საზოგადოება

გოდერძი მახარაძე: ხუთი თვე ვაგზალზე, მატარებლის სადგურზე, კარდონებზე მეძინა

№11

ავტორი: ქეთი მოდებაძე 15:00

გოდერძი მახარაძე
დაკოპირებულია

გოდერძი მახარაძე არაერთგზის მსოფლიო და გინესის რეკორდსმენი გახლავთ თავით ფეხბურთის ბურთის კენწვლაში. ქართველი ფენომენი, ფეხბურთის ბურთის ფლობის დიდოსტატი საკუთარი მიღწევების შესახებ გვიყვება.

გოდერძი მახარაძე: 11 წლის ვიყავი, როდესაც პირველი პრიზი ავიღე – სოფლის პირველობაზე დიდებში საუკეთესო ფეხბურთელი გავხდი. შემდეგ გავხდი საქართველოს 11-გზის ჩემპიონი მძლეოსნობაში...

ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ფეხბურთს. სპორტის ეს სახეობა ყოველთვის გამორჩეულად მიყვარდა. ფეხბურთს უმაღლეს ლიგაში ვთამაშობდი რუსეთში, ქართულ გუნდში და ცხრა თამაშში 26 გოლი გავიტანე. ბომბარდირი გავხდი, მაგრამ თან სერიოზული ტრავმა მივიღე. ამის გამო თამაში სამი თვე არ შეიძლებოდა და გადავწყვიტე, მსოფლიო რეკორდი დამემყარებინა თავით ბურთის კენწვლაში და ეს გახდა ჩემი მიზანი.

1996 წლის 26 მაისს პირველად დავამყარე მსოფლიო რეკორდი თავით ბურთით კენწვლაში. მანამდე 7 საათი და 17 წუთი იყო მსოფლიო რეკორდი, რომელიც კორეელმა დაამყარა. მე 8 საათსა და 12 წუთზე გამაჩერა კომისიამ, 64 000-ჯერ ავკენწლე, გაგრძელება აღარ შეიძლებოდა, სახიფათო იყო და ამიტომაც გამაჩერეს. მაგალითად, კორეელს ძარღვი გაუწყდა, უკრიანელ სპორტსმენს თავის ტკივილები დაეწყო და ასე შემდეგ, თავით კენწვლა საშიშ რეკორდად მიიჩნევა და ამიტომაც აღარ გამაგრძელებინეს, თორემ მე მანამდე სახლში 12 საათი ვკენწლავდი და მეტი დროის დაფიქსირება მინდოდა.

ამის შემდეგ უამრავი რეკორდი მაქვს დამყარებული, ყველას ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ რამდენიმეს გავიხსენებ, მაგალითად, ბათუმში დავამყარე კიდევ ერთი მსოფლიო რეკორდი. კენწვლით 18-სართულიან შენობაზე ოთხჯერ ავედი და ჩამოვედი, შემდეგ კიდევ კილომეტრ-ნახევარი გავიარე და ბურთი ცენტრში გავაჩერე. არც მაშინ ვაპირებდი გაჩერებას, მაგრამ ჟურნალისტი, რომელიც მიღებდა, წაიქცა და გამაჩერეს. ასევე, მოვხსენი მსოფლიო რეკორდი, რომელიც 12 წლის განმავლობაში ვერავინ მოხსნა – 30 კილომეტრი გავიარე ძეგვიდან თბილისამდე თავით ფეხბურთის ბურთით კენწვლით. ამ მანძილის გასავლელად რეკორდი 8 საათი და 5 წუთი იყო, მე კი 5 საათი, 34 წუთი და 20 წამი დამჭირდა.

ჩემი ბოლო რეკორდი იმითაა გამორჩეული, რომ შედეგი, რომლის გაუმჯობესებაც შევძელი, მანამდე 12 წელი ვერავინ მოხსნა. შვეიცარიელმა სპორტსმენმა დაამყარა ეს რეკორდი – 109 საფეხური აიარა სახანძრო კიბეებზე, მე მისი შედეგი გავაუმჯობესე და 338-ე საფეხურზე გავჩერდი. ბოლო რეკორდი, დაახლოებით, 4 კილომეტრ-ნახევარი იყო, მე ხუთ კილომეტრზე მეტი გავიარე. წინა რეკორდი სწორ ტრასაზე იყო დამყარებული და ჩემი რეკორდი კიდევ იმით იყო გასაოცარი, რომ დარბაზში დავამყარე, რაც ორმაგად ძნელია.

რეკორდი მაქვს დამყარებული გომის მთაზე, თოვლსა და ყინვაში თავით კენწვლით;

ადგილზე დგომით, ფეხის გაუნძრევლად თავით კენწვლით;

მოძრავ, ღია მანქანაზე თავით კენწვლით;

თბილისის ფუნიკულიორის დახრილ კიბეებზე არბენისას თავით კენწვლით და ასე შემდეგ.

– ამ რეკორდებიდან რომელი იყო თქვენთვის ყველაზე რთული და საამაყო?

– ყველა რთულია, მარტივი არცერთი არ არის, მაგრამ ახლა ასაკში ვარ და სასწაული ის არის, რომ ძალიან რთულ რეკორდებს კიდევ ვაუმჯობესებ. 53 წლის გავხდი და წესით, ამ ასაკში ასეთი რეკორდების დამყარება წარმოუდგენელია. 40 წლის შემდეგ ასეთ რეკორდებს აღარავინ ამყარებს.

მსოფლიო რეკორდი, ყველაზე მძიმე 5-კილოგრამიანი ბურთით არის დამყარებული, მე 16-კილოგრამიანი ბურთი დავიდე თავზე და 26 წამზე ნაკლებ დროში 50 მეტრი სირბილით გავიარე.

– რამდენად დიდია კონკურენცია მსოფლიო მასშტაბით?

– ჩემი ორი რეკორდი შვეიცარიელმა მოხსნა, მაგრამ მერე მე ისევ მოვხსენი. ამერიკელმაც მომიხსნა რეკორდი, მაგრამ მალე მისი შედეგიც გავაუმჯობესე. ჯერჯერობით ასეა... მინდა გითხრათ, რომ საქართველოში სამი ბიჭი გამოჩნდა – ძალიან კარგი შედეგები აქვთ, ერთმანეთზე ძლიერი ბიჭები არიან და დარწმუნებული ვარ, ბევრჯერ გაგვახარებენ.

– როგორ ვარჯიშობთ და ემზადებით რეკორდების გასაუმჯობესებლად?

– ბევრს ვვარჯიშობ. ღმერთმა მომცა ამის ნიჭი. გაჭირვებაში ვცხოვრობდი, მაგრამ დაუღალავად ვშრომობდი. ნებისყოფა თუ არ გაქვს, არაფერი გამოვა. ვინც დაგცინის, ამ გზაზე ისიც კი გეხმარება. ნერვებს არ უნდა აჰყვე. მე სულ იმას ვფიქრობდი, სირცხვილი არ ვჭამო-მეთქი. ხუთი თვე ვაგზალზე, მატარებლის სადგურზე, კარდონებზე მეძინა. მერე სამხედრო ნაწილში გაიგეს ჩემ შესახებ და ერთი თვე იქ შემიფარეს, მაჭმევდნენ, მასმევდნენ და ღამეს მათევინებდნენ. ასე იყო, სანამ პირველ რეკორდს დავამყარებდი, ძალიან რთულ პირობებში მიწევდა არსებობა. გაჭირვებისგან ძალიან ვიყავი გამხდარი, პომიდორს, კიტრს და ხანდახან ოცკაპიკიან ხაჭაპურს თუ შევჭამდი ხოლმე და ზუსტად ამ პირობებში დავამყარე მსოფლიო რეკორდი.

– არადა, ალბათ, თქვენი შედეგებიან გამომდინარე, ბევრი იფიქრებდა, რომ განსაკუთრებული ხელშეწყობა გქონდათ.

– არა, სამწუხაროდ, ასე არ იყო. დღეს მე ჩემს შვილზე გადაყოლილი ვარ, მაგრამ მას სპორტი არ აინტერესებს. მე მისი ათი პროცენტიც არ მქონდა, მაგრამ თუ საქმე არ გინდა და არ გაინტერესებს, როგორი ხელშეწყობაც არ უნდა გქონდეს, არაფერი გამოვა. ყველაფერი სურვილსა და ძლიერ ნებისყოფაზეა დამოკიდებული. მე გადაწყვეტილი მქონდა – „სიკვდილი ან გამარჯვება“. დღე და ღამე მივარჯიშია, ქუჩაში გამითენებია ღამე, ხანდახან ისე მციოდა, ვკანკალებდი, მაგრამ მთელი ღამე ვკენწლავდი ვაგზალზე. გვერდზე ლოთებიც იყვნენ, სვამდნენ და იძინებდნენ, მე მთელი ღამე ვკენწლავდი, რომ სიცივეს გავმკლავებოდი.

ოცნება მქონდა და მინდოდა, მისთვის მიმეღწია. მყავდა მეზობლები, რომლებიც მამაჩემს ეჩხუბებოდნენ, მიხედე, ტალანტიაო, ზოგი იმას ამბობდა, ამისგან არაფერი გამოვაო, სკოლაში ბევრი იცინოდა ჩემზე და ამის დამსახურებაც დიდია. რომ ვხედავდი, არასერიოზულად მიყურებდნენ, ჩემს თავს ვეუბნებოდი, მე ჩემსას აუცილებლად უნდა მივაღწიო-მეთქი.

– რეკორდს რომ რეკორდზე ამყარებდით, ალბათ, მერე ყველას შეეცვალა დამოკიდებულება.

– კი ბატონო, ახლა საპატიო მოქალაქეობა მომანიჭეს. დაფასება არ მაკლია. მეოცე საუკუნის საუკეთესო რეკორდსმენის ჯილდო გადმომცეს, ღირსების ორდენი და ასე შემდეგ.

– სად დაიბადეთ და გაიზარდეთ, ბავშვობა როგორ გახსენდებათ, ბურთით როგორ დაინტერესდით?

– ოზურგეთის რაიონის სოფელი ნაღობილევში დავიბადე. მამაჩემი გადაყოლილი იყო ოჯახზე. მაშინ სკოლის ბუფეტში კვება 20 კაპიკი ღირდა და მამა ყოველდღე მაძლევდა ამ თანხას, შესაბამისად, ეგონა, რომ ნაჭამი ვიყავი. მეათე კლასში გაიგო, რომ ამ ოც კაპიკებს ვაგროვებდი, არ ვხარჯავდი. სასადილოსთან ახლოს არ მივდიოდი, რომ საჭმლის სუნი არ მეგრძნო და სახლში მოსვლამდე ვითმენდი. მაშინ ბურთი 11 მანეთი ღირდა და ამისთვის ვაგროვებდი ფულს. რამდენჯერ მამას დაუჭრია ჩემთვის ბურთი, სად გქონდა 11 მანეთი ამის საყიდლადო, მეჩხუბებოდა, მოიპარეო?! ხან რას ვიგონებდი, ხან - რას, საჭმელს არ ვჭამ-მეთქი, ვერ ვეუბნებოდი. უკვე დიდი ვიყავი, როცა ეს გაიგო. ეს იმიტომ, რომ ბურთი ბავშვობიდანვე ძალიან მიყვარდა. ლოგინში მასთან ერთად ვიწექი, მის გარეშე არ ვიძინებდი.

პატარა ვიყავი, ურეკში, ბანაკში ვისვენებდი. იქვე ფეხბურთის გუნდი იყო ჩამოსული. ისე მოხდა, რომ ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეს ოთხი გოლი გავუტანე. მწვრთნელი გაგიჟდა, ამიყვანეს და ოზურგეთში წამიყვანეს. მაშინ დავიწყე თამაში, მეოთხე კლასში ვიქნებოდი.

– ტრავმის გამო რომ ფეხბურთზე უარის თქმა მოგიწიათ, ამას როგორ შეეგუეთ?

– ცხრა ოპერაცია მაქვს გაკეთებული, ბევრი ტრავმა მქონდა. ამის მიუხედავად მაინც ძალიან ცელქი ვიყავი და არც თამაშს ვწყვეტდი, მაგრამ ფეხბურთი შემდეგ მსოფლიო და გინესის რეკორდებმა ჩაანაცვლა.

ჩემი ძმაც მსოფლიო რეკორდსმენია – ცერა თითებზე აზიდვებით მსოფლიო რეკორდი მოხსნა. გადატრიალებული მაჯებით აზიდვებითაც რეკორდი დაამყარა. ძმისშვილიც მსოფლიო რეკორდსმენია, 217 კილოგრამი გაათრია კბილებით 28 მეტრზე 4 წლის ბავშვმა. მეორე ძმისშვილი „ნიჭიერის“ ყველაზე პატარა მონაწილეა. ორი წლის იყო, პამპერსი ეცვა, 200 კილოგრამი რომ გასწია.

ვოცნებობდი ჩემი შვილებიც გამხდარიყვნენ ჩემპიონები. გოგო საქართველოს პრიზიორი გახდა ბირთვის კვრასა და ბადროს ტყორცნაში, მესამე ადგილები აიღო, 12 წლის ასაკში, მაგრამ მერე პრანჭვა დაიწყო და სპორტს თავი დაანება. ბიჭი მე მოვამზადე და დღეს ბევრს კენწლავს, აზიდვებსაც აკეთებს, კარგ ფორმაშია, მაგრამ ამას უფრო ჩემი ხათრით აკეთებს, მაგრამ რეალურად არ არის დაინტერესებული ამ საქმით.

– დღეს როგორია თქვენი მიზნები?

– მზად ვარ, თავით კენწვლით დავძლიო ყველა კონტინენტის სიმბოლური შენობა-ნაგებობები, როგორიცაა მაგალითად: პარიზის ეიფელის კოშკი, ეგვიპტის პირამიდები, ამერიკის ემპაიარ სტეიტ ბილდინგი, დუბაის ბურჯ ხალიფა – მინდა ამით მსოფლიოში ახალი სპორტული მიმართულება დავამკვიდრო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი