დავით კაკაბაძის ტრაგიკული ისტორია - ცხოვრება და სიკვდილი შიშის ქვეშ
ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 18.03

დავით კაკაბაძე საქართველოში მისი რეალური ევროპული აღიარების შემდგომ ჩამოვიდა. „დაუმთავრებელი სწავლით“ დაბრუნება მას არც სურდა, მაგრამ ეს იყო შეგნებული, პრინციპული სვლა, დიდი პატრიოტიზმისა, საქართველოს უსაზღვრო სიყვარულისა. დავით კაკაბაძის აღიარების ისტორია იწყება 1926 წელს ბრუკლინის მუზეუმში „ანონიმური საზოგადოების“ მიერ მოწყობილი საერთაშორისო გამოფენით. გამოფენის მნიშვნელობა უამრავ კვლევაში აღიარეს, ხოლო 1950 წლის კატალოგში ბრუკლინის მუზეუმის საკუთრივ დავით კაკაბაძის როლი კიდევ მეტად გამოიკვეთა. დავით კაკაბაძისათვის სურათი შემთხვევითობისგან გასათავისუფლებელია. მან „დასავლეთ-აღმოსავლეთის“ ზღვარი უნდა მოშალოს.
მხატვარი კინოში, ანუ სვლა დინების საწინააღმდეგოდ
პაატა იაკაშვილის ნაშრომის სახელწოდებაა „დავით კაკაბაძე – მხატვარი კინოში, ანუ სვლა დინების საწინააღმდეგოდ“. ავტორი დეტალურად იხილავს კინოსფეროში შემოქმედის მოღვაწეობას საბჭოურობის ურთულეს პერიოდში.
დებიუტი, როგორც კინომხატვრისა, 1928 წელს შედგა, ფილმით – „მათი სამეფო“ (მიხეილ კალატოზიშვილი და ნუცა ღოღობერიძე), რომელშიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა უარყოფითად, ხოლო საბჭოთა კოლონიად ქცეული ქვეყანა კი – დადებითად უნდა შეფასებულიყო, რის გამოც პირველი რესპუბლიკის ქრონიკა პაროდირებულად გადააკეთეს, ბოლშევიკთა ანტისახელმწიფოებრივი აჯანყება კი წარმოაჩინეს, როგორც ოსი ხალხის ბრძოლა სოციალურ უსამართლობასთან. კინოპოეტიკის თვალსაჩინოება დავით კაკაბაძის ძალისხმევით შედგა, სააგიტაციო კინოპლაკატურობა და ძველი-ახლის ჰიპერბოლიზებული შეპირისპირება მერე იწყება – მიხეილ კალატოზიშვილთან.
პრესამ ფსევდოეთნოგრაფიული ეპიზოდები ზოგან აღშფოთებით შეაფასა (მართლაც – ცნობილია, რომ მშობიარის სახლიდან გამოგდება გამორიცხული იყო სვანეთში).
„ბუბაში“ - გამოუცდელი ნუცა ღოღობერიძე დავით კაკაბაძეს შემოქმედებით თავისუფლებას ანიჭებს. ჩანს კვარას ციხე, მყინვარები, შემდეგ რაჭის სოფელი – უფრო ზომიერად ასახული გაჭირვებით, ვიდრე „ჯიმ შვანთეშია“. სოფლის არქიტექტურა ეთნოგრაფიულ ნახატს ჰგავს.
1929 წელს მემარცხენე მიხეილ ჭიაურელმა (ოპერატორი ა.პოლკევიჩი) ანტიალკოჰოლური სენტიმენტალური დრამა „საბა“ გადაიღო, მხატვრებად კი ლადო გუდიაშვილი და დავით კაკაბაძე მიიწვია. ამ სახიობით ფილმში ლოთობას (ყალბად) ცუდ ეროვნულ ტრადიციად სახავენ. აქ პაროდირებულია ქართული ქეიფი, ჩართულია ანტიალკოჰოლური ლექცია, ხოლო პიონერ-კომკავშირელნი ღვინის ბოთლს „ასაფლავებენ“.
ეს ცილისმწამებლური აგიტფილმი ლადო გუდიაშვილსა და დავით კაკაბაძეს სიამოვნებას ვერ მიანიჭებდა. მომდევნოდ მიხეილ ჭიაურელი მათ იწვევს იტელიგენციის საწინააღმდეგო კინოპამფლეტ „ხაბარდაში“ (ოპერატორი ა.პოლკევიჩი), რომელიც იყო პროვოკაციული და ანტიეკლესიური კომუნისტური პოპულიზმის ნიმუში. „უარყოფითნი“ აქ არიან ეკლესიის მცველები, ხოლო „დადებითები“ – ტექნიკოსი, მუშა და ბიუროკრატი. ირონიზირებაც ჩანს იმისა, რაც ძვირფასი იყო ფილმის მხატვართათვის, რომელთა ფარული წინააღმდეგობა ვლინდება ქალაქის პანორამულ ხედებსა და ორიგინალური აივნიანი არქიტექტურის წარმოჩენაში. შემდგომი სახიობითი ფილმი იყო დავით რონდელის „დაკარგული სამოთხე“.
„აკაკის აკვანში“ (რეჟისორი კონსტანტინე პიპინაშვილი, ოპერატორი ფელიქს ვისოცკი) უხვადაა წარმოჩენილი ეროვნული საწყისის ფასეულობა. ზუსტია შენობათა ექსტერიერი და ინტერიერი, ინვენტარი. მოცემულია დამაჯერებლად ფსიქო-სოციალურ ტიპთა გალერეა. სარწმუნოა ისტორიულ პირთა კინოსახეებიც – ვაჟასი, იაკობ გოგებაშვილისა და თავად აკაკისაც. ყოველივე ეს კინომხატვრის, გრიმიორის, ოპერატორის, რეჟისორის ერთობლივი მუშაობის შედეგია. დავით კაკაბაძის დამსახურებაა ეროვნული კოლორიტის წარმოჩენა.
კინემატოგრაფის სფეროში მისი გზა ია-ვარდით ფენილი როდი იყო. რეჟიმი კინოს მიიჩნევდა იდეოლოგიის პროპაგანდირების საშუალებად და არ უწყობდა ხელს ქართული კულტურის განვითარებას. დავით კაკაბაძეს დიდი შემართება დასჭირდა, რათა ეროვნული საწყისის ღირებულება წარმოეჩინა მაშინ, როცა ამას ან ანიველირებდნენ, ანდა კიდევაც უარყოფდნენ.
ასეთი პრინციპულობა დინების საწინააღმდეგო ხასიათისა იყო. მხატვარმა საფუძველი ჩაუყარა კინოპოეტიკას ქართულ კინოში, ხოლო მისი ესკიზები იქცეოდა ფილმების დრამატურგიულ საფუძვლად.
მხატვრის თეატრი და „საიდუმლო სტამბა“
ნათია ასათიანი (ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი): „დავით კაკაბაძის თეატრთან შეხვედრა მისი საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ მოხდა. 1927 წელს ოპერა „ამირანის“ მხატვრული გაფორმებისათვის კოტე მეღვინეთუხუცესმა დავით კაკაბაძე მიიწვია. მართალია, სპექტაკლი არ განხორციელებულა, მაგრამ შემორჩენილია კოსტიუმების შესანიშნავი ესკიზები.
1928 წელს სასტუმრო „ორიენტში“ გახსნილ დავით კაკაბაძის გამოფენაზე, ძირითადად, მისი აბსტრაქტული ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.
გამოფენამ საზოგადოების ფართო ინტერესი გამოიწვია - ზოგმა უარყო, მცირე ნაწილმა მოიწონა, უმრავლესობამ კი ვერ გაიგო კაკაბაძის ხელოვნება. დავით კაკაბაძე თავის ძმას, სერგოს სწერდა: „შენ იცი, რომ ჩემმა გამოფენამ, რომელიც ტფილისის სასტუმრო „ორიენტში“ ამა წლის მაისში მოეწყო, დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია... უნდა ვაღიარო, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა ვერ გაიგო, ან არ ისურვა გაეგო ჩემი ნახატები. ასეთივე მდგომარეობაში აღმოჩნდა ოფიციალური პრესაც: „გამოფენილი სურათები გაკვირვებას იწვევენ. გასაგებიც არის, რადგან ასეთი გამოფენა, ჩვეულებრივი ევროპული გაგებით, ტფილისში პირველად ეწყობა და კედლებზე არ ჩანს გართობის, ნუგეშისა და მორალის გადმომცემი სურათები. სამწუხაროა, რომ მნახველმა დავით კაკაბაძის სურათებში ვერ აღმოაჩინა დიდი გემოვნების მხატვარი“. კერძო გამოსვლებში ჩემს შემოქმედებას უწოდეს „უსაგნო“, მე კი – „ფორმალისტი“. კოტე მარჯანიშვილისა და დავით კაკაბაძის პირველ შეხვედრასთან დაკავშირებით, კინორეჟისორი მიხეილ ჭიაურელი წერდა: „...1928 წლის გაზაფხულია. მხატვარ დ.კაკაბაძის გამოფენა (კონსტრუქტივიზმი). საზოგადოება ალმაცერად უყურებს ტილოებზე კომპოზიციებს. მათი მასალა (რეალური საგნები სურათში) უჩვეულო, მიუღებელია მისთვის. მხატვარი შემოტევებს მარტო იგერიებს – საცაა, დაამარცხებენ. შემოდის მარჯანიშვილი ქალების თანხლებით, თავმოღუნული ჯოხი მხარზე უდევს. თან მოაქვს სიცილი, სიხარული. დიდი ყურადღებით დაათვალიერა გამოფენა. აქა-იქ ჯგუფ-ჯგუფად შეკრებილი მხატვრები ელიან მის სიტყვას. მარჯანიშვილი მიდის კაკაბაძესთან, ულოცავს ბრწყინვალე გამარჯვებას და მხატვარს თეატრში მუშაობას სთხოვს“... კოტე მარჯანიშვილისა და დავით კაკაბაძის პირველი ერთობლივი სპექტაკლი იყო „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ“, რომელიც 1928 წელს ქუთაის-ბათუმის, საქართველოს მეორე სახელმწიფო თეატრში დაიდგა. მთავარი როლის შემსრულებელი ვერიკო ანჯაფარიძე იყო.
1937 წელს დოდო ანთაძე სპექტაკლის „იცკა რიჟინაშვილის“ მხატვრული გაფორმებისთვის დავით კაკაბაძე მიიწვია. გადმოგცემთ ბატონი დიმიტრი ჯანელიძის ნაამბობს: „დავით კაკაბაძე ებრაელთა ცხოვრების შესასწავლად ქუთაისში გაემგზავრა, სადაც მის მეზობლად ცხოვრობდა ღარიბი ებრაელის ოჯახი. მხატვარი აკვირდებოდა თითოეულ პიროვნებას, მათ ყოფა-ცხოვრებას, ზნე-ჩვეულებებს, ატმოსფეროს, რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ. მხატვარმა ესკიზში გამოსაყენებლად ქუთაისში ფოტოც კი გადაიღო და ჩაიხატა ერთ-ერთი საინტერესო „ტიპაჟი“. კაკაბაძემ გონებამახვილურად გამოიყენა ებრაელის ოჯახში ნანახი, კედელზე გაკრული დახეული ჭრელი ფარდაგი. განსაკუთრებული ფანტაზიით უჩვენა მაყურებელს მხატვარმა ის დიდი ხალხური კულტურა, რომელიც ღარიბი ხალხის სახლშიც კი სათუთად იჩენს თავს“. ხალიჩის დამზადებასთან დაკავშირებით კვლავ ბ-ნი დ. ჯანელიძის (ამჯერად როგორც თვითმხილველის) საუბრიდან გთავაზობთ ორ ძალზე საინტერესო მოგონებას: „სპექტაკლამდე მუშაობა დაიწყო თუ არა, განკარგულება გასცა, სამკერვალოდან სანაგვეში გადასაყრელი ნაირფერი ნაჭრები მოეგროვებინათ... მერმე თეატრის თანამშრომლები დასხა და მუყაოსაგან კვადრატული ფორმის 500-მდე ფირფიტა დაამზადებინა. შემდეგ ბრძანა, მათზე სხვადასხვა ფერის ქსოვილების გადაკვრა. როცა ყოველივე დაამზადეს, დავითმა იატაკზე დაალაგებინა უკვე ნაირფერადი ფირფიტები და ლურსმნიანი ჯოხით დაიწყო მათი ფარდაგივით განლაგება-აწყობა. როცა ყოველივე დამთავრებულად ჩათვალა, ისე შეაკერვინა, რომ გამოვიდა ბრწყინვალე პანო – სამუზეუმო ექსპოზიცია, სადაც ფერთა ურთიერთთან შეთანხმებით თვალისმომჭრელი ფერადოვანი სიმფონია აჟღერდა, რაღაც ისეთი საოცარი, მხოლოდ დავით კაკაბაძის ფერმეტყველების გენიას რომ შეეძლო შეექმნა. ... ერთ-ერთი ყველაზე მთავარი სურათის – საიდუმლო სტამბის ესკიზის მოტანას მხატვარი აგვიანებდა. რეჟისორის თანაშემწემ, დამდგმელის რისხვისგან თავდასაღწევად, თეატრის მახლობელი სტამბიდან საბეჭდი მანქანა, „ასოთკასები“ მოზიდა და რეპეტიციისთვის სცენაზე განალაგა. დავითმა ეს რომ ნახა, ელდა ეცა, საკუთარ თვალებს არ უჯერებდა. მუდამ დინჯი და აუღელვებელი, მოთმინებიდან გამოსული ყვიროდა: „ეს ვინ მოიფიქრა, თქვენი აზრით პორტრეტი დამაჯერებელი რომ გამოვიდეს, ცოცხალ კაცს თვალი უნდა ამოთხარო და ტილოზე ნახატს ჩაუდგა. უკვე ერთი თვეა ვსწავლობ, საიდუმლო ქვაბულის კედლების, იქ განლაგებული მანქანის და „ასოთკასებისათვის“ ურთიერთშეთანხმებული ზომა და ფერი ვერ მიპოვია, თქვენ კი ასე იოლად გინდათ, ყოველივე გადაწყვიტოთ, თქვენც იტყვით ხელოვნებას ვემსახურებითო“. ძლივს დამშვიდდა. დავით კაკაბაძემ იპოვა, რასაც ეძებდა.
„...როდესაც მე ვდგამდი შექსპირის პიესას „აურზაური არაფრის გამო“, – იხსენებს ლილი იოსელიანი, – რომელიც არატრადიციული ფორმით მქონდა გადაწყვეტილი, განუწყვეტლივ თვალწინ მედგა დავით კაკაბაძის ტილოები. განსაკუთრებით მისი პორტრეტები და იმერეთის პეიზაჟები, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ კაკაბაძის უჩვეულო აზროვნება ზუსტად მიესადაგებოდა შექსპირის მსოფლმხედველობას და, ვფიქრობ, რომ მხატვარი ლაკონიური, მრავლისმეტყველი, არასქემატურია“.
იმის შესახებ კი, თუ როგორ უჭირდა ფინანსურად საქვეყნოდ ცნობილ მხატვარს და მის ოჯახს, მოვიყვანთ ქალბატონი სესილია თაყაიშვილის ნაამბობს: „ბატონ დავითს თეატრამდე ვიცნობდი. ის სკოლაში ხატვას გვასწავლიდა. არ დამავიწყდება ვერის ბაზართან მასთან შეხვედრა. რომ ვკითხე „როგორ ბრძანდებით, ბატონო დავით? – მან ასწია ბადურა, რომელშიც სამად-სამი კარტოფილი იდო და „ასეო“, მიპასუხა.“ დასასრულ, გავიხსენებთ დავით კაკაბაძის მეუღლის, ქალბატონ ეთერ ანდრონიკაშვილის ნაამბობს, დაკავშირებულს მხატვრის გარდაცვალებასთან: „ჩვენს ქუჩაზე ღამით მანქანა რომ ამოივლიდა, საოცრად ნერვიულობდა. სულ ეგონა, რომ მას მოაკითხეს დასაჭერად. სწორედ, ერთ-ერთი მანქანის ასეთი ამოვლის შემდეგ, 1952 წლის 10 მაისს, დავითი გულის შეტევით გარდაიცვალა...“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან