ებრაული სიბრძნე
ავტორი: რევაზ ტომარაძე 19:00 14.08, 2023 წელი

გასული საუკუნის ოციან წლებში ახალგაზრდა ებრაელი მივიდა ცნობილ ნიუ-იორკელ რაბინთან და განუცხადა, რომ თალმუდის (თალმუდი – ებრაელთა რელიგიური, საყოფაცხოვრებო და სამართლის წესებისა და კანონების კრებული, შედგენილი ბიბლიის – „ძველი აღთქმის“ – წიგნების განმარტებათა საფუძველზე) შესწავლა სურდა.
– შენ იცი არამეული? (ერთ-ერთი სემიტური ენა)? – შეეკითხა რაბინი.
– არა.
– ივრითი?
– არა.
– თორას თუ სწავლობდი ბავშვობაში?
– არა, რაბი. მაგრამ თქვენ ნუ ღელავთ. მე ბერკლის ფილოსოფიური ფაკულტეტი დავამთავრე და ახლახან დავიცავი დისერტაცია – „ლოგიკა სოკრატეს ფილოსოფიაში“. და ახლა, ჩემს ცოდნაში თეთრი ლაქები რომ ამოვშალო, მსურს, თალმუდიც ცოტაოდენ შევისწავლო.
– შენ არ ხარ მზად თალმუდის შესასწავლად, – უთხრა რაბინმა, – ეს არის ყველაზე სიღრმისეული წიგნი იმ წიგნებიდან, რომლებიც ადამიანებს დაუწერიათ. მაგრამ, რადგან შენ დაჟინებით მოითხოვ ამას, ტესტს მოგიწყობ ლოგიკაზე. თუ თავს გაართმევ, გამეცადინებ.
ახალგაზრდა დათანხმდა და რაბინმა განაგრძო:
– ორი ადამიანი ეშვება კვამლსადენიდან. ერთი ძვრება სუფთა სახით, მეორე – გამურულით. რომელი მათგანი წავა დასაბანად?
ახალგაზრდა ფილოსოფოსმა გაოცებულმა ჰკითხა:
– ეს ტესტი ლოგიკაზეა?
რაბინმა თავი დაუქნია.
– რასაკვირველია, ის, რომელსაც გამურული სახე აქვს.
– არასწორია. დაფიქრდი ლოგიკურად: ის, რომელსაც გამურული სახე აქვს, შეხედავს იმას, რომელსაც სუფთა აქვს სახე და გადაწყვეტს, რომ ისიც სუფთაა. ხოლო ის, რომელსაც სუფთა აქვს სახე, შეხედავს იმას, რომელსაც სახე გამურული აქვს და გადაწყვეტს, რომ თვითონაც გაიმურა და წავა დასაბანად.
– ეშმაკურადაა მოფიქრებული! – აღფრთოვანდა სტუმარი. აბა, რაბი, მომეცით კიდევ ერთი ტესტი.
– კარგი, ახალგაზრდა. ორი ადამიანი ეშვება კვამლსადენიდან. ერთი ძვრება სუფთა სახით, მეორე – გამურული. რომელი მათგანი წავა დასაბანად?
– ჩვენ ხომ უკვე გავარკვიეთ – ის, რომელსაც სუფთა სახე აქვს!
– არასწორია. ორივე წავა დასაბანად. დაფიქრდი. ლოგიკურად, ის, რომელიც სუფთა აქვს, შეხედავს მას, რომელსაც სახე გამურული აქვს და გადაწყვეტს, რომ ისიც გამურულია. ხოლო ის, რომელსაც გამურული სახე აქვს, დაინახავს, რომ მეორე წავიდა დასაბანად, მიხვდება, რომ ჭუჭყიანი აქვს სახე და ისიც წავა დასაბანად.
– მე ამაზე არ ვიფიქრე! საოცარია – მე ლოგიკური შეცდომა დავუშვი! რაბი, მომეცით კიდევ ერთი ტესტი!
– კეთილი. ორი ადამიანი ეშვება კვამლსადენით. ერთი გამოდის სუფთა სახით, მეორე – გამურული. რომელი მათგანი წავა დასაბანად?
– ორივე წავა დასაბანად.
– არასწორია. დასაბანად არცერთი არ წავა. დაფიქრდი ლოგიკურად. ის, რომელსაც სახე გამურული აქვს, შეხედავს მას, რომელსაც სახე სუფთა აქვს და არ წავა დასაბანად. ხოლო, რომელსაც სახე სუფთა აქვს, დაინახავს, რომ ის, რომელსაც გამურული სახე აქვს, არ მიდის დასაბანად, მიხვდება, რომ მას სუფთა სახე აქვს და არც ის წავა დასაბანად.
ახალგაზრდა სასოწარკვეთილებაში ჩავარდა.
– თუ შეიძლება, დამიჯერეთ, მე შევძლებ თალმუდის შესწავლას! რამე სხვა შემეკითხეთ!
– კარგი. ორი კაცი ეშვება კვამლსადენიდან:
– ოჰ, ღმერთო არცერთი მათგანი არ წავა დასაბანად!
– არასწორია.
ახლა დარწმუნდი, რომ სოკრატეს ლოგიკის ცოდნა არაა საკმარისი თალმუდის შესასწავლად? მითხარი, აბა, როგორ შეიძლება მოხდეს ისე, რომ ორი ადამიანი ეშვებოდეს ერთი და იმავე მილით და ერთ მათგანს გაემუროს სახე და მეორეს არა?! ნუთუ ამას ვერ ხვდები?
მთელი ეს შეკითხვა უაზრობაა და თუ შენ მთელ შენს ცხოვრებას ამ უაზრო შეკითხვებზე პასუხის გაცემას მოახმარ, მაშინ შენი ყველა პასუხიც უაზრობა იქნება!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან