დედა თამარი: მირეკავდნენ და მეუბნებოდნენ, შვილს დაემშვიდობეო
ავტორი: ქეთი კაპანაძე 16:00 23.12, 2020 წელი

ჯვრის მამის მონასტრის დედაომ – დედა თამარმა ძალიან რთული და ტრაგიკული ცხოვრება გაიარა და გულით უამრავ ტკივილს ატარებს. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ის ბევრი გაჭირვებული და ავადმყოფი ადამიანის იმედია.
დედაოს დახმარების სათხოვნელად არაერთი ადამიანი სტუმრობს, მათ ის განკურნებასა და სულიერი სიმშვიდის მოპოვებაში ეხმარება. დედა თამარი ხმამაღლა ამბობს საპატრიარქოს შესახებ მწარე სიმართლეს. „თბილისელების“ მკითხველს, ალბათ, ახსოვს, რომ მას სამჯერ მოუხდა ერთადერთი შვილის დაკრძალვა.
დედა თამარი: იცით, რას ნიშნავს შვილის გადმოსვენება? მის ხელახლა სიკვდილს. შვილის გადმოსვენება, გასვენებაზე ბევრად მძიმეა. რომ მცოდნოდა, ეს ასე დამანგრევდ ჩემს შვილს საფლავიდან არ ამოვიყვანდი. 23 წლის შემდეგ გადმოვასვენეთ, ყველა ძვალი მთელი ჰქონდა. წარმოუდგენლად მძიმე იყო – ვინც საფლავს თხრიდა, ყველას გული წაუვიდა. ერთი შვილი სამჯერ დავკრძალე. ახლა ჩემი შვილის საფლავი აქაა. ჩვენთან დედაოები არიან, ახალგაზრდა გოგოები, გაოგნებული ვარ მათი კაცთმოძულეობით. ღამის ორ საათზე გამოდიან და ძაღლისა და კატის ფეკალიებს ეძებენ, რომელსაც ხან ჩემს კართან ყრიან, ოთხჯერ კი ჩემი შვილის საფლავში ჩაყარეს. ყველა დავიბარე და ვუთხარი, თუ მსგავსი რამ კიდევ განმეორდებოდა, ჩემს თავზე პასუხს აღარ ვაგებდი.
– რატომ ფიქრობთ, რომ თქვენი შვილი მოკლეს?
– არ ვფიქრობ, ვხედავ. აბა, ავარია რატომ უნდა იყოს ასე მიჩქმალული? ჩემი შვილი წინ იჯდა, უკან – მისი ძმაკაცი. გადაწყვეტილი ქონდათ, რომ ავარიაში ჩემი შვილი მოეკლათ. ის ბავშვი არაფერ შუაში იყო, მაგრამ ჩასძინებია, საფეთქელი მიარტყა და უდანაშაულო ბავშვი გარდაიცვალა. დაგეგმა ჩაეშალათ. ჩემი შვილი გადარჩა, გადმოვიდა მანქანიდან და გარდაცვლილი ძმაკაცი ხელში აიყვანა, მაგრამ როგორც ჩანს, უკნიდან ვიღაცამ ჩაარტყა. თავი აგურის ნამსხვრევებით ჰქონდა სავსე. მის გაწირვაში საკმაოდ დიდი ფული აიღეს. ჩემი შვილი ძალიან ძვირად გაყიდული ბავშვია.
– ვინ და რატომ გაუკეთა ეს?
– ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერი ვიყავი. ყველა დეპუტატი ჩემთან მოდიოდა და თუ რამე უნდა გადაწყვეტილიყო, შეეძლოთ, ჩემს სახლში ესაუბრათ. ეს იცოდა უშიშროებამ და მემუქრებოდნენ. ყოველ დილით, ხუთ საათზე მირეკავდნენ და მეუბნებოდნენ, შვილს დაემშვიდობეო. როგორც ჩანს, ჩემი შვილის მეგობრებში ვინც ყველაზე სუსტი ნახეს, ის მოისყიდეს. მათ არაფრის რცხვენოდათ. მიმტკიცებდნენ, ამ ამბიდან მეორე დღეს მოვედით დაკითხვაზე და შენ დაწერე: ჩემი შვილი ახირებული ბავშვი იყო. სხვის მანქანაზე ნასვამი დაჯდა და ძმაკაცი მოკლაო. მაშინ ისეთი გაუბედურებული ვიყავი, ვინ გამიბედავდა დასაკითხად მეორე დღეს მისვლას?! ყველაფრის მიუხედავად, სიმართლე გავიგე. მითხრეს, თქვენი შვილი ძალიან ძვირად გაყიდეს, ფული შევარდნაძემდეა მისულიო. შევარდნაძემდეც ვაპირებდი მისვლას, მაგრამ ვინ მიმიშვა. ჩემი შვილის მოკვლით მე დამსაჯეს – ზვიადისტი დასაჯეს. ვითომ ჩემი შვილი იჯდა საჭესთან და მისი ძმაკაცი, მისი მიზეზით გარდაიცვალა. გარდაცვლილი შვილი შვიდი წელი პატიმარი მყავდა. ამის გაკეთება მხოლოდ შევარდნაძეს შეეძლო. შვიდი წელი რომ გავიდა, საფლავზე ჩავედი და აღვნიშნე, დღეს ციხიდან გამოგიშვეს შვილო-მეთქი.
– პატრიარქმა რატომ გთხოვათ მკვლელის პატიება?
– მართლმადიდებელი ხარ, უნდა აპატიო, ყველას ღმერთი გასცემს პასუხსო. ჩემთვის უწმიდესი უსაყვარლესი ადამიანია, მასზე უკეთ ვინ მირჩევდა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ვერ ვიტყვი, რომ უწმიდესს დავუჯერე და იმიტომ არ დავაჭერინე. ძალიან დიდ ბოდიშს ვუხდი უწმიდესს, რომ ეს ვერ შევასრულე, ჩემს ხედვას ვენდე. ვიცოდი, რომ ვინც კი ამ საქმეში იყო გარეული, ყველა უნდა დახოცილიყო და მართლა ასე მოხდა. 15 ოჯახი, ვინც კი სულ მცირედით ჩაერია, ყველა ამოწყდა. ერთ რამეზე მწყდება გული, შენ ყველაფერი უნდა დაითმინოო, შორენა სულ ასე მმოძღვრავდა, შენი სულისთვისაა, ადამიანო, კარგი, იმიტომ ხდება ამდენი განსაცდელი. სამაგიეროდ იქ იქნები კარგადო. თვითონ არ უნდათ, რომ იქ კარგად იყვნენ? მე რომ არ უნდა დამეჭერინებინა შვილის მკვლელები, თვითონ რატომ დააჭერინეს ციანიდზე ადამიანი, რატომ ვერ შეძლეს პატიება, რატომ არ დააცადეს ღმერთს? მე უნდა ვაპატიო ყველას ის, რომ ხერხემალში გადამტეხეს, ის, რომ ჩემი შვილის საფლავში ნეხვი ჩაყარეს, ის, რომ ერთ-ერთმა დედაომ, თაგვის წამლით სცადა ჩემი მოწამვლა. ყველაფერი ჩემს მოსაკლავად არ იყო? აქ მაშინ იღუმენია გვყავდა, რომელმაც ხელები დამითეთქვა. პირდაპირ მივმართავ უწმიდესს, ჩემო უძვირფასესო ადამიანო, იცით, როგორი სიყვარულითაც მიყვარხართ, ჩემზე უკეთ ხედავთ ყველაფერს. რაც აქ მოვედი, წამების მეტი არაფერი მინახავს. ერთხელ ბრძანეთ, ასე თუ გექცევიან, მე მაგ მონასტერს დავხურავო. ვუთხარი, დედაოები არიან, იქნებ მოვიდნენ გონზე-მეთქი. შემდეგ ამ იღუმენიამ რომ დამარტყა, ეს გაიგო უწმიდესმა და იმას აქ ხომ აღარ გააჩერებდა. იღუმენია რომ ხარ, ყველაფრის უფლება კი არ გაქვს. შეიძლება, ლოგინში მწოლიარე დედაო სცემო? უყურონ პატრიარქს და თავმდაბლობისა და სიწმიდის მაგალითი მისგან აიღონ. ნორალურია, ძველი ბიჭივით რომ ლაპარაკობენ მეუფეები, განსაკუთრებით იაკობი? მთელი ზამთარი, პანდემია რომ იყო და წამალი და საჭმელი გამომიგზავნე-მეთქი, ვთხოვე, შემომითვალა, არც ერთი გვაქვს და არც მეორეო.
– შორენაზე რას ფიქრობთ?
– უძლიერესი ქალია. არავის შეაწუხებს, პირგაკერილი იქნება. მაგრამ შორენას შეუძლია, საქართველო ერთ წუთში დაანგრიოს და ააშენოს. ჩვენ ძალიან ხშირად ვკამათობდით ზვიადთან დაკავშირებით. მას ზვიადი სძულდა. აღკვეცის დროს პატრიარქმა ჩემს აღმკვეცელს უთხრა ჩემზე, აქ, საპატრიარქოში, ჩემ გვერდით უნდა იცხოვროსო. მაგრამ შორენამ ისე გამაქრო იქიდან, ვერც გავიგე, რა მოხდა. ალბათ, ჩათვალა, რომ ბომბი ვიყავი და მომაშორა.
ჩემზე ამბობენ, ყველაზე მოვლილი დედაო გვყავსო. რომ შემიძლია, სუფთა საწოლში ჩავწვე და თავს მივხედო, ამას გულისხმობენ? უწმიდესს ვთხოვ: ჩემო უსაყვარლესო ადამიანო, ჯვარის მამის მონასტერი ნამდვილად უნდა დაიხუროს. არ იცით, აქ რა ხდება – რას იყოფენ და რას ვერა დედები, წინამძღვარს არ ინდობენ. უწმიდესო, საჭირონი არიან ასეთი დედები, თუ არც მიცვალებულს ინდობენ და არც ცოცხალს? ლოცვებს არ ესწრებიან, მათ მხოლოდ ადამიანების გამწარება შეუძლიათ.
მე ვინც აღმკვეცა, უწმიდესმა მერე შვილად მიკურთხა. დღეს მაყვედრის, მე რა ვალდებული ვიყავი, შენი შვილის პანაშვიდები გადამეხადაო?! შვილის პანაშვიდს როგორ მაყვედრი? სამკურნალოდ რომ მივდიოდი, ათასი ლარი გამომიგზავნა და უკან გავუგზავნე. ალბათ, იფიქრა, იცოტავაო და ათასი დოლარი გამომიგზავნა. ისიც უკან გავუგზავნე. უწმიდესი მიგზავნის დღესაც წამლის და მომვლელის ფულს. დანარჩენს ტყუილად დაიბრალებს ვინმე რამეს.
უამრავი სუფთა ბერი და მამა გვყავს. ეკლესიაში ცუდიცაა და კარგიც. ყველანაირი აღიკვეცება, ზოგი გამოსწორდა, ზოგს კაბის ქვეშ მაუზერი ჰკიდია და იაკობასავით ხულიგნები არიან, მაგრამ კარგებიც ხომ არიან. რას ელოდებიან, პატრიარქის რას? ეს სიტყვა რომ ვერავინ მათქმევინა, რასაც ეგენი ელოდებიან, იმიტომ გადამეკიდნენ უფრო მეტად. რატომ გიყვარს პატრიარქი ასეო, ამიტომაც არიან გაცოფებულები. ეს სიყვარული არ მაპატია შორენამ. არ ვინატრებდი მათ ბედს, არც მაგათ ფულებს, ძალიან მეცოდებიან, რომ ვიცი, რაშიც დასჭირდებათ ის ფული.
შორენა ისე მიყვარდა, შვილს ვადარებდი. ჩემი მეუფე, რომელმაც აღმკვეცა, მეუბნებოდა, რკინის ქალი გაადნე, სიყვარული ასწავლეო. შორენა – რკინასავით დედაკაცი მოვღუნე და იმ მეუფეებს, რომელსაც მე ვეფერებოდი, ისიც სიხარულოთი ელაპარაკებოდა. სამაგიეროდ თვითონ? სიძულვილი არ ვიცი, მაგრამ გული ნამდვილად მაქვს ნატკენი და ალბათ, ვერასდროს შევძლებ ამ სამი ადამიანის პატიებას, იმიტომ, რომ ესენი განსაკუთრებულად მიყვარდნენ: იაკობი, შორენა და მეუფე თევდორე, ვინც მე აღმკვეცა. მან ისეთი უბრალო რამისთვის გამწირა, რომ აღარც მინდა თქმა. ამათ ჰქვიათ სასულიერო პირები და ესენი არიან სიკეთის მთესველები? ისინი მხოლოდ საკუთარ თავს უფრთხილდებიან, კარგი სახლები აქვთ, ბლომად ფული – ჯიბეში, კაი ნაშოჩკა დედაოები ჰყავთ და მათი ნაშოჩკა დედაოები, დიახ, მაგარი მანქანებითაც დაგრიალებენ.
– ბევრმა იცის თქვენი წინასწარმეტყველური ნიჭის შესახებ...
– მაგისთვის შემჭამეს. ამათ ჰგონიათ, რომ ეს უნარი ძალიან ადვილი მისაღებია. ძალიან უნდათ იმ ყველაფრის ფასად, რის ხარჯზეც მე მაქვს? შვილი მომიკვდა, მე ლოგინად ვარ ჩავარდნილი. ძმები, მშობლები – ყველა დამეხოცა. ძმა რომ გარდამეცვალა, ნათესავებს ვეძებდი წლისთავზე რომ დამეპატიჟა. ნათესავი აღარ მყავს, მთელი გვარი ამომიწყდა. თუ ამის ხარჯზე ვინმეს უნდა, ვისაც გაუხარდება იმას მივცემ ჩემს ხედვას. უფალი არაფერს გაძლევს ისე, თუ ძალიან დიდი მსხვერპლი არ გაიღე. მე თუ მექნებოდა ბედნიერება, უფალი თუ შემეკითხებოდა, ნამდვილად არ მოვისურვებდი და ალბათ, შევბედავდი უფალს, ოღონდ ყველა ნუ დამეხოცება და ჩემი სიცოცხლე წაიღეთ, ოღონდ ამას ნუ მომასწრებთ-მეთქი. ამათაც ეს აგიჟებთ, რომ წინასწარ ვიცი, ვის რა დაემართება, მაგრამ ეს ჩემი სურვილით არ ხდება. მე არ მინდა ამის ცოდნა. ამაზე დიდი სიმძიმე არ არსებობს. ძალიან არ მინდოდა მენახა, როგორ ცხოვრობდნენ მეუფეეები და დედაოები. ყველაზე დიდი სისაძაგლე დავინახე, რაც არ შეიძლება, მონასტერში ხდებოდეს. სწორედ, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს სასჯელი უფროა ჩემთვის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან