საზოგადოება

გიორგი ახვლედიანი: მთელი ჩემი ცხოვრება ხელში წერაყინით ვანგრევ კლდეებს და ასე შევდივარ სიღრმეებში

№41

ავტორი: ქეთი კაპანაძე 23:00 14.10

გიორგი ახვლედიანი
დაკოპირებულია

იღბალი თუ შრომისმოყვარეობა, რა განსაზღვრავს გიორგი ახვლედიანის წარმატებას, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

გიორგი ახვლედიანი: რომ ვთქვა, ჩემს ბედს ვუჩივი-მეთქი, არ იქნება მართალი. არ მივეკუთვნები იმ ადამიანების რიცხვს, ვინც საკუთარ ბედზე წუწუნებს და ხან ღმერთს, ხანაც სამყაროს ადანაშაულებს, მაგრამ ბევრჯერ დამიფიქსირებია, რომ ცხოვრებაში მაინცდამაინც იღბლით და გამართლებით არაფერი მიმიღია.

რა თქმა უნდა, იღბალი და გამართლებაა, რომ ძალიან ბედნიერი ვარ ოჯახში, ძალიან კარგი მეუღლე და შვილები მყავს, ასევე, ძალიან კარგი მეგობრები და მე ისინი მეამაყებიან. მაბედნიერებენ ეს ადამიანები, მათი წყალობით, ჩემს ცხოვრებას ძალიან დიდი აზრი აქვს და კი, ეს გამართლებაცაა, მაგრამ ალბათ, გარკვეულწილად, ჩემი დამსახურებაც.

ასეა სამსახურთან დაკავშირებითაც. უკმაყოფილო არ ვარ – მთელი ჩემი ცხოვრება ისე აეწყო, რომ ჯერ კიდევ სტუდენტობიდან მოყოლებული, მუდმივად საზოგადოებრივი ხედვის არეალში ვიყავი. ამიტომ, ვერ ვიტყვი, რომ უიღბლო ადამიანი ვარ, მაგრამ რისთვისაც ცხოვრებაში მიმიღწევია, ყველაფრისთვის არაადამიანური, ზეადამიანური ძალისხმევა მჭირდება, ალბათ, ორჯერ და სამჯერ მეტი, ვიდრე ნებისმიერ სხვას. ვიცნობ ბევრ ადამიანს, ვისაც ყველაფერი ძალიან მარტივად ეძლევა: წინსვლა, წარმატება, დაფასება და ასე შემდეგ. ამ თვალსაზრისით, ძალიან ბევრჯერ დავკვირვებივარ ჩემს ცხოვრებას და არასდროს მქონია მომენტი, როცა რამე განსაკუთრებული შრომის, გონებრივი თუ ფიზიკური ძალისხმევის დახარჯვის გარეშე მიმეღო. არასდროს მყოლია მფარველები, არც ძლიერნი ამა სოფლისანი ყოფილან ჩემი ხელის შემწყობნი. მთელი ჩემი ცხოვრება ხელში წერაყინით ვანგრევ კლდეებს და ასე შევდივარ სიღმეებში (იცინის). მარტივ მაგალითს გავიხსენებ. მეოთხე კურსზე ვიყავი, ჰაგიოგრაფიას უნიკალური ადამიანი, გრივერ ფარულავა მასწავლიდა. გამოცდა მქონდა, რომელშიც 31 ბილეთი შედიოდა. იქიდან ერთი უნდა შეგვხვედროდა. 30 ბილეთი კარგად ვიცოდი, მაგრამ ერთი ბილეთის მასალა ვერ ვიშოვე და შესაბამისად, ვერ მოვახერხე სწავლა. ვფიქრობდი, 31-იდან 30 ვიცი და რაზეა ლაპარაკი, ჩავაბარებ-მეთქი. მივედი გამოცდაზე და ზუსტად ის ერთი არ შემხვდა?! ბატონ გრივერს ვუთხარი, მხოლოდ ეს არ ვიცი, დანარჩენი ყველა ნასწავლი მაქვს, თუ გინდათ 30-ივეს მოგიყვებით-მეთქი. მიდი, აბა, სხვა აიღეო, მითხრა. ერთი ავიღე, ჩავაწიკწიკე, მეორე, მესამე, მეოთხე. მხოლოდ ამ ერთის წიგნი ვერ ვიშოვე და სწავლაც ვერ მოვახერხე-მეთქი, ავუხსენი. მაშინ ბატონმა გრივერმა მითხრა, შენ ცხოვრებაში მარტივად არაფერი მოგეცემა, ყველაფრის მიღწევა ზეადამიანური შრომით მოგიწევს და ამისთვის მზად იყავი. წადი ახლა, ეს ერთიც ისწავლე და ერთი-ორ დღეში ჩამაბარეო (იცინის). მართლაც ასეა. თუ მინდა, რამეს მივაღწიო, ათჯერ მეტი უნდა გავაკეთო, ვიდრე ნებისმიერმა ჩემმა ნაცნობმა. დიდი ენერგიისა და შრომის ჩადება მჭირდება ყველაფერში. სულ ვგიჟდები ამაზე. ჩემს ცხოვრებას რომ გადახედავ, საწუწუნო ნამდვილად არაფერი მაქვს, მაგრამ ამას სულ ვაკვირდები, რა დავაშავე ასეთი, რომ ამდენი წლის განმავლობაში უცებ და თავისთავად ჩემამდე არაფერი მოსულა?! ცხრა მთას იქით უნდა წავიდე და გველეშაპი მოვკლა, რომ რაღაც დავიმსახურო (იცინის). სასწავლი თუა, იმაზე ათჯერ მეტი უნდა ვისწავლო, ვიდრე საჭიროა, რომ შედეგზე გავიდე. ოჯახშიც თუ მაქვს რამე გასაკეთებელი, ძირფესვიანად უნდა შევისწავლო საქმე, თორემ არ გამომივა. თან, თუ გინდა, რაღაც კარგად გამოგივიდეს, შენ თვითონ უნდა გააკეთოო – ეს ჩემი ცხოვრების პრინციპია, ყველაფერი თვითონ უნდა გავაკეთო. ამიტომაც ვისწავლე უამრავი ხელსაქმე, მებაღეობა, დურგლობა და ათასი რამ. პროფესიონალი ოსტატი ვარ-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ ხელსაქმის დონეზე კარგად ვიცი. მხოლოდ სანტექნიკა არ გამომდის კარგად და ამიტომ ხელსაც არ ვკიდებ. დანარჩენს, ყველაფერს მე თვითონ ვაკეთებ. ასე გამოვედი ხელმარჯვე ოსტატი (იცინის).

– ესე იგი, შრომა გიყვართ.

– ბავშვობაში ზუსტად ისეთივე ზარმაცი ვიყავი, როგორიც ყველა დანარჩენი, მაგრამ სკოლაში ხუთიანი რომ მიმეღო, ძალიან ბევრი უნდა მესწავლა. მთელი სწავლის პერიოდში მასწავლებლებისგან სულ ერთი და იგივე მესმოდა – ნიჭიერია, მაგრამ კიდევ უფრო მეტი უნდა ისწავლოსო. ვერ ვხვდებოდი, ეს რას ნიშნავდა, იმიტომ, რომ რაც გაკვეთილები მქონდა, ყველაფერს ვსწავლობდი, მაგრამ კიდევ უფრო მეტი მომეთხოვებოდა. ასე იყო ოჯახშიც. ბაბუა-ბებიების პირველი შვილიშვილი ვიყავი და ყველაზე მეტი ყოველთვის მე მომეთხოვებოდა. მე უნდა ვყოფილიყავი ყველას პატრონი, ყველაზე პასუხისმგებელი ნებისმიერ საკითხში. სახლშიც მთხოვდნენ, რომ დაწესებულზე მეტი შემძლებოდა. ალბათ, ეს ცუდი არ არის და საბოლოო ჯამში, ჩემს ცხოვრებაში კარგი მოიტანა, მაგრამ მარტივი არ იყო.

– ცუდი არა, მაგრამ ალბათ, რთული იყო და არის.

– რთულია. გარდა იმისა, რომ ბევრ შრომასა და ენერგიას მოითხოვს, ნერვებიც მიაქვს. მე არ მახსოვს, რამე პირველივე ცდაზე გამომსვლოდა. დავუშვათ, რაღაც საკითხი მაქვს მოსაგვარებელი, პრობლემა მაქვს გადასაწყვეტი და მაგალითად, მივდივარ დაწესებულებაში. არ მახსოვს, სადმე მივსულიყავი და ყველაფერი მაშინვე მომეგვარებინა. არა, იქ რაღაც უნდა გართულდეს, იქ საბუთი უნდა იყოს არქივიდან მოსაძიებელი, იქ რაღაც საპოვნელი უნდა გახდეს. არ არსებობს მსგავსის გარეშე.

– როგორც ჩანს, ძლიერი ნერვული სისტემა გაქვთ.

– ადრე მქონდა, ახლა უკვე – აღარ (იცინის). აღარც ნერვებია და აღარც მოთმინება. თუმცა, ერთი კია, ასეთი რეალობა მოდუნების საშუალებას არ მაძლევს. ამას კარგი გაგებით ვამბობ. პასიურ მდგომარეობაში ვერ გადავალ, ამ გარემოებების გამო ვერ დავპაუზდები. ამიტომ იძულებული ვარ, სულ მოძრაობაში ვიყო. ვიცი, რომ საქმეს, რომელსაც სხვა ერთ საათში გააკეთებს, მე სამი დღე უნდა ვეომო, ვაგვარო, ხან საიდან გამოხტება პრობლემა და სანერვიულო, ხან – საიდან. ეს ყველაფერი ცხოვრების წესში გადამივიდა და მუდმივად მოქმედებაში ვარ. ამიტომ დასვენებისა და მოდუნებისთვის ერთი დღეც კი არ მაქვს. მაგალითად, შაბათ-კვირას სახლში ვერასდროს ვისვენებ, ისე, როგორც ადამიანების უმეტესობა, რომ წამოვწვე და წიგნი წავიკითხო ან სრულებით არაფერი გავაკეთო – ეს გამორიცხულია. ჩემი დასვენებაც ძალიან აქტიურია. მთელი კვირა რომ ვმუშაობ, გროვდება საკითხები, რომელიც ოჯახს, ბავშვებს უკავშირდება და შაბათ-კვირას დილიდან-დაღამებამდე მის მოგვარებას ვუნდები.

– ადამიანს ხომ გააჩნია რესურსი?

– სულ მაგას მეუბნებიან. სულ მაფრთხილებენ, რომ ეს რესურსი სადღაც ამოიწურება და ერთ დღეს კომპიუტერივით ან აკუმულატორივით „დავჯდები“, მე კი იმედი მაქვს, რომ გადავიტვირთები და გავაგრძელებ (იცინის).

აბა, 50 წლის ვარ და მე ჯერ სხვანაირად არ მიცხოვრია. 14 წლიდან დავიწყე მუშაობა, თან ვსწავლობდი, თან ვმუშაობდი და მას შემდეგ ასე გრძელდება. ვისვენებ, როგორ არა, მაგრამ აქტიურად. ვისვენებ? ესე იგი, აგარაკზე უნდა დავრგო მცენარეები, მოვრწყა, გავთიბო და ასე შემდეგ, ეს არის ჩემთვის იდეალური დასვენება. რამეს მოვთხრი, დავრგავ, მთებს გადავდგამ, გადმოვდგამ (იცინის). რომ ვიცი, ჩემს წამოწოლას ან ფეხის ფეხზე გადადებას რამდენი რამის გაფუჭება შეუძლია, ვერ ვჩერდები. სულ იმაზე ვფიქრობ, რომ მერე აღარ იქნება დრო ამ კონკრეტული საქმისთვის და საქმეები კიდევ არასდროს მთავრდება. ერთადერთი, ზაფხულში თუ ვართ დასასვენებლად და წვიმს, მაშინ შემიძლია, არაფერი გავაკეთო, ან ჩემი მეგობრები თუ მოდიან და ქართულ ტრადიციულ სუფრას ვშლით, მაშინ ვისვენებ ყველაზე კარგად. სწორედ მათთან ერთად ვაკეთებ ყველაზე სრულყოფილ გადატვირთვას. ეს ჩემთვის ისეთი რესტარტია, რომელიც რამდენი თვე თავისუფლად მყოფნის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა