საზოგადოება

გელა ბარკალაია: მე ვარ ერთადერთი ადამიანი, ვისაც არასდროს ერთი თეთრი არ გადაუხდია არც შავებისთვის და არც ამათთვის

№42

ავტორი: ეკატერინე პატარაია 19:00 25.10

გელა ბარკალაია
დაკოპირებულია

გელა ბარკალაია... ციხე... ციხე... ზონა... სოციალური ქსელიდან, ალბათ, ყველასთვის კარგად ნაცნობია ეს სიტყვები, რომლებიც 60 წლის ბიზნესმენმა, „მათე მოტორსის“ დამფუძნებელმა ხვიჩა კვარაცხელიასთვის ნაჩუქარ ნარდის დაფაზე დააწერა, თუმცა ძვირფასი საჩუქარი ადრესატამადე ჯერ არ მისულა. ბიზნესმენი მოლოდინის რეჟიმშია, როდის ესტუმრება მას ცნობილი ფეხბურთელი და საზეიმოდ გადასცემს ხელნაკეთ ნარდს. ხანდახან ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი უფრო ამ ფრაზით გახდა ძალიან პოპულარული, ვიდრე თავისი ავტობიზნესით, თავისი ცხოვრების იმ ისტორიით, რომელიც იაგო ხვიჩიას გადაცემა „საქართველოს დაბადებაში“ მოყვა. გელა ბარკალაიას სახელი საქართველოში დღეს ბავშვმაც იცის და მოხუცმაც და მას, მე კი დანამდვილებით გეტყვით, რომ მართლაც ძალზე უჩვეულო და სიანტერესო ბიზნესცხოვრების ისტორია აქვს.

საბჭოთა მანქანებისა და საბჭოთა ხალხის უპირატესობები

ადრე ასეთი სისტემა იყო: ტოლიატში მზადდებოდა 5-6 მარკის ავტომობილები – „ჟიგული“, „ვოლგა“, „მოსკვიჩი“, „ზაპოროჟეცი“... ამ მანქანების ძირითთდი ქარხანა, რუსეთში იყო. ყველა რესპუბლიკას თავისი ბაზა ჰქონდა. ათი ავტომობილი თუ გაკეთდებოდა, რეგიონებზე ნაწილდებოდა. თბილისშიც იყო ერთი დიდი საწყობი. იქედან გამოდიოდა ავტომობილები და მრავალშვილიან ოჯახებზე ანაწილებდნენ, ყიდდნენ. ახალი ავტომობილი ღირდა 10 000, 12 000 მანეთი და მარტივად შეგეძლო ყიდვა. უბრალოდ, ერთი მომენტი იყო – „ვოლგას“ ყველას არ უფორმებდნენ. უნდა ყოფილიყავი მეჩაიე, სოციალისტური შრომის გმირი ან სახელმწიფოს ჰყავდა ეს მანქანები. საქართველოში იმ დროს ყველაზე კარგი ავტომობილი „06“ და „ვოლგა“ იყო, მაგრამ „ვოლგას“ ყველას არ აძლევდნენ. საშუალო ფენის დაბლა ვინც იყვნენ, ვერც ყიდულობდნენ. „06“ სხვა მანქანებს „გაბარიტებით“ სჯობდა, თორემ რაღაც სასწაული მანქანა კი არ იყო. ჩვეულებრივი მანქანა იყო და რადგან ასეთი მანქანით სახელმწიფო პირები დადიოდნენ, პრესტიჟულ ავტომობილად მიიჩნეოდნენ. ფასიც მეტი იყო და კომფორტიც მეტი ჰქონდა. წარმოიდგინეთ ახლა – „ვოლგით“ დადის რაიკომის მდივანი და კონდენციონერი არ აქვს. არცერთ მანქანას მაშინ კონდენციონერი არ ჰქონდა. სენაკიდან თბილისამდე სანამ ჩავიდოდი, გზაში შვიჯდერ მიჩერდებოდა. ამიტომ, თბილისში თუ რამე ისეთი საქმე მქონდა, ერთი დღით ადრე მივდიოდი. იყო კიდე „ნივა“. მამაჩემს ყოველთვის ჰყავდა ოჯახში „ნივა“, მეც ყოველთვის მყავდა და ახლაც, 60 წლის ვარ და მყავს თეთრი ფერის, სულ ახალი, ერთი კილომეტრიც არ აქვს გავლილი. გავაგრძელე ეს ტრადიცია. უცხოეთიდან სტუმარი რომ ჩამოდის, პირველ რიგში მიმყავს და „ნივას“ ვაჩვენებ. მაშინ „ნივა“ პირველი ავტომობილი იყო. თბილისიდან სენაკში ზამთარში ვერ ჩახვიდოდი, ისეთი გზები იყო და „ნივა“ თუ გყავდა, კაცი იყავი, ყველგან თამადა იყავი, ერთი სიტყვით, საჭირო კაცი იყავი. პრესტიჟულ მანქანად ითვლებოდა. „ვილისი“ უფრო სოფლებში და რაიონებში ჰყავდათ. ისიც ძალიან გამოსადექი მანქანა იყო, მაგრამ კომფორტი არ ჰქონდა, მაგალითად, „ფეჩს“ ვერ ჩართავდი, უკვე არაკომფორტული იყო, შუშა შენს გემოზე არ აიწევ-დაიწეოდა...

პრესტიჟული ბიზნესი და ბადრი პატარკაციშვილი

18 წლის ვიყავი, ამ საქმეს რომ მოვკიდე ხელი. მე, პატარა ბიჭმა, სენაკში ავტომობილების საკომისიო მაღაზია გავაკეთე. ეს მაშინ არ იყო მარტივი საქმე. ბადრი პატარკაციშვილი თავდაპირველად ავტომობილების ბიზნესში იყო. ძალიან დიდი საწყობი ჰქონდა. კარგი ბიზნესმენი და ადამიანი იყო. „ტოლიატში“ მუშაოდა, მოწილე იყო, რუსთავშიც ბაზა ჰქონდა და თითქმის ყველა პატივს სცემდა და თვითონაც, ქართველს რომ დაინახავდა, ყველას პატივს სცემდა. ჩემი ხელის შეწყობა რა იყო: ჩამოვიდოდი სენაკიდან. აეროპორტის გზაზე ორ ან სამ ავტომობილს ვიყიდდი, ჩავიყვანდი სენაკში, გავრეცხავდი და დავაყენებდი მაღაზიაში. თვეში შვიდი, რვა მანქანა იყიდებოდა. ტოლიატიდან, რაც დასარიგებელი ავტომობილები იყო, იმაზე მეტიც შემოჰყავდათ. ეს საკითხიც ლამაზად დავალაგე მათთან... რამდენჯერაც ჩამოვიდოდი, ყოველთვის მაძლევდნენ მანქანას. თუ ღირდა ცხრა, ათი ათასი მანეთი, ხუთასი მანეთი იყო გადასახდელი იმ მომენტში და წამოიყვანდი. ვიღაც რომ მისულიყო, არ მისცემდნენ, მაგრამ რადგან ამაზე მუშაობდი, აწყობილი გქონდა ბიზნესი – გაძლევდნენ. ასე რომ, საიდანაც სულ პირველად ჩამოდიოდა მანქანები, ეს იყო რუსეთი და ტყუილად არავინ თქვას უცხოეთიდან ჩამომყავდაო. ვიღაც გერმანიიდან თუ ჩამოიყვანდა „მერსედესს“, ეს იყო სასწაული. არც მახსოვს იმ დროს ეგეთი შემთხვევა. ერთ-ერთი უშუალო მომწოდებელი, საუკეთესო და დიდი ქარხანა „ტოლიატი“ იყო. დაახლოებით, მთელი საქართველო რომ ავიღოთ, მაგ მასშტაბის ადგილი მარტო „ვაზს“ ეკავა. რომ გავიზარდე, მასშტაბებზე რომ გავედი, თვითონ მივდიოდი; ხელშეკრულებებს ვდებდით, „08“, „09“ ხომ გახსოვთ? საქართველოში პირველი „08“ მე ჩამოვიყავნე გასაყიდად. მაგარი ნომერი ჰქონდა. ნომრები ჩემი ავადმყოფობაა და მაშინ პირველი ნომერი „08 08“ ავიღე. ჩავიყვანე სენაკში და ეს ნომერი გავუკეთე. გაუგია ქუთაისის შოკოლადის ქარხნის დირექტორს ბადრია ჭიპას – იყო ერთი ასეთი ფულიანი კაცი ქუთაისში. სენაკში ჩამომაკითხა. ეს ავტომობილი ხომ დაჯდა ათი ათასი. ჩამაცივდა, გინდა თუ არა; მომყიდეო. ვუთხარი: ეს ავტომობილი არ იყიდება-მეთქი. ამოიღი 15 000 მანეთი და მაგიდაზე დამიდო. შენ კიდევ იშოვი და ეს უნდა წავიყვანოო. რა უნდა მექნა? გასაღები გადავეცი... 5 000 მანეთი სასწაული ფული იყო მაშინ.

დაწერილი და დაუწერელი კანონი ბიზნესისათვის

ცხოვრებაში არსებობს ორი კანონი: ერთი კანონი არის დაწერილი, მეორე – დაუწერელი. დაწერილ კანონს ასე ვუწოდებ: „მიდი, მოაგვარე, დაელაპარაკე“... ზუსტად იმ დროს უნდა მიხვიდე და ზუსტად ის უნდა გინდოდეს, რაც იქ, იმ მომენტში სჭირდება შენს საქმეს. ამას ყველაფერს ძალიან დიდი ჭკუა და გათვლები უნდა... მე, პირადად გელა ბარკალაიას, პატრონი (რომ იძახიან ხოლმე ამის ზურგით, იმის ზურგით გაიქაჩაო) არასდროს მყოლია, ანუ ზურგი არასდროს მყოლია. ჩემით ვაკეთებდი ყველაფერს. სენაკი პატარა რაიონია. იმდენად მაგარი ბიჭები იყვნენ, გესიამოვნებოდა (მეცეხეებს უწოდებდნენ) სინდის-ნამუსი იყო, ღირსება, ძმაკაცობა, ურთიერთობა, ერთმანეთის პატივისცემა. სიტყვას ძალიან დიდი ფასი ჰქონდა. ტოლიატში რომ ჩავედი, ორი თუ სამი ავტომობილის ფული მქონდა და ხელშეკრულების დადება მინდოდა. პატარკაციშვილს იმდენად კარგი და დიდი სახელი ჰქონდა, ყველა თავს მევლებოდა. როგორც კი ჩავედი და ვიღაცების მოძებნა დავიწყე, ეგრევე გამომკითხეს, ქართველი ხარ? საქართველოდან ხარ? მეგრელი ხარ?... კი, სენაკიდან ვარ-მეთქი. „ტოლიატი“ მეგრელებისააო, მითხრეს. ათასამდე მეგრელი მუშაობდა; თანაც, მუშად კი არა, ყველა თანამდებობაზე. „ტოლიატში“ რა უნდა გეთქვა, რომ ბადრის პატივისცემით არ უნდა მოეგვარებინათ. როგორც კი საწყობში მივედი, დაველაპარაკე და ოთხი ავტომობილი გამომატანეს. ორის ფულს რომ აძლევ და ორს ისე გატანენ, ოთხ მანქანას რომ გაძლევენ, წარმოიდგინეთ, ეს რას ნიშნავდა. ასეთი დრო იყო. არც უნდოდა ხელშეკრულება. საბჭოთა კავშირი იყო. ყველა ყველას იცნობდა. მე რომც არ მიმეტანა ფული, იცოდნენ, ვინ ვიყავი, გადმორეკავდნენ, ეტყოდნენ და.... ვინ გაპატიებდა მაშინაც და დღესაც. უბრალოდ, სინდისი და ნამუსი იყო. შენ შენი სინდისი არ მოგცემდა უფლებას, რომ ფული არ ჩაგეტანა. იგივე ხდებოდა თბილისშიც. ნდობა იყო და ამ ნდობით უნდა გაგეკეთებინა ბიზნესი, თორემ, სად იყო ამდენი ფული, ასე დაწყობილი ვის ჰქონდა ან ვინ მოგცემდა ამდენი მანქანის საყიდელ ფულს. ასე რომ, პირველი ავტომობილების მაღაზია მე მქონდა, ახალგაზრდა ბიჭს. ეს კოოპერატივამდე იყო. ფოთშიც მქონდა ბორბლების მაღაზია, თბილისში, ქუთაისში იყო ჩეკების მაღაზია. ოცი წლის ბიჭმა სამივესთან გავაფორმე ხელშეკრულება. რა აღარ მქონდა მაღაზიაში – ტანსაცმელიც, ფეხსაცმელიც, ნებისმიერი რამე, რაც იყიდებოდა, ოფიციალურად ჩამქონდა სენაკში. ასევე, მქონდა პატარა სალონი ავტომობილების, სადაც სულ ორი- სამი მანქანა იდდგა. ჩემი ძირიათადი მყიდველი იყო ვანი, ქუთაისი, ზესტაფონი. როგორც აქ, მაშინ იქაც ჩემი ჭკუით გავაკეთე ეს მაღაზიები და გაამართლა.

რუსეთის ჩაკეტილი გზა საქართველოს ავტობიზნესისთვის და ახალი გზა ევროპისკენ

გამსახურდიას დროს უკვე დაიწყო რუსეთთან პრობლემები. გამსახურდიამ რომ თქვა, რუსეთს უნდა გამოვეყოთო, მაშინ 99 პროცენტით შეწყდა რუსეთიდან ავტომობილების შემოყვანა. ვიღაცები ახერხებდნენ აზერბაიჯანში შემოყვანას, აზერბაიჯანიდან – საქართველოში და წვალობდნენ, მაგრამ ის, რომ მასიურად შემოეყვანათ, ვერავინ ახერხებდა. ეს კავშირებიც, რაც მანამდე არსებობდა, სულ დაიშალა. თვითონ ტოლიატში მანქანების წარმოება ასი პროცენტით დაინგრა. ყველაფერი გაჩერდა. ეს ხდება იქ, ბრეჟნევის პერიოდში. რუსეთში მაშინ ხალხი უმუშევარი დარჩა. „მხედრიონის“ დროს მთლიანად შეჩერდა ავტომობილების შემოყვანა, მერე უკვე, ნელ-ნელა, ძალიან დიდი დრო, შრომა, ენერგია დასჭირდა, რომ რაღაც წამოსულიყო. მერე აქეთ, ევროპისკენ რომ გაიხსნა გზა, დიდმა და პატარამ ამაზე დაიწყო მუშაობა, გერმანიაში წასვლა და ჩამოყვანა. იაპონელები ჩამოვიდნენ, მათაც თავიანთი ავტომობილები გამოაჩინეს და იაპონური ატომობილი ბაზარზე უფრო კარგი გამოდგა, ფასიც მისაღები იყო. გეტყვით, მე როგორ დავიწყე მაგ დროისთვის. რომ ვნახე, ავტომობილები ნელ-ნელა შემოდის, პირველი ევროპული ავტომობილი, რაც ვიყიდე, „მერსედესი 124“ იყო; თეთრი ფერის. ერთ დღესაც ჩავდივარ ბაქოში. იქ მყავდა ერთი ნაცნობი, რომელსაც ბაქოში გაუკეთებია „ტოიოტას“ მაღაზია. გამოვიკითხე, როგორ ხდება ახლა შემოყვანები, რა ხდება, აქეთ-იქით... ამ ჩემმა ნაცნობმა იცოდა, რომ მთელი ჩემი ცხოვრება საბჭოთა ავტომობილებს უკავშირდებოდა და შემომთავაზა: ისევ ამ საქმეს ხომ არ გააგრძელებდი, ახლა, უფრო სხვა დონეზეა ეს ყველაფერი და დუბაის განუბაჟებელ ზონაში ვყიდულობთო. დუბაისა და ომანს შორის არის ეს განუბაჟებელი ზონა, მსოფლიოში საუკეთესო ავტოზონაა და, აი, იქიდან დავიწყე მუშაობა. ბევრმა არ იცის რა არის ეს განუბაჟებელი ზონა, რა ავტომობილები იყიდება იქ. გეტყვით. მაგალითად, ვიღაცას მისცეს რაღაც ბრენდის დილერობა. პირდაპირ უკვეთავ. მოგცემენ ვიღაც პიროვნების საკონტაქტოს, გეტყვიან დაუკავშირდი ამ პიროვნებას, უთხარი, რა ავტომობილები გინდა და რასაც შეუკვეთავ, იმას გამოგიგზავნიან სწრაფად, მოკლე ვადებში. სხვა შემთხვევაში კი, უნდა ელოდო, როდის შეუკვეთავ, როდის გამოგიგზავნიან, მთელი ამბავია. ეს პირადად ჩემთვის, როგორც დილერისთვის, მიუღებელი იყო. ვერ დაველოდებოდი თვეში სამი, ხუთი და ათი ავტომობილის გაყიდვას. განუბაჟებელი ზონის სტატუსი ათჯერ და ასჯერ უფრო დიდია, ვიდრე დილერის. დილერი არავინ არაა. ეს რომ მდომებოდა, ოცდაათი სხვადსხვა ბრენდის დილერი ვიქნებოდი საქართველოში. ორშაბათს რომ გადავრეკო, სამშაბათს რამდენი ავტომობილიც მინდა, იმდენი მეყოლება. მოკლედ, თავიდან იმ დონეზე ავაწყვე ეს სისტემა, ამ განუბაჟებელი ზონის ერთ-ერთი საუკეთსო კლიენტი ვიყავი და დღეს, რასაც ხედავთ, ამ სახელმწიფო მანქანებს, „პიკაპებს“, 80 პროცენტი ჩემი გადაცემულია. მართალია, ექვსი, შვიდი წელია, აღარ ვთანამშრომლობთ, მთავრობა ჩემგან მანქანას აღარ ყიდულობს, მაგრამ დღემდე, რასაც ხედავთ, ყველგან ჩემი „პიკაპებია“.

„ობეხე“ და შავი სამყარო ბიზნესში

ნახევარი მსოფლიო დღესაც ამ დაუწერელი კანონით იმართება, აი, რაზედაც წეღან ვსაუბრობდით. ეს არის შავი სამყარო. ალბათ, გახსოვთ, 90-იანებში, გინდა, არ გინდა, ამ შავი სამყაროსთვის წილი უნდა გადაგეხადა და კაციშვილი ვერ გაბედავდა მოკარებას. მეორე იყო – „ობეხე“. ასეთი დრო იყო. „ობეხესაც“ თავის წილს მისცემდი და არავინ იყო მომკარებელი, მაგრამ დაიჯერებთ? შავ სამყაროსთან უფრო ადვილი იყო დალაგება, ვიდრე „ობეხესთან“. ესენი კაცურ სიტყვას გეტყოდნენ, მე ეს მინდა და მორჩა, დამთავრდა. ესენი კი... ამას უნდა, იმას უნდა, ყოველდღე გიმატებდნენ... გელა ბარკალაია არის ერთადერთი ადამიანი, ვისაც არასდროს ერთი თეთრი არ გადაუხდია არც შავებისთვის და არც ამათთვის. მე ვიხდი გადასახდელს და მორჩა. ფული გადამიხადე და „დაგკრიშავ“ – ეს ჩემთვის ყველაზე დიდი შეურაცხყოფაა, როგორც ნამდვილი ბიზნესმენისთვის. არავინ ხარ, არავინ იყავი გუშინ და უცებ, შემთხვევით რაღაც სკამზე მოხვდი, მესამე დღეს მოდიხარ და მეუბნები: შენი „კრიშა“ ვიქნები. როგორც გინდა, იმუშავე, ოღონდ მე ფული გადამიხადეო. ისე მიჩუქნია. შეიძლება, ეს საჩუქარი იმაზე სამჯერ მეტიც ყოფილიყო, მაგრამ ის, რომ მე ყოველთვიურად ფული უნდა ამოგიტანო, კაცურად გეუბნებით, ასეთი რამ არადროს ყოფილა. დღესაც რომ რაღაცები ხდება, მეკითხებიან – როგორ?.. რა?.. მე ასე დავიბადე და ასე მოვკვდები. თუ ვინმესთვის რამე პატივისცემაა საჭირო – კი, ბატონო. ჩემი თავი ენაცვალოთ. სახელმწიფოა თუ ვიღაცას სჭირდება, ბავშვები არიან, რომლებსაც „კალიასკა“ უნდათ ან სახლი არ აქვთ... მე, გელა ბარკალაიას, რა დახმარებაც გამიწევია ადამიანებისთვის, შეიძლება, მეხუთე კაცი ვიყო მსოფლიოში. უხერხულ სიტუაციაში ვარდები ხომ? ადამიანი, რომელიც მოდის და გთხოვს ფული უხადო. ვიხდი, ხომ? იქაც ვიხდი, აქაც ვიხდი, მილიონი გადასახადია, კიდევ რომ მოდიხარ და მეუბნები, ფული მომეციო, შენ რისთვის გადაგიხადო ფული?.. კომუნისტების დროს მეღვინეები ქარხანაში რომ დაინახავდნენ, ვიღაც წითელი „პაპკით“ შემოდიოდა, გარბოდნენ. ასეთი შიში იყო. ამიტომ, იხდიდნენ.

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა