საზოგადოება

ელისო კილაძე: არავისთვის არაფრის პატიებას არ ვაპირებ

№33

ავტორი: ეთო ხურციძე 22:00 23.08, 2021 წელი

ელისო კილაძე
დაკოპირებულია

ბლიცინტერვიუ ელისო კილაძესთან 👇

სახელი: ელისო.

გვარი: კილაძე.

პროფესია: ჟურნალისტი.

– მოგონება ბავშვობიდან...

– ბავშვობის ყველაზე ცუდი მოგონება არის ის, როცა თვალის ტრავმა მივიღე. დაახლოებით სამი წლის ვიქნებოდი და პირველი კადრი, რაც მახსოვს, განათებული ეზო იყო. თვალის ექიმთან მიმიყვანეს სახლში, ეზოში დიდი რიგი იდგა... ამის შემდეგ დამჭირდა სათვალის ტარება და მთელი ბავშვობა სათვალის კომპლექსი მქონდა.

– მშობლების როლი...

– ფანტასტიკურ, სიკეთითა და სიყვარულით სავსე ოჯახში გავიზარდე. მყავდა არაჩვეულებრივი მამა, რომელიც მაშინ გარდაიცვალა, როცა სკოლას ვამთავრებდი. მას შემდეგ ბევრი წელია გასული, მაგრამ ის იმდენად გამორჩეული და კოლორიტული ადამიანი იყო, რომ ქუთაისში დღესაც ყველას ახსოვს. მყავს არაჩვეულებრივი დედა, რომელიც 37 წლის დაქვრივდა და მას შემდეგ მთელი თავისი დარჩენილი ცხოვრება მე და ჩემს ძმას მოგვიძღვნა.

– ჩემი პროფესია განაპირობა...

– პროფესიით იურისტი ვარ, მგონია, რომ ჟურნალისტობას დიპლომი არაფერს შველის, რადგან ჟურნალისტი ან ხარ, ან – არა. მივხვდი, ეს იყო ჩემი საქმე და ყველაზე კარგად აქ ვგრძნობ თავს – მთელი ჩემი ემოცია, შინაგანი განწყობა ამ საქმეში იხარჯება.

– ჩემი მეტსახელი...

– „მათე ბიჭი“. როცა გაზეთ „ქუთაისის“ რედაქციაში დავიწყე მუშაობა, ჯერ შტატგარეშე ვიყავი, მესამე კურსიდან შტატიანი თანამშრომელი გავხდი. დავდიოდი ცხელ წერტილებში, ყველგან, სადაც სახიფათო იყო და ამიტომ დამარქვეს „მათე ბიჭი“.

– ადამიანში ვაფასებ...

– სიკეთესა და სამართლიანობას.

– წარმატებული ადამიანი არის...

– ის, ვინც თავის პროფესიაში შემდგარია და რაც მთავარია, საკუთარი საქმის პროფესიონალია. ზოგადად, ყველა სფეროში ვაფასებ პროფესიონალიზმს. ტაქსის მძღოლიც კი მაღიზიანებს, რომელმაც არ იცის ქუჩები. ჩემთვის ისაა წარმატებული, რომელმაც თავისი საქმე ზედმიწევნით კარგად იცის.

– ღმერთის ჩემეული აღქმა...

– ჩემი ღმერთი არის კეთილი და არ ტოვებს ადგილს სიძულვილისთვის, ბოროტებისთვის და სხვისი განკითხვისთვის.

– ვრისკავ...

– ძალიან ხშირად. ბევრჯერ ვყოფილვარ სიცოცხლის რისკის ქვეშ, ეს იყო 90-იანი წლები, საომარი მოქმედებები სამეგრელოში, აფხაზეთის ომი თუ სხვა... ბევრჯერ ყოფილა, როცა რისკის ქვეშ სიცოცხლე დამიყენებია.

– მაკვირვებს...

– ადამიანების უსინდისობის ზღვარი.

– ვერიდები...

– არაგულწრფელ ადამიანებს, სამწუხაროდ, ბევრნი არიან...

– ბედისწერა...

– მჯერა, რომ არსებობს და ეს ბევრჯერ მითქვამს კიდეც. ბევრი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში ისეთი, რამაც ბედისწერის არსებობა დამაჯერა. შესაძლოა, ეს ცრურწმენაა, მაგრამ მე მაინც მჯერა.

– ვამაყობ...

– ჩემი შვილებით და საქმით, რომელსაც ახლა ვაკეთებ. იმ გაზეთით, რომელიც ნულიდან დავიწყე. ვამაყობ ჩემი წარსულითა და აწმყოთი, ყველაფერ იმით, რაც ამ ცხოვრებაში გამიკეთებია.

– როცა პირველად შემიყვარდა...

– დიდი ხნის წინ ბაღში ერთი ბიჭი მიყვარდა, 4-5 წლის ვიქნებოდი, ვცდილობდი, მისთვის თავი მომეწონებინა. ბაღში გვქონდა ორნაირი თეფში, ერთს ეხატა თევზი და მეორეს – ყვავილი. როცა წვნიანი მოჰქონდათ გულისფანცქალით მივირთმევდით, რადგან ყვავილიანი თეფში აუცილებლად გოგოს უნდა შეხვედროდა. სულ შიშით ვუყურებდი ხოლმე თეფშს, რადგან მინდოდა, ამ ბიჭისთვის თავი მომეწონებინა.

– დრო და სიყვარული...

– არაფერი უფერულდება და არც ძლიერდება დროსთან ერთად. არ მჯერა ურთიერთობებში ეტაპების და ეტაპობრივი სიყვარულის – ან გიყვარს, ან არა. არაფერი მოქმედებს სიყვარულზე – გიყვარს და მორჩა.

– ის, რაც უპატიებელია...

– ღალატი. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ადამიანურ ღალატს. არასოდეს მიპატიებია, ვერც ვაპატიებ მოღალატე ადამიანს. არ შეიძლება, ადამიანს შენი იმედი ჰქონდეს და ეს იმედი გაუცრუო. სამწუხაროდ, უღალატიათ ჩემთვისაც, ძალიან ახლო მეგობრებსაც კი.

– მაბრაზებს...

– არაპროფესიონალიზმი და ადამიანების უმადურობა.

– შემშურებია...

– იშვიათად მშურს ხოლმე, მაგრამ პროფესიული შური მქონია, მაგალითად, ვიღაცის ექსკლუზივი კარგი გაგებით შემშურებია, ოღონდ ეს ჩემთვის ბოღმის საგანი არ გამხდარა – ყოველთვის აპლოდისმენტებით აღვნიშნავ ხოლმე სხვის წარმატებას.

– სამაგიეროს გადახდა...

– მახასიათებს და ბევრჯერ გადამიხდია კიდეც. არავისთვის არაფრის პატიებას არ ვაპირებ. ისეთი რამეები გავიარე, როცა ჩემი შვილი სრულიად უკანონოდ დაიჭირეს, ისეთი უზნეო რამეები აკეთეს, რომ, როგორ შეიძლება, ეს მათ ვაპატიო... ამიტომ განვმეორდები, არავისთვის არაფრის პატიებას არ ვაპირებ.

– ბოდიშის მოხდა...

– არ მიჭირს. მქონია შემთხვევა, როცა დამნაშავე ვყოფილვარ, მივმხვდარვარ და ბოდიშიც მომიხდა.

– მაკომპლექსებს...

– ცეკვა კარგად არ ვიცი და ეს მაკომპლექსებს. ბავშვობაში სათვალეს რომ ვატარებდი, ესეც კომპლექსებს იწვევდა ჩემში. მქონდა ჭარბი წონის კომპლექსი, რომელიც მოვიშორე – როცა ვიღაცებს ვაკრიტიკებდი, არგუმენტებით კი არ მედავებოდნენ, ამბობდნენ, რომ დაბალი და მსუქანი ვიყავი. რეალურად დაბალი არ ვარ, მსუქანი ვიყავი და ფრჩხილებსაც ვიკვნეტდი. ახლა არც ჭარბი წონის პრობლემა მაქვს და აღარც ფრჩხილებს ვიკვნეტ.

– მარტოობის განცდა...

– მიყვარს მარტოობა, რამდენადაც უნდა გაგიკვირდეთ. იმდენად ვარ სამსახურისა და ოჯახის საქმეებში ჩართული, ასევე სხვა აქტივობებში, რომ იშვიათად მაქვს მარტო ყოფნის შესაძლებლობა. მაგრამ როცა მარტო ყოფნის ფუფუნება მეძლევა, ძალიან მიყვარს.

– ვიტყუები...

– იშვიათად. პროფესიულად არასოდეს მომიტყუებია, შეცდომები, რა თქმა უნდა, დამიშვია, მაგრამ ეს არ იყო გამიზნული. არ მიყვარს ურთიერთობებში ტყუილი, განსაკუთრებით მეგობრებთან. კეთილი ტყუილი მითქვამს.

– ვნანობ...

– განსაკუთრებული სინანულის ამბავი არ მაქვს, რადგან გამიზნულად არასოდეს ვაკეთებ ისეთ რამეს, რაც სხვას ან მე მავნებს.

– რთული პერიოდი...

– ცხოვრებაში ორი ასეთი პერიოდი მქონდა: პირველი, როცა მამაჩემი გარდაიცვალა – 86 წელს სკოლა დავამთავრე და მეორე დღეს თბილისში მივდიოდი მისაღები გამოცდებისთვის მოსამზადებლად. წინა საღამოს მამა გულის ინფარქტით გარდაიცვალა, ექიმის შეცდომის გამო... დავასაფლავეთ მამა და მეორე დღეს წამოვედი თბილისში, შევეცადე, ყველაფერი ისე გამეკეთებინა, როგორც ერთად გვქონდა დაგეგმილი. მეორე ურთულესი პერიოდი იყო, როცა ჩემი შვილი დაიჭირეს. თითქოს გამიზნულად წავედი ამ გზაზე, ვიცოდი, რასაც ვაკეთებდი, მაგრამ ბოლომდე მეგონა, რომ ამას არ იკადრებდნენ. როცა პოლიციის სამმართველოსთან ვიდექი და გავიგე ორი შეკვრა ნარკოტიკის გამო ჰყავდათ დაკავებული, გამეცინა – მოხმარებისთვის ხომ ძალიან დიდი დოზა იყო და მერე ფინანსურადაც. პირველი რაც ვიკითხე, თუ ეს იმიტომ მოაწყვეს, რომ „ქრონიკა პლუსზე“ ევაჭრათ, ჩემი პასუხი იყო – არა. ეს ოთხი თვე, 120 ღამე არასოდეს მთავრდებოდა და ის საკანი წარმომედგინა ყოველთვის, სადაც ჩემი შვილი ჰყავდათ გამოკეტილი.

– ვაგროვებ...

– მოგონებებს.

– დღევანდელ საზოგადოებაში დანაკლისია...

– თანაგრძნობის. იმდენად ბევრი სიძულვილი, ღვარძლი და დაპირისპირებაა, რომ ადამიანებმა დაკარგეს ერთმანეთის მიმართ თანაგრძნობის უნარი.

– რჩევა, რომელიც სულ მახსოვს...

– პატარა ვიყავი, როცა მამამ მიმიყვანა კიბესთან, მესამე საფეხურზე დამაყენა და მითხრა, გადმოვმხტარიყავი. მარტივი იყო და გადმოვხტი. აბა, ახლა ადექი და უკან ახტიო. გამიჭირდა. მაშინ მითხრა, ყოველთვის გახსოვდეს, როცა სიმაღლეზე იქნები იქიდან ჩამოვარდნა ძალიან მარტივია, ხოლო უკან დაბრუნება, რთულიო. ეს მახსოვს დღემდე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა