გია მურღულია: ყველაზე წესიერი ადამიანი ის არის, ვისაც არ შეუძლია სამაგიეროს გადახდა
ავტორი: ეთო ხურციძე 14:00 29.06, 2021 წელი

ბლიცინტერვიუ გია მურღულიასთან 👇
სახელი: გია.
გვარი: მურღულია.
პროფესია: ფილოლოგი, პედაგოგი, მეცნიერი.
– მოგონება ბავშვობიდან...
– ბავშვობიდან მოგვყვება ამბებიც და განწყობებიც, ერთიც და მეორეც ამახსოვრდება ადამიანს. მახსოვს, როგორ მოგვიტანეს მე და ჩემს ძმას ერთნაირი, ნაქსოვი „მედვეჟონკები“. მაშინ 4-5 წლის ვიქნებოდი, ახლა კი 67-ის ვარ, მაგრამ მაშინდელი სიხარულიც მახსოვს და ის სურნელიც, რაც ახალ ნივთს ასდიოდა – ძალიან სპეციფიკური და სასიამოვნო იყო. კიდევ მახსენდება, ზაფხულობით, წყნეთში როცა ვისვენებდით ხოლმე, გლეხებს ხილი მოჰქონდათ ცხენებით ან ვირებით. აი, ამ ხილის სურნელიც დღემდე მახსოვს. ვფიქრობ, მაშინ უფრო გემრიელი იყო ხილი, რადგან მივირთმევდით სიამოვნებისთვის და არა მხოლოდ მისი სასარგებლო თვისებების გამო, როგორც ეს დღეს ხდება. შესაძლოა, ეს აზრი, უბრალოდ, ბავშვობის მოგონების სიძვირფასეა.
– მშობლების როლი...
– მათ როლს და ფუნქციას ვერავინ ვერასოდეს შეცვლის. ამ ადამიანებმა მასწავლეს, როგორ უნდა შევხედო ცხოვრებას და მოვექცე ადამიანს. ამაზე უწინარეს მასწავლეს, როგორ უნდა მოვექცე საკუთარ თავს, რომ არ შემრცხვეს. ასევე მასწავლეს სირცხვილის გრძნობაც და გამარჯვების გემოც. ასეთ ამბავს კი მხოლოდ უკიდურესი ნაძირლები ივიწყებენ.
– ბავშვობაში მინდოდა, გამოვსულიყავი...
– ერთი პირობა იურისტობა მინდოდა. მსურდა, ადვოკატი ვყოფილიყავი – რატომღაც, სულ სხვების დაცვისკენ მიმიწევდა გული. ეს დღემდე ასეა. ხან გამომდის, ხან – ვერა, მაგრამ ადამიანს რომ დავეხმარო, ამის სურვილი ყოველთვის მაქვს.
– ჩემი პროფესია განაპირობა...
– წიგნებმა და მამუკა ოჩიგავამ. წიგნები ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ დაფიქრებაზე უკეთესი ამქვეყნად არაფერია და რომ ფიქრი ადამიანს მიიყვანს უკეთეს შეგრძნებებამდე და ცხოვრებამდე. წიგნი არის გზა ყოველდღე გახდე უფრო მეტი, ვიდრე იყავი წინა დღით. მამუკა ოჩიგავა ჩემი ქართულის მასწავლებელი იყო, რომელმაც ლიტერატურაც კარგად იცოდა და მისი ახსნაც, ასევე, ლიტერატურით „დამუხტვაც“ ეხერხებოდა და, უბრალოდ, კარგი ადამიანი იყო. მას რომ ვუყურებდი, მინდოდა, დავმსგავსებოდი და მაშინ გამიჩნდა სურვილი, ფილოლოგი ვყოფილიყავი.
– პირველი წარმატება...
– სხვადასხვა დროს სხვადასხვა რამ იყო პირველი. სკოლაში ძალიან მომწონდა, როცა რაღაცას ვიტყოდი და კლასი ამას უცნაური ინტერესით აღიქვამდა. მზერით ამბობდნენ ხოლმე: „ეს ისაა, ვისაც ჩვენ ვიცნობთ?“ რამდენჯერმე რომ დავიჭირე ეს მზერა, მომეწონა. კლასი კონკურენტული გარემოა, სადაც ყველა ცდილობს თავის დამკვიდრებას. მაშინ ვიფიქრე, თუკი ასე ადვილია თავის დამკვიდრება სიტყვით, რაღატომ უნდა ეძებო სხვა გზები? სტუდენტობის დროს რევაზ სირაძე გახლდათ ჩემი დიდი მასწავლებელი. მისი შექება ჩემთვის დიდ წარმატებას ნიშნავდა, რადგან ფიქრის მასწავლებელი იყო და თუ ჩემი აზრი მოეწონებოდა, ამაზე დიდი სიხარული აღარ მქონდა. მერე იცვლებოდა გარემოებები... როდესაც პირველად დაბეჭდეს ჩემი ფოტო გაზეთში და მიაწერეს: ეს კარგი მასწავლებელია, ძალიან გამიხარდა – 25-26 წლის ვიქნებოდი. ახლა რომ ვუყურებ, არაფერი „კარგი მასწავლებელი“ არ ვიყავი, უფრო საკუთარი თავის წარმოჩენით ვიყავი დაკავებული, ვიდრე იმაზე ფიქრით, რომ ბავშებისთვის კარგად მესწავლებინა. ამ გადმოსახედიდან ძალიან მკაცრი ვარ მაშინდელი გია მურღულიას მიმართ, თუმცა ყველაფერი ფარდობითია. ცხადია, მაშინაც ვცდილობდი, ბავშვებისთვის ყოველი დღე ფიქრისა და შემეცნების დრო ყოფილიყო.
– ადამიანში ვაფასებ...
– ღირსების შეგრძნებას. ღირსება არის ის, როცა ადამიანი არ მიდის ღმერთის წინააღმდეგ, ანუ სიმართლის საპირისპიროდ. კიდევ ვაფასებ პასუხისმგებლობის გრძნობას. არ მიყვარს უპასუხისმგებლო ადამიანები, არაფერს ვერჩი, მაგრამ არ მიყვარს. კიდევ დავამატებ ორ რამეს: განათლებასა და გემოვნებას. თუ ეს ყველაფერი ადამიანს აქვს, მისი საქმე წასული არ არის.
– წარმატებული ადამიანი არის...
– სიტყვა „წარმატება“ მაინცდამაინც არ მიყვარს. რა შინაარსსაც გამოხატავს, ის მიყვარს, რა თქმა უნდა, მაგრამ როგორც გამოხატავს, ეს არ მომწონს. წარმატება ნიშნავს, როცა რაღაცას წაამატებ შენს წინარე მდგომარეობას. ამ „წაამატებს“ ხშირად ისე განმარტავენ, რომ მთავარია, წაამატო და მეტი არაფერი. რა გზით წაამატებ, ამაზე ნაკლებად ლაპარაკობენ. „თვითრეალიზება“ კარგი სიტყვაა, მაგრამ ხანდახან შემდეგი ელფერი დაჰკრავს: მთავარია, მე მივაღწიო წარმატებას და შენ საერთოდ არ მახსოვხარ. არ არსებობს წარმატება სხვა ადამიანის გარეშე. ადამიანი არის სოციალური არსება და უადამიანო წარმატება ბითური განცდაა.
– ვამაყობ...
– ჩემი ოჯახით, შვილებით, შვილიშვილებით, მეგობრებით და სულ ბოლოს, ჩემი ფიქრით.
– მწამს...
– ღმერთის. ძალიან ზუსტად ვიცი, რომ ის არსებობს. ასევე ზუსტად ვიცი, რომ როცა დავიბადე, მომეცა შესაძლებლობა, მას დავმსგავსებოდი. ეს, სამწუხაროდ, ხშირად იქცევა ხოლმე არარეალიზებულ აუცილებლობად. ამ შესაძლებლობას ღმერთი ყოველთვის ყველას აძლევს და მე ვცდილობ, ის გამოვიყენო, როგორც შემიძლია.
– ღმერთის ჩემეული აღქმა...
– ის გაცილებით მეტად გვგავს ჩვენ, ვიდრე წარმოგვიდგენია.
– ვრისკავ...
– სიტყვა რისკს ყოველთვის ვუმატებ ხოლმე – ლოგიკურს ან გონივრულს. უაზრო რისკი არ მიყვარს, ვფიქრობ, სისულელეა. „იქნებ გამიმართლოს“ მსგავს ნაბიჯს არასოდეს გადავდგამ. ხანდახან რისკის გაწევა აუცილებელია, ოღონდ 51 პროცენტი თუ არა – 30 მაინც უნდა გქონდეს.
– მაკვირვებს...
– აღარაფერი აღარ მაკვირვებს – საკმარისად ვიცხოვრე ამქვეყანაზე. ვარ მშვიდი, მივყვები ამ ცხოვრებას და ვცდილობ, შევასრულო ჩემი გეგმები, რომლებიც ძალიან მომწონს.
– წლებთან ერთად გადავაფასე...
– წლებთან ერთად გადაფასება ხდება: ადამიანების, ტექსტების, საკუთარი ოცნებების... ცხოვრება არის ცვლილებები. მთავარია ის, რომ ცვლილებათა მართვა შევძლოთ. სკოლაში ერთ-ერთი არსებითი რამ, რაც ბავშვებს უნდა ვასწავლოთ ცვლილებათა მართვაა.
– ბედისწერა...
– „ვეფხისტყაოსანში“ რუსთველი ბედისწერას „განგებით“ ანაცვლებს. ანტიკურ ეპოქაში, ოიდიპოსის სამყაროში, ბედისწერა ძალიან პოპულარულია და მასზე შესანიშნავი ტექსტები არსებობს. კიდევ მახსენდება ერთი ძველი აღმოსავლური იგავი: ბაზარში დიდვაჭარმა გააგზავნა თავისი მონა. მონამ უცებ იგრძნო მზერა, მიიხედა და დაინახა ლამაზი ქალი. მიხვდა, რომ ეს უბრალოდ ქალი კი არა, თავად სიკვდილი იყო. შეეშინდა, გაიქცა თავის ბატონთან და უთხრა: ბატონო, ბაზარში სიკვდილი შემხვდა, ნამდვილად ჩემ წასაყვანად არის მოსული, ამდენი წელი გემსახურეთ, მომეცით თქვენი ცხენი და გავიქცევი აქედან ბაღდადშიო. მისცა ბატონმა ცხენი და ისიც გაიქცა. ვაჭარი დაინტერესდა, ვინ ნახა ასეთიო და წავიდა ბაზარში. დაინახა ლამაზი ქალი და მაშინვე იცნო. მივიდა მასთან და ჰკითხა: შენ სიკვდილი ხარ? კიო, – უპასუხა ქალმა. ეს ჩემი მონა ასე რატომ შეაშინეო, კვლავ ჰკითხა ვაჭარმა. ქალმა უთხრა: არ შემიშინებია. დღეს შენი მონა ბაღდადში უნდა მოვკლა და გამიკვირდა. ამ დილაადრიან აქ რას აკეთებდაო. ქართული ანდაზა გვაქვს: სადაც არის ბედი შენი, იქ მიგიყვანს ფეხი შენი. თუმცა ქრისტიანობა ამას არ აღიარებს და სამებაზე მაღლა ვერც ერთ იდეას ვერ აყენებს. მე, როგორც ქრისტიანს, ბედისწერის ნაკლებად მჯერა, მაგრამ განგების ანუ ღვთის ნების – კი.
– სიყვარული...
– ერთმა დიდმა მწერალმა თქვა: სიყვარული არის იცხოვრო იმის ცხოვრებით, ვინც გიყვარს. ამ გრძნობაზე უკეთესი რამ არ წამიკითხავს, რაც პავლე მოციქულმა დაწერა: „სიყვარული არა ეძიებნ თავისასა“. სიყვარული აბსოლუტურად გამორიცხავს ეგოიზმს და ამით ის არის უპირველესი რამ, როგორც წუთისოფელში, ასევე ზესთასოფელში. ის არის ეგოიზმის, ანუ სარგებლის შეგრძნების, დაძლევის სურვილი, ამიტომაცაა რთული და მარტივიც. მის განმარტებებზე ბევრი დრო არ უნდა დაკარგოს ადამიანმა, მთავარია, იგრძნოს.
– მეშინია...
– იმის, რაც ახლა სიმართლედ მიმაჩნია, ტყუილი არ აღმოჩნდეს. სტრატეგიული შიში ესაა. ისე პატარ-პატარა შიშები ყოველთვის ახლავს ჩვენს ცხოვრებას.
– შემშურებია...
– სულხან-საბა განმარტავს შურს: „შური წუხილი სხვისა სიკეთესა ზედა“. შენ როცა ცუდად გრძნობ თავს, სხვა რომ კარგად არის, ასეთი შური არ მქონია, არ ვიცი, ეს წატრაბახებაა, თუ რა, მაგრამ გულწრფელად ვამბობ, მსგავსი რამ არ განმიცდია. „თეთრ შურს“ რომ უწოდებენ, ასეთი – კი. ეს ის შემთხვევაა, როცა შენც გინდა იყო ისეთი ან გქონდეს მის მსგავსად. რაღაც რომ გქონდეს, უნდა განვითარდე. ჩემს ბავშვებს ხშირად ვუმეორებ ბობ დილანის ფრაზას: „ის, ვინც ყოველდღე არ იბადება მთელი ცხოვრება კვდება“.
– სამაგიეროს გადახდა...
– მიცდია და გადამიხდია კიდეც. ჩემდა სამწუხაროდ, ამას დიდი სიამოვნებაც მოუგვრია, თუმცა, ეს სამაგიერო სიტყვებს არ გასცდენია. არ ვიწონებ თავს ამ საქციელით და ახლა რომ მსგავს სიტუაციაში ვიყო, არ გავიმეორებდი იმავეს, რადგან მახსოვს იმ ადამიანის სახე ჩემი სიტყვების საჯაროდ წარმოთქმის დროს. მე ახლა უკან მიმაქვს ის სიტყვები. ერთი გამოთქმაა: „ყველაზე წესიერი ადამიანი ის შეიძლება იყოს, ვისაც არ შეუძლია სამაგიეროს გადახდა“, მაგრამ ამ აზრს ბოლომდე არ ვიზიარებ.
– ბოდიშის მოხდა...
– მიჭირს, მაგრამ მომიხდია. ბოდიშის მოხდა აღიქმება ხოლმე თვითდამცრობად და ადამიანებს ეს ძალიან არ უყვართ, თუმცა როცა შეგიძლია, სიმართლეს თვალი გაუსწორო და აღიარო საკუთარი შეცდომა, ეს ღირსეული ადამიანის თვისებად მიმაჩნია.
– ვიტყუები, როცა...
– არასოდეს ვიტყუები, რადგან ვინც იტყუება, მან მომავლისთვის ბევრი რამ უნდა დაიმახსოვროს, რომ ყოველთვის დაემთხვეს მისი ნათქვამი ერთმანეთს. ეს მაგრად მეზარება და მირჩევნია, ყოველთვის სიმართლე ვთქვა (იცინის).
– ვნანობ...
– ძალიან ვნანობ, რომ დედას და მამას ცხოვრებაში უფრო მეტად არ ვაგრძნობინე, როგორ მიყვარდნენ. კიდევ ვნანობ იმას, რომ დაწყებული მაქვს რამდენიმე საქმე, რომელთა დასრულებაც ჯერჯერობით ვერ მოვახერხე.
– ვაგროვებ...
– ანეკდოტებს ვაგროვებდი ბავშვობიდან და 30 000-მდე მოგროვდა. მერე წავიკითხე, რომ ვიღაც იტალიელს 50 000 შეუგროვებია და ენთუზიაზმი დამეკარგა. ახლა ანეკდოტთა მთელი პორტალებია ინტერნეტში, თუმცა ძალიან ბევრ მათგანზე არ მეცინება. ანეკდოტი ლაკონური ლიტერატურაა.
– თავისუფლება არის...
– არა მიზანი, არამედ შესაძლებლობა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ქართველებმა ძალიან დიდი შეცდომა დავუშვით, როცა გვეგონა, თავისუფლების მოპოვებასთან ერთად ყველა პრობლემა მოგვიგვარდებოდა. თავისუფლება დიდი პასუხისმგებლობაა. ის არის შესაძლებლობა, რომ პიროვნებამ, საზოგადოებამ და ქვეყანამ კარგად იცხოვრონ. ადამიანის უმაღლესი მიზანი ბედნიერებაა, რომელიც თავისუფლების გარეშე ვერ განხორციელდება. თავისუფლება იარაღია შენს ხელში ბედნიერების მისაღწევად.
– მოვლენა, რომელმაც შემცვალა...
– წლების წინ, როცა ცოტა ზარმაცი ვიყავი, ჩემმა შვილმა მითხრა: „მამა, მშია“, ჩვენ კი არაფერი გვქონდა. მაშინ მივეცი საკუთარ თავს სიტყვა, რომ არასდროს ასეთი კითხვა აღარ დაიბადებოდა ჩემს სახლში. მის მერე ვცდილობ, რომ უზრუნველვყო ჩემი ოჯახის ნორმალური ცხოვრება. ხან მეტად ვახერხებ ამას, ხან – შედარებით ნაკლებად, მაგრამ კრიტიკულ ზღვარს იმ დღის შემდეგ არასდროს ჩამოვცდენილვარ.
– რჩევა, რომელიც სულ მახსოვს...
– ეს რჩევა მომცეს გალებმა. მათ ასეთი ანდაზა აქვთ: „სანამ ცოცხალი ხარ, არ გაბედო სიკვდილი.“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან