საზოგადოება

გიორგი კეკელიძე: ჩემთვის ყველაზე მთავარია, სიცოცხლე ცნობიერად დავასრულო, სიკვდილს დავაკვირდე

№12

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 28.03, 2023 წელი

გიორგი კეკელიძე
დაკოპირებულია

გულახდილი საუბარი გიორგი კეკელიძესთან 👇

– ვინ არის გიორგი კეკელიძე?

გიორგი კეკელიძე: თუ მაინცდამაინც ერთ სიტყვად ჩამოვაყალიბებთ და ამპარტავნულად არ გამომივა, ალბათ, გამოვიყენებდი სიტყვას – საინტერესო. არა მაინცდამაინც კარგს ან ცუდს, არამედ საინტერესოს. იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ჩემი აქამდე განვლილი ცხოვრების გზა, რა რა და საინტერესო ნამდვილად არის.

– როგორია თქვენი საოცნებო ცხოვრება?

– საქმე ის გახლავთ, რომ ჩემი წარმოდგენები საოცნებო ცხოვრებაზე არ თანხმდება ჩემს ფსიქოტიპს. მე მინდა, რომ ვცხოვრობდე სიმშვიდეში განმარტოებით და მქონდეს ბევრი დრო ფიქრისა და წერისთვის. მაგრამ იმდენად ჰიპერაქტიური პერსონა ვარ, რომ რეალურად, სიმშვიდეში დარჩენის უნარი არ მაქვს. აქედან გამომდინარე, როდესაც ვცდილობ, გადავიკარგო ან ჩავიკეტო, ჩემი მოუსვენრობა არ მაძლევს ამის საშუალებას და ისევ ვუბრუნდები სოციალურად აქტიურ ცხოვრებას.

– გიკეთებიათ საქმე, რომელიც გძულდათ?

– მაგალითად, როდესაც სტუდენტი ვიყავი და ლიტერატურული გაზეთის გამოცემა გვინდოდა, დავიწყეთ მანდარინის ბიზნესი. მე და ჩემი მეგობრები გურიასა და აჭარაში ნაყიდ მანდარინს აზერბაიჯანში ვყიდდით. ეს ჩემთვის ჯოჯოხეთური პროცესი იყო, თან, ეს საქმე ძალიან ძნელად გამოგვდიოდა. იმიტომ, რომ ყველანი ჰუმანიტარები გახლდით. მსგავსი საქმეები არაერთხელ გამიკეთებია, მხოლოდ და მხოლოდ ერთი მოტივით – მერე ისეთი რამ მინდოდა შემექმნა, რომელიც ჩემს მისწრაფებებს მოიცავდა.

– ბოლოს როდის იტირეთ და რატომ?

– როდესაც რთული პერიოდი მქონდა, ვგულისხმობ დეპრესიას, რამდენჯერმე ვიტირე ჩემი უუნარობისა და ამ ყველაფრის დაუძლევლობის განცდის გამო. მაგრამ ეს ძალიან ფრაგმენტული ტირილი იყო. დიდწილად, როგორც წესი, ჩუმი ტანჯვა მახასიათებს.

– თქვენი ყველაზე ცუდი საქციელი...

– ასეთი ბევრი ყოფილა. მე მივეკუთვნები იმ ადამიანებს, რომლებიც ძალიან ღელავენ ხოლმე საკუთარი წარსულის გამო. შემიძლია, ვთქვა, რომ ზედმეტადაც კი, რიგ შემთხვევაში. ზოგჯერ მცირე შეცდომებსაც ძალიან დიდ და სერიოზულ დანაშაულად წარმოვიდგენ ხოლმე. აქედან გამომდინარე, ბევრი ყოფილა, მაგრამ ყველაზე უფრო არასასიამოვნო მოგონებად მექცა დაკარგული დრო, მამასთან ურთიერთობის ნაცვლად, რაც აღარასდროს აღარ გამოსწორდება. არის შეცდომები, რომელსაც გამოასწორებ, მაგრამ როდესაც ადამიანი გარდაცვლილია და დროს უკან ვეღარ აბრუნებ, ეს ყველაზე მტანჯველი განცდაა. ჩემი სტუდენტობის პერიოდის მეორე ნახევრიდან და მერე, უკვე მთელი ჩემი საქმიანობის განმავლობაში, ძალიან მცირე კონტაქტი მქონდა მამასთან.

– ყველაზე უხერხული მდგომარეობა, რომელიც თავს გადაგხდენიათ?

– არ მახსენდება განსაკუთრებული შემთხვევა. ჩემი გურული სისხარტიდან გამომდინარე, ყოველთვის ვახერხებდი თავის დაღწევას, თუ არ ჩავთვლით უკანასკნელ წელიწად-ნახევარს, რომელიც ძალიან მძიმე იყო ჩემთვის.

– როგორ მივიდა მდგომარეობა აქამდე, ვგულისხმობ ფსიქოლოგიურ სირთულეებს და სუიციდის მცდელობას?

– პირველ რიგში, ეს უკავშირდებოდა კონკრეტულ სტრესს. იმავდროულად – დიდ გამოფიტვას, ცხოვრების ურთულეს რიტმს და იმავდროულად, იმ მიდრეკილებებს, რომელიც გარკვეულწილად ჩემმა გენეტიკამ განაპირობა, აკვიატებული აზრებისკენ მიდრეკილების თვალსაზრისით. ამ კომპლექტმა მიმიყვანა სერიოზულ შფოთვით აშლილობასთან და ძალიან მძიმე დეპრესიასთან.

– რა ფორმით იყო გამოხატული ეს?

– შფოთვითი აშლილობა სტრესული ფიქრებით და შიშებით იყო გამოხატული. ასევე, აკვიატებული აზრებით, რომელთაც ვერ იშორებ, გტანჯავს და ვერ გაურბიხარ. საბოლოო ჯამში მისი ტყვე ხდები. ამას თან სდევს დეპრესია, რომელიც გულისხმობს სიხარულის შეგრძნების სრულ გაქრობას, ჩაკეტვის სურვილს. სამყაროსგან სრულიად მოწყვეტილად გრძნობ თავს, თითქოს გისოსებს მიღმა ხარ და ვერაფრით გამოდიხარ ამ დიდი და მოურჩენელი ტანჯვისგან. ძალიან დიდი მენტალური დარტყმა მომაყენა სტრესმა, რთულ პერიოდს გავუძელი. მით უფრო, რომ ამ ყველაფერს ახლდა ტრანკვილიზატორებისა და ბენზოდიაზეპინების არაშესაბამისი გამოყენება. კოლაფსს მიღმაც კი აღმოვჩნდი. ამ ცნობილი ამბის შემდეგ, კიდევ უფრო გართულდა ჩემი მდგომარეობა. ალბათ, სამი– ოთხი თვე, გაცილებით მძიმე მდგომარეობაში გავატარე.

– სხვადასხვა აზრი იყო იმის შესახებ, უნდა ყოფილიყო თუ არა ეს გასაჯაროებული „ფეისბუქ“ პოსტის სახით. რატომ გადაწყვიტეთ ასე?

– მე არ მინახავს ეს, მაგრამ, თუ ასე იყო, ცოტა კომიკურიც არის, იმიტომ, რომ რეალურად, ასეთ დროს ადამიანი ფიქრობს ორ რამეზე: ერთი – მას უნდა, რომ დაასრულოს სიცოცხლე და შესაბამისად გაექცეს ამ ტანჯვას, მაგრამ მეორე მხრივ – ითხოვს დახმარებას. შესაბამისად, ბუნებრივია, ეს ორი მოცემულობა ეჯახება ერთმანეთს და ამ შეჯახების შედეგი იყო ის, რომ მე დავწერე ეს ყველაფერი, მაგრამ რეალურად მზად ვიყავი იმისთვის, რომ ცხოვრება დამესრულებინა. ამ ამბის ასე ღია გახმაურება იყო ერთგვარი სურვილი, რომ ვინმე მოსულიყო და ამ მდგომარეობისგან დავეხსენი.

– სამწუხაროდ, ეს მდგომარეობა არ იწყება და არ სრულდება ერთ დღეს. როგორ გამოგდით ყველაზე მძიმე მდგომარეობის გადალახვის შემდეგ მასთან გამკლავება და რა პროცესებს მოიცავს ეს?

– ეს არის პროცესი, რომელიც მოითხოვს ძალიან სერიოზულ და კომპლექსურ მიდგომას. პირველი – ეს არის მედიკამენტური მკურნალობა, რომელსაც სწორად უნდა ვგეგმავდეთ შესაბამის სპეციალისტებთან, პირველ რიგში, ფსიქიატრთან და თუ საშუალებაა, ფსიქოთერაპევტთან ერთად. შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია მოთმინების უნარი. რეალურად, ჩვენი ბრძოლის ერთ–ერთი იარაღი დროა. სწორ მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად, რაც უფრო ბევრი დრო გადის, მით უფრო სუსტდება ეს დაავადება. უმნიშვნელოვანესია იმის განცდა, რომ შენ აუცილებლად დაამარცხებ ამას და არა ყალბი ფრაზები, რომელიც ჟღერს, როგორც „თავი ხელში აიყვანე“, „თავს მოერიე“ და ასე შემდეგ. ყველას უნდა თავს მოერიოს, მაგრამ ამ დროს ვერ ახერხებს. გარდა ამისა, უკიდურესად მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ჩვენ ნელ-ნელა მოვახდინოთ სოციალიზაცია, საქმეებით დაკავება, რომელიც ტვინიდან განდევნის დამახსოვრებულ ცუდ განწყობებს და მივხვდეთ, რომ ეს შეტევები და შფოთვები, რომლებიც ფსიქოლოგიური ხასიათისაა, მაგრამ სხეულზეც გადმოდის, არის დროებითი და რაც უფრო ნაკლებს ვიფიქრებთ მასზე და რაც უფრო მეტად განვდევნით ყოველდღიურობიდან, მით უფრო იოლად გავიმარჯვებთ.

– რა არის თქვენი ყველაზე დიდი მარცხი და გამარჯვება?

– ჩემი ყველაზე დიდი მარცხი, ცხადია არის ჩემი დანებება. როდესაც მე საკუთარ თავს აღარ დავუტოვე შანსი იმისა, რომ რაც გამოსასწორებელი იყო, გამომესწორებინა, რაც განსავითარებელი იყო, განმევითარებინა, რომ სიცოცხლისთვის მიმეცა შანსი. ეს ნამდვილად იყო ჩემი ყველაზე დიდი მარცხი. ყველაზე დიდი გამარჯვება იყო ის, რომ რეალურად, მე ამ ყველაფრის შემდეგ, შევძელი, ჩემში უამრავი სირთულე დავძლიე და სიცოცხლეს დავუბრუნდი.

– დავუბრუნდეთ ჩვენი რუბრიკის კითხვებს – ტყუილებთან როგორია თქვენი დამოკიდებულება და რა მოიტყუეთ ბოლოს?

– ბავშვობაში უფრო ხშირად ვიტყუებოდი. გამოხატულად დიდი ფანტაზია მქონდა, მაგრამ ეს ტყუილები, ძირითადად, უწყინარი იყო. თუმცა, ძალიან მიჩვეული გახლდით ამ ამბავს და ხშირად ვიყენებდი. ნელ-ნელა, ასაკის მატებასთან ერთად, მივხვდი, რომ ტყუილებთან ერთად ცხოვრება ძალიან დამაზარალებელი იქნებოდა და დღეს უიშვიათეს შემთხვევაში ვიტყუები. არც კი მახსოვს, ბოლოს როდის მოვიტყუე და რატომ. შეიძლება, რაღაც უკიდურესად ტექნიკური ტყუილი წამომცდენია. ორის ნაცვლად ხუთ წუთში მივსულვარ, მაგრამ ჩემგან განზრახული ტყუილი, რომელიც ვინმეს დააზარალებდა, ძალიან დიდი ხანია, აღარ მახსოვს.

– მოგიპარავთ რამე?

– კი, ბავშვობაში მომიპარავს წიგნები, ძველი და დაშლილი ბიბლიოთეკიდან, რასაც ძალიან ვნანობ.

– სახალისო შემთხვევა თუ გადაგხდენიათ პაემანზე?

– იშვიათად დავდიოდი ხოლმე პაემნებზე. რეალურად, ძალიან არარომანტიკული ადამიანი ვარ. რაღაც ტიპის გამორჩეული შემთხვევები არ მახსენდება, გულწრფელად გითხრათ. ჩემი პირადი ცხოვრება ცოტა უფრო რთული და ქაოსური იყო და ძალიან იშვიათად გულისხმობდა ტრადიციულ პაემნებს და სხვა მსგავს ამბებს.

– როგორ ისურვებდით სიცოცხლის დასრულებას?

– ამაზე ბევრი მიფიქრია. ძალიან ბევრი. ჩემთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია სიცოცხლე ცნობიერად დავასრულო. ანუ, ძილში არ გარდავიცვალო, ან რაღაც ტიპის გამაყუჩებლების თუ სედატიური საშუალებების ზემოქმედების ქვეშ. ჩემთვის მთავარია, რომ სიკვდილს დავაკვირდე. იმთავითვე კონტროლის არსება ვარ და ყველგან, სადაც კონტროლს ვკარგავ, დისკომფორტს განვიცდი. ბუნებრივიც არის, რომ ჩემთვის იდეალური სიკვდილი ცნობიერი სიკვდილი იქნებოდა.

– ის, რითაც ყველაზე მეტად ამაყობთ?

– ვამაყობ, პირველ რიგში, იმით, რომ ვარ ძალიან ბრძოლისუნარიანი და იმით, რომ არასდროს არ ჩავმჯდარვარ რომელიმე ხელისუფლების ნავში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი