საზოგადოება

გაგა გომართელი: იმ პოეტთა რიცხვს მივეკუთვნები, ვისაც ლექსს მეტწილად ტკივილი აწერინებს

№2

ავტორი: ქეთი მოდებაძე 11:00 17.01, 2023 წელი

გაგა გომართელი
დაკოპირებულია

„ადიოს“ - პოეტ გაგა გომართელის ლექსების მეოთხე კრებულია, რომელიც ახლახან გამოიცა. გაგამ ეს კრებული მისთვის განსაკუთრებულად ძვირფას ადამიანს, რაგბის ცნობილ ქომაგს - დავით გვაზავას ხსოვნას მიუძღვნა.

გაგა გომართელი: ეს ჩემი ლექსების მეოთხე კრებულია. 2016 წლის შემდეგ კრებული აღარ გამომიცია. არადა, ამ დროის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა - დამიგროვდა ემოციები და განცდები, რომელიც მინდოდა, მკითხველისთვის გამეზიარებინა. მიხარია, რომ ეს მოვახერხე. ამ კრებულის დაბეჭდვა კარგა ხნის წინ მინდოდა, მაგრამ ახლა გამოვიდა და ბედნიერი ვარ იმის გამო, რომ შევძელი დიდი ხნის დაგროვებული ემოციების ამოთქმა. ვაპირებ, კრებულს აუდიოვერსია - დისკის სახით დავუმატო, რადგან, მგონია, რომ ასე კიდევ უფრო პრეზენტაბელური იქნება.

- როგორც ვიცი, ეს კრებული განსაკუთრებული ადამიანის ხსოვნას ეძღვნება...

- დიახ, ასეა. ჩემი ლექსების კრებული ეძღვნება დავით გვაზავას ხსოვნას. დავით გვაზავა გახლდათ ერთი კარგი თბილისელი ადამიანი, რომლის სახელობისაც არის რაგბის „ბ ლიგის“ თასი. ის ცნობილი პიროვნება იყო, ჩემი მეგობარი, ჩემი სიძე და ჩემი ძმა.

- რატომ გადაწყვიტეთ კრებულის მისთვის მიძღვნა?

- 2012 წელს მამა გარდამეცვალა. მე, ჩემმა ბიძაშვილმა და დათომ გადმოვასვენეთ მამა... დათო აბსოლუტურად ყველაფერში გვერდით მედგა მაშინაც და მის შემდეგაც. ამას რომ თავი დავანებოთ, ის ყველაფერში განსაკუთრებული პიროვნება იყო. მართლა ძმასავით მედგა გვერდში ცხოვრებისეულ საკითხებში. მიჯაჭვულები ვიყავით ერთმანეთს. 14 წლის ვიყავი, როდესაც გავიცანი და მას შემდეგ მისაბაძი ადამიანი იყო ჩემთვის. დათომდე ჩემი ბიძაშვილი გარდაიცვალა, რომელსაც ასევე ჩემი ლექსების კრებული მივუძღვენი. შემდეგ დათო წავიდა და ძალიან დამწყვიტა გული, ძალიან... საჭიროდ ჩავთვალე, ეს კრებული მისთვის მიმეძღვნა.

ეს ლექსები, სხვადასხვა ადამიანზე სხვადასხვა განცდებსა და ემოციებს ტოვებს. ჩემთვის ძალიან დიდი ტკივილი და სიამაყე ერთდროულადაა. მიხარია, რომ ასეთი ღირსეული ადამიანი იყო ჩემთან და ვიცი, რომ ის ყოველთვის ჩემ გვერდით იქნება.

პირველი კრებული მამაჩემის ხსოვნას მივუძღვენი, მეორე ჩემი ბიძაშვილის და მეოთხე დათოს ხსოვნას. მე მივეკუთვნები იმ პოეტთა რიცხვს, ვისაც ლექსს მეტწილად ტკივილი აწერინებს. მე ასეთი ვარ, თუმცა, გაუმარჯოს მათ, ვისზეც დადებითი განცდები უფრო პროდუქტიულად მოქმედებს.

- ამ კრებულში შესულია სამი ლექსი, რომელიც დათოს ეძღვნება. მოდი, ერთ-ერთი გავუზიაროთ ჩვენს მკითხველს.

- დათოს

ქვის დერეფანი ბახის მოტივი

ჩრდილები ბანენ

მიწას დაოსილს

და დგას სიჩუმე ეშაფოტივით

სიჩუმე მწყრალი სასაფლაოსი.

საძვალეთა სპა თითქმის ულევი

კორიდორს წუწკი ქარი მიაპობს

და ვისმენ ოდნავ

წაჩურჩულებით

არ დაბრუნებულ

სულთა დიალოგს.

სიტყვებითა ვარ ახლა ღარიბი

ცრემლში დამეხრჩო

ყველა სათქმელი

და გაყინული იანვარივით

ლუსკუმით ნაფერ

მიწას ჩავცქერი.

გესაუბრები სიკეთის ებგურს

და ლამის სულში

ქარნი შეცვივდნენ.

რა სიმწარეა ბავშვივით

ცხელ გულს

ცივ მიწაში

რომ უნდა შესცივდეს?

სიცარიელე ჩუმი და ავი

მიტკლისფერია გარშემო არე,

ვერ ვურიგდები მძიმე

ფიქრს, დავით,

რომ სხვა სამყაროს გადაებარე

უსიტყვოდ ვდგავარ და

აღარ მიკვირს

როგორ გვიწესებს

ბედი თარიღებს,

რომ ასე მუქთად

გვაჭმევენ სიკვდილს

უიარაღო გარდემარინებს.

ქვის დერეფანი ბახის მოტივი

ჩრდილები ბანენ

მიწას დაოსილს

და დგას სიჩუმე ეშაფოტივით

სიჩუმე მწყრალი სასაფლაოსი.

- ალბათ, თქვენი დისთვის, ანუ მისი მეუღლისთვის, განსაკუთრებულად ემოციურია მთელი კრებული და კონკრეტულად ეს ლექსები...

- ჩემი და ძალიან დიდი გულისა და უზომოდ დიდი განცდების მქონე ადამიანია. ვატყობ, რომ განცდებს შიგნით ინახავს, არ უყვარს გრძნობების აფიშირება. თუმცა, ვიცი და ვგრძნობ, რომ ამის გამო უზომოდ ბედნიერი და ამაყია.

ჩემი და იყო ის, ვინც ბავშვობიდან ამბობდა, გაგას ლექსებს ყურადღება მიაქციეთო. ის იყო ერთადერთი, ვინც მაშინ მხარს მიჭერდა და მისი უზომოდ მადლიერი ვარ.

- რა არის თქვენი სათქმელი ამ კრებულით?

- ადამიანის ცხოვრება განცდებისგან შედგება და ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს ჩვენი განცდების და მათი გამოხატვის. სხვებიც უხვად უნდა დავასაჩუქროთ იმით, რომ მოვუყვეთ ჩვენი განცდილის, ჩვენი გრძნობების შესახებ, რომელიც ხან აგვატირებს, ხან გაგვაცინებს, ისევე, როგორც ცხოვრება.

- მამის, ბიძაშვილის, სიძის გარდაცვალება - თქვენს პირად ტრაგედიებს საყოველთაო სირთულეებიც დაემატა პანდემიისა და ომის სახით. ეს ყველაფერი როგორ აისახა თქვენს შემოქმედებაზე?

- სულ ეს კითხვა მებადებოდა - რატომ მხვდება ამდენი სირთულე ცხოვრების გზაზე?! შემდეგ მივედი იმ დასკვნამდე, რომ პოეზია და პოეტობა ეს არის ხვედრი, რომლითაც უნდა იცხოვრო. ეს შენია, ორგანულია და ყოველთვის ღირსეულად უნდა ატარო.

ჩემს შემოქმედებაში, ჩემს ლექსებში, ყოველთვის იგრძნობა ის ტკივილი, ის სირთულეები, რომელსაც მე ვგრძნობ. სხვა დროს, ცხოვრებაში შეიძლება ეს ვერც შემატყოთ, მაგრამ ლექსი არის იმ ყველაფრის ამოთქმის საშუალება, რაც მე მაწუხებს.

- რამდენად დიდი ადგილი უჭირავს პოეზიას თქვენს ცხოვრებაში?

- მე ვცხოვრობ ამით, ეს ჩემთვის ჰაერია - სუნთქვის საშუალებას მაძლევს. პოეზია მთელი ჩემი ცხოვრებაა და ცხრა ცხოვრება რომ მომცეთ, ცხრავეს ასე გავივლიდი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი