საზოგადოება

გოდერძი მაღლაფერიძე: დაახლოებით, 42 წლის გარდაცვლილი უნდა ვიყო - 1983 წლიდან დღემდე სიმსივნეა ჩემს ორგანიზმში

№12

ავტორი: ქეთი მოდებაძე 16:34 05.04

გოდერძი მაღლაფერიძე
დაკოპირებულია

გოდერძი მაღლაფერიძის ცხოვრება ხილული სასწაულია. მას მძიმე, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დიაგნოზი დიდი ხნის წინ დაუსვეს, მაგრამ უკვე მრავალი წელი გავიდა და უფლის ძალით, ბატონი გოდერძი ცოცხალია. მან საკუთარი ცხოვრება რწმენაში გაძლიერებას მიუძღვნა.

გოდერძი მაღლაფერიძე: უფლის ნებით, სიკვდილს არაერთხელ გადავურჩი. ჯანმრთელობის პრობლემების გამო საავადმყოფოში ბევრჯერ მოვხვედრილვარ, ბავშვობაში ადვილად ვცივდებოდი ხოლმე და მდგომარეობა მირთულდებოდა, მაგრამ მესამე კლასში სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოვჩნდი – ავარიაში მოვყევი. მთელი ნერვული სისტემა დამიზიანდა. ფაქტობრივად, წლები აგონიაში მაქვს გატარებული. რადგან მარტივად ვცივდებოდი, ანთებითი პროცესი წასულა და სიმსივნეში გადაიზარდა. მაშინ მირჩიეს, სასწრაფოდ მოსკოვში გაემგზავრეო. ასეც მოვიქეცი და პროფესორ კირპატოვსკისთან მოვხვდი. ის ორმაგ სხივებს მიკეთებდა. მიუხედავად იმისა, რომ ვმკურნალობდი, ვგრძნობდი, რომ ძალიან ცუდად ვიყავი და დიდხანს ვერ ვიცოცხლებდი. ექიმებმა გამაყუჩებლები დამინიშნეს, საბუთები მომცეს და მითხრეს, ექვს თვეში ჩამოდი კონსულტაციაზეო. მაშინ პირდაპირ არ გეუბნებოდნენ, რამდენი ხნის სიცოცხლე გქონდა დარჩენილი, მაგრამ მივხვდი, რაშიც იყო საქმე...

მოკლედ, სამწლიანი მკურნალობის შემდეგ ქუთაისში დავბრუნდი. მაშინ უკვე 21 წლის ვიყავი. თავს ძალიან მძიმედ ვგრძნობდი და ფიზიკურადაც ცუდად გამოვიყურებოდი. თვალები ისე ჩამიყვითლდა, მეზობელმა მკითხრა, ყვითელი საღებავი ხომ არ გაქვს ამოსმულიო?! თავბრუ ისე ძლიერად მეხვეოდა, თუ რამეს არ დავეყრდნობოდი, ფეხზე დგომა მიჭირდა. იმდენად დაუძლურებული ვიყავი, რომ საწოლში ჩავწექი.

მიუხედავად ამ მდგომარეობისა, თავს იმედიანად ვგრძნობდი. ვიცოდი, რომ გამაყუჩებლები ვერაფერს მიშველიდა, რადგან ეს უფლისგან იყო და მხოლოდ უფალს შეეძლო, პროცესი შეეჩერებინა. არანაირი წამალი არ წამდგომია და არც ახლა მშველის. უფლის წყალობით, ფეხზე დავდექი და მას შემდეგ უფალი საკუთარი ნების მიხედვით მიყენებს. დიდება მას!

პროცესი შეჩერდა... სიმსივნე 1983 წლიდან დღემდე არის ჩემს ორგანიზმში, მაგრამ მე ცოცხალი ვარ. ახლა 67 წლის გახლავართ. სამედიცინო დიაგნოზის მიხედვით, კარგა ხნის გარდაცვლილი უნდა ვიყო, დაახლოებით, 42 წლის, მაგრამ ჩემი დაავადება უფალმა შეაჩერა.

რამდენიმე წლის წინ, ახლობელმა ჩემი დიაგნოზი ფრანგ ექიმს აჩვენა. მას უთქვამს, ეს ადამიანი ცოცხალი არ უნდა იყოსო. დიაგნოზი ასეთია, თუმცა ფაქტი სხვაა – სასწაული მოხდა! ვინც ჩემი ისტორია იცის, ყველა ერთ რამეს აღიარებს – მე რომ დღემდე ცოცხალი ვარ, ნამდვილი სასწაულია! ყველაფერი უფლის ხელშია. სიმსივნე კი არა, ყოვლისშემძლე უფალს დამპალი ორგანიზმი აღუდგენია და ჩვილი ბავშვის სხეულივით განუახლებია.

– თქვენ ყოველთვის მორწმუნე იყავით?

– ღმერთის თავიდანვე მწამდა, რაც ბაბუას დამსახურებაა, ის ძალიან მორწმუნე ადამიანი გახლდათ. გარშემო მყოფები სარწმუნოებისადმი ჩემს დამოკიდებულებას რომ ხედავდნენ, „მეშაყირებოდნენ“ – აბა, სად არის იესო ქრისტე, გვაჩვენეო. მოგეხსენებათ, მაშინ რა დრო იყო. მე კი ბავშვობიდანვე განსაკუთრებული რწმენა მქონდა. ავადმყოფობის დროს ეკლესიაში შევიდოდი და ღმერთს ველაპარაკებოდი, ალბათ, საჭიროა და ამიტომ ვარ ასე ცუდად-მეთქი. ერთხელ გაზეთში ვნახე წმიდა გიორგის ხატის ფოტო და მისი ისტორია. ამოვჭერი, გავამრავლე და ქუთაისის შემოგარენში სხვადასხვა მისამართზე გავაგზავნე, მიტოვებულ ტაძრებშიც ვტოვებდი...

ერთხელ, რაღაც ძალამ მათქმევინა: უფალო, მიჩვენე ყველაზე სწორი გზა, რომელსაც გავყვები-მეთქი. ამის თქმა და უცებ დედისტოლა ქალის სახე გამოჩნდა. საოცრად მშვიდი და სასიამოვნო გამომეტყველება ჰქონდა. ვერ დავიჩემებ, ვერ ვიტყვი, ღვთისმშობელი იყო თუ ანგელოზი... მითხრა – „სახარება!“ და გაქრა. მერე ისევ გაჩნდა და იგივე თქვა – „სახარება“ და ისევ გაქრა. დილის 5-ის 20 წუთი იყო, ლოცვანი ავიღე და კითხვა დავიწყე... ამ დღის შემდეგ ჩემს თავს არ ვეკუთნი.

დღეს სოფელ რიონის მონასტერში 89 წლის მოძღვარი მყავს – მამა ნიკოლოზ პიტნავა.

უფლის გზას იმ დროიდან მოყოლებული შევუდექი. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ისევ ძალიან სუსტად ვიყავი, მორწმუნეებთან დავამყარე კონტაქტი. მოწამეთაში რომ მივედი, მგალობლებს გაუკვირდათ – ეკლესიაში ახალგაზრდა არ შემოდისო. იმ დროს ახალგაზრდას მართლა იშვიათად თუ ნახავდით ტაძარში.

შემდეგ ჩემმა დამ ახალი აღთქმა მომიტანა. მაშინ ჩემს ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო. პირველად რომ გადავშალე, იოანეს სახარების მეთხუთმეტე თავი წავიკითხე, სადაც ქრისტე ამბობს: „ვისაც მე ვუყვარვარ, ის დაიცავს ჩემს მცნებებს“. ამ სიტყვებმა ჩემზე ძალიან იმოქმედა და ღმერთს აღთქმა დავუდე, რომ იმ დღიდან მის მცნებებს დავიცავდი. მადლობა უფალს, რომ ამის ძალა მომცა და მართლაც – „ათი მცნება“ არასდროს დამირღვევია.

– როგორც ვიცი, სხვა ხილვებიც გაქვთ...

– მთელი ბავშვობა ქუთაისთან ახლოს, სოფელ ჭოლევში მაქვს გატარებული, ნათესავებთან. იქ ყოფნისას, ერთ საღამოს, დეიდაშვილის სახლის კორიდორში ვიჯექი, როცა უცებ ჩემს წინ ციცინათელასავით ნათება გაჩნდა და ახლოს მდებარე ოწესის მთისკენ გაემართა. ასე დაიწყო ხილვების სერია. ხილვიდან მეოთხე დღეს, ჩემში განსაკუთრებული ძალა შემოვიდოდა და ჩემი დაუძლურებული ორგანიზმი ენერგიით ივსებოდა. ამ ხილვების შემდეგ ძალა მომდიოდა, ოწესის მთაზე ავდიოდი და თან ხმამაღლა ვყვიროდი: უფალო, დიდება შენდა-მეთქი... არაფერი მაშინებდა, მოვილოცავდი მთას და ჩამოვიდოდი. ასე გრძელდებოდა წლები. დიდ მადლს ვგრძნობდი იმ მთაზე, საოცარ კურთხევას – ამის გადმოცემა რთულია.

ოწესის მთის წვერზე ადრე ეკლესია ყოფილა. ახლა მხოლოდ ნანგრევებია დარჩენილი. მამა იოსებ ბურჯანაძეს რომ ვუამბობდი ამ ხილვის შესახებ, მეუბნებოდა, ბერად აღიკვეცე და ოწესის მთაზე მონასტერი რომ აშენდება, წინამძღვრად დაინიშნებიო. ვუპასუხე: მამაო, ჩემს თავზე არ ვარ დამოკიდებული და ჩემით ვერ გადავწყვეტ-მეთქი.

ერთი პერიოდი საერთოდ სხვა გეგმები მქონდა... ერთ საღამოს დაფიქრებული დავწექი მოსასვენებლად. უცებ ვიგრძენი, რომ რაღაც ორჯერ ტყვიასავით მომხვდა ზურგში. გადმოვბრუნდი, ოთახში სინათლე შემოვიდა და ისმის ხმა: „აქეთ გამოდი“. წავყევი მას და უფალმა ისევ ოწესის მთასთან ამიყვანა. შეიძლება, ვინმემ ეს ყველაფერი მოჩვენებებად ჩათვალოს, მაგრამ სხვა ადამიანებსაც ჰქონდათ შემჩნეული ამ მთაზე უფლისგან მინიშნება. ალბათ, მისია მაქვს შესასრულებელი, რომელიც ოწესის მთას უკავშირდება... ამ წმიდა ადგილას, ალბათ, ტაძარი ისევ უნდა დაბრუნდეს. მამა იოსებთან ვთქვი, ღმერთი ითხოვს მისიონერული მოძრაობის შექმნას-მეთქი. მან მითხრა, ოწესის მთაზე ისევ აშენდება ტაძარიო. თავად უფალი მოაგვარებს ყველაფერს, თავის დროზე, ამის მწამს.

ერთადერთი, მე რაც ჩემი ცხოვრებისეული დაკვირვებიდან გამომდინარე შემიძლია, ვთქვა, ისაა, რომ მთავარია, ჩვენ 10 მცნება დავიცვათ და მის სწავლებაზე გავამახვილოთ ყურადღება. მამა გაბრიელიც ამაზე ამახვილებდა ყურადღებას. სინას მთაზე მოსეს თავად უფალმა გადასცა მისი თითით ქვის ფილებზე დაწერილი 10 მცნება და ის არასოდეს მოძველდება. იესო ქრისტე იმეორებს იოანეს სახარებაში: ვისაც მე ვუყვარვარ, ჩემს მცნებებს დაიცავს და ვისაც არ ვუყვარვარ არ დაიცავსო. მე პირადად, როგორც უკვე გითხარით, ოთხმოციან წლებში, როცა ბიბლია, ახალი აღთქმა საერთოდ არ იშოვებოდა, მისმა სიყვარულმა დამაწყებინა ამ გზით სიარული. უფლის მადლით, დღემდე მისი მცნებებით ვცხოვრობ და მწამს, რომ დანარჩენს უფალი გამოაჩენს. ჩვენ სასწაულებს კი არ უნდა ვეძებდეთ, უფლის სიყვარული გვქონდეს გულში, მისი მცნებების დაცვა ვეცადოთ და უფალი აუცილებლად გაგვაძლიერებს.

ვინმემ არ იფიქროს, რომ მე რამეს წარმოვადგენ. არა, მე არაფერი ვარ, ჩვენ არაფერი ვართ. მხოლოდ უფალია ყველაფერი: სიყვარული, სიკეთე, ყოველივე კარგი, მისი ზეციური იერარქიით, წმიდა მარიამით, რომელიც ჩვენი ყველას დედა-მზრუნველია და სხვა ყველა წმიდანით... მე ჩემს თავს არ ვეკუთვნი. ჩემი ცხოვრების შესახებ მხოლოდ იმიტომ გიზიარებთ, რომ თუ ვინმე დღეს მძიმე გზას გადის, შევახსენო, რომ უფლის იმედი არ უნდა დაკარგოს. დიდება უფალს!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი