საზოგადოება

დავით გველესიანი: მირჩევნია, თავად დავრჩე ნაწყენი, ვიდრე სხვას ვაწყენინო

№1

ავტორი: ეთო ხურციძე 16:00 10.01

დავით გველესიანი
დაკოპირებულია

ბლიცინტერვიუ დავით გველესიანთან 👇

სახელი: დავითი.

გვარი: გველესიანი.

პროფესია: მუსიკოსი.

– მოგონება ბავშვობიდან...

– ბევრი კარგი და დაუვიწყარი მოგონება მაქვს ბავშვობიდან, მაგრამ ერთი შემთხვევა ყველაზე მწარედ მახსოვს. სოფელში ბავშვები ფიცარს გავდებდით ხოლმე და ველოსიპედებით ვხტებოდით. ერთხელაც ფიცარი მოკლე მომივიდა, გადმოვვარდი და ფეხში ველოსიპედის საჭე შემივიდა. საკმაოდ ღრმა ჭრილობა მქონდა, მაგრამ ექიმთან არ მივსულვარ – ჩემი უფროსი ბიძაშვილი სწავლობდა სამედიცინოზე და მან მიმკურნალა. ზაფხულის სამი თვე, რომელსაც სოფელში ვატარებდი ხოლმე, ჩემში ყოველთვის დაუვიწყარ მოგონებად დარჩება.

– მშობლების როლი...

– მამა მუშაობდა და ძირითადად, დედასთან ვიზრდებოდი. დედა პედაგოგი გახლდათ, მათემატიკას ასწავლიდა 51-ე საშუალო სკოლაში, მერე უკვე სასწავლო ნაწილის გამგე იყო და უამრავი თაობა აღზარდა. ორივეს დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს ცხოვრებაში. მამამ ხელი შემიწყო, მუსიკალურად რომ განვვითარებულიყავი. თავადაც კარგად უკრავდა კლასიკურ გიტარაზე და სიმღერა უყვარდა. მისი კლასელები იყვნენ მიშიკო შენგელია, ზაურ ბოლქვაძე, ჯემალ ჭკუასელი... ბავშვობიდანვე მათ სიმღერებსა და საოცარ ჰანგებს ვუსმენდი. ჯერ კიდევ 16 წლის ვიყავი, როცა ანსამბლ „ფაზისში“ მივედი და გოგი დოლიძე გავიცანი. გოგიმ გვერდში დამიყენა და ბევრი რამ მასწავლა.

– ჩემი პროფესია განაპირობა...

– 18 წლისამ ჩავაბარე სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტში, თუმცა პარალელურად, ტელევიზიაში ვმუშაობდი – ვაჟთა ფოლკლორული გუნდი იყო, რომელსაც თემურ ქევხიშვილი ხელმძღვანელობდა. მაშინ დავიწყეთ პირველად ტელევიზიით ქართული ხალხური სიმღერების სწავლება. ეს იყო ჩემთვის დიდი გამოცდილება. აქაც მამა მიწყობდა ხელს, ოთარ რამიშვილი მისი მეგობარი იყო და 11 წლიდან ოთარის ოჯახში გავიზარდე. ჩემზე დიდი გავლენა იქონია ამ ყველაფერმა, მამას სამეგობრომ და მუსიკით დავინტერესდი. რაც შეეხება სასოფლოს, ეს გადაწყვეტილებაც მამას სამეგობრომ მიმაღებინა. თავად ტექნოლოგი იყო და ხშირად დავყავდი ხოლმე მივლინებებში, მეც მომწონდა ეს მომთაბარე ცხოვრება. თუმცა, იმაზე, თუ რატომ ავირჩიე საბოლოოდ მუსიკა, ცოტა სახუმარო ისტორია მაქვს: გასტროლზე ვიყავით უცხოეთში. კონსტანტინე ვარდელმა ჩარლი ჩაპლინის მელოდია დაუკრა, ოთარ ჩუბინიშვილმა კი ჩელოთი გაუკეთა აკომპანემენტი. როცა ეს მოვისმინე, ყელში ბურთი გამეჩხირა, გარეთ გამოვედი და ცრემლები წამომივიდა, ისე, რომ ვერ ვიკავებდი, არადა ისეთი პერიოდი მქონდა, ვვაჟკაცობდი. მაშინ მივხვდი, მუსიკის გარეშე ცხოვრება არ შემეძლო. გასტროლიდან დაბრუნებულს, მამას, თურმე, ჩემთვის სამსახური ჰქონია ნაპოვნი, მაგრამ განვუცხადე, რომ კონსერვატორიაში მინდოდა ჩაბარება. მშობლები ორი თვე ხმას არ მცემდნენ. მათი ხათრით დავამთავრე სასოფლოც და „კონსერვებიდან“ პირდაპირ კონსერვატორიაში ჩავაბარე (იცინის).

– ადამიანში ვაფასებ...

– სიყვარულის უნარს. თუ ადამიანი გიყვარს, არ მოატყუებ, არ მოპარავ, არ ავნებ, არ შეგშურდება. ათ მცნებაში წერია: გიყვარდეს მოყვასი შენი და მეც ადამიანში მინდა ღმერთი დავინახო, ხოლო მის სიყვარულში – მთელი სამყარო. ადამიანი სამყაროს გვირგვინია და თუ ის არ გეყვარება, ცხოვრება ძალიან რთული იქნება.

– წარმატებული ადამიანი არის...

– თუ ადამიანს უნდა, წარმატებას მიაღწიოს, გარდა ნიჭისა, შრომის დიდი უნარი უნდა ჰქონდეს. გვყავს ვარსკვლავები, რომლებიც მართლა წარმატებულები არიან, მაგრამ არიან ისეთი ვარსკვლავებიც, რომლებიც მალე ქრებიან – შესანარჩუნებლად სათანადო ნიჭიერება არ გააჩნიათ.

– მწამს...

– იმის, რომ სამყაროს სიყვარული ამოძრავებს. მთლიანი სამყარო მხოლოდ სიყვარულზე დგას. ამ გრძნობის გარეშე ცხოვრებას აზრი არ აქვს. მგონია, ადამიანები ამქვეყნად სიყვარულის დასაგროვებლად და გასავრცელებლად მოვედით.

– მეშინია...

– ჩემთვის ღმერთი სიყვარულია და უპირველეს ყოვლისა, ამ სიყვარულის დაკარგვის მეშინია. ასევე, კომპრომისებზე არ მომიწიოს წასვლა და ჩემს ღირსებას არ ვუღალატო.

– ვრისკავ...

– ხშირად ძალიან რისკიანი ვარ. ყოფილა შემთხვევა, როცა უაზროდაც გამირისკავს და სიტუაციიდან ძლივს გამოვსულვარ. რისკი მიყვარს იმიტომ, რომ შეუცნობელის შეცნობის სურვილი მაქვს ხოლმე, ის, რასაც მარტო ტვინი წვდება, არ მაკმაყოფილებს. ცოტა თუ არ გაგიჟდი, შეუცნობელს ისე ვერ შეიცნობ, შესაბამისად, ახალი სამყაროს შეცნობის მიზნით ხშირად ვრისკავ.

– მაკვირვებს...

– იმდენი ცხოვრებისეული გამოცდილება მაქვს, რაღამ უნდა გამაკვირვოს. აღარც ადამიანები მაკვირვებენ და აღარც საკუთარი თავი. ადამიანებისგან ზედმეტს არ ვითხოვ, რადგან რაღაც თუ შეეშლებათ, ესე იგი, მეტი არ შეუძლიათ და მორჩა. ისე არ ვუყურებ: „აუ, რატომ შეცდა“... ასე ვუდგები ყველაფერს და ამიტომ აღარ მიკვირს არაფერი.

– ვერიდები...

– ხშირად მიფიქრია ამაზე, მირჩევნია, თავად დავრჩე ნაწყენი, ვიდრე სხვას ვაწყენონო ხოლმე. შესაბამისად, სხვის წყენინებას ვერიდები.

– დღევანდელ საზოგადოებაში დანაკლისია...

– ადამიანებმა სიყვარულის უნარი დავკარგეთ.

– ბედისწერა...

– ბედისწერის არ მჯერა, რადგან ბედს ქმნის თავად ადამიანი. თავად ირჩევ გზას, რომელსაც უნდა დაადგე. შემოქმედმა თავისუფალი ნება მოგვცა და ამ თავისუფალი ნებით ვირჩევთ ყველაფერს. მარიონეტები რომ ვიყოთ, მაშინ თავისუფალი ნება არ გვექნებოდა. ამით გამოვირჩევით ადამიანები დანარჩენი სულიერი არსებებისგან, ამიტომ მოგვეკითხება მერე ჩვენი საქციელის გამო.

– სიცოცხლე არ ღირს...

– სიყვარულის გარეშე სიცოცხლე ძალიან მოსაწყენია. ჩემთვის ჯოჯოხეთია სიყვარულის არარსებობა. როცა ადამიანი უსიყვარულოდ ცხოვრობს, უბედურია.

– სიყვარული არის...

– გაცემა, სხვაზე ზრუნვა და არა ეგოცენტრულობა. უანგარო სიყვარულია ნამდვილი. მამა გაბრიელმა თქვა: სიყვარული ისწავლებაო და მჯერა ამის. ყოველდღიურობა – ეს არის სკოლა, სადაც სიყვარულს ვსწავლობთ.

– დრო და სიყვარული...

– თუ ადამიანი იზრდება ყოველდღიურად, თუ მისი გონება ყოველდღიურად მიმართულია, სხვას რა არგო, გრძნობაც იზრდება, იხვეწება და ფაქიზი ხდება.

– რთული პერიოდი...

– არ არსებობს ადამიანი, მით უმეტეს, ჩემს ასაკში, რთული პერიოდი რომ არ ჰქონდეს გავლილი. რთული დრო იყო 90-იან წლებში, როცა ანდრია დავტოვე დედასთან და სასწავლებლად იტალიაში წავედი. 2 წლის შემდეგ, როცა უკვე კარიერას ვიწყებდი, იტალიის სხვადასხვა თეატრში მოსმენები მქონდა ჩანიშნული, დედამ დამირეკა და მითხრა: ძალიან გვიჭირს, მამას აღარ შეუძლია და იქნებ ჩამოხვიდე, ანდრიას გაზრდაში მოგვეხმაროო. ბევრი არ მიფიქრია, მაშინვე ავიღე ბილეთი და ორ დღეში უკვე თბილისში ვიყავი. მერე დავიწყე ბათუმის თეატრში მოღვაწეობა... არასოდეს ვინანებ ამ გადაწყვეტილებას, რადგან მთავარი სიყვარულია და თუ შენი შვილი არ გიყვარს, სხვა როგორ შეგიყვარდება. ოჯახის წევრის გამო კარიერის გვერდზე გაწევა დიდი სიყვარულის გამოხატვაა, რაც ჩემთვის ყველაზე მთავარია.

– ის, რაც უპატიებელია...

– ღირსების შელახვას ვერავის ვაპატიებ. როცა ჩემს ღირსებას ეხებიან, იქ უკვე ყველაფერი მთავრდება.

– შემშურებია...

– ყველაზე ნაკლებად, ალბათ, ეგ გრძნობა გამომიცდია. არ მახსოვს, რომ შემშურებოდეს, რადგან ზუსტად ვიცოდი, რა იყო ჩემი გზა. საკუთარი თავი სხვისთვის არასდროს შემიდარებია, ყოველთვის ჩემს თავს ვეჯიბრებოდი.

– სამაგიეროს გადახდა...

– მცდელობა მქონია, მაგრამ ვცდილობ, სახარებისეულად ვიცხოვრო. იქ წერია: უფალს მიანდე შურისძიება. რამდენჯერაც ასე მოვიქეცი, ყველაფერი უკეთ გამოვიდა.

– ბოდიშის მოხდა...

– არ მიჭირს. როცა ნაკლებად დამნაშავე ვარ, მაშინაც კი ვიხდი, რადგან შენი წილი ბოდიში ყოველთვის პირველმა უნდა მოიხადო.

– ვნანობ...

– რამდენი ნაბიჯიც გადამიდგამს სიყვარულისა და ღმერთის წინააღმდეგ. მხოლოდ ეს შემიძლია, ვინანო.

– თავისუფლება არის...

– გადაწყვეტილების მიღების უნარი: თავად ვწყვეტ ჩემს ბედ-იღბალს, რა გავაკეთო, როგორ გავაკეთო... შეიძლება, რჩევა მიიღო, რაც აუცილებელია, მაგრამ საბოლოოდ თავად უნდა გადაწყვიტო, რაც ნიშნავს თავის უფლებას.

– არასოდეს დამავიწყდება...

– თუ ვინმემ რამე სიკეთე გამიკეთა. სხვებისგან გაკეთებული სიკეთე ყოველთვის მახსოვს, ჩემი – ნაკლებად.

– მოვლენა, რომელმაც შემცვალა...

– პირველი შვილის, ანდრიას დაბადებამ – სულ სხვა პასუხისმგებლობა მაგრძნობინა. ის უდარდელი ყმაწვილი, რომელიც შვილის შეძენამდე ვიყავი, გაქრა. ბოჰემურად ვცხოვრობდით მე და ჩემი მეგობრები, მაგრამ როცა მამა გავხდი, ეს პერიოდი დასრულდა.

– რჩევა, რომელიც სულ მახსოვს...

– ჩემს დროს სკოლაში მოდაში იყო მოძველბიჭო, ქურდული გაგება. არ მიყვარდა ჩხუბი, მაგრამ რატომღაც, ყოველდღე მიწევდა ხოლმე – ყველა ძალას მისინჯავდა (იცინის). ნაცემი ბავშვების მშობლები სახლში გვაკითხავდნენ და დედა ძალიან შეწუხებული იყო. ერთხელაც თვალცრემლიანმა მითხრა: შვილო, შენ რომ ციხეში მოხვდე, ვერ გადავიტან, ამიტომ გთხოვ, ცხოვრება შეცვალეო. ეს რჩევაც იყო და თხოვნაც. იმ დღის მერე ვერიდებოდი კონფლიქტებს და სწორ გზას დავუბრუნდი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №4

24-30 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

შეუცნობელი

რას გვიწინასწარმეტყველებს თანამედროვე მინიშნებებიდ...