საზოგადოება

დავით ზეიკიძე: „კაგებე“, მილიციასთან შედარებით, მაინც სუფთა ორგანიზაციად მიიჩნეოდა

№48

ავტორი: ეკატერინე პატარაია 20:00 05.12, 2023 წელი

ზეიკიძე
დაკოპირებულია

გაგრძელება, დასაწყისი #47

საბჭოთა კავშირის ქართული პოლიცია. როდის დგება პერიოდი, როცა პოლიცია ქართული

მითითებებით მუშაობს

კრიმინალებთან ბრძოლაში ეს არ იგრძნობოდა, ჩვენ აბსოლუტურად დამოუკიდებლები ვიყავით, თუ ეს არ ეხებოდა რაღაც დიდს, საკავშირო მასშტაბით ჩადენილ კრიმინალურ დანაშაულს, მაგრამ დანიშვნები დიდ თანამდებობებზე იქიდან მოდიოდა. საბჭოთა „კაგებე“ უფრო მაღლა იდგა. მათი განყოფილება იყო, რომელიც გვაკვირდებოდა ჩვენ, თანამშრომლებს ავერბოვკებდა და ასე შემდეგ. იყო ასე, მაგრამ მაინც რიდი იყო, „კაგებე“, მილიციასთან შედარებით, მაინც სუფთა ორგანიზაციად მიიჩნეოდა. ზღვარი გადიოდა ასეთნაირად: იყო „ობეხე“, რომელიც ეკონომიკურ დანაშაულებს ავლენდა. იქ ჰქონდათ ასეთი რამ: ორიდან იღებდნენ ფულს, ორიდან არ იღებდნენ, მაგრამ თუ სტატისტიკისთვის სჭირდებოდათ იმ ორს დაიჭერდნენ, რომლისგანაც არ იღებდნენ, მერე იმ ორსაც დაიჭერდნენ, რომლისგანაც იღებდნენ და ასე მაიმუნობდნენ. იყო პრივილეგიური კასტა, რომლებსაც ხელს არ ახლებდნენ, რომლებიც ვიღაცების მფრაველობის ქვეშ იყვნენ და იყვნენ ეს საცოდავები, რომლებსაც იჭერდნენ. საცოდავი რომ არ აღმოჩნდე, მაშინ ან პოლიციის ან „კაგებეს“ თანამშრომელი უნდა გახდე. სასწაულია, მაგრამ ასე იყო. სკანდალებიც იყო. მე მახსოვს, ერთი ძალიან კარგი თანამშრომელი იყო და დაიჭირა ის, ვინც პრივილეგიური იყო, ლევი რომ შეჰქონდა. დაიჭირა ეს ბიჭი „უგალოვნი როზისკმა“, ვინც კრიმინალებს დასდევდა, – შენ ვინ გეკითხება, რომ დასდევ მაგათო და სცემეს. მე მაშინ უფროსი ინსპექტორი ვიყავი, ის ბიჭი ჩემი ძმაკაცი იყო. აფხაზეთში ტანკს შეახტა. თანამშრომლები რომ დაუხოცეს, ძალიან გამწარდა, ჯოხს ურტყამდა, გააღეთ ლუქიო. მოკლეს, გმირია, ფაქტობრივად. მერე როცა მე სამმართველოს უფროსი გავხდი, იმ „ობეხეს“ თანამშრომელი მოვიდა, დამეხმარეთო – შვილი ჰყავდა ძალიან ცუდი, ნარკომანი, ყაჩაღი და დავიჭირეთ. კაბინეტიდანაც გავაგდე და თანამდებობიდანაც. ფაქტობრივად, უნდა დამორჩილებულიყავი იმ წესებს, რა წესებიც მოქმედებდა, თუ არადა, არ გამუშავებდნენ.

კარგი კაცი პოლიციაში

ერთადერთი მე ვიყავი ასეთი. მე უპატრონო კაცი ვიყავი. მამაჩემი არ ყოფილა პროფესორი, აკადემიკოსი, უბრალო ოჯახიდან ვიყავი. პატრონი მე არ მყავდა. დავიწყე რიგითიდან და სულ ვწინაურდებოდი. ყოველთვის პირველი ვიყავი დაწინაურების სიაში – კადრებში იყო ასეთი სია, იმიტომ, რომ ვჭირდებოდი. თვითონ სახელმწიფოს ვჭირდებოდი, იმიტომ რომ დანაშაული ხომ უნდა გახსნას ვიღაცამ, კრიმინალს ვიღაცამ ხომ უნდა ებრძოლოს. ის ხომ არ არის, მარტო ფული აიღონ. იმათაც ხომ აქვთ სტატისტიკა, იმათაც ხომ უნდათ გამოჩნდნენ? ასე ხომ არ არის, არავინ არ დაიჭირო და მიდი იმუშავე. ეს სტატისტიკა სჭირდებოდათ და სტატისტიკის შემქმნელი ვიყავით მე, გვენცაძე, ივანოვი. რამდენიმე კაცი ვიყავით ქალაქში, რომლებიც გავხდით გენერლები. იყო ასეთი პერიოდი, როდესაც სადაც ცუდად ჰქონდათ საქმე, ყოველთვის იქ ვინიშნებოდი. ჯიბგირები ხომ მოვსპე, ახლა მანქანების გატაცების განყოფილების უფროსად დამნიშნეს. გაჰყავდათ ქალაქიდან, შლიდნენ. ეს იმდენად გავრცელებული დანაშაული იყო, რომ ამის შტაბი იყო ლოტკინზე. წალენჯიხაში რომ მოგპარავდნენ მანქანას, მიხვიდოდი იქ, ოღონდ ნაცნობს უნდა მიეყვანე, ეტყოდი, ეს მანქანა მომპარეს, ჩაიხედავდნენ სიაში – ჰო, შეიძლება, კი ბატონო, დაგიბრუნებთ და ფულს იღებდნენ... შეკრულები იყვნენ პოლიციასთან. შტაბი იყო. გადაიხადე სამი ათასი ლარი, წადი, კარგად იყავი, შენი მანქანა იქა დგას ნახალოვკაში, ამა და ამ ადგილას. უბრუნებდნენ, ზოგი შლიდა, გადაჰყავდა ოსეთის მხარეს და იქ შლიდნენ და ყიდდნენ ნაწილებად. მაშინ ტეკას სამდივნოში იხილავდნენ ამას, იქ ხომ საჩივრები მიდიოდა. აწუხებდა ხალხი. ცეკა-ტეკა რომ შეაწუხეს – გაარკვიეთ, ერთი, რა ხდება ამ ჯიბგირებშიო. ტეკას მდივანს რაში აწყობდა, რომ იქ ვიღაც მანქანას იპარავს, მაგრამ საქმე ის იყო, რომ მილიციის უფროსები იმათი დანიშნულები იყვნენ და ხელს ვერ ახლებდნენ, მფარველობდნენ მათ. ისინი ამათ რომ მფარველობდნენ, ესენი იმ ჯიბგირებს და მამაძაღლებს მფარველობდნენ. აწყობილი სისტემა იყო, მაგრამ ჩემნაირი და გვენცაძისნაირი ხალხი ამათ სჭირდებოდათ და ხმას ვერ გვცემდნენ. მე რომ იქ დავინიშნე, გვენცაძე მეუბნებოდა (უკვე სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო): დათო, ფრთხილად იყავი, ახალი უფროსი რომ მოვიდა, მითხრა, რომ ეს უნდა დავაწინაურო, კარგი ბიჭიაო და ეგ ისეთი კაცია, რამე ენა რომ მიუტანონ, იცოდე, გაგაფუჭებს, ენისამყოლი კაცია და ამიტომ ძალიან ფრთხილად იყავი, ბიჭებმა იქ არაფერი დააშავონო. შევკრიბე ბიჭები და ვეუბნები: ხომ ვიცი, რა მამაძაღლებიცა ხართ, ხელი არ გაანძრიოთ არაფერზე, მაწინაურებენ-მეთქი. ბატონო დათო, ოღონდ დაგაწინაურონ, არ იდარდოთ, არაფერი არ იქნებაო... მაინც ვეუბნები: აგერ, ხუთასი მანეთი მაქვს. თუ ვინმეს ძალიან გიჭირთ, აიღეთ, ოღონდაც არაფერი არ გააკეთოთ-მეთქი. არა, არაო... წავიდნენ. ორ საათში მირეკავენ, რომ ორი კაცი დაიჭირეს. ფული მოსთხოვეს ვიღაცას სამასი მანეთიო. მე არაფერი ვიცი. თათბირი მიდის, ერთი ხუმარა თანამშრომელი გვაყავდა და რაღაცაზე გამეცინა. მე ვიცი, რომ ესენი დაიჭირეს, მაგრამ ვიცი, რომ ფული არ აუღიათ. გასარკვევია ჯერ, აუღიათ, თუ არ აუღიათ. მოკლედ, გამეცინა რაღაცაზე და ეს უფროსი ამბობს: რას იცინი, შე მექრთამეების უფროსოო. მე უკან გავიხედე, ამას ვის ეუბნება-მეთქი. შენ გეუბნები, ზეიკიძეო. ძალიან პირდაპირი ვიყავი, თანაც პატიოსანი ვარ, მე ხომ ვიცი, რომ არანაირ ფულს არ ვიღებ. მაშინ გამოდის, რომ მე თუ მექრთამეების უფროსი ვარ, თქვენ მექრთამეების უფროსის უფროსი ხართ- მეთქი. ამაზე გადამეკიდა და მხსნის. უნდა რომ რაიონში გადამიყვანოს. მე ვუთხარი, არც ეს თანამდებობა მინდა, მაგრამ რაიონში არ წავალ-მეთქი. რატომო, გვენცაძე მეკითხება. სულ წავალ პოლიციიდან, არ მინდა ეს პოლიცია-მეთქი, იმ დონემდე მივედი, რომ თუ არ გჯერათ, რომ წავალ, ნახავთ ახლავე-მეთქი. წავედი კაბინეტში, ფორმა გამოვიღე, ერთი ლიტრა ბენზინი მოვიტანე, ჩავედი და ვთქვი, ახლა კაბინეტში ვწვავ ფორმას, თქვენი დედაც-მეთქი... ატყდა მთელი ამბავი, კაბინეტში ზის სამმართველოს უფროსი, მიუტანეს ამბავი, ასე აკეთებსო. როგორია ფორმა დაწვა. მეუბნებიან, „ობეხეში“ გადადიო. არადა, „ობეხეში“ რომ დაინიშნო, მიმიმუმ, ცეკას მდივნის მოადგილე უნდა გყავდეს პატრონი. იქ კარგად იყვნენ, ყოველთვიურად ფული კეთდებოდა. აქ კიდევ ჯიბგირისგან და ყაჩაღისგან რა უნდა წაიღო ისეთი, შენც ხომ გინდა, რომ გამოჩნდე, ნახონ, რომ მუშაობ თუ არადა, არ გაგაჩერებენ. ამიტომ დიდად ფულის აღება იქ არ იყო და „ობეხეში“ კი „სტავკები“ იყო, არ მინდა, არა, გადავალ-მეთქი. რა გინდა, ბიჭო, რატომ არ გადახვალ, „ობეხეში“ გიშვებსო. კი მიშვებს, მაგრამ იქ რომ მივალ, ვიღაცას დავიჭერ, ან ვიღაცას რაღაცას ვაწყენინებ, გაიკითხავენ და იტყვიან, აი, ეს ქრთამზე გამოაგდეს იქიდან, როგორ არ გესმით-მეთქი... იმ დონეზე მივიდა ეს ჩვენი ჩხუბი, რომ ბოლოს, სამმართველოს უფროსი გაათავისუფლეს და მე დამტოვეს. წარმოიდგინეთ, იმდენად სჭირდებოდათ ჩემნაირი, გვენცაძისნაირი ხალხი, რომ ჩვენ პრივილეგირებული ვიყავით, იმიტომ რომ იცოდნენ, საქმის გამკეთებელები ვიყავით. ბოლოს იქამდე მივიდა საქმე, რომ შეკვეთებს გვაძლევდნენ. ვიღაცის ახლობელს დააყაჩაღებდნენ – მიხედე, რა! გაგვიხსენი, რა ეს საქმე... უკვე ძალიან პროფესიონალები ვიყავით.

ქურდების ბირჟა, პოკერი ცეკას მდივნებთან და „პალაჟენიები“ პოლიციასთან

პატიაშვილი მოვიდა და დაიწყო (როგორც ყველა იწყებს), კადრების ცვლილება, პროფესიონალების დანიშვნა. შევარდნაძემ მეტი წილი თანამშრომლები „კაგებედან“ გადმოიყვანა და პოლიციის უფროსებად, სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე, ხელმძღვანელებად დასვა, ეს ხალხი მასობრივად გადმოიყვანა, ამიტომ არ გაამართლა. მოგეხსენებათ, „კაგებე“ სხვა სამსახურია, პოლიცია – სხვა. გაუჭირდათ. პატიაშვილმა კი ეს პროცესი პროფესიონალების ჩანაცვლებით დაიწყო. პატიაშვილს ჩემზე უთხრეს, ქურდებთან იყო შეკრულიო. ახლა, გეკითხებით მე თქვენ – თბილისში გაზრდილი კაცს, უმართავი მეგობარი რომ გყავს, ზოგი უნივერსიტეტიდან, ზოგი იქიდან, აქედან, ზოგიც ქურდი გამოვიდა... რომ შეგხვდება, გვერდს ხომ ვერ აუვლი. შეიძლება, გადაკოცნო, მასთან ერთად იქეიფო კიდეც. რა მოხდა მერე? მოკლედ, მოვიდა თუ არა პატიაშვილი მაშინვე დაიწყო ქურდების შევიწროება და ისინი აქედან გაიქცნენ. მე რაც ვიცი, რაც მინახავს და რაც მოხდა სინამდვილეში, ასე იყო. აი, ეს შეიცვალა პოლიციაში. ერთმა მითხრა, ქურდებთან ძალიან ფრთხილად იყავიო. რატომ-მეთქი. დღეს ხომ აქ დგანან ბირჟაზე, საღამოს პოკერს თამაშობენ ცეკას მდივნებთან, დიდ ხალხთან. ისე მოგაშორებენ, ვერც გაიგებენ რატომ გაგაგდეს პოლიციიდან ან დაგიჭირესო. კი არ თანამშრომლობდნენ მათთან, ძმაკაცობდნენ და ერთობოდნენ. თან, უხაროდათ ის ქურდია, ეს ცეკას მდივანი, კარგად ეწყობიან... ჩვენ რომ მოვედით პოლიციაში, ოფიციალურად აკრძალული იყო ქურდთან ქეიფი, ურთიერთობა. სავსე იყო ქალაქი ქურდებით. თან მარტო ერთი ბირჟა კი არ იყო. ჩვენ უნდა გამოგვევლინა დანაშაული, მაგრამ როგორ უნდა გამოავლინო, თუ შენ ქურდთან საქმე არ გაქვს, მასთან არ ურთიერთობ, კრიმინალთან არ გაქვს ურთიერთობა, ვისგან უნდა გაიგო ამბები? ჩვენ დავიწყეთ ამის გაკეთება. დაიბარეს გვენცაძე და ჩემზე ჰკითხეს – ვინ არის ესო. მან კი, უპასუხა: აბა, საქმეები როგორ გავხსნათ? თქვენ ხომ თხოულობთ სტატისტიკას. ჩვენ თუ ამ კატეგორიის ხალხთან ურთიერთობა არ გვექნება და ინფორმაციას არ მივიღებთ, რანაირად ვიმუშავებთო. გაჩუმდნენ. ასე რომ, ჩვენს დროს დაიწყო ურთიერთობა ქურდებსა და პოლიციელებს შორის. იმ დროს, როცა ჩვენ ვიყავით, დანაშაული 35-37 პროცენტით შემცირდა. მასობრივი ქურდობა აღარ იყო. არაფერი მოლაპარაკება არ გქვონია. მათ იცოდნენ, რომ ჩვენ პატისონები ვართ და ტყუილად არავის დავიჭერთ, არც იარაღს ჩავუდებთ, არც ნარკოტიკს, არ შევავიწროვებთ... და, ვის უნდა ახლა გადამტერება. საერთოდ, მიმაჩნია, რომ კრიმინალს და დაკავებულს ჯიბრში არ უნდა ჩაუდგე. ღრძო ადამიანი არ უნდა იყო, ისიც ადამიანია. კი – იმას სხვა წოდება, მენტალიტეტი აქვს, შენ – სხვა, მაგრამ ადამიანური ურთიერთობა ცოტა სხვანაირია. ასეთი, ადამიანური ურთიერთობა ვარჩიეთ მე და გვენცაძემ და გაამართლა. სხვათა შორის, ინფორმაციებიც ბევრი მოგვდიოდა. ადრე თუ გაიგებდნენ, რომ უბანში ინფორმატორია, დედას უტირებდნენ, ესენი უკვე ხმას აღარ სცემდნენ იმათ, იმიტომ რომ ჩვენთვის უნდა დაერტყათ. ეს ჩემი ინფორმატორია და შენ ამას როგორ ავიწროვებო?.. ეს მოისპო. თავებს აჭრიდნენ, კლავდნენ ამის გამო. ეს აგენტები კი ბლატაობდნენ, ბევრი ინფორმაცია მოგვდიოდა. აი, რა გააკეთა ამ ურთიერთობამ.

თავისუფლების ისტორიები

ძალიან უმართავი გახდა სიტუაციები გორბაჩოვის დროს. ხალხმა – ვისაც უნდოდა, არ უნდოდა, ენა ამოიდგა, ყველა რაღაცას აკეთებდა. წავიდა მასობრივი ძარცვები. ერთი სიტყვით, კრიმინალმა მოიმატა. გამსახურდიას მოსვლამ ცოტა დააბნია ხალხი და პოლიციაც დაიბნა.

მერე დაინიშნა დილარ ხაბულიანი. დილარი მეგობრობდა გვენცაძესთან, ისევე როგორც მე. ხაბულიანს საერთოდ არ ეტყობოდა, სამოქალაქოდან თუ მოვიდა. ჩვეულებრივი მუშაობა წავიდა, ვემორჩილებით ყველა, სრულდება ყველაფერი... მართალია, ისე ვერ ვასრულებდით, იმიტომ რომ უკვე „მხედრიონი“ გამოჩნდა, ის გამოჩნდა, ეს გამოჩნდა... მართავს ხაბულიანი ყველაფერს, სიტუაციას, ემორჩილება ხალხი, იმიტომ რომ გვენცაძეა იქ. გამსახურდიამ დიდი შეცდომა დაუშვა, როცა ბუნკერში ჩავიდა. ამბები მიჰქონდათ – ხაბულიანი გღალატობსო. იმდენი უჩიჩინეს, იმდენი რომ ბოლოს და ბოლოს ისიც ბუნკერში ჩაიყვანა, მერე მოხსნა თანამდებობიდან და სხვა დანიშნა. დანიშნა სხვა თუ არა, იმწუთასვე დაინგრა პოლიცია. პოლიცია ის პოლიცია აღარ იყო. მე, როგორც სამხედრო მცოდნეს, დამიძახა გვენცაძემ და ჩამოვაყალიბეთ დიდი ჯგუფი. კიტოვანის ხალხი ვინც იყო, ყველა უნდა დაგვეკავებინა. ამას ძალიან ადვილად გავაკეთებდით, იმიტომ რომ კიტოვანს სამოცამდე კაცი ჰყავდა, მეტი არა და ჩემთვის სამოცი კაცის დაკავება არაფერი იყო, რომ შევარდნილიყავი. კი, შესაძლოა, სისხლის ღვრა მომხდარიყო, მაგრამ არ იყო ძნელი, შეიძლებოდა ამის გაკეთებდა. მოკლედ, დღეს რომ მოვილაპარაკეთ, დილით უნდა მივიდე და უნდა წამოვიყვანო ეს ხალხი. მივედი და სად არის? არც ხალხია, არც ტექნიკა... მორიგეს ვეკითხები: სად არიან-მეთქი. მეუბნება, ერთი თანამშრომელი მოვიდა სამინისტროდან და მან წაიყვანა ყველაო. ლესელიძის ქუჩით წაუყვანიათ, გზა გადაუკეტეს, ყველაფერი წაართვეს და მერე გამოყარეს იქიდან. ჩაიშალა ყველაფერი. ჩვენ კი სხვა გეგმა გვქონდა, ზეფუნიკულიორიდან ნელა-ნელა უნდა ჩამოსვულიყავით, ათ-ათი, ოც-ოცი კაცი და ისე შევსულიყავით. იმას უნდოდა თავი გამოეჩინა და ამ დროს საქმე გააფუჭა. შეიძლება, სპეციალურადაც გააფუჭა. არ ვიცი. ვერ დავაბრალებ, მაგრამ ფაქტია, ასე მოხდა. ერთადერთი კაცი ვარ, ვინც იარაღი ვიხმარე კიტოვანის საწინააღმდეგოდ. რომ შეეკითხო იმას, ზვიადის დროს რა ხდებოდაო, იტყვის – ზეიკიძე! ზეიკიძე!.. რა იცი შენ, ზეიკიძე რას აკეთებდა იქ?.. ერთადერთი კაცი ვიყავი, ვინც შეიარაღებული ხალხით გვერდში ვედექი გამსახურდიას და ვეხმარებოდი. ცნობილი ფაქტია ეს. უბრალოდ, ახლა არ ვიტყვი, რა კეთდებოდა იქ, მაგრამ კიტოვანს მიუტანეს ამბავი და მერე გადამეკიდა კიტოვანი, სამმართველოს უფროსად რომ დავინიშნე – ეგ შენ იარაღს გესროდაო...“

გაგრძელება შემდეგ ნომერში

იაგო ხვიჩიას გადაცემათა ციკლიდან – „საქართველოს დაბადება“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული