარჯვება გამარჯვება არაა
ავტორი: ქეთი კაპანაძე 15:00 03.04

გოგი წულაიას "უცნობი მხარე"👇
– ვინ არის გოგი წულაია?
გოგი წულაია: ერთი ჩვეულებრივი ადამიანი. მიყვარს ჩემი ქვეყანა, ქალაქი, ოჯახი, მეგობრები.
– როგორია თქვენთვის საოცნებო ცხოვრება?
– ისე შემიყვარდა პოლიტიკა, რომ მას ვერ მოვცილდები. ადამიანი ბედნიერია მაშინ, როდესაც აკეთებს საქმეს, რომლის კეთებაც უყვარს და აქვს იმდენი შემოსავალი, რომ ნორმალურად იცხოვროს. ცოლ-შვილს ერთხელ მაინც რომ წეიყვან დასასვენებლად, არ მოგშივდება, მანქანა გეყოლება გადასაადგილებლად და დილის გათენების არ გეშინია, ეს არის ნორმალური ცხოვრება და საკუთარი საქმე ამის შესაძლებლობას უნდა გაძლევდეს.
– ლატარიაში რომ მილიონები მოიგოთ, რაში დახარჯავდით?
– ჩემს ოჯახსაც მივხედავდი და ქველმოქმედებითაც დავკავდებოდი. 62 წლის ვარ და ვფიქრობ, რომ კეთილი ვიყავი, კარგ საქმეებს ვაკეთებდი. ალბათ, იმავეს გავაგრძელებდი. შვილებს ვფიცავარ, ახალგაზრდობაში რომ ვსვამდი, სადღეგრძელოს თქმისას სულ ვამბობდი, ფულიც მინდა, ვის არ უნდა კარგი ცხოვრება, მაგრამ, ღმერთო, ნუ მაშოვნინებ დიდ ფულს, თუ მე ის გამაფუჭებს-მეთქი. ეტყობა, უნდა გავეფუჭებინე და იმიტომ არ მაშოვნინა (იცინის). თანამდებობაც მინდა, რატომ არა?! ვთვლი, რომ ამისთვის მზად ვარ. იმხელა თანამდებობა არ მინდა, რომელსაც ვერ შევძლებ, მაგრამ ვთვლი, რომ პარლამენტარობისთვის მზად ვარ. ამაზეც შევთხოვდი ღმერთს, ნურც თანამდებობას მომცემ, თუ შემცვლის და გამაფუჭებს-მეთქი. ჯერჯერობით არც ეს ჩანს (იცინის). ისე, ორჯერ ვიყავი პარლამენტში და ნამდვილად არ შევცვლილვარ.
– გიოცნებიათ, რომ მთელ მსოფლიოში ყოფილიყავით ძალიან ცნობილი?
– კი, რაზეა საუბარი. მე ვთვლი, რომ პოპულარობა არ არის ცუდი. ხანდახან გადამღლელია, მაგრამ ცუდი ნამდვილად არ არის. მეამაყება, რომ ბევრი ადამიანი მიცნობს. ალბათ, საქართველოს მოსახლეობის 70-მა პროცენტმა იცის ჩემ შესახებ და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგია. სხვათა შორის, ეს ემიგრაციაშიც გამომადგა. სხვასთან შედარებით პოპულარული და ცნობადი რომ ვიყავი, ამან გამიადვილა ემიგრანტობა. მეტ სითბოსა და სიყვარულს გამოხატავენ ჩემ მიმართ. რატომაც არა, თუკი მთელი მსოფლიო გამიცნობდა?! სხვათა შორის, აქაც ვდილობ, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები გავიცნო, დავუმეგობრდე, გავაგებინო, რომ პოლიტიკოსი ვარ და საქართველოს შესახებ ვესაუბრო.
– წარსულიდან თქვენს მცდარ ნაბიჯად რა მიგაჩნიათ?
– ალბათ, იცით ჩემი ისტორია. ბოლო ნაბიჯი, რამაც ჩემი დაპატიმრება და შემდეგ ემიგრაცია გამოიწვია, ჩემი ყველაზე დიდი შეცდომაა. ასეთი მეტი არაფერი არ მახსენდება. ხელახლა რომ დევიბადო, ისევ ისე ვიცხოვრებდი, როგორც ვიცხოვრე. იმავეს გავაკეთებდი, რაც გამიკეთებია. უბრალოდ, მეტს ვისწავლიდი.
– ტყუილთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?
– ყველანი ადამიანები ვართ, ჩვენი ცოდვებითა და სიკეთეებით. ანგელოზი ვარ და ცხოვრებაში ტყუილი არ მითქვამს-მეთქი, რომ ვთქვა, ერთ ტყუილს დავამატებ ჩემს ტყუილებს (იცინის). რა თქმა უნდა, მომიტყუებია, მაგრამ ისე არა, რომ სხვისთვის ცხოვრება დამენგრია ან რამე დამეშავებინა. ჩვენ მარტო ერთი ანგელოზი გვყავს – ბიძინა ივანიშვილი, მას რომ ჰკითხო, არაფერი მოუტყუებია (იცინის).
სამწუხაროდ, ისევ ისეთი ბოთე ვარ, როგორიც ბავშვობაში ვიყავი და ჩემი მოტყუება არც ისე ძნელია. გულუბრყვილო და ადვილად მოსატყუებელი ვარ. ჩემი გულუბრყვილობისა და ადამიანების ნდობის გამო მომივიდა ის, რაც მომივიდა და რამაც ჩემი ცხოვრება ძალიან შეცვალა. აწი, მე მარტო სამარე თუ შემცვლის, მეტი ვერაფერი (იცინის).
აქაც ვაწყდები ტყუილებს, მაგრამ რას ვიზამთ, ცხოვრება ასეთია. არჩევნებს რომ აყალბებდნენ, გასაგებია, მაგრამ არც იმდენს აყალბებდნენ. საქმე ისაა, რომ ადამიანები გატყუებენ. მიღებული ხმების პროცენტებს რომ გამომიცხადებდნენ და ვხვდებოდი, ბარიერი ვერ გადავლახე, მეორე დღეს დათრგუნული ვდგებოდი, ზუსტად იმ ადამიანების გამო, ვინც მანამდე მატყუებდა. ვიხსენებდი ხოლმე, რამდენი ადამიანი მეუბნებოდა პირში, შენ გენაცვალე, გოგი, შენ გაძლევ ხმასო და მერე ღმერთმა იცის, რეალურად რამდენი მაძლევდა მათგან. დრო მჭირდებოდა ხოლმე ამის გადასალახად. რა ვქნა, ყველას რომ უნდობლობის თვალით ვუყურო, ძალიან ძნელია ასე ცხოვრება. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ასეა. არასდროს დამიწყია დათვლა, აბა, მართლა ვინ მომცა ხმა და ვინ – არა, ვინც ასე მეუბნებოდა-მეთქი. ეს რომ მექნა, ბევრ ადამიანს დავკარგავდი და შეიძლება, ვინმეზე უსამართლოდაც მეფიქრა. არ ვიქნებოდი ღვთის წინაშე მართალი. ამიტომ იყოს ისე, როგორც არის. ვცდილობ, მივუტევო და გული არ გევიტეხო. შეიძლება, ბევრი გვყავდეს მატყუარა, მაგრამ ეს მთელ ერზე არ უნდა განაზოგადო.
– ოდესმე რამე მოგიპარავთ?
– როგორ არ მომიპარავს. ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და არაფერი ადამიანური ჩემთვის უცხო არ არის. ჩვეულებრივი ცოდვილი ვარ. ახალგაზრდობაში რაღაც-რაღაცები მომიპარავს. ისეთი სასწაული არა, რომ ვინმეს ოჯახი დემექცია, მაგრამ კი, სიმართლე ასეთია. რატომ უნდა დავმალო სიმართლე და რატომ წარმოვაჩინო თავი უფრთო ანგელოზად?! კაცი არ მომიკლავს, მაგრამ რაღაც-რაღაც ცოდვები მაქვს, ანგელოზები მხოლოდ ზეცაში არიან (იცინის). მე ადამიანური კარგიც გამომიცდია და ცუდიც.
– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?
– გამარჯვებად მიმაჩნია ის, რომ ჩემს თავს ვერევი. მიუხედავად იმ ფათერაკისა, რაც შემემთხვა, არ შევშინებულვარ. ღირსეულად შევხვდი ციხესაც. თავისუფლება, რელიგია, ღირსება, ეს პიჯაკი არ არის, რომ წაგართვან, რადგან ეს შენშია. გამარჯვებად ვთვლი იმას, რომ მიუხედავად ბევრი ცდუნებისა და ზეწოლისა, არ შევცვლილვარ, ისევ ვიბრძვი. აქაც ვაგრძელებ ბრძოლას, ვწვალობ და ვაკეთებ იმას, რასაც სწორად ვთვლი. ეს ჩემს თავზე გამარჯვებაა, თორემ სხვა ადამიანზე მოპოვებული გამარჯვება გამარჯვება არ არის. შენს თავზე რომ გაიმარჯვებ, მაშინ ხარ გამარჯვებული. მე ასე მიმაჩნია.
პატარ-პატარა მარცხის მეტი რა ყოფილა. ახლაც დამარცხებულად ვთვლი თავს. დამარცხებული ვარ, მაგრამ ბრძოლისუნარიანი. ხელისუფლებამ გაიმარჯვა, ემიგრანტად მაქცია. დაბრუნების სურვილი მაქვს და ვერ ვბრუნდები, ესე იგი, დამარცხებული ვარ, მაგრამ ამას არ ვეგუები. ბოლომდე ვიბრძოლებ და გავიმარჯვებ.
– რა გსმენიათ თქვენ შესახებ კარგი, რაც სასიამოვნოდ დაგამახსოვრდათ და ცუდი, რამაც გული გატკინათ?
– ცუდის მეტი რა მსმენია, უამრავი ჭორი. ამ ბოლო დროს, ერთ-ერთ აქციაზე ქართველი გეი იყო, ჩემ გვერდით დგომა მოუწია. გამიარა გვერდით, მომიკითხა, გევესაუბრეთ ერთმანეთს. ეს ვიდეოზე დააფიქსირეს და მგონია, გეიც გამხადენ (იცინის). მექრთამე, მექალთანე და რა ვიცი, ყველაფერს მაბრალებენ. ყველა პრობლემას, თუ რამეს შევეჭიდებოდი, იუმორით ვუყურებდი, რომ ადამიანები არ დათრგუნულიყვნენ და ამასაც ასე ვხვდები. თუმცა, საბედნიეროდ, ისეთი ადამიანებიც არიან, ვინც კარგს მეუბნებიან, თუნდაც ამ პოლიტიკურ პერფონმანსებზე: ძალიან მომწონდით, სიმართლის თქმა იცოდით იუმორით და კარგადო. ემიგრაციაში ხალხს რომ ვიცნობ, ათიდან შვიდი სურათის გადაღებას მთხოვს. ესეც დაფასებისა და სიყვარულის გამოხატულებაა, აბა, რომელი ალენ დელონი მე ვარ, რომ ჩემს სურათს უცქიროს ვინმემ. სარკეში რომ ვუყურებ, ჩემი თავი მე თვითონ მეზარება (იცინის). ჩემთვის ეს დამოკიდებულება და პატივისცემა ძალიან დასაფასებელია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან