საზოგადოება

ელდინო საღარაძე: სულ ბრძოლაში ვარ, თანაც წინა ხაზზე

№35

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 04.09

ელდინო საღარაძე
დაკოპირებულია

ელდინო საღარაძის "უცნობი მხარე"👇

– ვინ არის ელდინო საღარაძე?

ელდინო საღარაძე: ვინ ვარ? აქვე რომ გეკითხათ, რისთვის ვარ აქ, დედამიწაზე და საით მივდივარ ჩემი ყოველდღიურობით, საზრისის მაძიებელი ადამიანის შეკითხვები გამოვიდოდა, თავის თავს რომ უსვამს, ყოველდღე თუ არა, დროგამოშვებით მაინც. „საზრისის“ ძიება კი იმ გაცნობიერების პროცესია, რომლის გარეშე არსებობას ადამიანის რანგში ყოფნა არ ჰქვია. ადამ-იანი ის სულიერი მდგომარეობაა, როცა ინდივიდი შეიმეცნებს თავის თვისებებს, დაყოფს მათ ალტრუისტულ (მასში „ადამის“ განმაპირობებელ) და ეგოისტურ („იანის“, ანუ საპირისპიროს) მდგომარეობებად და ეგოისტურის ალტრუისტულად ტრანსფორმაციას დაიწყებს. ვიდრე კაცობრიობა ამის აუცილებლობამდე არ მივა, მანამდე გვექნება ატომური ომების წინაშე მოცახცახე დედამიწური სამყარო, ბუნებრივი კატაკლიზმების შიში და ათასგვარი ავადმყოფობით დაზიანებული ფიზიკური სხეულები.

მე მინდა, ვიყო ადამიანი, რომელიც ბოლომდე მიიყვანს ხსენებულ ტრანსფორმაციას. არ ვიცი, ამას შევძლებ თუ არა. ეს ურთულესი და ხანგრძლივი პროცესია. მოიგო ომი საკუთარ თავთან, ყველა იმ ომის მოგების ტოლფასია, რაც კაცობრიობას თავისი არსებობის განმავლობაში უწარმოებია. ერთი ნამდვილად შემიძლია გითხრათ: ჩემი ცხოვრების ყოველი წუთი ამ შინაგან მუშაობას ხმარდება. ესე იგი, სულ ბრძოლაში ვარ, თანაც – წინა ხაზზე!

– როგორია თქვენი საოცნებო ცხოვრება?

– ვოცნებობ, ვიყო ისეთი საქართველოს მოქალაქე, რომელშიც ადამიანები ერთმანეთზე ზრუნავენ, რომ უკეთესები გახდნენ. სიტყვაში „უკეთესები“ ვგულისხმობ ყოველდღიურ მშვენიერ და უფრო მეტად – სულიერ განვითარებას. ამის კვალდაკვალ ფიზიკურ-მატერიალური თავისთავად მოვა, როგორც შედეგი.

ვოცნებობ, ქართველმა გააცნობიეროს თავისი სულიერი ფესვი, როგორც ყველაზე ძველი და ყველაზე ძლიერი. ასეთი გაცნობიერების შემდეგ, რასაც ის გააზრებაც მოჰყვება, რომ ძალიან უხვად ვართ დაჯილდოებული ღვთის მიერ, დაიწყოს მოქმედება ლოგიკით - „ვისაც მეტი მიეცა, მეტი მოეთხოვება“.

უზომოდ გახარებული ვარ იმით, რომ საქართველოში ამ მიმართულებით „დიდი გამოღვიძება“ დაიწყო. ჩვენმა ჯგუფმა „თიბერიონმა“ (ხელმძღვანელი მედიცინის დოქტორი თამაზ ფირცხალავა) ყველაფერი გააკეთა საიმისოდ და დღესაც თავაუღებლად მუშაობს, რათა „გამოღვიძებულებს“ „ადამიანობის“ პროგრამა დაახვედროს.

– გიკეთებიათ საქმე, რომელიც გძულდათ?

– დიახ! და იმის გამო, რომ ასეთი დამოკიდებულება მქონდა ლაბორატორიული სამუშაოს მიმართ, როცა ქიმიის ფაკულტეტზე ვსწავლობდი, დღესაც მრცხვენია. არ მივატოვე მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი მომავალი მეუღლე შემიყვარდა, ჩემივე თანაკურსელი და ამ სიყვარულმა შემარიგა ქიმიასთან. ახლა იმის გამო მრცხვენია, რომ მაშინ ნასწავლი საკითხები, განსაკუთრებით კვანტურ ფიზიკასა და ქიმიაში, ძალიან გამომადგა „თიბერიონში“ მუშაობის დროს, რადგან სულიერ და მატერიალურ სამყაროებს შორის კავშირის გააზრება ამ მეცნიერებების გარეშე შეუძლებელია.

თუ ადამიანი ირწმუნებს, რომ ყველა განსაცდელი, რომლის წინაშეც ის აღმოჩნდება, იმისთვისაა, რომ თავისი ინდივიდუალური მისია მაღალ დონეზე შეასრულოს, რათა ღირსეულად „ჩაეწნას“ ჯერ თავისი ქვეყნის, შემდეგ კაცობრიული მისიის აღსრულების საქმეში, ის სწრაფი ნაბიჯებით ივლის საკუთარი ბედნიერებისკენ. ჩემი აზრით, დღეს, ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა მომავალი თაობისთვის ამის ახსნაა. დღეს ხომ მოზარდი თავისი იმ სურვილების მონაა, რაც მას სიამოვნებას ანიჭებს. ასეთი „საქმიანობა“ კი მისთვის გაჯეტებით გართობაა, რაც მისგან, ფართო პერსპექტივაში, სრულიად უსარგებლო არსებას აყალიბებს. ღრმად მწამს, რომ ის ბავშვობიდანვე უნდა ჩავახედოთ ცნებებში: „სასიამოვნო“ და „საჭირო“. დავუკვირდეთ ამ ბოლო სიტყვას – „სა-ჭირ-ო“ ანუ ჭირის დროს გამოსაყენებელი. ყველაზე დიდი ჭირი კაცობრიობისთვის კი ისაა, რომ მხოლოდ სიამოვნების, თავისი ეგოისტური სურვილების დაკმაყოფილების ძიებაშია. ასე „ჭირს“ თავიდან ვერასდროს მოვიშორებთ. ხედავთ, ისევ ზემოთ ხსენებულ ტრანსფორმაციამდე მივედით: სასიამოვნოდან – საჭირომდე! ნეტავი იცოდეს ადამიანმა, რომ ყველაზე დიდი და ნამდვილი სიამოვნებები მას ამ პროცესში ელოდება.

– ბოლოს როდის იტირეთ და რატომ?

– ასე რიგის მიხედვით ვერ დავალაგებდი ჩემს ტირილებს. მეც ხომ, როგორც ყველა, მაშინვე წუწუნსა და ტირილს ვიწყებდი, როცა ჩემი ეგოისტური სურვილები არ სრულდებოდა. კარგად დამამახსოვრდა და არც არასდროს დამავიწყდება ჩემი ყველაზე „კარგი“ და სასარგებლო ტირილი, რომელშიც საშინელი სასოწარკვეთა გამოვხატე, როცა გავაცნობიერე, რომ ამპარტავანიც ვიყავი, შურიანიც, ხარბიც, ძუნწიც და... თითქმის ყველა სახის ეგოისტური „ყვავილების თაიგული“ მეპყრა ხელთ. რა თქმა უნდა, ეს საკუთარ თავზე დაკვირვებისა და ჩემსავე შინაგან სამყაროში ღრმად ჩახედვის სიკეთე იყო, რასაც თიბერიონელები ვსწავლობდით და თან ვმუშაობდით საკუთარი ეგოისტური თვისებების აღმოჩენასა და მათ ალტრუისტულში ტრანსფორმაციაზე.

მახსოვს, ხმამაღლა ვღრიალებდი (მარტო ვიყავი სახლში) და ღმერთს ვევედრებოდი, დამეხმარე, უშენოდ ამდენ მაჯლაჯუნას როგორ გავუმკლავდები-მეთქი! ახლა კარგად ვიცი, რომ ასეთ ლოცვას „სასოწარკვეთილი ლოცვა“ ჰქვია. ამ დროს, ღვთის შეწევნით, ჩვენში ისეთი იმპულსების, ისეთი ენერგიების გამოღვიძება და ამოქმედება ხდება, რომლის გარეშე ადამიანი სანატრელ ტრანსფორმაციას ვერ მოახერხებს. ეს საუკეთესო ტირილი იყო ჩემს ცხოვრებაში. სხვა ტირილებზე საუბარი არც ღირს.

– გულჩვილი ხართ?

– სენტიმენტალიზმი არ მიყვარს არც სცენაზე, არც პოეზიაში და არც ცხოვრებაში. გული ძლიერად მხოლოდ მაშინ მიჩქროლდება, თვალზე ცრემლი მაშინ მადგება და ჟრუანტელიც მაშინ მივლის სხეულში, როცა ძალიან ამაღლებული, დიადი ფაქტის წინაშე ვდგები.

ჩემი გაგებით, გულჩვილობა სიბრალულს უკავშირდება. როდისაა ადამიანი საბრალო? როდის მწუხარებს, მოთქვამს, ტირის? როცა ის სურვილებს ვერ ისრულებს! ჩვენს სურვილთა აბსოლუტური უმრავლესობა კი ეგოისტურია და მათი ასრულება დიდ განსაცდელს ბადებს ჯერ კონკრეტულ, საბოლოოდ კი ზოგად ჭრილში, რადგან ეგოიზმი თვითგანადგურების ძლიერ იმპულსებს შეიცავს და ამოჭამს რა საკუთარ თავს, ბოლოს თვით იმ ადამიანს ანადგურებს, რომელშიც ის ბინადრობს. ამიტომ, როგორ მოვიქცეთ მწუხარე ადამიანის წინაშე, მივუსხდეთ, გულში ჩავიხუტოთ და მასთან ერთად ვიტიროთ? ეგებ ის სჯობდეს, დავეხმაროთ იმის გააზრებაში, თუ რატომ აღმოჩნდა ამ საბრალო მდგომარეობაში და მოთქმა-წუწუნში ენერგიის ხარჯვას საკუთარი მდგომარეობაში გარკვევა ამჯობინოს, მიხვდეს, თავისმა რომელმა თვისებებმა მიიყვანა სავალალო მდგომარეობამდე. იმ თვისებების ალაგებით საკუთარი შინაგანიდან ის მომავალ უფრო მძიმე განსაცდელებს აირიდებს თავიდან. ეს პროცესები მე დაწვრილებით აღვწერე წიგნში – „იყო და არა იყო რა“.

– რას გააკეთებდით, ახლა რომ ლატარიაში ფული მოიგოთ?

– უპირველეს ყოვლისა, ჩემს დანგრეულ აგარაკს ავაშენებდი წაღვერში, არჯევანიძის ტყეში. იმ საოცარ ადგილას ზაფხულის გატარება ჯანმრთელობისა და ენერგიის ისეთი წყაროა, რომ გაცილებით ნაყოფიერი იქნეოდა ჩემი შრომა მოწაფეებთანაც და იმ საქმეშიც, რასაც „თიბერიონში“ დაგროვილის გაცემა გულისხმობს (ახლა ეს ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეა).

თუ ჩემგან სხვაგვარ პასუხს ელოდით (მაგალითად, მოგებულ თანხას გავუნაწილებდი შვილებს, შვილიშვილებს, მეგობრებს, გაჭირვებულებს და ასე შემდეგ), იმედს გაგიცრუებთ, არც ერთ ლარს არ გავიმეტებდი მათი ეგოისტური სურვილების ასასრულებლად. „თევზს ნუ მისცემთ, თევზჭერა ასწავლეთ!“ მთლიანად ვეთანხმები და ვემორჩილები სამყაროსეულ ამ ბრძნულ შეგონებას. არაფერს დავიშურებდი, თუ მათ ჩემი დახმარება „თევზჭერის“ შესასწავლად დასჭირდებოდათ.

– ტყუილთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?

– ალბათ, სულხან-საბასებური, რაც მან გამოხატა თავის ცნობილ ნაწარმოებში „სიბრძნე სიცრუისა“. კონკრეტულად კი, თუ ეს ტყუილი არავის დააზიანებს და საბოლოოდ, სიკეთის მომტანი იქნება, უნდა წახვიდე ასეთი ტყუილის მიმართულებით. თევდორე ბერმაც უთხრა ტყუილი თურქებს, ქართლის გზას მიგასწავლითო. არ უნდა მოქცეულიყო ისე, როგორც მოიქცა?! თუ მეტყვით, ამ ტყუილმა თურქები დააზარალაო, გიპასუხებთ: ისინი თევდორეს ტყუილმა კი არა, საკუთარმა ანტისამყაროსეულმა განზრახვამ – მიეთვისებინათ სხვისი მიწა-წყალი – დააზარალა, მათ წინააღმდეგ სამყაროსეული დამსჯელი ძალა აამოქმედა.

– ბევრი წლის შემდეგ როგორ ისურვებდით სიცოცხლის დასრულებას?

– მადლობა ღმერთს ისეთ ასაკში ვარ, რომ ჩემი ინდივიდუალური მისია გააზრებული მაქვს. წუთს არ ვკარგავ, რომ ის ბოლომდე შევასრულო. ჯერ კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი მაქვს შესასრულებელი. მინდა, ჩემი ბოლო ფრაზა, რომელიც გონებაში გაირბენს, იყოს: მადლობა, ღმერთო, ბოლომდე ამოვწურე აქ საკეთებელი!

– ყველაზე დიდი შიში როდის განიცადეთ?

– როცა დედაჩემმა ოთხმოცდათოთხმეტი წლის ასაკში ნეკნი გაიტეხა და ტკივილისგან იტანჯებოდა, შემეშინდა, ისედაც სიბერისგან დაუძლურებული, როგორ გაუძლებდა ტანჯვას, ის რომ დიდხანს გაგრძელებულიყო. მადლობა ღმერთს, რომ მალე მიიხმო ღმერთმა და ტანჯვა დასრულდა. მე მაშინ სიკვდილს შევურიგდი. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ღმერთისკენ მიმავალ ჩემს გზაზე. ადამიანი ხომ, ზოგადად, ვერ ურიგდება სიკვდილს.

– ყველაზე დიდ უსამართლობას როდის შესჯახებიხართ?

– ეს შეკითხვა, ცოტა არ იყოს, ოქსიმორონის ელფერს გადაიკრავს – ღმერთი და უსამართლობა? არ მითხრათ, რა შუაშია აქ ღმერთიო! „რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების!“ რაკი მოხდა, ამის აუცილებლობა არსებობდა. მისი ამოცნობა და ამ ამოცნობის მიხედვით მოქმედება კი ჩემი ვალი იყო, არის და იქნება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა