საზოგადოება

გიორგი ხარძიანი – ონკოქირურგიის შესაძლებლობებსა და ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობაზე

№16

ავტორი: „თბილისელები“ 00:11

ხარძიანი
დაკოპირებულია

ონკოქირურგი და თავ-კისრისა და ენდოკრინული ქირურგი – გიორგი ხარძიანი სამედიცინო სფეროთი ბავშვობიდან იყო დაინტერესებული, მის კარიერაში იყო გამოცდილება ყბა-სახის ქირურგიის მიმართულებით, თუმცა საბოლოოდ მისი დიდი ინტერესი ონკოქირურგიამ დაიმსახურა და სწორედ ამ მიმართულებით დაიმკვიდრა თავი.

გიორგი ხარძიანი: მშობლები, მამა – კონსტანტინე ხარძიანი და დედა – ნინო მიქაძე ფარმაცევტები არიან და ამ სფეროს დღესაც ემსახურებიან. შესაბამისად, ოჯახი დაახლოებულია მედიცინასთან და ბავშვობიდან მქონდა ამ პროფესიაში წასვლის სურვილი. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში თავდაპირველად სტომატოლოგიის ფაკულტეტზე ჩავაბარე, რადგან ჩემი მოწოდება ყოველთვის ქირურგობა იყო და ყბა-სახის ქირურგიის მიმართულებით ვაპირებდი მოღვაწეობას. სასწავლო პროცესში ბატონ კოტე მარდალეიშვილთან მომიწია შეხვედრა და როდესაც მის საქმიანობას გავეცანი, მაშინ დავინტერესდი ონკოლოგიით. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ არავის რეკომენდაცია არ მქონდა, ისე მივედი ბატონ კოტესთან და ვუთხარი, რომ ეს სფერო მაინტერესებდა. მიმიღო და ამ კლინიკაში ჩამოვყალიბდი ონკოქირურგად. რაც აქ ფეხი შემოვდგი, მას მერე, ფაქტობრივად, აქ ვცხოვრობ.

– პირველი დამოუკიდებელი ოპერაცია თუ გახსოვთ?

– პირველი დამოუკიდებელი ოპერაცია ონკოლოგიის მიმართულებით რვა წლის წინ ჩავატარე. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. პერიოდულად დღესაც მოდის ეს პაციენტი კონტროლზე, ყველაფერი კარგად აქვს და ძალიან სასიამოვნო განცდაა, რომ მის კარგად ყოფნაში მეც მაქვს ჩემი წვლილი.

– შიშის მომენტი დღესაც გაქვთ?

– უფრო მეტად პასუხისმგებლობას დავარქმევდი, რომლის გარეშეც ქირურგიაში მუშაობა წარმოუდგენელია. მედიცინის მიმართულებებიდან ქირურგიაში ყველაზე ნაკლებად გვაქვს შეცდომის დაშვების უფლება, აქ შენი გაკეთებული საქმე კარგიც და ცუდიც იმ წამსვე ჩანს და ონკოქირურგები ბოლომდე ვიხარჯებით, რომ მაქსიმალური შედეეგი დავდოთ.

– კვალიფიკაციის ამაღლებაზე თუ მუშაობთ?

– მედიცინა ელვის სისწრაფით ვითარდება და თუ, ამ ცვლილებებთან ერთად, ექიმიც არ გაიზარდა, ვერ იქნება კარგი პროფესიონალი, ამიტომ მუდმივად ვმუშაობ საკუთარ თავზე, ვესწრები უამრავ ღონისძიებას როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, სადაც ვეცნობით სიახლეებს და ერთმანეთს გამოცილებებსაც ვუზიარებთ.

– რამდენად დროულად ახერხებენ პაციენტები მომართვიანობას?

– რაც ჩვენს ქვეყანაში სკრინინგის პროგრამა ამუშავდა, უშუალოდ ჩემი მიმართულებიდან გამომდინარე, შემიძლია, გითხრათ, რომ ფარისებრ ჯირკვალთან დაკავშირებით, გახშირდა დროული მომართვიანობა და საბედნიეროდ, საკმაოდ იშვიათია, როდესაც უკვე შორს წასული შემთხვევებით მოგვმართავს პაციენტი, მაგრამ არის სხვა დაავადებები, მაგალითად, ხორხის ავთვისებიანი სიმსივნეები, რა შემთხვევაშიც, უმეტესად, მესამე–მეოთხე სტადიაში მომართავენ პაციენტები კლინიკას და ამ შემთხვევაში გამოსავალიც შედარებით ნაკლებად კეთილსაიმედოა. თუმცა, თითოეული გადარჩენილი სიცოცხლე იმდენად დიდ სტიმულს გვაძლევს, რომ ბოლო სტადიაში მყოფ პაციენტებთანაც ბოლო წუთამდე ვიბრძვით.

– ყველაზე რთული ოპერაცია თუ შეგიძლიათ, გაიხსენოთ...

– მახსენდება ერთი პაციენტი, რომელსაც კომბინირებული პათოლოგია ჰქონდა: ზედა ყბის ავთვისებიანი სიმსივნე, ფარისებრი ჯირკვლის პაპილური კარცინომა და პარათიროიდული ჯირკვლის ადენომა, ერთი ჩარევით გაკეთდა სამივე ოპერაცია. დაახლოებით, ერთი წლის შემდგომ ჩემს კოლეგა ყბა-სახის ქირურგებსა და იმპლანტოლოგებთან ერთად, იმპლანტების საშუალებით, აღვადგინეთ ზედა ყბის მთლიანობა და პაციენტი ცხოვრობს სრულფასოვანი ცხოვრებით.

– რა თვისებებით უნდა გამოირჩეოდეს ქირურგი?

– ონკოქირურგია არის თავდაუზოგავი შრომა მოყვასის გადასარჩენად. თუ ამისთვის თავდადება არ შეგიძლია, არ უნდა იყო ექიმი.

– ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა თუ აფინანსებს ონკოპაციენტების მკურნალობას?

– როგორც გითხარით, ონკოლოგიაში კარგად მუშაობს სკრინინგ პროგრამები, რამაც პაციენტების დროულად მომართვიანობა და შესაბამისად დაავადებების დროული გამოვლინება გამოიწვია. რაც შეეხება ონკოლოგიურ დაავადებებსა და მათ მკურნალობას, ჩვენს კლინიკაში, რა თქმა უნდა, მოქმედებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და უმეტეს შემთხვევაში ფინანსდება ქირურგიული მკურნალობაც. ჩვენი კლინიკა აქტიურად თანამშრომლობს როგორც საყოველთაო ჯანდაცვასთან, ისე კერძო სადაზღვევო სექტორთან.

– როდესაც ისმება რთული დიაგნოზი, ქართველი პაციენტები ხშირად განიხილავენ საზღვარგარეთ მკურნალობას. დღეს ჩვენს ქვეყანაში რეალურად დგას ამის საჭიროება?

– არის მიმართულებები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ მაღალგანვითარებულია და მკურნალობა ხდება ყველა იმ მეთოდიკით, რითიც ნებისმიერ წამყვან ევროპულ ქვეყანაში და საბედნიეროდ, თავ–კისრის ქირურგია, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ განვითარების ამ დონეზე დგას. არაჩვეულებრივი ოპერაციები ტარდება სხვა მიმართულებებითაც, თუმცა, არის პათოლოგიები, რაც ჩვენი პოპულაციიდან გამომდინარე საკმაოდ იშვიათია. 3.5-მილიონიან ქვეყანაში, ბუნებრივია, არის დაავადებები, რასაც შეიძლება 5 წელიწადში ერთხელ შევხვდეთ და ასეთი პაციენტების მართვის გამოცდილება მრავალმილიონიან ქვეყნებში გაცილებით დიდია. როცა პაციენტს გარკვეული სპეციალიზირებული დახმარება სჭირდება, ასეთ დროს უცხოელ კოლეგებთან ურთიერთობა ძალიან გვეხმარება, რომ დავაკვალინოთ ისინი და არ დარჩნენ გარიყულ მდგომარეობაში. თუმცა, მაინც ვფიქრობ, რომ იმ ფონზე, როცა ქვეყანაში უამრავი კვალიფიციური ექიმი გვყავს, საზღვარგარეთ გასვლის პოპულარიზირება, ძირითადად, ხელოვნურად ხდება.

– ფარისებრი ჯირკვლის მკურნალობაში როგორი შედეგები გაქვთ?

– ფარისებრი ჯირკვლის საქართველოში ჩატარებული ოპერაციების 80 პროცენტი ჩვენს კლინიკაში ტარდება. აქედან 90 პროცენტი ავთვისებიანი დაავადებაა. მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი ენდოკრინული და თავ-კისრის ქირურგიის ჰაბია, შესაბამისად, საკმაოდ დიდი გამოცდილება დავაგროვეთ და პაციენტებს შემიძლია, ვუთხრა, რომ მიუხედავად დიაგნოზის სირთულისა, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, დროულად აღმოჩენის შემთხვევაში, საკმაოდ კარგად ექვემდებარება მკურნალობას. ჩვენთან ტარდება ამ დაავადების მკურნალობასთან დაკავშირებული მთელი სპექტრი – დაწყებული დიაგნოსტიკიდან, გაგრძელებული გენეტიკური კვლევებით, ნებისმიერი მასშტაბით ქირურგიული ჩარევით და რადიოაქტიური იოდით მკურნალობით. გარდა ამისა, ვიყენებთ ისეთ მაღალტექნოლოგიურ მეთოდებს, როგორიცაა ინტრაოპერაციული ნეირომონიტორინგი, გვაქვს შესაძლებლობა, ოპერაციის დროსაც ჩატარდეს სასწრაფო მორფოლოგიური კვლევა, დიაგნოზის კიდევ ერთხელ გადასამოწმებლად. პაციენტებს მინდა, ვურჩიო, პირველ რიგში, არ ინერვიულონ სიმპტომების გამოვლენისას და არ დაელოდონ მდგომარეობის დამძიმებას, ნუ დაეყრდნობიან არაპროფესიონალების რჩევებს და მიმართონ ექიმს.

– ნებისმიერი წარმატებული ადამიანის უკან დგას ოჯახი, რომლის მხარდაჭერაც ძალიან მნიშვნელოვანია, გაგვაცანით თქვენი ოჯახი…

– ოჯახი ყველა ადამიანისთვის ძალიან დიდი სტიმულია. მყავს მეუღლე – ნატა ბიაშვილი, რომელიც მუშაობს ლაბორატორიულ მედიცინაში, მოღვაწეობს კლინიკა „რეიმანში“ და ისიც თავგადებულია თავის საქმეზე. გვყავს ორი არაჩვეულებრივი გოგონა – 11 წლის ნინი ხარძიანი და 6 წლის ლილე ხარძიანი, რომელიც ახლა ემზადება სკოლაში შესასვლელად და ფიქრობს, რომ მომავალ პროფესიად მედიცინას აირჩევს. ოჯახი ის ბედნიერი ადგილია, სადაც მთელი დღის დატვირთული სამუშაოს შემდეგ მიდიხარ და თავიდან ივსები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა