საზოგადოება

განვითარების უწყვეტი პროცესები მესტიის უკეთესი მომავლისთვის

№52

ავტორი: „თბილისელები“ 15:28 05.01

კაპიტონ ჟორჟოლიანი
დაკოპირებულია

მესტია 2025–2026 წლებში განვითარების ახალ ეტაპზე გადადის – ინფრასტრუქტურული პროექტები, საერთაშორისო სპორტული ღონისძიებები, ტურიზმის გაძლიერება და სოციალური პროგრამების გაფართოება მუნიციპალიტეტის მთავარი პრიორიტეტებია. მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი ჩვენთან ინტერვიუში დეტალურად საუბრობს დაგეგმილ ინიციატივებზე, ბიუჯეტის ზრდასა და იმ ხედვაზე, რომელიც რეგიონს კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს ხდის.

– მესტიის რაიონი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული და ტურისტულად აქტიური რეგიონია, მუნიციპალიტეტის მმართველი ორგანო მუდმივად ზრუნავს მის კიდევ უფრო მეტად განვითარებაზე, შევაჯამოთ 2025 წლის მნიშვნელოვანი პროექტები.

კაპიტონ ჟორჟოლიანი: უპირველესად, მსურს ვისაუბრო ფრირაიდის მსოფლიოს ტურის შესახებ, რომლის ფარგლებშიც, 2025 წელს, უკვე ტრადიციულად, 50-ზე მეტმა საუკეთესო ფრირაიდერმა მთელი მსოფლიოდან თეთნულდის ფერდობებზე საოცარი სანახაობა შემოგვთავაზა. საქართველო, კერძოდ მესტიის მუნიციპალიტეტი და კურორტი „თეთნულდი“, 6 წამყვან, ექსკლუზიურ ქვეყანას შორის მოხვდა, რომელმაც მსოფლიო ტურის ჩატარების უფლება მოიპოვა. გახსოვთ, ალბათ, გასული სამი სეზონის განმავლობაში თეთნულდის კურორტმა წარმატებით უმასპინძლა ფრირაიდის მსოფლიო ტურის საკვალიფიკაციო შეჯიბრებებს. სწორედ ამან განაპირობა, რომ თეთნულდის მთა ახალი დანიშნულების ადგილად იქცა და ფრირაიდის მსოფლიო ტურის დაუვიწყარი ექსტრემალური დღე გვაჩუქა. ფრირაიდი სვანეთს კვლავ ესტურება და 21-22 თებერვალს მორიგ დაუვიწყარ შოუს გვპირდება.

მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც ტურიზმსა და ზამთრის სეზონის მოახლოებას უკავშირდება არის ის, რომ მესტიის მუნიციპალიტეტს კვლავ უბრუნდება „გემო-ფესტი“. ეს ღონისძიებები შესანიშნავ და გრანდიოზულ კვირეულს შექმნის როგორც ვიზიტორებისთვის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

– ახალ წელს როგორ აღნიშნავთ მესტიაში?

– მესტიის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახური აქტიურ წინასაახალწლო სამზადისშია. მიმდინარეობს ქუჩების, სკვერებისა და ფასადების მორთვა-განათება. შევიძინეთ ახალი ნაძვის ხე და ვემზადებით ახალი წლის ღონისძიებისთვის, სადაც პატარებს ტკბილეულით კვლავ გულუხვად გაუმასპინძლდება თოვლის ბაბუა. ადგილობრივ ფოლკლორულ ანსამბლებთან ერთად, მუსიკალურ პროგრამას ეყოლება მოწვეული არტისტებიც. თქვენთან ერთად მივულოცავ დამდეგ ახალ წელს მთელი საქართველოს მოსახლეობას: სამშობლოს სიყვარულის, სიკეთის, სიხარულის, ხვავისა და ბარაქის წელი ყოფილიყოს საქართველოს მოსახლეობისთვის და ემიგრანტი ქართველებისთვის!

– როგორია მომავალი წლის ბიუჯეტი და რა პროექტებზე აპირებთ მის გადანაწილებას?

– მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით, 2026 წლის დასაწყისისთვის განსაზღვრული გვაქვს 27 540 000 ლარი, მატება გვაქვს 3 000 000 ლარის ოდენობით.

აქტიურად ვმუშაობთ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ცენტრალური გზიდან ადმინისტრაციულ ერთეულებში მისასვლელი გზების მოწესრიგებაზე. უკვე ვიწყებთ რეაბილიტაციას:

1. ადიშის ადმინისტრაციულ ერთეულში მისასვლელი შიდა საავტომობილო გზის (7 კმ);

2. ნაკრას ადმინისტრაციულ ერთეულში მისასვლელი გზის (6 კმ);

3. იელის ადმინისტრაციული ერთეულში მისასვლელი გზის (10 კმ).

მიმდინარეობს მესტიის ისტორიული უბნის – ლაღამის რეაბილიტაცია. პროექტის შესრულება ეტაპებად არის დაყოფილი და მოიცავს ისტორიული უბნის ქუჩების, მაჩუბებისა და საცხოვრებელი სახლების სრულ რეაბილიტაციას, მისი ავთენტურობის შენარჩუნებით. პროექტის მეორე ეტაპი 2026 წელს დასრულდება.

დაგეგმილი გვაქვს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურისთვის სამი უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელება. მდინარე მესტიაჭალას მარჯვენა სანაპიროზე ვიწყებთ ბულვარის, ხოლო მდინარის მარცხენა სანაპიროს მიმდებარედ თანამედროვე საფეხბურთო სტადიონის მშენებლობას. ასევე, შევიძინეთ ახალი მულტიფუნქციური სპორტული დარბაზის პროექტი, გაზაფხულიდან აღნიშნული მიმართულებებით სამუშაოები აქტიურ ფაზაში გადავა. აღნიშნული პროექტების დასრულების შემდეგ, მესტიის მუნიციპალიტეტს რამდენიმე ტურისტული მიზიდულობის ცენტრი დაემატება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

მუნიციპალური განვითარების ფონდი წელსაც განაგრძობს ჩვენს მუნიციპალიტეტში ახალი ბაღებისა და სკოლების მშენებლობას, მათ შორის მიმდინარე წელს აშენდა ახალი საბავშვო ბაღი იფარში (ცენტრი), გარდა ამისა, 2026 წლიდან ვგეგმავთ 6 საბავშვო ბაღის მშენებლობას. 2026 წელს აშენდება ორი ახალი სკოლა და რეაბილიტაცია ჩაუტარდება ორ სკოლას. უკვე მივაღწიეთ მნიშვნელოვან ეტაპს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზნის განხორციელების კუთხით, რაც მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში თანამედროვე სკოლისა და საბავშვო ბაღის მოწყობასთან არის დაკავშირებული. შედეგი, რომელიც უკვე თვალნათელია განსაკუთრებით მახარებს.

მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი მთავარი ინფრასტრუქტურული მიმართულება მუნიციპალიტეტის მასშტაბით წყლისა და წყალარინების სისტემების სრული მშენებლობა-რეაბილიტაცია იქნება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი