გიორგი კალანდია: მიჩვეული ვარ მოკრძალებული ცხოვრების წესს და ძალიან მხიბლავს ეს
ავტორი: ქეთი კაპანაძე 21:00 23.10, 2022 წელი

ხელოვნების სასახლის დირექტორი – გიორგი კალანდია, საცხოვრებლად ახალ სახლში გადავიდა, რომელიც საკუთარი გემოვნებით ააშენა და რომლის სილამაზემაც ძალიან ბევრი მოხიბლა.
გიორგი კალანდია: არ ველოდი ამხელა გამოხმაურებას. არც იმას ველოდი, რომ ამ ამბავთან დაკავშირებით უარყოფითი კომენტარები არ შემხვდებოდა, რადგან საქართველოში არ არის საკითხი, რომელზეც ერთიანი აზრი არსებობს. თუმცა, ამ შემთხვევაში, უცნაური რამ მოხდა და მხოლოდ დადებითი ემოციები და სურვილები გამოხატეს, რისთვისაც ყველას მიმართ უზომოდ მადლიერი ვარ. დარწმუნებული ვარ, ამ ადამიანების კეთილგანწყობამ ჩემი პატარა სახლი დადებითი აურით აავსო.
– როგორ აშენდა ეს სახლი?
– მე უკვე ორმოც წელს ზემოთ ვარ. ლოგიკურია, რომ ცალკე ცხოვრების მომენტი დადგა. აქამდე მშობლებთან ერთად, დიდ დიღომში ვცხოვრობდი. ბოლო წლებში აქტიურად ვფიქრობდი ცალკე გადასვლაზე. თუმცა, არ ვმალავ და ამაში არც დასაძრახი და დასაცინია რამე, რომ მე მდიდარი ადამიანი არ ვარ. ეს არც არის გასაკვირი. პროფესია და საქმე, რომელსაც მე ვემსახურები, არ გამოირჩევა განსაკუთრებული შემოსავლით. მე არ ვარ ბიზნესმენი, ისტორიკოსი გახლავართ და მუზეუმის დირექტორი. გასაკვირი ის უნდა იყოს, რომ მდიდარი ვიყო. მიჩვეული ვარ მოკრძალებული ცხოვრების წესს და ძალიან მხიბლავს ასე ცხოვრება. იაკობ გოგებაშვილი წერს ძალიან ბევრს მოკრძალებული ცხოვრების დადებით მხარეებზე. თვითონ ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი იყო, მაგრამ ძალიან მოკრძალებულად ცხოვრობდა. ეს ადამიანის ბუნებას წვრთნის და საშუალებას გაძლევს, დრო დახარჯო ისეთ რამეებში, რაც საუკეთესო მოგონებებად იქცევა.
– რა მოიაზრება მოკრძალებული ცხოვრების წესში?
– თავს არ ვიქებ, არ ვამბობ, რომ ეს კარგია ან ცუდი, მე, უბრალოდ, მატერიალისტი არ ვარ. მაქვს მხოლოდ ის, რაც მჭირდება. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც კომფორტი არ მოსწონს, ეს მეც მომწონს, მაგრამ ფუფუნება არ არის ჩემი სტილი. ფუფუნებაში ცხოვრებას კომფორტულად ცხოვრება მირჩევნია. არჩევანის წინაშე რომ დამაყენოთ, ნამდვილად ამ მხარეს წამოვალ. ჩემთვის არ არის გადამწყვეტი, რა ფირმის ავტომობილი ან ტელეფონი მექნება. მოკრძალებული წესი არის რეალურად ევროპული ცხოვრების წესი, როცა იმდენიც გაქვს, რამდენიც შენი კარგად ყოფნისთვის გჭირდება და მთავარ მოთხოვნილებებს იკმაყოფილებ. არასდროს მქონია მიდრეკილება „ლაქშრი“ ნივთებისკენ. შეიძლება ცოტა ფილოსოფიისკენ გადავდივარ, მაგრამ ამ თვალსაზრისით, მუზეუმმაც ძალიან ბევრი რამ მასწავლა. რამდენიმე წელია, მუზეუმის დირექტორი ვარ და მინახავს ამა თუ იმ ცნობილი ადამიანის მიერ მემკვიდრეობით დატოვებული კოლექციები, რომელიც მათ შთამომავლებს ჩვენთან, მუზეუმში მოუტანიათ. სარდაფში ან საკუჭნაოში შენახული ნივთები, რომლის შეგროვებასაც იმ ადამიანმა მთელი ცხოვრება შეალია და მერე მოუტანიათ მტვრიანი, ჭუჭყიანი, შიგ მკვდარი ვირთხებით. ვისწავლე, რომ დრო და ენერგია არ უნდა დახარჯო იმაში, რაც შემდეგში შეიძლება, ასეთი არაღირებული გახდეს. მირჩევნია, შემოსავალი სხვა, უფრო ღირებულ საქმეებში დავხარჯო. არ ვამბობ, რომ ჩემი „ფორმულა“ იდეალურია და თავსაც არავის ვახვევ. უბრალოდ, მე ასე მომწონს. მაგალითად, მირჩევნია ჩემი შემოსავალი მოვახმარო მოგზაურობას, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად საუკეთესო მოგონებების შეგროვებას და არა ძალიან მაგარ საათს, მანქანასა და სამოსს. ეს ყველაფერი წარმავალია. მეც ვიყავი კოლექციონერი, მაგრამ ახლა ყველაფერი, რასაც ვაგროვებ და ეს ძალიან ცოტა რამ არის, ძირითადად, ნიღბები, ზუსტად ვიცი, რომ ხელოვნების სასახლეს დარჩება.
– როცა სახლზე მიდგა საქმე, პრინციპი იგივე იყო?
– აბსოლუტურად. მე ავაშინე ზუსტად იმდენი, რამდენიც მე და ჩემთან მოსულ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს გვეყოფოდა. უბრალოდ, მინდოდა, ამეშენებინა ლამაზი სახლი – მარტოხელა კაცი ვარ და არაფერში მჭირდება დიდი და გრანდიოზული. რომც მჭირდებოდეს ან მინდოდეს, ამის ფინანსური რესურსი, უბრალოდ, არ მაქვს. ქართული ანდაზისა არ იყოს, „ფეხს იმხელაზე ვშლი, რამდენზეც ლოგინი მწვდება“. თუმცა იმის სურვილი, რომ სახლი ლამაზი ყოფილიყო, ნამდვილად მქონდა. მომწონს ლამაზი გარემო და მინდა, ასეთში ვიცხოვრო. ეს სახლი ქოშიგორაზე ავაშენე. მიწა აქ დიდი ხნის წინ ვიყიდე. რამდენიმე წლის წინ ჩემთვის ძალიან ძვირფასი მამიდისგან, რომელიც გაუთხოვარი იყო და შვილი არ ჰყავდა, მემკვიდრეობით, ბინა მივიღე. ის გავყიდე და 7 წლის წინ მიწა ვიყიდე, რომელზეც უკვე 6 წელია, ამ სახლს ვაშენებ. უცებ ვერ ავაშენებდი, თუმცა არ ვწუწუნებ. მქონდა ბედნიერება, მშობლებთან მეცხოვრა, არსად მეჩქარებოდა და როგორი საშუალებაც მქონდა, ისე ვაშენებდი. საბოლოოდ, გამოვიდა სახლი,რომელიც თავიდან, სანამ საბოლოო სახეს მიიღებდა, ძალიან ულამაზო იყო, რადგან ვაგონს ჰგავდა. მაგრამ მე ხომ ვიცოდი, როგორი იქნებოდა ბოლოს?! ძალიან უბრალო რამეებით არის შესაძლებელი სახლის გალამაზება.
– თავიდან არა, მაგრამ ახლა ძალიან ლამაზია და მგონი, არქიტექტურაში ცოტა სასახლის გავლენაც არის.
– ალბათ. რომ დავიწყო არა-მეთქი, ტყუილი იქნება. არა მხოლოდ ხელოვნების სასახლის, აქ არის ზუგდიდის დადიანების სასახლისა და მუხრანბატონების სასახლის გავლენები. მე მთელი ჩემი ცხოვრება სასახლეებთან მაქვს კონტაქტი, იქიდან გამომდინარე, რომ ეს იყო ჩემი კვლევის თემა, ჩემი წიგნების თემა და ლოგიკურია, რომ რაღაცები ვიცოდი. თუმცა, აქაც ოქროს შუალედი უნდა დაიცვა, სასაცილო არ უნდა გახდეს. არ შეიძლება, პატარა სახლი სასახლეს დაამსგავსო, მგონი, ამას გადავურჩი და სასაცილო არ გამოვიდა, პირიქით, ყველას მოეწონა. მთავარი როლი შუშაბანდმა ითამაშა, რომელიც თავიდან ღია აივანი იყო, მაგრამ მე ძალიან მომწონს, ეგრეთ წოდებული, ცხაურის ტიპის სახლები. თავის დროზე ეს ძველ თბილისშიც ძალიან აქტუალური იყო. ვცადე, გამეკეთებინა და ვფიქრობ, რომ კარგი გამოვიდა. ახლა საქართველოში ძალიან მოდაშია ყრუ გალავნები, სრულად იზოლირებული. მე ჩვეულებრივი, ცხაურებიანი ჭიშკარი მაქვს, ღობეც ძალიან ჩვეულებრივი გავაკეთე, ბავშვობაში რომ კლეტკას ვეძახდით, იმით. ჯერ ერთი ეს იყო იაფი და მეორეც, ყრუ კედლები არ არის დამახასიათებელი ქართული ხასიათისთვის, განსაკუთრებით კი დასავლეთ საქართველოს ყოფისთვის. აღმოსავლეთ საქართველოში შეიძლება, ცოტა სხვანაირად ყოფილიყო, შიშიანობასა და ომიანობადან გამომდინარე. ეს არ არის არც ჩემს ხასიათში და არც, მე როგორც ვიცი, იმ ქართულ ხასიათში. მეზობელი უნდა გხედავდეს და მეზობელს უნდა ხედავდე.
– სახლი, ერთი შეხედვით, პატარას არ ჰგავს, თუმცა, ფართობით დიდი ნამდვილად არ არის.
– სახლი მხოლოდ 60 კვადრატულია. ამხელას აშენებას ნებართვა და პროექტის შეთანხმება არ სჭირდება და ესეც მიმზიდველი მიზეზი იყო. სულ ორი ოთახია, ერთი საძინებელი და ერთი, ეგრეთ წოდებული, სტუდიო, რომელიც სამზარეულოსა და მისაღებ ოთახს აერთიანებს და ღია აივანი, რომელიც მე შევმინე და გამოვიდა ძალიან ლამაზი შუშაბანდი. საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა სახლის შიდა სივრცის მოწყობას. ეს დიდ ფინანსებს ითხოვს. თუმცა, მე არაფერი არ მაქვს ახალი. მხოლოდ ორი რამ – საძინებელი, რომელშიც მძინავს და სამზარეულო. დანარჩენი ყველაფერი მეორადია, რომელსაც მე და ჩემმა მეგობრებმა ხელი შევავლეთ. მე მიყვარს ნივთები, რომლებსაც პატარა ისტორიები აქვს.
– აქამდე მშობლებთან ცხოვრობდით და შინ ბევრი რამის კეთება არ მოგიწევდათ. ახლა, მარტოს, ბევრი პასუხისმგებლობის აღება დაგჭირდებათ. საუზმეა, ვახშამი თუ სხვა რამ, შეგიძლიათ, ყველაფერთან გამკლავება?
– ყველაფერს თვითონ ვაკეთებ, ოღონდ დედაჩემი ყოველ შაბათ-კვირას ამოდის ჩემთან და იმდენი სურსათ-სანოვაგე ამოაქვს, მთელი კვირა მყოფნის. ამიტომ ბევრი რამის გაკეთება არ მიწევს. ჩემი და – ეკა კალანდია რომ მოდის, ვთხოვ, დაჯექი და დატკბი-მეთქი, მაგრამ მაშინვე გენერალურ დალაგებას იწყებს. ასე რომ, ყოველ კვირაში დედაჩემი საჭმლით მამარაგებს, ჩემი და ალაგებს და ამ თვალსაზრისით, მე ძალიან ცოტა რამის გაკეთება მიწევს, თუმცა ყველაფრისთვის მზად ვარ.
– რას ნიშნავს თქვენთვის სახლი?
– ძალიან ფილოსოფიური პასუხი უნდა გაგცეთ. ახლახან წავიკითხე გამორჩეული მეცნიერის – ჰარარის წიგნი „საპიენსი – კაცობრიობის მოკლე ისტორია“, რომელიც 27-მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა. მან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. კიდევ ერთხელ განმიმტკიცა აზრი, რომ ადამიანის ცხოვრებაში ღირებულება სულ სხვა რამეშია და არაფერ მატერიალურში. ყველაფერი მატერიალური და მათ შორის, სახლიც, მხოლოდ პრაქტიკული მნიშვნელობისაა. ჩემთვის სახლი, უპირველეს ყოვლისა, პრაქტიკული დანიშნულებისაა, რომელიც მინდა, კომფორტული იყოს. თუმცა, სახლს ადამიანები ვქმნით. ბევრი სასახლე ვიცი, საიდანაც გამოსვლა მალე გინდება, რადგან ის სიმყუდროვეს ვერ უზრუნველყოფს. თუ სახლში არ დაგხვდა კარგი განწყობა, რაც არ უნდა მაგარი იყოს ის, მასში ცხოვრება არ მოგინდება.
– ახლა ოჯახი არ გეუბნებათ, ახალი სახლი გაქვს, უკვე მარტო ცხოვრობ და დაოჯახების დროაო?
– რა თქმა უნდა, ამაზეც არის საუბარი, ხშირად მესმის, „მოიყვანე ცოლი“. მაგრამ მთავარი მომენტი ის არის, რომ მე მივეჩვიე დამოუკიდებელ ცხოვრებას, რომელიც ახლა ჩემმა მარტო ცხოვრებამ კიდევ უფრო განამტკიცა. ვნახოთ. ნათქვამია, კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო. წინასწარ პროგნოზირება გამიჭირდება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან