გიგი სისვაძის საერთაშორისო საკონსულტაცო კომპანია GSCC და საგანმანათლებლო სივრცე – უკეთესი მომავლის სამსახურში
ავტორი: „თბილისელები“ 14:02 03.03

საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია GSCC-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, იურისტი გიგი სისვაძე საკუთარ კარიერას ყოველთვის მუდმივი განვითარების პირობებში გეგმავდა, წლების წინ შექმნა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია GSCC, რომელიც იურიდიულ მხარდაჭერას უწევს მსხვილ და აღიარებულ კომპანიებს. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის, მალე გიგი სისვაძე ახალ საგანმანათლებლო სივრცეს გახსნის, სადაც ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა–სამუშაოები გაიმართება, მისი ყველა წამოწყება კი, თვითგანვითარების პარალელურად, ქვეყნის უკეთესი მომავლის შენებაში საკუთარი წილი აგურის დადებას ემსახურება.
გიგი სისვაძე: საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია GSCC ათი წლის წინ დავაფუძნე. მუშაობა, ფაქტობრივად, ნულიდან დავიწყე და დღეს არაერთ მსხვილ კომპანიას ვუწევთ საადვოკატო საკონსულტაციო მომსახურებას. იქამდე, ცხრა წლის განმავლობაში, ვიყავი სააქციო საზოგადოება „თელასის“ იურისტი და როცა მივხვდი, ისე ვეღარ ვვითარდებოდი, როგორც მსურდა, გადავწყვიტე, დამეტოვებინა სამსახური და საკუთარი კომპანია შემექმნა, სადაც შევძლებდი, შემეკრიბა გუნდი, ვისაც საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას გავუზიარებდი.
– შეძელით დასახული მიზნის განხორციელება?
– ამ პროცესს დიდი დრო და ენერგია დასჭირდა, მაგრამ მიხარია, რომ ჩვენს კომპანიაში ბევრმა დამწყებმა კადრმა აიდგა ფეხი, რომლებიც დღეს უკვე წარმატებით საქმიანობენ დამოუკიდებელ. მეამაყება ჩემი კომპანიის თითოეული წარმატება და ის დამოკიდებულება, რაც თითოეული თანამშრომლის მიმართ მაქვს. ჩემი მიდგომა თანამშრომლებთან არის პარტნიორული და არა ისეთი, როგორც ხელმძღვანელსა და მის დასაქმებულს შორის არსებობს ხოლმე.
– რა რესურსი აქვს ადვოკატს იმისთვის, რომ შეძლოს, გარემო უკეთესობისკენ შეცვალოს და როგორი პრინციპებით ხელმძღვანელობთ თითოეული საქმის აღების დროს?
– ვფიქრობ, მართლმსაჯულებაში ყველაზე მეტი რესურსი ადვოკატს აქვს, რომ სამართალს ზეიმი მიანიჭოს. ადვოკატს ნებისმიერი კარის გაღება შეუძლია სიმართლის გასამარჯვებლად. ეს პროფესია სიკეთესა და ბოროტებას შორის მუდმივი ჭიდილია და ამ ბრძოლის ველზე ფარითაც ვიბრძვით და ხმლითაც.
ჩვენ იმ შემთხვევაში ვკიდებთ საქმეს ხელს, როდესაც დავრწმუნდებით, რომ სწორ მხარეს ვდგავართ და თუ ხელს მოვკიდებთ, უკომპრომისოები ვხდებით. კარგი ადვოკატი არის ის, ვინც იცის კანონიერი გზით კანონს გვერდი როგორ აუაროს.
– რა გზა გაიარეთ წარმატებამდე?
– ნებისმიერ წარმატებამდე მისვლას ბევრი შრომა სჭირდება და ამ მხრივ, არც ჩემი შემთხვევა იყო გამონაკლისი, როდესაც ვიწყებდი, ჩემს კარიერულ გზაზე იყვნენ ადამიანები, რომლებმაც ნდობა გამომიცხადეს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერისთვის. მახსენდება, როდესაც სულ პირველად მივედი ჰუალინგში, რეკომენდაცია მქონდა და ჩემმა წარმატებულმა მუშაობამ ყველას ცხადად დაანახვა ჩემი შესაძლებლობები. ზოგადად, ვფიქრობ, ყველაზე დიდი რეკლამა ჩვენი გაკეთებული საქმეებია. დღეს გაცილებით დიდი კომპანიები გვყავს პორტფელში, რომლებსაც შესაბამის მომსახურებას ვუწევთ. ბოლო ხუთი წელია, ძირითადად, უმსხვილეს დეველოპერულ კომპანიებს ვემსახურებით. ამ ეტაპზე ჩვენთან 500 საქმეზე მეტია წარმოებაში და აქედან კორპორატიული კლიენტების რაოდენობა, დაახლოებით, 30-40 პროცენტია.
– რა სირთულის საქმეები გაქვთ პორტფელში?
– სიამაყით აღვნიშნავ, რომ პირველი პრეცედენტი ჩვენ შევქმენით მართლმსაჯულებაში, სადაც განვსაზღვრეთ საჯარო რეესტრის პასუხუსმგებლობა გაყალბებული გზით ქონების გადაფორმების შემთხვევაში და დავაკისრეთ საკმაოდ სოლიდური ზიანის ანაზღაურება. ჩვენს გაკვალულ პრაქტიკაზე, დღეს გადაწყვეტილების მიღება მოქალაქეების სასარგებლოდ ხდება.
ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც ვიპოვეთ გამოსავალი სწრაფად გვეხსნა საბანკო სექტორისგან, მევახშეებისგან კაბალური ხელშეკრულებების ქვეშ მყოფი მოვალეები, რათა არ დაეკარგათ თავიანთი ერთადერთი საცხოვრებელი და ასიდან ასივე შემთხვევაში აუქციონები სასამართლოს გვერდის ავლით უსწრაფესად შევაჩერეთ.
ბოლო პერიოდია, პირადად მე, ჩართული ვარ სამშენებლო სამართალში. თბილისში რაც დაუსრულებელი მშენებლობებია, ყველა ასეთ რთულ პორტფელებს ვხელმძღვანელობ. ვაწარმოებ მოლაპარაკებებს უმსხვილეს საინვესტიციო კომპანიებთან, უცხოელ ინვესტორებთან, პარალელურად – სახელმწიფო უწყებებთან დაზარალებული მენაშენეების დაკმაყოფილებისთვის. თითო პორტფელი, დაახლოებით, 200–300 დაზარალებულს მოიცავს. ურთულესი საქმეებია. წარმოიდგინეთ, 20 წლის განმავლობაში რომ ვერავინ შეძლო ასეთი პორტფელის დამუშავება და საინვესტიციოდ გამზადება, ამ კატეგორიის პროექტებზე ვმუშაობთ. ვიცავთ როგორც მცირე კომპანიების – სტარტაპების, ისე დიდი კომპანიების ინტერესებს. ჩვენ პრაქტიკაში არ არსებობს სამართლებრივი კატეგორიის დავა, როგორც სამოქალაქო, ადმინისტრაციული, საგადასახადო დავის კუთხით, რომელზეც არ გვიმუშავია ან რაიმე სამართლებრივი შედეგი არ მიგვიღწევია. მუდმივად ვპოულობთ ხარვეზებს კანონში და ვცდილობთ მის გამოსწორებას სასამართლო პრაქტიკით.
– განსაკუთრებული ხელშეწყობით გამოირჩევით ახალგაზრდების მიმართ
– როდესაც ვხედავთ, რომ კარგი ახალგაზრდა დაიჩაგრა, მაგალითად, ბიზნესში, გარდა იმისა რომ სამართლებრივ მხარდაჭერას ვუცხადებთ, ფინანსურადაც ვუდგავართ გვერდში. გვინდა, რომ ხელი შევუწყოთ ყველა იმ საქმეს, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, თუნდაც, მცირედით გააჯანსაღებს.
– პრაქტიკული საქმიანობის გარდა, აკადემიური მიმართულებითაც გაქვთ გამოცდილება. ამ კუთხით რამე გეგმები ხომ არ გაქვთ?
– უნივერსიტეტში ვკითხულობდი ლექციებს, რაც დროის დეფიციტის გამო შავაჩერე. ჩემი და ჩემი გუნდის საქმიანობა უკეთესი მომავლის შენებას ემსახურება. მომავალში ჩვენი ქვეყნის მართლმსაჯულება უნდა იყოს უფრო ძლიერი, დამოუკიდებელი, ამაყი და თამამი იმ გამოწვევების წინაშე, რომლებიც დღეს არის ქვეყანაში. მე ძალიან კრიტიკულად ვუყურებ საგანმანათლებლო პროცესს საქართველოში. ჩარჩოში მოქცეული განათლების სისტემა შესაძლებლობებს ართმევს ჩვენს სტუდენტებს. მე მათ ყოველთვის ვურჩევ, არასდროს იბრძოლონ ოქროს მედლებისა და წითელი დიპლომებისთვის. ვფიქრობ, განათლების სისტემის ყველაზე ფუნდამენტალური პრობლემა ისაა, რომ ცოდნა ნიშნებით ფასდება. ეს აჩენს დაუნდობლობას ერთმანეთის მიმართ, მუდმივ დაპირისპირებას და შუღლს.
ძალიან მალე პრაქტიკულ საქმიანობაში ნაკლებად ვიქნები წარმოდგენილი და უფრო დიდი დოზით გადავინაცვლებ საგანმანათლებლო სფეროში. ჩემი საბოლოო მიზანი და გეგმა ესაა.
– ამისთვის უკვე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გაქვთ გადადგმული..
– ძალიან საინტერესო კონცეფცია გვაქვს გაკეთებული საგურამოში. ვაპირებთ, შევქმნათ საგანმანათლებლო სივრცე, პარალელურად, გვექნება ჩვენი იუთუბ არხი. თებერვლის ბოლოს ეს ცენტრი უკვე იფუნქციონირებს, სადაც საშუალება გვექნება ვიმსჯელოთ არა მხოლოდ სამართლებრივ, არამედ ეროვნულ და საგანმანათლებლო საკითხებზე, მინდა, რომ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები უკავშირდებოდნენ ერთმანეთს და ასეთი ახალგაზრდების კავშირის შესაძლებლობა გავაჩინო ჩვენს სივრცეში. ჩვენი მხრივ, მაქსიმალურად ვეცდებით, მცირედი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან