საზოგადოება

გოგა ჩანადირი: ჩემი სამი მთავარი ღირებულებაა ორი ილიას ღირებულება

№6

ავტორი: ქეთი კაპანაძე 18:00 15.02, 2022 წელი

გოგა ჩანადირი
დაკოპირებულია

გოგა ჩანადირმა გადაცემა „სიცრუის დეტექტორში“ მოგებული თანხა, იმ ადამიანების დასახმარებლად გამოიყენა, ვისაც ეს ძალიან სჭირდება. ვინც გოგას იცნობს, აქამდეც იცოდა, რომ ფოტოგრაფი ქველმოქმედებით იყო დაკავებული, თუმცა საჯაროდ ინფორმაცია ამის შესახებ გადაცემის წამყვანმა - გიორგი გასვიანმა გააჟღერა.

გოგა ჩანადირი: არ მინდოდა, რომ ეს ვინმეს სცოდნოდა, უბრალოდ, გიორგიმ ვერ მოითმინა და ინფორმაცია გააჟღერა. მე გვიან ვნახე „ფეისბუკზე“ და უკვე აზრი აღარ ჰქონდა რამის შეცვლას. მომერიდა, ვინც მიცნობს, ისედაც იცის, რომ ამას ვაკეთებ და მგონია, რომ ამაში განსაკუთრებული არაფერია. ეს ჩემი ცხოვრების წესია.

ხანდახან მგონია, რომ ამით ვაზარმაცებ ადამიანებს, მაგრამ ზოგჯერ ადამიანი ისეა დაუძლურებული, მუშაობაც არ შეუძლია. მე მაინც ვფიქრობ, რომ ადამიანს ისე უნდა დაეხმარო, როგორც შეგიძლია. ეჭვებს, სჯობს, უბრალოდ, ადგე და დაეხმარო. ვთვლი, რომ „სიცრუის დეტექტორში“ მიღებული ფული, ნაჩუქარი იყო და გადავწყვიტე, ისევ ადამიანების დასახმარებლად გამომეყენებინა. საერთო ჯამში, ალბათ, ცუდი არ იყო ამ ინფორმაციის გაჟღერება, ამით შეიძლება, ვიღაცები წახალისდნენ. მე მგონია, რომ არ უნდა გაგვიჭირდეს სხვების დახმარება. ნაჩუქარი ფულიც რომ არ იყოს, ხელფასს რომ აიღებ, უნდა შეგეძლოს, სხვა ადამიანებს უწილადო. ისიც კარგად ვიცი, რომ მარჯვენა რასაც აკეთებს, მარცხენამ არ უნდა იცოდეს და მხოლოდ ჩემმა მეგობრებმა იციან, რასაც ვაკეთებ. ბევრი ადამიანი, მათ შორის უცხოეთიდან, ფულს მირიცხავს, რომ ადამიანებს დავეხმარო და მეც მინდა ხოლმე, მათზე დავწერო, რომ სხვები წახალისდნენ. თუმცა, მაინც მერიდება ამაზე საუბარი, რადგან ვიღაცამ შეიძლება, ტრაბახად ჩამითვალოს.

– ბევრი ქართული ღირებულების თუ გარემოსადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებით გიცნობთ. როგორც ჩანს, სიკეთე რთულად დასაჯერებელია და მხვდება ხოლმე კომენტარები – ეს ყველაფერი მოჩვენებითი ხომ არ არისო?!

– მე ვისაც ვიცნობ, ასეთი კითხვები არ უჩნდებათ. იციან, რომ ეს ჩემი ცხოვრების წესია. ადრე მესმოდა ხოლმე, რამდენი გადაგიხადეს კომპანიებმა ამა თუ იმ ქართული ნაწარმის შესახებ ინფორმაციის გაჟღერებაშიო? რეალურად, მე მათგან ფული არ ამიღია. საქართველო ისეთი პატარაა, მე რომ ქუჩაში ნაგავი დავაგდო, ყველა დაინახავს. არ მიგრძნია ასეთი დამოკიდებულება და არც საწინააღმდეგოს დამტკიცება არის ჩემი მიზანი. შეიძლება, ადამიანი სიგარეტს ეწეოდეს და ამ დროს სხვებს მოუწოდებდეს, რომ ეს არ გააკეთონ. რადგან თვითონ ეწევა, ეს არ ნიშნავს, რომ მოწოდების უფლება არ აქვს. ის მიხვდა, რომ ცუდია და გადაწყვიტა, სხვებსაც აუხსნას, მიუხედავად იმისა, რომ ამას თვითონ აკეთებს. იგივე, შეიძლება ვთქვათ ნარკოტიკზე. თუმცა, მე რაც უნდა დამაბრალონ, ეს არ მოქმედებს ჩემზე. მე ხომ ვიცი და ღმერთმა ხომ იცის, როგორია რეალობა. ვიღაცამ რომ თქვას ჩემზე, ნარკომომხმარებელიაო, მე ამით არაფერი დამაკლდება. ბალახი რომ ბალახია, ისიც კი არასდროს გამისინჯავს. ასე რომ, ვინმე თუ რამეს იფიქრებს ან იტყვის, ამით ჩემი ცხოვრების წესი არ შეიცვლება. მე მართლა მიყვარს გარემო, ჩემგან ვერასდროს გაიგებთ ბარბარიზმს, ვერ დაინახავთ, რომ ნაგავს ვყრი იქ, სადაც ამის ადგილი არ არის ან ვაფუჭებ იმას, რისი არგაფუჭებისკენაც სხვას მოვუწოდებ.

– ნაგვის დაყრასთან დაკავშირებით, ერთ ფრაზას – თმის ღერიც კი არ დამიგდია დაბლაო, ირონიული დამოკიდებულება მოჰყვა...

– თმის ღერი კი არა, მუხუდოს მარცვალიც კი არ გადამიგდია. ამას ნაგვად არ განვიხილავ, მაგრამ ჩემი მაქსიმუმია, ჩიტებს გადავუყარო პურის ნარჩენები. რა უნდა ვამტკიცო, მართლა არსად დამიყრია ნაგავი, პირიქით, აქეთ ვასუფთავებ სხვების დაყრილს. ჩემი სინდისი არ მაძლევს ამის საშუალებას, ამიტომაც არ დამიგდია ძირს, თუნდაც, თმის ღერი. არა უშავს, იცინონ. მე რა დამაკლდება ამით. შეიძლება, ვინმეს ვერ წარმოუდგენია ასე მოქცევა და ეცინება, არა უშავს თვითონ თუ დაყრიან, მე ავკრეფ. ისედაც მთელი ცხოვრება სხვის დაყრილ ნაგავს ვკრეფ. ეს ირონია არ მადარდებს. მე ხომ ვიცი, რომ დიდი პასუხისმგებლობით ვუდგები ჩვენს სამშობლოს და გარემოს. გარდა ამისა, მეგობრებს თუ ტაქსის მძღოლებსაც არ ვაძლევ უფლებას მოძრაობის წესები დაარღვიონ. თუმცა, ამას ჩხუბითა და ყვირილით არ ვაკეთებ. ძალიან მშვიდად და კეთილგანწყობით, ლანძღვისა და ღორის დაძახების გარეშე შეიძლება ამის გაკეთება. ვერავის ვაკადრებ, ღორი ვუწოდო, თუნდაც იმიტომ, რომ ნაგავს ყრის, ეს არ არის ჩემი სტილი. მირჩევნია, კულტურულად მივუთითო, რომ შეეძლო უკეთესად მოქცეულიყო.

– თქვით, ბოლომდე კომფორტულად არ ვგრძნობ თავს ოჯახშიო, რასაც ასევე არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.

– დამისახელეთ ადამიანი, რომელიც ბოლომდე კომფორტულად გრძნობს თავს ოჯახში.

– კი, მაგრამ ამას ასე ხმამაღლა არ ამბობენ, ურჩევნიათ, რეალობა ლამაზად შეფუთონ.

– არა, არ უნდა მოიტყუონ. მე ძალიან ბევრი ახლობელი და მეგობარი მყავს, ბევრ ქვეყანაში მიმოგზაურია და ვერ ვიხსენებ ადამიანს, რომელსაც ოჯახში კამათი, წყენა, კუდაბზიკობა, გაბუტვა და ასე შემდეგ არ აქვს. ჩვენ მთავარ საკითხში იდეალური ურთიერთობა გვაქვს. მთავარი საკითხი არის ის, რომ ბავშვი იყოს ჯანმრთელი და განათლებული. სხვა მხრივ, არ უნდა მოიტყუო. მე ვგრძნობ, რომ ჩემი გულწრფელობის გამო მენდობიან, ზუსტად იმიტომ, რომ კი არ ვალამაზებ, ისე ვხედავ და ვამბობ, როგორც არის.

– რა არის გოგასთვის მთავარი ღირებულება?

– ჩემთვის მთავარია, ყველამ საკუთარი ღირებულებებით ვიცხოვროთ. ჩემი სამი მთავარი ღირებულებაა ორი ილიას ღირებულება. ჭავჭავაძის – მამული, ენა, სარწმუნოება და პატრიარქ ილია მეორის ღირებულება – ღმერთი, ადამიანი, სამშობლო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

16–22 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა