საზოგადოება

გაჩნდა თუ არა ეჭვი მიხეილ ხერგიანის სიკვდილში რუს მეწყვილეზე, რომელიც ხერგიანის მამამ შვილივით მიიღო

№42

ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 24.10, 2023 წელი

მიხეილ ხერგიანი
დაკოპირებულია

ძნელია, ისე იცხოვრო, არა მარტო შენი ერის, კაცობრიობის ისტორიაშიც სახელად დარჩე. 1969 წლის 8 აგვისტოს ნოვოსიბირსკის მთამსვლელთა კლუბ „ვერტიკალის“ წევრებმა თურქესტანის ქედზე მდებარე 4 960 მეტრი სიმაღლის მწვერვალს მისი სახელი უწოდეს; 1971 წლიდან თამაშდება მისი სახელობის პრიზი კლდეზე ცოცვაში; მას სიმღერა უძღვნა ვლადიმირ ვისოცკიმ, ხოლო პოეტმა ევგენი ევტუშენკომ – ლექსი „ხერგიანის თოკი“; 1978 წელს მზის სისტემაში აღმოჩენილ მცირე პლანეტას, ნომრით – 3 234, მისი სახელი მიენიჭა... მიხეილ ხერგიანმა საოცრად შინაარსიანად იცხოვრა, ნამდვილ სასწაულებს სჩადიოდა და მეც, მისი კლდეებზე ცხოვრების რამდენიმე ეპიზოდს გთავაზობთ.

არაფრით გამორჩეული ცოცხალი ლეგენდა

– ხომ არ გაგიჟდნენ, როგორ ბედავენ ზამთარში იალბუზზე ასვლას?

– ლაშქრობას მიშა ხერგიანი ხელმძღვანელობს!

– ჰოო, გასაგებია!..

გამოცდები ჩავაბარეთ თუ არა, იალბუზისკენ ავიღეთ გეზი. აკლიმატიზაციისთვის იალბუზის ძირას, ტერსკოლში დავბანაკდით. მინდა, გამოვტყდე და გითხრათ სიმართლე, რომ, სანამ ტერსკოლში ჩავიდოდით, ეჭვიც კი მეპარებოდა ჩვენს წინამძღოლზე შექმნილი ლეგენდების სრულ სიმართლეში. მიხეილი არაფრით გამოირჩეოდა ჩვენგან: ჩვენსავით ზომიერად განვითარებული მკერდი, საშუალო ტანი, სუფთა, თეთრი ხელები, მეოცნების ღრმა თვალები, საოცრად თავმდაბალი და ამხანაგური... „ნუთუ ამ ჩვეულებრივ ადამიანში შეიძლება, ერთდროულად ბუდობდეს განსაცვიფრებელი ფიზიკური ძალა, სიმამაცე, თავგანწირულება და სიკვდილთან შებრძოლების დაუოკებელი წყურვილი“, – ვფიქრობდი გზაში და ეს ეჭვი მიხეილ ხერგიანმა ტერსკოლში დაბანაკებიდან მეორე დღესვე გამიფანტა, – ამბობს მიხეილ ხერგიანის მოწაფე, – დილით პირის დასაბანად მდინარე ბაქსანის ნაპირზე ჩავედით. აივნის სვეტზე მიკრული თერმომეტრი ოცდახუთ გრადუს ყინვას უჩვენებდა. პირზე წყალი შევისხით თუ არა, ყინვამ კინაღამ ცხვირ-პირი წაგვაძრო და თავქუდმოგლეჯილი შევარდით ბინაში. ჩვენი ხელმძღვანელი კი, იდგა მდინარის პირზე და დინჯად იხდიდა ტანისამოსს. ტრუსების ამარა შევიდა ბაქსანის ყინულნარევ ტალღებში და ისე ჩაწვა შიგ, თითქოს თბილისის ჭრელი აბანოს აუზში აპირებს ნებივრობასო. ათიოდე წუთის შემდეგ ოთახში შემოვიდა და გვითხრა: წყლის პროცედურები ყველამ მივიღეთ, ახლა კი წავისაუზმოთ! იმ დღიდან იგი თანდათან ჩვენს კერპად იქცა და მზად ვიყავით, გავყოლოდით ყველგან, სადაც კი მიგვითითებდა.

„მე ჩვეულებრივი მოკვდავი ვარ“

ორ საათში მწვერვალს თავზე მოვექეცით. ექვსივენი ვეცით მიშა მასწავლებელს და უფროს ძმასავით მოვეხვიეთ! საღამომდე თავშესაფარს ჩამოვაღწიეთ, მეორე დღეს კი ისევ ტერსკოლში ვიყავით. ხმაურით შემოგვეგებნენ მოსკოველი და ლენინგრადელი მთამსვლელები. გამარჯვება მოგვილოცეს და სინანულით დასძინეს, ხვალ დილით უკან, შინ ვბრუნდებითო. მაშინ მე მოსკოვის გუნდის ხელმძღვანელს ვკითხე: მართალია, საძაგელი ამინდებია, მაგრამ თქვენს გუნდში ხომ მხოლოდ ოსტატები არიან, ნუთუ გაუჭირდებათ ასვლა? ჩვენ ჯერ თანრიგიც არ გაგვაჩნია, მაგრამ ხომ ნახეთ, დავლაშქრეთ იალბუზი-მეთქი. ჩემო ბიჭიკო, — მითხრა მან ისე, რომ სხვებს არ გაეგოთ, – თქვენ წინ მიშა ხერგიანი მიგიძღოდათ. მის ხელში ყოველი მთამსვლელი, თუნდაც დამწყები იყოს, შეუძლებელს შეიძლებს! – შემდეგ მხრები აიწია და დაამატა, – რა ვუყოთ, მე ჩვეულებრივი მოკვდავი ვარ და ჯერჯერობით უკან ვიხევ!“

თოვლში დამარხულები და პატარა პურის ნატეხი

1959 წლის იანვარში გროზნოდან მთებში 9 ადგილობრივი მოლაშქრე წავიდა. დაიწყო თოვა. 6 უკან დაბრუნდა, ფეხის თითები ჰქონდათ მოყინული, ხოლო სამი – 2 ბიჭი და ერთი გოგონა დაიკარგნენ. ოთხი დღე გადაუღებლად თოვდა. მათ საძებრად სამი ადგილობრივი ჩეჩენი მონადირე და 10 ჩეჩენი ალპინისტი წავიდნენ. ისინიც დაიკარგნენ. ამის შემდეგ გამოცხადდა საკავშირო ძებნა და ჩეჩნეთის ამ ხეობაში თავი მოიყარა საბჭოთა კავშირის საუკეთესო ალპინისტთა ჯგუფმა, მათ შორის იყო სამი ქართველი – მიხეილ ხერგიანი, უმცროსი მიშა ხერგიანი და იოსებ კახიანი.

ჯგუფი შეუყვა ხეობას. ექვსი საათის შემდეგ მათ შეხვდათ 10 ჩეჩენი ალპინისტი, რომლებმაც უთხრეს, რომ უკან გაბრუნებულიყვნენ – ჩვენ უღელტეხილამდეც ვერ ავედით, დიდი თოვლია, ვერც მონადირეების ვერაფერი გავიგეთ და ვერც დაკარგული მოლაშქრეების, აზრი არ აქვს, ყველანი თოვლში იქნებიან დამარხულებიო. ჯგუფმა მაინც განაგრძო გზა და უღელტეხილამდე არმისული, მონადირეებს შეხვდნენ, რომლებმაც ასევე, უთხრეს, რომ გზის გაგრძელებას აზრი არა აქვს, ზვავებია, ყველანი ჩაიმარხებით და ვერც ვერავის იპოვითო. ერთი მოხუცი ჩეჩენი მონადირე მუხლებზეც კი დაუდგა მიხეილ ხერგიანს, ახალგაზრდები ხართ და მებრალებით, დაიღუპებითო. ჯგუფმა მაინც ჯიუტად გააგრძელა გზა, თუმცა, უღელტეხილამდე ასვლის შემდეგ ჯგუფის ქართველი წევრების გარდა გზის გაგრძელება ვერავინ გაბედა. გაიარეს რთული მონაკვეთები, ზვავიც მოწყდა რამდენჯერმე, მაგრამ მაინც მიაღწიეს ადგილს, სადაც დაკარგული მოლაშქრეების კარავი იდგა. გადაუღებელ თოვლში რვა დღე-ღამის განმავლობაში იყვნენ ამ კარავში ეს მოლაშქრეები. ქართველი ალპინისტების მისვლიდან მხოლოდ 7 საათის შემდეგ შეძლეს მათ ხმის ამოღება. დღიურში დაეწერათ, სიკვდილის წინ გავუღიმოთ ერთმანეთსო. პატარა პურის ნატეხიც ჰქონდათ დარჩენილი და როდესაც მიშა ხერგიანმა ჰკითხა, რატომ არ შეჭამეთო, ბიჭებმა თქვეს, ჩვენ გვინდოდა, გოგოს ეჭამა, მან კი უჩვენოდ არ ჭამაო.

სარკის გლუვი კედელი

თამაზ ჩიქვანია: „არიან ადამიანები, ვისთან შეხვედრაც, გინდა თუ არა, მაინც გათქმევინებს, თქვენი გაცნობა ჩემთვის დიდი პატივიაო. სწორედ ასეთი იყო მიხეილ ხერგიანი. მას 1968 წლის გვიან შემოდგომას შევხვდი. დამშვიდობებისას „დამემუქრა“, ზაფხულში სვანეთში უნდა წაგიყვანო და მთებით მოგწამლოო. იმ ზაფხულს სვანეთს მართლაც ვესტუმრე, თუმცა სულ სხვა მიზნით... 1964 წელს მიხეილ ხერგიანი ინგლისში მიიწვიეს ტურნირზე. მას ყველა ქალაქში დიდი პატივისცემით ხვდებოდნენ. ხერგიანი ადგილობრივ ცნობილ მეკლდეურებს ეჯიბრებოდა. ერთ-ერთ ასეთ შეჯიბრებას ინგლისის დედოფალიც დაესწრო. კლდეზე ცოცვისას მიხეილ ხერგიანს ტრიკონები (სპეციალური „ბათინკები“, რომლის ძირი ვეფხვის ტორს წააგავს) ეცვა. დედოფალმა დახედა მათ და... მედიამ დედოფლის ფრაზა აიტაცა და მიხეილ ხერგიანს „კლდის ვეფხვი“ სამუდამო სახელად შერჩა.

ქართველი „კლდის ვეფხვი“ ნეპალელ „თოვლის ჯიქთან“, თენსინგ ნორგეისთან მეგობრობდა. ერთხელ ისინი იალბუზზე აპირებდნენ ასვლას. იმ დღეს ამინდი გაფუჭდა და ნორგეიმ ასვლაზე უარი თქვა. ხერგიანი კი ღამით მწვერვალზე ავიდა და საღებავით დაწერა: „კეთილი იყოს შენი მობრძანება, თენსინგ!“ როდესაც გამოიდარა, „თოვლის ჯიქი“ იალბუზზე ავიდა და მისალმება რომ დაინახა, მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. იმავე წელს მიშა ხერგიანის ჯგუფმა უშბის, ეგრეთ წოდებული, სარკის (90-გრადუსიანი გლუვი კედელი) დალაშქვრა გადაწყვიტა. კედლის ბოლო მონაკვეთი, სადაც „სარკე“ მთავრდება, მკვეთრად გადმოხრილია, ვერც გვერდზე გადახვალ და ვერც ქვემოთ ჩახვალ. სიტუაციას ისიც ართულებდა, რომ ნაწვიმარი იყო. კრიტიკულ მომენტში მიხეილ ხერგიანმა, რომელიც პირველი მიდიოდა, ჯგუფს შესთავაზა თოკები შეეხსნათ. საქმე ისაა, რომ ჯგუფის წევრები ერთი თოკით იყვნენ გადაბმულები და მიხეილი რომ გადავარდნილიყო, ყველა თან გადაჰყვებოდა. რამდენიმე წუთში ხერგიანმა თითქმის სასწაული მოახდინა და ზემოთ ასვლა შეძლო. მას შემდეგ ეს მარშრუტი არავის გაუვლია და დღემდე მიხეილ ხერგიანის მარშრუტი ჰქვია. წარმატებები, ცხადია, უხაროდა, მაგრამ შეჯიბრებიდან დაბრუნებული გულისტკივილით ამბობდა, როდის იქნება, ისე რომ გამომაცხადებენ, როგორც ქართველს, ახლა ჩემზე სულ იმას ამბობენ, რომ საბჭოთა კავშირიდან არისო. 1967 წელს საფრანგეთში ერთ-ერთი პრესტიჟული ტურნირი ტარდებოდა კლდეზე ცოცვასა და ალპინიზმში. ვიაჩესლავ ონიშჩენკოსა და მიშას წყვილი ყველას აოცებდა. ისინი 4 საათში გადიოდნენ ნებისმიერ რთულ მარშრუტს, რომელსაც სხვები 7-8 საათს ანდომებდნენ. ამიტომ ადგილობრივი მედიის ინტერესი მათ მიმართ დიდი იყო. მიშასა და მის მეწყვილეს საზღვარგარეთ მუდმივად დაჰყვებოდა „კაგებეს“ თანამშრომელი ევგენი გიპნრეიტერი, რომელსაც უშიშროების სამსახურის თანამშრომლობა ხერგიანთან მეგობრობაში ხელს სულაც არ უშლიდა. მოგვიანებით გიპნრეიტერი იხსენებდა: „როდესაც ტურნირზე საბჭოთა წყვილი გამოიძახეს, ფრანგულმა ტელევიზიამ კამერები მომართა, თუმცა, მხოლოდ სლავა ონიშჩენკო გამოვიდა, მიშა არ ჩანდა. გამოაცხადეს მეორედ, მესამედ… გავნერვიულდი, ვიფიქრე, რამე ხომ არ დაემართა-მეთქი და მოსაძებნად წავედი. იქვე, ახლოს, მიწაზე იჯდა. ქართულად რაღაცას ღიღინებდა და თოკით კვანძებს აკეთებდა. რა ხდება, ხომ კარგად ხართ-მეთქი, მივვარდი. მიშამ მშვიდად ამომხედა და წყნარად მითხრა, შეჯიბრებაში მონაწილეობას არ მივიღებ, სანამ არ გამოაცხადებენ სვანი მიხეილ ხერგიანი საქართველოდანო. რა უნდა მექნა, ტურნირს ვერ ჩავაგდებდით… ბოლოს, როგორც მიშას სურდა, ისე გამოაცხადეს. ყველა გაკვირვებული იყო, საქართველო გაგვიგია, მაგრამ სვანი რას ნიშნავსო. მე ვუხსნიდი, რომ სვანეთი საქართველოს ძალიან ლამაზი კუთხეა, სადაც ხერგიანი დაიბადა-მეთქი. საოცარი კაცი იყო. მახსოვს, ინგლისში ლორდებმა თავისთან მიიწვიეს. თავიდან შევფიქრიანდი, გლეხის ოჯახში გაზრდილი კაცია და ეტიკეტს როგორ დაიცავს-მეთქი, მაგრამ ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ვნახე, როგორ იქცეოდა მიშა მათთან, თავში გამიელვა – ეს კაცი ლორდია ლორდთა შორის-მეთქი“.

აღფთროვანებას ვერ მალავდნენ ევროპელები ხერგიანის მიერ უელსში, სნოუდონის კლდეებზე ურთულესი მარშრუტის გავლისას, საფრანგეთში კი – გრანკაპუცინის თუ პტი-დრიუს სარეკორდო ასვლების შემდეგ. 1965 წელს ხერგიანმა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მთამსვლელის ტიტული დაიმკვიდრა. შემდეგ მწვერვალ სუ-ალტოთი დაინტერესდა. მისი გამორჩეული მარშრუტი ყველა ცნობილი ალპინისტისთვის დიდი ცდუნება იყო, თუმცა ქვების ცვენის გამო მას ბევრი უფრთხოდა. „კლდის ვეფხვმა“ სუ-ალტოზე ასვლა ცალფა თოკით გადაწყვიტა და 1969 წლის 4 ივლისს ვიაჩესლავ ონიშჩენკოსთან ერთად სუ-ალტოზე ასვლას შეუდგა. დიდი ინტერესის გამო, მათ ასობით ადამიანი ადევნებდა თვალს. 600 მეტრის გავლის შემდეგ ონიშჩენკო დაცვაზე იდგა. მიშა ხერგიანი ამ დროს კლდის შიდა კუთხეში ბუნებრივ ღარში იმყოფებოდა, ქვების ცვენაც სწორედ იქ დაიწყო. სამწუხაროდ, ხერგიანს მანევრირების საშუალება არ მიეცა, ქვებმა თოკი გადაჭრა და „კლდის ვეფხვი“ სუ-ალტოს მოწყდა…

მესტიაში ივლისში ჩავედი. ხერგიანების სახლში შესულს ვეფხვის ფეხებზე შემდგარი კუბო დამხვდა. მამამ შვილის უკანასკნელად ნახვა მოისურვა. სწორედ მაშინ შეხსნეს ქამარი, რომელიც მიხეილს სუ-ალტოზე ეკეთა და ამოიღეს გადაჭრილი თოკი, რომლითაც იყო დაბმული (ეს ნივთები ახლა მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმშია დაცული). ალპინისტურ წრეებში გაჩნდა ეჭვი, რომ მისნაირი მთამსვლელი ასე არ დაიღუპებოდა, რამე ხომ არ მოუწყვესო. ევროპელებს ეჭვი რუსებზე ჰქონდათ. განსაკუთრებით მძიმე დღეში აღმოჩნდა მიშას მეწყვილე ვიაჩესლავ ონიშჩენკო. ეუბნებოდნენ, სვანეთში თუ ჩახვალ, მოგკლავენო. მაგრამ მიშას მამამ, ბატონმა ბესარიონმა, სვანეთში ის შვილივით მიიღო…

ულუფა საქართველოს სახელით

მიშა ხერგიანი: (ძმისშვილი) „ბევრი ლეგენდა დადის მიშაზე. გიამბობთ, რისი შემსწრეც ვარ რეალურად. მიშას დაღუპვიდან 50 წლისთავზე იტალიის დოლომიტებში, მწვერვალის ძირას (სადაც დაიღუპა) სვანური ადათ-წესებითა და ლილეოთი პატივი მივაგეთ მის ხსოვნას. ჯგუფი საქართველოში დაბრუნდა, მე კი ავსტრიისა და ჩეხეთის მთებში გავემგზავრე, ასვლები გვქონდა. ჩეხეთში ვნახე ხნიერი ალპინისტები, რომლებმაც მიშა მსოფლიო ალპინისტთა შეკრებაზე გაიცნეს, ისინი ერთად იყვნენ საფრანგეთის მთებში. მიამბეს, რომ მიშას საბჭოთა კავშირის ემბლემა არ უყვარდა. საფრანგეთის ალპებში ერთკვირიანი შეკრება იყო, ყველა მონაწილეს ჰქონდა სასადილოს ტალონი, რითაც ულუფას იღებდნენ. ტალონზე მათი ქვეყნის სახელწოდება და ემბლემა იყო აღნიშნული. მიშას ჩეხი სპორტსმენისთვის უთხოვია, რომ მის ტალონზე ლათინური ასოებით დაფიქსირებული „სსრკ“ როგორმე გადაესწორებინა საქართველოთი. ამის შემდეგ, როგორც საქართველოს წარმომადგენელი, ისე იღებდა საკვებს. მიშას სურვილი იყო, აღენიშნათ მისი ქართული წარმომავლობა იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირის მოქალაქეებს მაშინ რუსებთან აიგივებდნენ. არა მგონია, სიმართლე იყოს, რომ ჩემპიონატზე გამოაცხადეს, როგორც სვანი საქართველოდან. თუმცა მიშა ისე უყვარდათ, მისი დაღუპვის შემდეგ მესტიაში ჩამოდიოდნენ, ოჯახში გვსტუმრობდნენ და წლობით რჩებოდნენ ჩვენთან.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა