საზოგადოება

„ექსპერტების კონსულტირების საერთაშორისო კომპანია“ – ამერიკული ბიზნესი საქართველოს განვითარებისთვის

№7

ავტორი: ქეთი მოდებაძე 13:30 21.02, 2022 წელი

იანა ხუციშვილი
დაკოპირებულია

ბიზნესქალბატონს, მწერალ იანა ხუციშვილს ჩვენი მკითხველი მისი საქმიანობიდან გამომდინარე, კარგად იცნობს, თუმცა ის ამჯერად სულ სხვა კუთხითა და ახალი წამოწყებით წარდგება. ბიზნესი საქართველოს სიყვარულისთვის, ასე ჰქვია მის პროექტს, რომლის წამოწყებასაც ქალბატონი იანა და მისი კომპანიონები გეგმავენ.

– ქალბატონო იანა, დავიწყოთ საუბარი თქვენი ახალი გეგმებით. საზოგადოება გიცნობთ როგორც წარმატებულ ბიზნესქალბატონს. სხვადასხვა დარგობრივ ბიზნესში მოღვაწეობთ. დავიწყოთ ახალი წამოწყებით. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის გრანდიოზული გეგმა. რას მოიცავს იგი?

– თამამად შეიძლება, ითქვას, რომ ეს არის ახალი სიტყვა ქართულ სინამდვილეში. ერთი წელია, მე და ჩემი მეგობარი, ნინა კიკნაძე, საფუძველს ვუყრით და ვშრომობთ ამ საქმისთვის. 2019 წლიდან მაქვს ამერიკული „ექსპერტების კონსულტირების საერთაშორისო კომპანია“, რომელსაც ძალიან დიდი მომავალი აქვს. ეს შემთხვევითი არ არის. ამერიკაში არ ვარ ნამყოფი, ილუზია არ მაქვს, რომ იქ ბიზნესის განხორციელება ადვილი იქნება, მაგრამ მომწონს სირთულეებთან შეჭიდება და მიყვარს ჩემი ქვეყანა! ეს ნამდვილად არ არის მხოლოდ ბიზნესი ბიზნესისთვის. ეს არის ბიზნესი საქართველოს სიყვარულისთვისაც. ადამიანებმა, ჩვენი ჩართულობით, უნდა გაიცნონ საქართველო, რომ საქართველო არ არის ჯორჯიის შტატი, რომ საქართველო არის უდიდესი ცივილიზაციისა და უძველესი კულტურის მქონე ქვეყანა.

– ეს, ალბათ, მოიცავს რამდენიმე ეტაპს, ეს არის, პირველ რიგში, ქართული კულტურის წარმოჩენა. ასევე, მეწარმეობის...

– დიახ, ამ საეტაპო ერთ წელში გამოჩნდა, რომ ჩვენ მზად ვართ, დავიწყოთ ეს საქმე. რას მოიცავს ეს: ლას-ვეგასში უკვე ჩატარდა ერთდღიანი დიდი სიმპოზიუმი – „საქართველოს დღეები ამერიკაში“. ჩვენი საქმე მოიცავს ქართული ბიზნესის პოპულარიზაციას ამერიკაში – ეს იქნება ღვინო, ტყემალი, ჩვენი მურაბები, კულინარია და ასე შემდეგ. ქართულ კულინარიასა და ქართულ სუფრას ანალოგი არ აქვს მსოფლიოში და ამაში ვერც ვერავინ შეგვედავება. ამერიკელები, ასევე, გიჟდებიან ხელნაკეთ ნივთებზე და ჩვენ პოპულარიზაციას გავუკეთებთ ქართულ მინანქარს, თიხას, თექას, ნაქსოვებს, ძალიან ბევრ რამეს, რომ ჩვენ ვართ უძველესი გენეალოგიის ერი, რომელიც უნიკალურია თავისი გენეტიკით, შემოქმედების უნარით, სიმაღლეების დაპყრობით. რომელსაც შეუძლია ყველაფერი, უბრალოდ, სივრცე არ აქვს. როგორ მოხდება და რა ფორმით ეს ყველაფერი? საქართველოს დღეები ჩატარდება მარტში და გაიმართება ჯერ 3 თვეში ერთხელ, შემდეგ – ყოველთვე. ასევე, ვგეგმავთ ფესტივალს, სადაც იქნება გამოფენა-გაყიდვა, პროდუქციის დაგემოვნება და ასე შემდეგ. იქნება კონკურენციაც, ყველას ენდომება თავისი პროდუქციის გატანა, ყურადღება გამახვილდება იმაზე, რომ ადამიანი უნდა იყოს წარმატებული თავის ქვეყანაში, აუცილებლად უნდა იყოს გადასახადის გადამხდელი, უნდა ესმოდეს ბიზნესი... ჩვენი გუნდი კი გადაწყვეტს, თუ ვინ ჩაერთვება. ეს გადაწყვეტილება გადაეგზავნება ამერიკაში იქაურ კომიტეტს, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას ჩვენთან შეთანხმებით მიიღებს. ეს არის ყველაზე მთავარი, გუნდურობის პრინციპი, რომ ჩვენ, ამხელა მანძილზე, გვაქვს ერთმანეთის ნდობა, ერთმანეთის სიყვარული, ადამიანური ურთიერთობები, რაც დღეს ძალიან აკლია საზოგადოებას და ამ პანდემიამ, ხომ, საერთოდ გააქრო და დააშორა ადამიანები ერთმანეთს. მონატრებულ ქართველობას იქ ქართული სული თავიდან უნდა შევაგრძნობინოთ და ქართული ჰაერი ვასუნთქოთ. ამას შევძლებთ ჩვენ. ახლა დაგეგმილია ატლანტაში, მერე – ფლორიდაში და ასე მივყვებით და კიდევ ერთი, ყველაზე მთავარი – ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერა თითოეულ შტატში. ისინიც გიჟდებიან ამ ყველაფერზე. ძალიან კარგად იცის ამერიკამ, რა უნდა მას. ეს ჩვენ არ ვიცით, რა გვინდა ქართველებს. ქართველი ორიენტირებულია, იმას მოერგოს, რაც სხვას უნდა და ვიდრე კარგად არ გავაცნობიერებთ, რა გვინდა ჩვენ, ქვეყანა არ აშენდება და არ განვითარდება. მარტო ხელისუფლებას რომ ეძახო, გამიკეთე, რაც მინდაო, ასე არაა. მე რა მინდა, მოგთხოვ, თუმცა, ჯერ საკუთარ თავს მოვთხოვ და მერე ხელისუფლებას. მგონია, ასე განვითარდება ბიზნესიც და ქვეყანაც. ამის გარდა, ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ტურიზმის განვითარებას. ჩვენ შემოვიყვანთ ჯგუფებს. საფუძველს ვუყრით, რომ ადამიანებმა ისწავლონ საქმისადმი პასუხისმგებლობა. დავაკვირდებით ტურისტული კომპანიების მუშაობას და ამის მიხედვით გადავწყვეტთ, რომელი გააფორმებს ჩვენთან მემორანდუმს. ქვეყნის განვითარება არ ნიშნავს ფულის გამოძალვას ტურისტისთვის. ჩვენი ბიზნესი მოიცავს პიარსაც. გავაპიარებთ აქაურ ბიზნესს და არა მხოლოდ მსხვილ ბიზნესს, არამედ მცირე ბიზნესსაც შევუწყობთ ხელს, გაპიარდნენ ამერიკულ ბაზარზე. რას მოიცავს ეს? იქნება ინტერვიუები იქაურ, ადგილობრივ ჟურნალ-გაზეთებში, სტატიები... ასევე, ამერიკული. გამოცდილების გასაზიარებლად ჩავიყვანთ ბიზნესმენთა ჯგუფს. იქნება გაცნობითი ხასიათის შეხვედრები, პლუს ამას – ინვესტიციების მოზიდვა, საქმიანი პროექტები და ასე შემდეგ. ასე რომ, ეს იქნება დიდი და მასშტაბური პროექტი ქართული ბიზნესისა და კულტურის პოპულარიზაციისთვის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა