საზოგადოება

გიორგი გურგულია: ვისთანაც ჩხუბი მომსვლია, სანამ გარდაიცვლებოდნენ, რამდენიმე თვით ადრე, შემთხვევით სადღაც ვხვდებოდით და ვრიგდებოდით

№52

ავტორი: ქეთი კაპანაძე 16:00 02.01, 2023 წელი

გიორგი გურგულია
დაკოპირებულია

გულახდილი საუბარი გიორგი გურგულიასთან 👇

- ვინ არის გიორგი გურგულია?

გიორგი გურგულია: პროფესიით კინორეჟისორი ვარ, მაგრამ კინოს გადაღება ვერ მოვახერხე, არ გადამაღებინეს - მხოლოდ რეკლამები. ამიტომ, როგორც მსახიობს, ისე მიცნობს ხალხი. ბავშვობიდან ვხატავ, ლექსებსა და სცენარებს ვწერ. ოც ფილმში მაქვს დიდი თუ პატარა როლი შესრულებული. ეგ არის გიორგი გურგულია (იცინის).

- გიკეთებიათ საქმე, რომელიც გძულდათ?

- ამერიკაშიც მიცხოვრია, ემიგრაცია გამომიცდია, მაგრამ შრომა არც ერთი სახის არ მძულს. არიან ადამიანები, აქ არაფრის გაკეთებას არ კადრულობენ, უცხოეთში კი საცვლებს უცვლიან სხვებს. ადამიანი შრომას არ უნდა უფრთხოდეს. არის რაღაცები, რაც შეიძლება არ მომწონდეს, მაგრამ საქმეს ხელს თუ ვკიდებ, ვაკეთებ კიდეც. საერთოდ, თუ ვიცი, რომ საქმეს ვერ თუ არ გავაკეთებ, ხელს არ მოვკიდებ, მაგრამ თუ ხელს მოვკიდებ, რომ მოვკვდე, მაინც გავაკეთებ.

- ბოლოს როდის იტირეთ და რატომ?

- გუშინაც ვიტირე და სულ ვტირი (იცინის). გუშინ ჩემი მეგობრის მეუღლის გარდაცვალების დღე იყო და წარსულს ვიხსენებდით. საერთოდ, ემოციური ვარ. ადამიანებზე საუბრისას ხშირად მადგება ცრემლები, შეიძლება ეს სიყვარულის გამოხატვაცაა. მეტირება ლოცვის დროსაც. ალბათ, ასეც უნდა იყოს. უნდა ილოცო მთელი გულით, ისე, რომ ცრემლამდე მიხვიდე. სინანულის კანონის წაკითხვისას ისეთ სიტყვებს ამბობ, ცრემლები მადგება. ალბათ, თუ სინანული გაქვს, ცრემლიც მოგადგება.

- რას გააკეთებდით ახლა, რომ ლატარიაში ბევრი მილიონი მოიგოთ?

- ეროვნულ პროექტებს დავასრულებდი, რომლებიც დაწყებული გვაქვს მე და ჩემს მეგობრებს. ვებგვერდი გვაქვს, სადაც გვინდა, საქართველოს სრულ ისტორიას მოვუყაროთ თავი. საქართველოს ისტორიის საბავშვო სახელმძღვანელოს გაკეთებაც მინდა.

- თუ გინდათ, რომ მსოფლიო მასშტაბით ცნობილი და გავლენიანი ადამიანი იყოთ?

- გავლენიანი იმდენად არა, რამდენადაც ცნობილი, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე. მე მქონდა შემოთავაზება რუსეთში დარჩენის შესახებ, დიდ პერსპექტივას მპირდებოდნენ. ამერიკაშიც კარგი პერსპექტივა მქონდა, შემეძლო „ჰოლივუდში“ მეთამაშა. მე იქ ვსწავლობდი ნიუ-იორკის კინოაკადემიაში და უკვე ორი ფილმი უნდა გადამეღო „ჰოლივუდში“, მაგრამ 2008-ში რომ ომი დაიწყო, იქაურობის მიტოვება და აქ წამოსვლა მომიწია. თუმცა, სიმართლე რომ ვთქვა, არსად დამრჩენი არ ვარ. ჩემი ქვეყნის შვილი ვარ, მაგრამ გულდასაწყვეტია, აქ რომ არაფერი კეთდება. ჩემი ოცნებაა, კინო გავაკეთო აქ, ჩემს ქვეყანაში, მაგრამ სამწუხაროდ, ჯერ ვერ მივედი აქამდე.

- როდის მოქცეულხართ ყველაზე ცუდად?

- ოოხ... ძალიან ბევრჯერ, განსაკუთრებით ახალგაზრდობაში. ახალგაზრდა უფრო ფიცხი ხარ სამყაროს მიმართ, მეტად ბრძოლისმოსურნე. მერე, ასაკში ხვდები, რომ ეს ყველაფერი სისულელეა. თვითდამკვიდრების დროს ძალადობაც გჭირდება, ჩხუბი, ვიღაცების წყენინება. ხდება ისეთი რამეები, რაც მერე, მთელი ცხოვრება გაწუხებს. მე ეს სულ მახსენდება. ისეთი რამეები მახსენდება, რაც თითქოს ძალიან ბავშვობაში მოხდა და წესით, არ უნდა მახსოვდეს, მაგრამ... მერე სინანული ჩნდება, იმიტომ რომ, ასაკში უფრო ლმობიერი და დამთმობი ხდები. ახალგაზრდა რომ ხარ, ემოციებს აჰყვები, უცებ ცხარდები და სჩადიხარ იმას, რაც არ უნდა ჩაიდინო. ასეთი რამ ცოტა არ ყოფილა, ბევრი მახსენდება. დროდადრო უფალს ვთხოვ, რომ შემინდოს. რადგან გახსენდება, ესე იგი, გულის სიღრმეში გაწუხებს და მოსვენებას არ გაძლევს. თუ ასე არ ხდება, მაშინ სულიერად არ იზრდება ადამიანი. უნდა იდარდო, უნდა ინანო რაღაცები, რომ იგივე არ განმეორდეს. მივდივართ, ვეზიარებით, ცოდვებს „მოვიშორებთ“, მაგრამ მერე იგივე ცოდვებს თავიდან ჩავდივართ. თითქოს ასეთი პრინციპი გვაქვს, რადგან წინა მოვიშორეთ, ახლა შეგვიძლია, თავიდან დავაგროვოთ (იცინის). არადა, ყველანაირად უნდა ეცადო, იგივე ცოდვა აღარ გაიმეორო, თორემ აზრს დაკარგავს მონანიება და ზიარება.

- ოდესმე რამე მოგიპარავთ?

- დიახ, რა თქმა უნდა, მომიპარავს. დაწყებული ბავშვობაში მეზობლის ეზოში ხილის მოპარვით, გაგრძელებული ახალგაზრდობაში უცხოეთში - მაღაზიაში აღებული ნივთებით - ეს უფრო ადრენალინის გამო, ვიღაცას აყოლილი. თუმცა, გაჭირვებითაც იყო გამოწვეული. ფულით თუ გაქვს ჯიბეები სავსე, ამას არ გააკეთებ. სრული სისულელე... და კიდევ ერთი, რაც კი რამე ასე არასწორად ამიღია, ვერასდროს გამომიყენებია. გამფუჭებია მაშინვე, დამიკარგავს ან ასე შემდეგ. ვიღაცები ქურდობენ და ერგებათ, მაგრამ მე ვხვდები, რომ რამე ისეთი თუ ავიღე, რაც არ მეკუთვნის, გამორიცხულია, შემერგოს (იცინის). ამას წინათ გამახსენდა, ბავშვობაში ერთ ბავშვს სამკურნალო ფული დაუტოვეს და მე ავიღე. ბურთის ყიდვა გვინდოდა კლასელებს. დედაჩემმა იმ დღესვე აუტანა ის ფული და მერე მეც შევეცადე, გამომესწორებინა ჩემი საქციელი. დღემდე ძალიან ვნანობ. რომ მახსენდება, რა ჩავიდინე, გული მეწვება. მტანჯავს ეს შეგრძნება.

- პაემანზე სახალისო შემთხვევა გადაგხდენიათ?

- იმდენი ხანი ვცხოვრობ, მგონია, ერთი სამი საუკუნე გავიდა და ყველაფერი გადამხდენია თავს (იცინის). ერთი ამერიკელი გოგო მომწონდა, ტალინში ვიყავით. ყვავილები ავუტანე, ეს მისთვის ძალიან სასაცილო ამბავი იყო. რესტორანში უნდა ჩავსულიყავით და ნომერში მივაკითხე. ყვავილების ჩასაწყობად ლარნაკი ვიპოვეთ ნომერში და წყლის ჩასასხამად სააბაზაბოში შევედი. ონკანი მოვუშვი და წყალი თავზე დამესხა. თურმე, შხაპზე ყოფილა გადართული. მოკლედ, კარგი სანახაობა იყო (იცინის). მერე ერთმა მომენტმა გამაკვირვა. ეს გოგო მეკითხება, ქვემოთ რომ ჩავალთ, შეიძლება ეს ამბავი ჩვენს მეგობრებს მოვუყვეო?! პირველად მაშინ მივაქციე ყურადღება, რომ ადამიანი შენგან ითხოვს უფლებას, რომ შენი ისტორია, თუნდაც ასეთი ელემენტარული, სხვასაც მოუყვეს. ალბათ, ასეც უნდა იყოს. ეს ადამიანის გაფრთხილებაა, რაც ჩვენს კულტურას აკლია.

- როდის ყოფილხართ ყველაზე სასტიკი?

- დაჭრილი ვარ ტყვიით, დანით და რით აღარ, მთელი ცხოვრება სულ ჩხუბში ვიყავი. სასტიკი მაშინ ვხვდები, როცა უსამართლობას ვხედავ, როცა ვიღაცას ჩაგრავენ. სასტიკადაც მიცემია ვიღაცები, ღმერთო, მაპატიე, თუ გამიმეტებია. მაგრამ არასდროს არავინ დამიჭრია. ყოველთვის ვცდილობდი, თუ ვინმეს დანა ან სხვა იარაღი ჰქონდა, ხელი ამეკრა, რომ მსგავსი არაფერი მომხდარიყო. იმიტომაც დამჭრეს 15 წლისა. სხვას ჭრიდნენ, შევვარდი, გამოვიყვანე და მერე ჩემზე გადმოერთნენ. აბსოლუტურად უცნობი ადამიანი გადავარჩინე, მერე გავიცანით ერთმანეთი, ერთ საავადმყოფოში მოვხვდით (იცინის). რის გამო ხოცავენ ბავშვები ერთმანეთს, მხარი როგორ გამკარიო - ამ მიზეზით შეუძლიათ დანა გაუყარონ გულში ადამიანს, იმიტომ რომ, რაღაცას არიან აყოლილები. არ ფიქრობენ, რომ სხვასაც ღუპავენ და თავსაც იღუპავენ. მერე თავში ხელების რტყმევა კი გვიანია.

განგებამ ისე მოახდინა, რომ ყველა ადამიანს, ვისთანაც ჩხუბი მომსვლია, სანამ გარდაიცვლებოდნენ, ერთი თუ სამი თვით ადრე, სადღაც შევხვედრივარ შემთხვევით და შევრიგებულვართ. ეს მამშვიდებს, არ მინდა, ვინმეს ცუდად დავშორდე.

- რომ გაიგოთ, მეგობარს მეორე ნახევარი ღალატობს, ეტყვით თუ არა სიმართლეს?

- მე მქონია ეგეთი გამოცდილება. ჩემი მეგობრის ცოლი ისე იქცეოდა, რომ რაღაცებს ვიგებდი. ძალიან მიჭირდა ამის თქმა. ბოლოს იმ ბიჭმაც გაიგო რაღაც და ის ოჯახი დაინგრა. მე არ მითქვამს, მაგრამ ჩემი საქციელით თითქოს, ვცდილობდი, მიმენიშნებინა. ძალიან რთულია ასეთ საქმეში ჩარევა. ოჯახი ინგრევა, მიზეზი შენ ხდება. ან როგორი სათქმელია, ცოლი გღალატობსო? ხშირად იმ ბიჭებთან მოგვსვლია კონფლიქტი, ვისთანაც ამ ქალს ჰქონდა ურთიერთობა. პირდაპირ ძმაკაცთან მისვლა და გულის ტკენა ძალიან რთულია. ალბათ, ვერც გაპატიებს მთელი ცხოვრება. სიტუაციაზეც ბევრია დამოკიდებული, გადაჭრით ვერ იტყვი, როგორ მოიქცევი იმ მომენტში. ჩავრეულვარ და ჩხუბიც მომსვლია ამის გამო. ერთხელ კაფეში ვიყავით, ორ კაცზე მითხრეს, ძმაკაცები არიან და ეს ქალი ერთ-ერთის ცოლიაო. ცოტა ხანში ქმარი გარეთ გავიდა და ცოლი და ქმრის ძმაკაცი ერთ ამბავში იყვნენ. მაგ დროს სიმაღლიდან ვიყავი ახალი გადმოვარდნილი და პირველად ავდექი ფეხზე. თავის სერიოზული ტრავმა მქონდა. მაგრამ ვერ მოვითმინე, ქმრის ძმაკაცი გამოვიყვანე და ვუთხარი, რას აკეთებ-მეთქი. ამასობაში ქალის ქმარი გამოვიდა და მოკლედ, ორივესთან კონფლიქტი მომივიდა (იცინის). არ ვიცი, იცოდა თუ არა, რაც ხდებოდა, მე მომიბრუნდა და მითხრა: ეგ როგორ აკადრე ჩემს ძმაკაცსა და ცოლსო და დაიწყო გაწევ-გამოწევა ორივესთან. მერე ჩემი ძმაკაცებიც გამოცვივდნენ და დამეხმარნენ, თორემ ამ ორი ძმაკაცისა და მათი საძმაკაცოს წინაშე მარტო აღმოვჩნდი და მაგრად შემომიტიეს. შეიძლება ადამიანს, შენი გაგებით, წესიერებისკენ უთითებდე და სულ სხვა ამბავში ამოყო თავი. ჩხუბი გვქონდა, მაგრამ კიდევ კარგი ცუდი არაფერი არ მოხდა. ასეთ დროს, შეიძლება შეაკვდე სისულელეს, მაგრამ მე მაინც მაქვს განცდა, რომ სწორ მხარეს ვიყავი. ჩვენ ასე გვზრდიდნენ - ოჯახში ქალს, ვინც არ უნდა იყოს, სხვა თვალით არ უნდა შეხედო. ქალი პრანჭიაა, ხშირად იპრანჭება, მაგრამ კაცს უნდა ჰქონდეს ძალა, რომ მას არ აჰყვეს და იმ დონემდე არ დავიდეს, სადამდე დაშვებაც არ შეიძლება.

- ბევრი წლის შემდეგ, როგორ წარმოგიდგენიათ სიცოცხლის დასრულება?

- მიფიქრია ამაზე. დიდი ხნის წინ მე და ჩემი ბავშვობის მეგობარს - გოგი კვერნაძეს - ბიძინა კვერნაძის შვილს, რომელიც მხატვარია, გვქონდა ამ საკითხზე საუბარი. რაღაც პერიოდით მინდოდა, ხატწერით დავკავებულიყავი, მაგრამ ამას სულიერი მდგომარეობაც შესაბამისი უნდა. ხატს ისე ვერ შექმნი, თვითონაც სიწმიდეს თუ არ ატარებ. მე და გოგიმ ვთქვით, ყველას რომ დავაბინავებთ, ყველაფერს დავალაგებთ, ბერებად წავიდეთ და ხატწერა დავიწყოთო. ღმერთმა გვისმინოს. იმედია, რაღაც ასაკიდან მოგვეცემა ბერული ცხოვრების დაწყების საშუალება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №4

27 იანვარი - 2 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა