გიორგი კეკელიძე: ჩემს ცხოვრებაში პარალელური სამყარო გაჩნდა, რომელსაც ახლა ნაბიჯ-ნაბიჯ ვსწავლობ
ავტორი: ნონა დათეშიძე 15:22
ცხოვრებაში დგება წამი, როცა ხვდები, ამად ღირდა ის განვლილი საათები, წუთები და წამები, ის გადალახული ბარიერები, სირთულეები, წინაღობები და განცდები, რომელიც მაშინ, საკმაოდ რთული იყო და თითქოს, მომავლის ხედვასაც ბლოკავდა. გიორგი კეკელიძის ცხოვრებაში არაერთი მძიმე მომენტი იდგა, მათ შორის სასოწარკვეთაც, თუმცა საყვარელი ადამიანის მის ცხოვრებაში გამოჩენამ და შვილის დაბადებამ მისთვის სამყაროს ხედვა შეცვალა. ახლა ის ბედნიერი მამა და მოსიყვარულე მეუღლეა, მათთვის ცხოვრობს და მიიჩნევს, რომ მისთვის შვილის დაბადებით სამყაროში ახალი კარი გაიხსნა, სადაც ნაბიჯ-ნაბიჯ, უცხო რეალობაში აბიჯებს და ბევრ სასიამოვნო სიახლეს აცნობიერებს.
– გიორგი, რა შეცვალა პატარას დაბადებამ შენს ცხოვრებაში და ახლა უკან რომ იყურები, რას ხვდები?
– ჩემს ცხოვრებაში, ბავშვის დაბადებით, პარალელური და ყველაზე დიდი სამყარო გაჩნდა, რომელსაც ახლა, ნაბიჯ-ნაბიჯ ვსწავლობ. ყოველი დღე, ყოველი წუთი, მზერა, შეხება ახალ კარს აღებს და უცხო ოთახებს მაჩვენებს, რაზეც მანამდე მსმენოდა ხოლმე და სხვების აღწერით ვიცოდი. მაგრამ, ცოდნა და განცდა სულ სხვადასხვა რამეა. ეს ვიცით. უკან რასაც ვხედავდი, იმავეს ვხედავ, მაგრამ ახლაც იგივე ხდება პარალელურ ცხოვრებაში. ადრე რაც იყო და ახლა რაც არის, სხვადასხვა რამეა ჩემთვის, სხვადასხვა სამყარო.
– ბავშვის მოვლასა და აღზრდაში თუ იღებ აქტიურ მონაწილეობას?
– ბავშვის მოვლაში მხოლოდ იმ შესაძლებლობით ვიღებ მონაწილეობას, რაც ამ ეტაპზე მამას შეუძლია. დედის როლთან შედარებით, საწყის თვეებში, მამის როლი მცირე და მწირია, სტატისტს უფრო ჰგავს.
– რომ აკვირდები, რას ხვდები, რითი გგავს შვილი?
– გარეგნულად დედას ჰგავს, თუმცა მანერები, რაც გამოეკვეთა, რაღაც ჩემს მგავსებებს ვამჩნევთ. არ მაქვს აკვიატებული ფიქრი და მიდგომა, მაინცდამაინც მე დამემსგავსოს. მასთან დაკავშირებით, „ეგო“ გაუქმებული მაქვს. საკუთარ თავს დაემსგავსოს – ეს არის მთავარი.
– ახლა რამხელაა პატარა და მისი შემხედვარე, შენ და შენი მეუღლე მრავალშვილიანობაზე არ ფიქრობთ?
– პატარა ექვსი თვის არის. ის, რომ კიდევ ბევრი შვილი გვყავდეს, ასეთ ამბებს გეგმად არ ვსახავთ. ვფიქრობთ, რომ ეს უფრო მაღალი რანგის ამბავია, ვიდრე ფურცელზე ან ფიქრში გაწერილი მომავალი.
– ბევრი ერიდება პატარას ფოტოების სოციალურ ქსელში დადებას. შენ კი აქტიურად დებ. ანუ ცრურწმენების არ გჯერა და გინდა, ის ბედნიერება, რასაც განიცდი, ყველამ გაიზიაროს?
– როგორც ყველა ადამიანს, მით უფრო ობსესიურს, მეც მაქვს საკუთარი დათქმები და ტაბუები. მაგრამ, ეს გაცილებით ღრმა და ინტიმურია, ვიდრე სოციალური ქსელისთვის ფოტოების გადამალვა.
– ამბობენ, მშობლის ამაგს მაშინ ვიგებთ, როცა თავად ვხვდებით მშობლებიო.
– ვფიქრობ, მშობლობაც უკიდერუსად ინდივიდუალური ამბავია. აღზრდისას მხოლოდ განცდა ვეღარ გამოგადგება, ცოდნაც გინდა. ამიტომაც, ამაგებიც სხვაობენ.
– რას ფიქრობ, როგორი მამა ხარ?
– ამას, კეკე გეტყვით ათი წლის შემდეგ. მაშინ გამოჩნდნება.
– დამოუკიდებელ ადამიანად გაზრდი თუ შვილის გადაწყვეტილებებში აქტიურად ჩაერევი?
– დამოუკიდებელ ადამიანად გაზრდა, არ გამორიცხავს რჩევას და ჩარევას, ამ სიტყვის საუკეთესო მნიშვნელობით. მეტიც, დამოუკიდებლობაც ვარჯიშია და სწავლა. შესაბამისად, მასწავლებელი სჭირდება.
– ფიქრობ, რომ ყოველი წუთი წამი, შენი ტკივილი და განცდა, ამ სიხარულად ღირდა და, რომ ღმერთმა გოგოს მამობა ერთგვარ ჯილდოდ გარგუნა?
– ვთვლი, რომ წამები და წუთები, მძიმე და ტკივილიანი, აწიც იქნება. უბრალოდ, სულ მეცოდინება, რომ აქვე, ახლოს არის სამყარო, რომელიც სიცოცხლის აუცილებლობასაც ნიშნავს ჩემთვის და უფრო ადვილად გადავრჩები.
– ზოგადად, ვინც გიცნობს, არ გაგივლია ადვილი ცხოვრების გზა, იყო ძალიან რთული პერიოდებიც. ახლა, ცხოვრების რა ეტაპზე ხარ და წინ რომ იყურები, რას ხედავ?
– ცხოვრება გრძელდება და ახლაც ახლავს სირთულეები, ჩავარდნები, მარცხები, გამარჯვებები. და, ასე იქნება სიკვდილამდე. როგორც ვთქვი, ეს სამყაროები ერთმანეთს ძნელად კვეთენ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





