გივი სიხარულიძე: 200-300-კაციან დაბადების დღეს მიხდიან ხოლმე ყველაზე ფეშენებელურ რესტორნებში
ავტორი: ქეთი მოდებაძე 22:30 19.03, 2021 წელი

გივი სიხარულიძე 77 წლის გახდა და მიუხედავად პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებისა, მისმა მეგობრებმა მოახერხეს და ეს თარიღი ოთხდღიან დღესასწაულად უქციეს.
გივი სიხარულიძე: 28 თებერვალს მქონდა დაბადების დღე. ჩემთვის შეზღუდვებს ხელი არ შეუშლია. ჩემი მეგობრები 200-300-კაციან დაბადების დღეს მიხდიან ხოლმე ყველაზე ფეშენებელურ რესტორნებში. პირადად მე არ ვიხდი, მეგობრები მანებივრებენ, ვისაც ძალიან ვუყვარვარ. წელს ოთხდღიანი დაბადების დღე გამიკეთეს, 30-30-კაციანი. ჩემი 77 წლის აღსანიშნავი დაბადების დღე ერთი დღით ადრე, 27-ში დაიწყეს და 120-კაციანი გამოვიდა.
– ბავშვობაში რას ნატრობდით დაბადების დღეზე, რა ოცნებები გქონდათ?
– არც მახსოვს მაშინდელი ჩემი დაბადების დღეები, არასდროს გადამიხდია. ვინ გადამიხდიდა? საწყალი დედაჩემი დილიდან საღამომდე შრომობდა, მამა ციმბირში იყო გადასახლებული. ბავშვობაში ოცნებებიც კი არ მქონდა. რომ იოცნებო, ხომ უნდა იცოდე, რა არის კარგი და რა – ცუდი. 13 წლის რომ გავხდი, ცეკვაზე დავიწყე სიარული, სომეხი, ძალიან შეუხედავი, მახინჯი კაცი იყო ჩემი პედაგოგი, მაგრამ იმან პირველმა მასწავლა, როგორ მჭეროდა ტანი, როგორც მოცეკვავეს, როგორ ვმდგარიყავი, შემდეგ დავიწყე ფიქრი სუხიშვილების მოცეკვავეობაზე, ეს სურვილი ღმერთმა შემისრულა. შემდეგ სახელმწიფო ფოლკლორული ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელად და მთავარ ბალეტმეისტერად ამირჩიეს. მეუღლე მყავდა მინისტრის შვილი და დაიწყო ჩემი აღზევება. ვერ წარმოიდგენთ, როგორი ფარისევლები არიან ადამიანები. როცა მინისტრის სიძე გავხდი და სუხიშვილების მოცეკვავე, უნდა გენახათ, რა ამბავი იყო – მაღმერთებდნენ. მერე სუხიშვილების ანსამბლსაც თავი დავანებე და მეუღლესაც გავეყარე. იმიტომ კი არა, რომ ის იყო ცუდი, მე ვიყავი ცუდი ადამიანი და ჩემი ბრალი იყო. უნდა გენახათ, როგორ შემომეცალნენ ეს ადამიანები გარშემო. ამიტომაც ვამბობ, რომ ადამიანები ფარისევლები არიან. თუმცა, მასაზე ფიქრით კი არ უნდა იცხოვრო, იმ თითოეულ ადამიანზე უნდა კონცენტრირდე, ვისაც კაცობა გააჩნია.
– მაშინ, როცა ძალიან გიჭირდათ და თქვენ გვერდით თანატოლებს, თუნდაც დაბადების დღეზე, მშობლები დღესასწაულებს უწყობდნენ, გული არ გწყდებოდათ, რა დაგეხმარათ, რომ არ გაბოროტებულიყავით?
– 13 წლის ბიჭი ფეხბურთზე დავდიოდი და დათხუპნული სახით ვაკეში, მესხის სახელობის სტადიონთან ვიჯექი ბარდიურზე, ტროლეიბუსს ველოდი, მშიერი, დაუბანელი. ვოლგა გაჩერდა, გოგო ჩამოხტა, ჩამიხუტა და მკოცნის: შენ გენაცვალე, რა ლამაზი ხარო. გული გამითბო. გადმოვიდა მამაკაციც, არაფერი ლამაზი არაა, გეყოს, წამოდიო, უთხრა. ოდნავ რომ მომშორდნენ, გავიგონე, ქალს რომ უთხრა: მართლა ლამაზი ბიჭია, მაგრამ ეგრე რომ ელაპარაკები, არ გაფუჭდეს, მაინც ბიჭიაო. უცხო ადამიანებმა იმ დღეს სიყვარულის ნიაღვარი დამაფრქვიეს. ორივე თავისებურად გამიფრთხილდა და სიყვარული მაჩუქა – ეს იყო სიყვარულის ზვავი. ასეთი რამ ერთხელ არ მომხდარა. ერთი მეზობელი მყავდა – ელა დეიდა, რომელიც თვითონაც გაჭირვებული იყო, მაგრამ ჩემთვის უბის ქვეშ მალავდა ტკბილეულს და ჩუმად მაძლევდა, რომ არავის დაენახა, ძალიან ზრუნავდა ჩემზე. ამიტომაც არის, რომ მე მდიდარი ხალხის მიმართ არ ვარ დიდი სიყვარულით განმსჭვალული, მაგრამ გაჭირვებულ ადამიანს გვერდით გულგრილად ვერ ჩავუვლი, რაც შემიძლია, გავუკეთებ. მე ისეთი ცხოვრება გამოვიარე, როგორსაც არცერთ ბავშვს არ ვუსურვებ. ახლა რომ დოკუმენტურ ფილმებს ვუყურებ, რომელშიც აფრიკელი ბავშვების ცხოვრებაა ასახული, ვერ ვუძლებ და ტელევიზორს ვრთავ. არ მინდა, მდიდარი ადამიანების მიმართ სიძულვილით განვიმსჭვალო, მაგრამ ვერ წარმომიდგენია, ძალიან მდიდარი ვიყო, ამას ვუყურებდე და რამე არ მოვიმოქმედო.
– როდის შეიცვალა თქვენი ცხოვრება?
– როცა ჩემს თავს ვუთხარი: „გივი, შენ არავინ არ გყავს“. სტალინის გარდაცვალების შემდეგ ამნისტია გამოვიდა, რომელიც მამასაც შეეხო. დიდ თანამდებობაზე ვეღარ იმუშავებდა, მაგრამ სკოლის დირექტორად დაინიშნა და 45 წელი იკავებდა ამ ადგილს. უკვე ხანში იყო შესული, მაგრამ ყველა რაიკომის პირველი მდივანი ჩემი მეგობარი იყო. გამოიძახებდნენ ხოლმე მამას და ეტყოდნენ: „ბიძია დიმიტრი, რამდენი ხანიც გინდათ, იმდენხანს იქნებით დირექტორი, მე თქვენი შვილის მეგობარი ვარო“. ასე რომ, მამა გარდაცვალებამდე სკოლის დირექტორი იყო, ეს უკვე მისი შვილის სიყვარულით. ასე გამიხარეს სიცოცხლის ბოლომდე მეგობრებმა, რისთვისაც მათი მადლობელი ვარ. მე მწერალი ვარ, 23 წიგნის ავტორი, მათგან 15 მსოფლიოს შვიდ ენაზეა გადათარგმინილი, ჩემი წიგნები კონგრესის ბიბლიოთეკაში დევს. ჩემს ცხოვრებაში უამრავი რამ ხდება. ყველანაირი ჯილდო მაქვს მიღებული, თუკი რამე არსებობს. ახლა ქურუმის წოდება მივიღე კულტურის დარგში, ვარსკვლავი გამიხსნეს, რაინდის წოდება მაქვს, ორჯერ მივიღე ღირსების ორდენი. მაგრამ მე ამას არაფრად ვთვლი, ჩემთვის მთავარი ერთი ორდენია, რომლის სადარიც პლანეტაზე არ არსებობს. ეს არის ჩემი გაჭირვებული ხალხის სიყვარული ჩემ მიმართ და მეორე – მე ვარ ბათუმის საპატიო მოქალაქე, რაც ასევე, ხალხმა მომანიჭა, ამირჩიეს წლის საუკეთესო მსახიობადაც. ბედნიერი ვარ იმის გამო, რომ უბრალო ადამიანების გულში განსაკუთრებული ადგილი მიკავია. მე ამ ძალით ინტელიგენციის არ მწამს – ესენი არ არიან ინტელიგენტები. მე მინახავს გლეხი, მუშა, მაგრამ ნამდვილი ინტელიგენტი ადამიანები. ინტელიგენტებად იბადებიან და არ ხდებიან. ეს უბრალო ხალხიდან მოდის, მეც უბრალო ხალხის შვილი ვარ და მათ განსაკუთრებით დიდ პატივს ვცემ.
– მინდა, ის პერიოდი გავიხსენოთ, როცა დაბადების დღეებზე ბევრს ერთობოდით და განსაკუთრებული თავგადასავლებიც გადაგხდათ.
– ჩემი ცხოვრება ფოიერვერკებითაა სავსე მას შემდეგ, რაც ასპარეზზე გამოვედი ჩემი სპორტული მონაცემებით, მსახიობობით, ცეკვით, ჩემი ჭკუა-გონებით. იმდენი ბედნიერი დღე მაჩუქა ცხოვრებამ, უკანასკნელი უნამუსო უნდა ვიყო, რომ უფლის მადლიერებას არ ვგრძნობდე. ჩემი დაბადების დღეები იმართებოდა ამერიკაში, იტალიაში, საფრანგეთში, ავსტრიაში, იაპონიაში, ავსტრალიაში. მთელ მსოფლიოში ვიხდიდი დაბადების დღეს, მაგრამ უმთავრესად მოსკოვში და ქალაქ „სოჩაში“. ულამაზესი გოგონების გარემოცვაში. დედაჩემი კაზაკი იყო, ულამაზესი ქალი. ქუჩაში, კაციდან დაწყებული ბავშვით დამთავრებული დედაჩემს უყურებდა. დედა რუსი მყავდა და ძალიან მიყვარს რუსი ხალხი. მაგრამ არა პოლიტიკოსები. მთელი ცხოვრება სოჭში, გაგრაში, პეტერბურგში, მოსკოვში ვიხდიდი დაბადების დღეებს. დიდი ზეიმები იყო. მაშინ იმ ხალხს საქმოსნებს ეძახდნენ, დღეს ბიზნესმენები ჰქვიათ. ეს საქმოსნები თან მყვებოდნენ, ჩემი ნიჭით მოხიბლულები იყვნენ. რესტორანში ორი ულამაზესი გოგო მხარზე დამისვია, ავვარდნილვარ სცენაზე და მიცეკვია. მთელი ხალხი მუხლებზე დაჩოქილი ტაშს მიკრავდა. ასე ვიცხოვრე მთელი ჩემი ცხოვრება.
– განსაკუთრებული საჩუქარი მიგიღიათ?
– უამრავი მანქანა მიმიღია საჩუქრად, ქვეყანაზე თუკი რამე არსებობს, ყველაფერი უჩუქებიათ ჩემთვის. ეს საჩუქრები ისე კი არ მიმიღია, თითქოს დავიმსახურე, მაგრამ მადლობას ვუხდი იმ ადამიანებს, ვინც ჩემ მიმართ სიყვარული გამოხატა. რა თქმა უნდა, ბოლო წლებში საჩუქრები აღარ არის. იმიტომ, რომ ჩემი წლოვანების ხალხი ზოგი პენსიაზე გავიდა, ზოგი კი სამარადისო პენსიაზეა. ჩემი მეგობრების 99 პროცენტი უკვე მთაწმინდაზე განისვენებს. თუმცა ყველაფრის მიუხედავად, ბედნიერებაა, ამქვეყანაზე რომ მოხვედი და უფალმა ასეთი ცხოვრებით გაცხოვრა, როგორითაც მე. ამიტომ დავუწერე უფალს ასეთი ლექსი: გმადლობთ, გმადლობთ ყველაფრისთვის/ მეხმარები? არაფრისთვის.
მადლობელი ვარ, არაფრისთვის მეხმარება. ამომირჩია და მეხმარება. მადლობა უფალს ამისთვის. ყველანაირი ცხოვრება ვნახე, უკიდურესი გაჭირვებიდან უდიდეს სიამოვნებამდე – ყველაფერი გამოვიარე. ერთი ხანობა ძალიან ფუქსავატურად ვცხოვრობდი, მაშინ, როცა მინისტრის სიძე ვიყავი. ძალიან არასწორი ცხოვრებით ვცხოვრობდი. ჩემი თავი მეზიზღება, როცა მახსენდება, როგორი ვიყავი. მაშინ ღმერთიც შემიტრიალდა. მერე მივხვდი, რომ არასწორი ვიყავი და ყველაფერი ვცადე ჩემი შეცდომების გამოსასწორებლად. ღმერთმა რომ დაინახა, როგორ ვწვალობდი ჩემი შეცდომების გამოსასწორებლად, ასი პროცენტით გვერდით დამიდგა და ჩემ მიმართ თანაგრძნობა გამოიჩინა. შედეგად დღეს ასეთი გივი სიხარულიძე ვარ ამქვეყანაზე. ასე რომ, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ჩემი ჭკუით არ მომხდარა, მხოლოდ ღმერთის წყალობით. ჩემს კაცობას ვფიცავარ, ყველაფერში მის ხელს ვგრძნობ. ასეთ რამეს ვყვები ხოლმე: ბიჭვინთაში ვისვენებდი ხშირად, ერთხელ, დილით ექვს საათზე ავდექი და ვვარჯიშობ. გავრბივარ და ვხედავ, რომ გვერდით, სილაში რაღაც ნაკვალები მომყვება. ჩემი ნაკვალევი არ ჩანს, მხოლოდ გვერდით რჩება ფეხის კვალი. გადავირიე, ეს რა ნაკვალევია-მეთქი. მუხლებზე დავდექი, ღმერთო, შენს სახელს ვენაცვალე, ეს რა ნაკვალევია-მეთქი? ჩემი ნაკვალევიაო – ღმერთმა მითხრა. როგორ, რომ ვერ გხედავ, აბა, სად ხარ-მეთქი? შე დურაკო, იმდენად უტვინო ხარ, ადრე როცა გვერდზე მოგვყვებოდი, მაინც ვერ მოხვედი ჭკუაზე, მაინც სისულელელეებს სჩადიოდი, ახლა ეს მხოლოდ ჩემი ნაკვალევია, ხელში მყავხარ აყვანილი, რომ არ დაიღუპოო, მითხრა ღმერთმა. თითქოს, მთელი ცხოვრება ხელში აყვანილი მატარა, რომ არ გავუბედურებულიყავი. ჩემთვის ღმერთი ყველაფერია.
სიმამრი მყავდა მინისტრი, უპატიოსნესი ადამიანი, მაშინ როცა ყველა მინისტრი მექრთამე იყო. ჩემი სიმამრი აკადემიკოსი იყო და მასზე პატიოსანი კაცი პლანეტაზე არ მინახავს. ვერ დავაფასე ვერც მისი და ვერც მისი შვილის ჩემს მიმართ მოპყრობა.
ახლა ერთადერთი ნატვრა მაქვს, ჩემმა შვილმა თავის ნიჭი გამოამზეუროს ისე, როგორც მე მინდა. სხვა ნატვრა არ მაქვს. დიდი უნამუსო უნდა ვიყო, რომ კიდევ რამე ვინატრო. თუკი რამე შეიძლებოდა, უფალს ადამიანისთვის ეჩუქებინა, ყველაფერი მაჩუქა. უბედურებაც ბევრი იყო ჩემს ცხოვრებაში, მომიკვდა ჩემი უსაყვარლესი ადამიანი – მეუღლე და უსაყვარლესი შვილი დამეკარგა, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ ცხოვრებამ ბევრი მანახვა. მასწავლა ისიც, რომ არ უნდა თქვა: მე ვარ და ჩემი ნაბადიო. მხოლოდ ღმერთის ძალა არსებობს და დღე და ღამ უნდა ილოცო, რომ უფალი შენ გვერდით იყოს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან