საზოგადოება

ერმალო მაღრაძე: ჩემი წინაპრები გამოყარეს სამოთხიდან და იქნებ მე სიკეთისკენ მოვაბრუნო როგორმე ადამიანები

№47

ავტორი: ქეთი კაპანაძე 16:00 29.11, 2021 წელი

ერმალო მაღრაძე
დაკოპირებულია

13 ნოემბერს რეჟისორი ერმალო მაღრაძე გარდაიცვალა. გთავაზობთ მის ბოლო ინტერვიუს, რომელიც მასთან რამდენიმე კვირის წინ ჩავწერეთ, სადაც ახალ ფილმზე გვიყვებოდა, რომლის გაგზავნასაც „ოსკარზე“ აპირებდა.

ერმალო მაღრაძე: „ეს დაიწყება საქართველოდან“ – ამ ფილმის გადაღება მნიშვნელოვანი მიზეზის გამო გადავწყვიტე. საქმე ისაა, რომ მსოფლიოს განთავისუფლება საქართველოდან უნდა დაიწყოს. ეს არ არის ლიტონი სიტყვები. ანტიქრისტე უკვე დაბადებულია, იზრდება და სულ მალე გამოჩნდება, რის შემდეგაც მთელ მსოფლიოს მოედება. მისი მოციქულები უკვე ბევრია თბილისში. ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, პარტიები, არეულობა – ყველაფერი ამაზე მიუთითებს. ყველა ვხედავთ, რა დღეშია საქართველო. ამ ფილმში აღწერილია პენსიონერი ცოლ-ქმრის ცხოვრება. მათ დღევანდელ საქართველოში პენსიით გააქვთ თავი. ეს კაცი კომპიუტერზე ანგარიშობს გადასახადების რაოდენობას და პენსიიდან ოჯახის შესანახად თანხა აღარ რჩება. გადაწყვეტს, პატარა მანქანა იყიდოს და ორი კაპიკის შემოსატანად ტაქსაობა დაიწყოს. ამ გმირს მე ვთამაშობ, მასაც ერმალო ჰქვია. ერმალო ტაქსიში სხვადასხვა პრობლემის მქონე ადამიანებს ხვდება და თითოეულთან განსხვავებულ პრობლემებს წყვეტს. „ქართული ოცნების“ წარმომადგენელსაც ხვდება და ეუბნება, ჩემო შვილო, არ არის საკმარისი, რასაც თქვენ აკეთებთო. საქმე ისაა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ევროპა დანგრეული იყო. ერთმა რამემ წამოსწია წინ ეს ქვეყნები, ადამიანები გადასახადისგან გაათავისუფლეს, არ დაბეგრეს. აქაც ვაცადოთ ადამიანებს ფეხზე დადგომა და თუ რამეს იშოვიან, მერე დაბეგრეთ. არადა პირიქითაა, გახარიამ თქვა: გლეხს მესამე ძროხა რომ ეყოლება, უნდა დავბეგროთო. ეს ბარბაროსობაა.

მინდა, ამ კეთილ ტაქსის მძღოლს მიჰბაძონ ადამიანებმა. მას თვითონ არაფერი აქვს და სხვებს ეხმარება, იქნებ ასეთები გავხდეთ. სიკეთის კეთება არ არის ძნელი. მხოლოდ მონდომება და ადამიანის სიყვარული არის საჭირო. ყველამ რომ სიკეთე ვაკეთოთ, ამ დღეში აღარ ვიქნებით.

– ამ ფილმში მთავარი როლიდან დაწყებული, ძალიან ბევრი ფუნქცია შეითავსეთ.

– მე პატარა მანქანა მყავს, იმაში ჩავალაგებ აპარატურას და მივდივარ ობიექტზე, სადაც ყველაფერს მე ვაკეთებ. სცენარი ჩემია, რეჟისურა ჩემია, ოპერატორი მე ვარ. მაგრამ რადგან ამ ფილმში მე ვარ მთავარ როლში, სხვა ოპერატორები მეხმარებოდნენ. მუსიკაც ჩემია. ასისტენტიც მე ვარ, მძღოლიც და დამლაგებელიც.

– „ოსკარზე“ აპირებთ ფილმის გაგზავნას?

– კი. ახლა ფილმს ინგლისურ ტიტრებს ვადებ. მაგრამ არ ვიცი, ვის მივმართო. ამ ფილმის ფინალს მოგიყვებით და თვითონ მიხვდებით, არის თუ არა „საოსკარე“ ფილმი. სამი ბანდიტი დიდძალ ფულს მოიპარავს და გაყოფაზე ჩხუბი მოუვათ. ამ დაპირისპირების დროს ორი მოკვდება და მესამე დაჭრილი მორბის. ამ დროს მე მოვდივარ ტაქსით და ის შემთხვევით ჩემს მანქანას დაეტაკება და მოკვდება. მე კი არ ვკლავ, თვითონ მეჯახება და ისედაც სიკვდილის პირას მყოფი, იღუპება. ამ კაცს ჩანთა აქვს თან, რომელშიც მილიონი დევს, ჩემი გმირი ადგება და ამ ფულს საბავშვო ბაღს გადაურიცხავს. საბავშვო ბაღიდან ბედნიერი და სულიერად კმაყოფილი გამოდის, აბაზიან ბულკს ყიდულობს და სიამოვნებით ჭამს. მაგრამ მერე ბანდის წევრები მიაგნებენ ამ ტაქსის მძღოლს, ქალაქგარეთ გაიყვანენ და ფულს სთხოვენ. სცემენ და როცა გაიგებენ, რომ საბავშვო ბაღს გადავეცი თანხა, მომაკვდავს დატოვებენ მინდორში... ერმალო, ანუ მე, ფეხზე წამოვდგები, ცოლს ვურეკავ დასახმარებლად. მერე ცას ვუყურებ, საიდანაც ღმერთის ხმა მესმის, რომელსაც ასევე მე ვახმოვანებ: „მე ვარ ღმერთი, მე ვიქნები შენი დამცველი, სადაც არ უნდა იყო შენ“. მე პირჯვარს გადავიწერ და უფალთან მივდივარ. გარდა ამისა, ფილმში ძალიან ბევრი მიგნებაა, ბევრ მტკივნეულ პრობლემას შევეხე. ამიტომ შეიძლება, „ოსკარზე“ წარმატება ხვდეს წილად. მე ვუყურებ საოსკარე ფილმებს, ჩვეულებრივი ფილმებია და არა მგონია, ეს დამიწუნონ. ვფიქრობ, რომ აქ თუ გადავლახე ბიუროკრატიული ბარიერი, შანსი მაქვს.

– თქვენი პერსონაჟის მსგავსად, თქვენც ეხმარებით გაჭირვებულებს, მიუხედავად იმისა, რომ მილიონერი არც თქვენ ხართ.

– რა თქმა უნდა, მე კეთილი საქმით ვსაზრდოობ. მე რომ არავის დავეხმარო, ცუდად გავხდები. კეთილ საქმეს რომ გააკეთებ, მაშინ ხარ ყველაზე ბედნიერი, ვისაც გაუკეთე, იმაზე ბედნიერი შენ ხარ. ზოგი ადამიანი მოგკლავს, ვენას გადაგიჭრის, სისხლს გამოგიშვებს და ამით იღებს სიამოვნებას, ის ადამიანი უკვე შეცდენილი ჰყავს ანტიქრისტეს. სამყაროში ორი ძალა არსებობს, კეთილი და ბოროტი. ჩვენ კეთილის მხარეს უნდა ვიყოთ.

– რის შემდეგ გახდით ასეთი მორწმუნე?

– სკოლაში რომ შევედი, სამყაროს ცენტრი მოსკოვი მეგონა, ღმერთი კი – ლენინი, ჩემთვის ის იყო ყველაფერი. მე ასე მზრდიდნენ. კომუნისტური პარტიის წევრიც გამხადეს. მერე სიბრძნე რომ მომემატა, ბიბლია წავიკითხე, ეკლესიურ ცხოვრებას გავეცანი, ნაშრომები წავიკითხე, შემეცვალა დამოკიდებულება და მას შემდეგ მართლმადიდებელი ვარ.

– ცხოვრებაში ძალიან ბევრი ტკივილი გაქვთ გადატანილი, იმ პერიოდში ღმერთისადმი გაუცხოება არ გიგრძნიათ?

– პირიქით. მე ახლაც ბევრ ტკივილს განვიცდი. ჩემი ყოველდღიური ცხოვრება, ადამიანური ურთიერთობები ყოველ ნაბიჯზე ტკივილითაა სავსე. მოძღვარი მყავს. ვუთხარი: მამაო, ამხანაგები ასე და ასე მიკეთებენ, ცუდად მექცევიან-მეთქი და მეუბნება, ბედნიერი კაცი ყოფილხარო. რატომ-მეთქი? უფალთან გეხსნება გზაო. ადამიანმა რომ ერთ ლოყაში დამარტყა და მე მეორე მივუშვირე, სხვამ გიჟი დამიძახა და არც მთლად ასე შეიძლება. სად არის სიმართლე-მეთქი? კი ბატონო, მე ვუშვერ მეორე ლოყას, მაგრამ არის ხალხი ჩემ გარშემო, რომელთაც უფალზე საუბარი სასაცილოდ მიაჩნიათ. ამ დღეში ვარ. არ ვიცი ახლობლებს რა სჭირთ, შურთ თუ სხვა მიზეზია, მაგრამ თითქოს, ჩემი წარმატებები არ სიამოვნებთ და რას უნდა ელოდო ასეთი ადამიანებისგან?!

ადამიანებს არ აქვთ სწორი ინფორმაცია ჩვენი დანიშნულების შესახებ. სააკაშვილია თუ ივანიშვილი, გახარია თუ სხვა, ვინც ხალხს ამ დღეში აგდებს, არ იციან, არ აქვთ ტვინის ის უჯრედი გახსნილი, რომელშიც ჭეშმარიტი ცოდნა დევს. რატომ ვართ ამქვეყნად მოსულები? იმიტომ, რომ ჩვენი წინაპრები გამოყარეს სამოთხიდან. ეს ხომ ფაქტია?! თუ ღმერთის გვწამს ასეა და თუ დარვინის მიმდევრები არიან, მაშინ სხვაა. მე უკვე 78 წელია, ამ ქვეყანაზე ვცხოვრობ და ერთი რამ ვიცი, უნდა ვეცადოთ, როგორმე თავდაპირველი ცოდვა გამოვისყიდოთ.

– უფრო მეტად ბოლო წლებში გაგიცნოთ და შეგიყვარათ ხალხმა. ეს რისი დამსახურებაა?

– ჩვეულებრივი ბიუროკრატიის. კომუნისტურ წყობას ის ჰქონდა ცუდი, წარმოებაში ჭკვიანი კაცი რომ გამოჩნდებოდა, წარმოების უფროსს მისი ეშინოდა. არ აძლევდა განვითარების საშუალებას. მე კინოსტუდიაში დაბლოკილი ვიყავი. ვინ დამბლოკა, ამას არასდროს ვიტყვი, მხოლოდ ჩემს მემუარებში დავწერ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მომეცა საშუალება, ფილმები გამეკეთებინა, მერეც ძალიან მიშლიდნენ ხელს, მაგრამ მაინც ვიპოვე გამოსავალი. მდგომარეობა შეიცვალა, როცა ინტერნეტი შემოვიდა და ჩემი ფილმი „იუთუბზე“ დაიდო. კაცმა არ იცის, რა იქნებოდა, მე რომ თავიდანვე რეპრესირებული არ ვყოფილიყავი. შეიძლება, უარესიც ყოფილიყო, შეიძლება – უკეთესი, არ ვიცი.

– საიდან გაქვთ ასეთი ენერგია, 78 წლის ასაკში, ვარჯიშობთ?

– კი, ვვარჯიშობ. ჰანტელები სამსახურშიც მაქვს და ვცდილობ, სიცოცხლე გავიხანგძლივო. დედმამიშვილები მე არ მყავს, მშობლებს ძალიან გვიან შევეძინე. ახლა მყავს მეუღლე და მის გარდა სხვა არავინ ამქვეყნად. იცით, რატომ მინდა ცხოვრება? მარტო ჭამა-სმა და სექსუალური ორგიები ხომ არაა მნიშვნელოვანი, ამისთვის ხომ არ გავჩენილვარ? მიზანი ხომ უნდა ჰქონდეს ჩემს ცხოვრებას? ჩემი მიზანი იყო რეჟისორობა, ეს მქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ მთავარ მიზანსაც გეტყვით. ჩემი წინაპრები გამოყარეს სამოთხიდან და იქნებ მე როგორმე სიკეთისკენ მოვაბრუნო ადამიანები და ჩვენი სიკეთით შეგვაბრუნოს უფალმა სამოთხეში – ეს არის ჩემი მთავარი მიზანი.

– რა არის თქვენი შემოსავალი, რით ირჩენთ თავს?

– პენსია 275 ლარი მაქვს, ტელევიზიაში ვმუშაობ – „არგოში“, სადაც 150 ლარი მაქვს ხელფასი და მეუბნებიან, მოგიმატებთო. მეუღლე პედაგოგია და 1 200 ლარს იღებს. ამით ვარსებობთ. მეუღლემ საჭმელი რომ არ მაჭამოს, შიმშილი მომკლავს. გაგვაქვს თავი. იყო დრო, მოსკოვში ჩავსულვარ, ყავა დამილევია და უკან ჩამოვსულვარ, მაგრამ ახლა სხვა დროა. ახლა თბილისში გადაცემებიდან რომ მირეკავენ, ვეუბნები, გზის ფული არ მაქვს-მეთქი და ისინი მაძლევენ. ასეთია დღეს ჩემი ცხოვრება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი