„ელიზიუმი“ ახალი სტანდარტი საქართველოში დამოკიდებულების წინააღმდეგ ბრძოლაში
ავტორი: „თბილისელები“ 13:00

ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მიმართ დამოკიდებულება დღეს ერთ-ერთ ყველაზე მძიმე გამოწვევად იქცა, რომელიც ანგრევს არა მხოლოდ ადამიანების ფიზიკურ და ფსიქოემოციურ ჯანმრთელობას,არამედ მთლიანად ოჯახებსა და საზოგადოებას. სწორედ ამ მძიმე რეალობამ წარმოშვა „ელიზიუმის“ იდეა – კლინიკის, რომელიც პაციენტებს სთავაზობს სრულფასოვან მკურნალობას დეტოქსიკაციიდან პოსტრეაბილიტაციის ჩათვლით, ჩანაცვლებითი თერაპიის გარეშე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის გარემოში.
ვერონიკა მჭედლიშვილი („ელიზიუმის“ დამფუძნებელი და დირექტორი): ბოლო წლებში ნარკოტიკებისა და ალკოჰოლდამოკიდებულების პრობლემა ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად იქცა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. სწორედ ამ რეალობამ წარმოშვა იდეა,შეგვექმნა სრულიად ახალი ტიპის სამკურნალო ცენტრი, სადაც არ ვიყენებთ ჩანაცვლებით თერაპიას და პაციენტებს ვთავაზობთ სრულფასოვან მკურნალობას – დეტოქსიკაციიდან პოსტრეაბილიტაციის ჩათვლით.
– რა გზა გაიარა იდეამ რეალურ სამედიცინო ცენტრის გახსნამდე?
– ასეთი დონის სამკურნალო დაწესებულების გახსნა საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია, ამისთვის აქტიური მუშაობა სამი წლის წინ დავიწყეთ და ამ წლის ივლისში გავიხსენით. კლინიკა გათვლილია 54 პაციენტზე. გვაქვს ინდივიდუალური და მაქსიმუმ, ორკაციანი პალატები, რომლებიც 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს ნომრის სტანდარტებს შეესაბამება. შევქმენით მაქსიმალურად მყუდრო, კომფორტული, მეგობრული გარემო, რისთვისაც ჩვენი არაჩვეულებრივი გუნდი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ჩვენი პაციენტებისთვის.
– საქართველოში ამ ტიპის რამდენიმე ცენტრი არსებობს, რით გამოირჩევა „ელიზეუმი“?
– როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჩვენ ვართ ერთადერთი სრული ციკლის კლინიკა საქართველოში, რაც იმას ნიშნავს, რომ გვაქვს როგორც დეტოქსიკაცია, ასევე რეაბილიტაცია და პოსტრეაბილიტაცია. მინდა, ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ჩვენი კლინიკა პრინციპულად არ იყენებს ჩანაცვლებით თერაპიას და კლინიკის ტერიტორიაზე არ ინახება არანაირი ნარკოტიკული საშუალება. ყველა პაციენტს აქვს ინდივიდუალური მკურნალობის სქემა, რომელსაც მივყვებით და შეგვიძლია, მაღალი დოზების მართვა.
– როდის მიდიან ადამიანები ძველი ცხოვრების დაბრუნების გადაწყვეტილებამდე?
– რამდენად დიდიც არ უნდა იყოს ამ რთული ეტაპის დასრულების სურვილი, სამწუხაროდ, დამოკიდებულება ნებისმიერ სურვილზე ბევრად ძლიერია, ძირითადად, ამ ნაბიჯს მაშინ დგამენ, როცა ცხოვრების ყველა ასპექტში დამანგრეველი პრობლემები აქვთ, საუბარია როგორც ფიზიკურ, ისე სულიერ და ფსიქოემოციურ პრობლემებზე, როცა ყველგან ჩავარდნაა და ერთადერთი გამოსავალი მხოლოდ მკურნალობა და ახალი ცხოვრების დაწყებაა. ხშირად გვაქვს შემთხვევები, როდესაც თავად პაციენტებს არ უნდათ მკურნალობა და ზეწოლაა ოჯახის მხრიდან, ასეთ დროს, როგორც წესი, რეალურ შედეგზე გასვლა არ გამოდის და ვფიქრობ, ეს მხოლოდ დროისა და ფინანსური რესურსის ფლანგვაა, რადგან აუცილებელია თავად პაციენტმა გაიაზროს, რამდენად უნდა მას ამ ყველაფერზე უარის თქმა და ძველი ცხოვრების დაბრუნება.
– რა ხდება, ეგრეთ წოდებული, „ლომკის“ დროს?
– ეგრეთ წოდებული, „ლომკის“ დროს ფიზიკური ტკივილი და ემოციური ფონი ერთმანეთს ერთვის, რაც პაციენტისთვის, რასაკვირველია, ძალიან რთულად გასამკლავებელია, მაგრამ როგორც წესი, ლომკის შიში ბევრად დიდია, ვიდრე რეალურად ეს პროცესი შეიძლება, იყოს, ძირითად შემთხევებში ყველაზე რთული მეოთხე და მეშვიდე დღეებია, შემდეგ მსუბუქდება სიმპტომები და რაც უფრო მეტი დრო გადის, ეგრეთ წოდებული, ლომკის ნიშნები აღარ ვლინდება. მთავარია, ადამიანს ჰქონდეს სურვილი და იმედი. გაიაზროს, რომ ამ პრობლემის ყველაზე რთული ნაწილის გადალახვა სულ რამდენიმე დღის საკითხია.
– რა გზას გადიან თქვენთან შემოსული პაციენტები?
– კლინიკაში შემოსვლისთანავე თითოეულ პაციენტს, პირველ რიგში, შესაბამისი გამოკვლევები უტარდება და მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენი მრავალპროფილური გუნდი კონსილიუმის საფუძველზე წყვეტს, როგორი სქემით წავიყვანოთ მკურნალობა. გუნდში გვყავს ფსიქოლოგები, რომლებიც მკურნალობის ყველა ეტაპზე აქტიურად არიან ჩართული. მკურნალობის პროცესში მნიშვნელოვანი ეტაპია დეტოქსი – ჩვენ ვწმედთ ორგანიზმს მავნე ნივთიერებებისგან და ვასწავლით ტვინს ფხიზლად ფუნქციონირებას, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი გამოსავალი დამოკიდებულებასთან ბრძოლაში, რადგან დეტოქსი არის მხოლოდ ფიზიკური შეგრძნებებისა და დისკომფორტის მოხსნა, მაგრამ პრობლემას აქვს ფსიქოლოგიური საფუძველი, რამაც შემდეგ ფიზიკური გამოვლინებები გამოიწვია, ჩვენს პაციენტებს ყოველდღიურად უტარდებათ ლექციები. ყველაზე მნიშვნელოვანია, გააცნობიერონ, რომ ეს არის დაავადება, რომლის წინაშეც თავად უძლურები არიან და სჭირდებათ დახმარება.
– რა ხდება დეტოქსის შემდეგ?
– დეტოქსი 2-3 კვირა გრძელდება და შემდეგ იწყება რეაბილიტაცია რომლის პირველი ეტაპის ხანგრძლივობა მინიმუმ ერთი, მაქსიმუმ სამი თვეა, რეაბილიტაციის მეორე ეტაპზე შეგვიძლია, უკვე სახლში გავუშვათ პაციენტი, რომელსაც შეუძლია, კვირაში რამდენჯერმე დაბრუნდეს ჩვენთან, ესაუბროს ფსიქოლოგს, მოისმინოს ლექციები და დაესწროს სხვადასხვა აქტივობებს. გვაქვს არტ თერაპია, სხვადასხვა ფიზიკური აქტივობებისთვის – სპორტული დარბაზი, აუზი და ასე შემდეგ. ასევე გვაქვს კოსმეტოლოგიური კაბინეტი, სადაც ქალბატონებს სხვადასხვა სახის პროცედურების ჩატარება შეუძლიათ. გვყავს სტილისტი, მასაჟისტი და ასე შემდეგ. მაქსიმალურად კომფორტული გარემო შევქმენით, რათა ხანგრძლივად დაყოვნების პერიოდი ჩვენი პაციენტებისთვის სასიამოვნო იყოს. კლინიკის ტერიტორია მოიცავს 3 500 კვადრატულ მეტრს, გვაქვს საკმაოდ დიდი რეკრეაციული ზონა, მოვაწყვეთ რამდენიმე თავშეყრის ადგილი, სადაც პაციენტებს შეუძლიათ, ერთმანეთს შეხვდნენ, ისაუბრონ გაისეირნონ, ყოველი კვირა დღე თავისუფალი გვაქვს ლექციებისგან, გვაქვს კინოჩვენებები, ეწყობა ბარბექიუ და ასე შემდეგ.
– როგორც ვიცით, თქვენთან სხვა ქვეყნებიდანაც ხშირად ჩამოდიან სამკურნალოდ.
– ჩვენი პირველი პაციენტი ნორგვეგიიდან ჩამოვიდა სამკურნალოდ, თავდაპირველად თითქმის ყველა პაციენტი უცხოელი გვყავდა, მაგრამ დღეს ბევრმა იცის ჩვენ შესახებ. ჩვენთან არსებულ სიტუაციაზე ჩვენი შედეგებიც საუბრობს და უკვე არაერთი ქართველი პაციენტი გვყავს. სხვა კლინიკებთან განსხვავებით, სრულ ანონიმურობას ვპირდებით პაციენტებს, მათი ისტორიებიც უნიკალური კოდით იწერება და მათი სახელი და გვარები არსად ფიგურირებს.
– ფასებთან დაკავშირებითაც მივაწოდოთ ინფორმაცია მკითხველს.
– საქართველოს მოქალაქეებისთვის გვაქვს ფასდაკლება და დღე-ღამის ჩვენთან გატარების ღირებულება 500 ლარია, ვაცნობიერებთ, რომ ეს არ არის ის თანხა, რისი გადახდის საშუალებაც ყველა მსურველს აქვს, ამიტომ ვიწყებთ საქველმოქმედო აქციებს და ყოველი მეათე მსურველი, ვისაც არ აქვს შესაბამისი ფინანსური რესურსი უფ ასოდ შეძლებს მკურნალობას, უკვე შევარჩიეთ და ველოდებით პირველ პაციენტს უფასო მკურნალობისთვის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან