საზოგადოება

დავით ერაძე: ახლა ყველაზე მეტად ამას ვნანობ – ნეტავ, მაშინ ბევრი მეყვირა

№20

ავტორი: ეთო ხურციძე 18:00 24.05

დავით ერაძე
დაკოპირებულია

ბლიცინტერვიუ დავით ერაძესთან👇

სახელი: დავითი.

გვარი: ერაძე.

პროფესია: ჟურნალისტი.

– მოგონება ბავშვობიდან...

– როგორც ყველა ბიჭს, მეც ძალიან მიყვარდა ფეხბურთის თამაში და მარცხს ვერ ვიტანდი. როცა ვაგებდით, ყოველთვის კარში ვდგებოდი, რატომღაც ისეთი განცდა მქონდა, რომ ასე შემეძლო გუნდის გადარჩენა. ერთხელაც ვიგებდით, თუმცა, ბურთი არ უნდა გაგვეშვა. ამიტომ ჩავდექი კარში, გავწირე თავი და ბურთის წასართმევად მოთამაშეს ფეხებში ჩავუხტი. მოკლედ, ამ ბიჭს ფეხებთან ბურთის ნაცვლად ჩემი თავი შერჩა და მოქნეული ფეხი მომხვდა. რამდენიმე წამი გავითიშე და გონს ჩვენი ეზოს ონკანთან მოვედი. ყველა თავზე მადგას და გაფართოებული თვალებით მიყურებდნენ. მეგობრები დღემდე მახსენებენ, თვალები რომ გაახილე, პირველი რაც იკითხე, გოლი ხომ არ გავიდაო (იცინის). თავიდანვე გიჟი იყავი და სულ გინდოდა გამარჯვებისკენ წასულიყავიო. ბოლომდე შემრჩა ეს სულისკვეთება და არ მიყვარს წაგება, მით უმეტეს, თუ ეს ჩემზეა დამოკიდებული.

– მშობლების როლი....

– დედა ყოველთვის მეუბნებოდა, ვინ ვიყავით ჩვენ, ქართველები და რა იყო ჩვენი საბოლოო მიზანი. თავიდანვე ვიცოდი, რუსეთი არ იყო ჩვენი მეგობარი და ჩვენ გვყავდა ეროვნული მოძრაობის გმირები. ორივეს როლი დიდია იმაში, რომ სწორ მოქალაქედ ჩამომაყალიბეს და არასოდეს ვყოფილვარ კონფორმისტი.

– ბავშვობაში მინდოდა, გამოვსულიყავი...

– ექიმობა სიგიჟემდე მინდოდა და რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემგან კარგი ექიმი გამოვიდოდა, მაგრამ ერთმა მომენტმა შემაცვლევინა შეხედულება – მამიდა მყავს ექიმი და უფლება მომცა, ერთ-ერთ ოპერაციას დავსწრებოდი. მას შემდეგ გადავიფიქრე ექიმობა.

– ადამიანში ვაფასებ...

– ერთგულებას. ორპირობას ვერ ვაპატიებ. მწარე სიმართლეც რომ მითხრას, ბევრად უფრო დავაფასებ მას და არ დავკარგავ, ვიდრე იმას, ვის ორპირობასა და ღალატსაც დავინახავ.

– წარმატებული ადამიანი არის...

– რადგან სპორტული ჟურნალისტი ვარ, ჩემთვის წარმატებული ადამიანი ზაზა ფაჩულიაა, რომელმაც თავიდან ბოლომდე შექმნა საკუთარი თავი და დღესაც დიდი რუდუნებით უფრთხილდება ამ ყოველივეს. წარმატებული არის განათლებული ადამიანი, თუმცა ჩემთვის განათლება მარტო დიპლომი არ არის. მქონია შემთხვევა, ჩავსულვარ რეგიონში და ისეთი ადამიანი ჩამიწერია, მითქვამს, რამდენად უსამართლოა ცხოვრება, რომ ეს ადამიანი სხვაგან არ არის, თავის ცოდნას, გამოცდილებას და საოცარ კულტურას ვერ გადასცემს თაობებს-მეთქი. ასეთი ადამიანები, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში, ძველი გადმონაშთიდან გამომდინარე, ბოლომდე დაფასებულები არ არიან.

– მწამს...

– ძალიან მწამს სიყვარულის. ბედნიერი ვარ, რადგან იმ ადამიანების რიცხვს ვეკუთვნი, ვისაც სახლში მისვლა უხარია და ოჯახში სრული სიყვარული ხვდება.

– ვრისკავ...

– ძალიან რისკიანი ვარ, ყველაფერი ახალი მიყვარს. ჩემს გადაცემაშიც ყველაფერს თავად ვაკეთებ, მაგალითად, გადაღების გამო ვაკის საცურაო შვიდმეტრიან აუზში ჩავედი ისე, რომ ცურვა არ ვიცოდი.

– მაკვირვებს...

– ადამიანები – თავიანთი დაუნახაობითა და გაუმაძღრობით. მართლა მაკვირვებს ადამიანის ბოროტება და ბოღმა.

– ვერიდები...

– ადამიანებს გული არ ვატკინო. თუმცა, ხშირად ეს არ გამოდის. რუსეთუმე ქართველებზე თვალს ვერასოდეს დავხუჭავ, ჩემთვის ისინი ამ ქვეყნის ყველაზე დიდი მტრები არიან.

– დღევანდელ საზოგადოებაში დანაკლისია...

– ალბათ, სიყვარულისა და ურთიერთპატივისცემის. პირადულს თუ გავითვალისწინებთ, ჩემი ძმის, რომელიც ყველაზე მეტად მაკლია...

– მეშინია...

– მართლა მეშინია, რომ უკან არ დავბრუნდეთ, ამის რეალურ საფრთხეს ვხედავ. „უკან“, ანუ ვგულისხმობ იმ რუსულ ორბიტას, რომელიც დამღუპველი იქნება ჩვენთვის და რომლისგანაც ძალიან დიდხანს ვეღარ გამოვალთ. ჩვენს საზოგადოებას კარგად დაანახვა იმ სამოცდაათმა წელმა, თუ რამდენად დამანგრეველი იყო რუსეთთან კავშირი. ძალიან პესიმისტურად ვარ განწყობილი, სულ სხვაგვარად გავზარდე ჩემი შვილები, ვფიქრობ, მათ არ დაუმსახურებიათ იმ სივრცეში ცხოვრება.

– ბედისწერა...

– მჯერა, რომ არსებობს. ბედისწერა, ალბათ, ის არის, რასთანაც აუცილებლად მიხვალ.

– სიცოცხლე არ ღირს...

– ჩემთვის ოჯახის გარეშე და ქვეყნისთვის – პრინციპების. ადამიანებისთვისაც პრინციპების გარეშე არ უნდა ღირდეს ცხოვრება.

– სიყვარული არის...

– სამშობლო, ოჯახი, შვილები, მეგობრები. ჩემთვის სიყვარული, ხელშეუხებელი არ არის, პირიქით, ბევრჯერ მქონია შემთხვევა და საშუალებაც, რომ ეს ქვეყანა დამეტოვებინა, მაგრამ ეს არ არის მარტივი გადასაწყვეტი. ეს ქვეყანა ჩემია და მინდა, ამ ქვეყანაში ვიყო ბედნიერი ჩემს ოჯახთან, შვილებთან და იმ ქართველებთან ერთად, რომლებსაც ეს ქვეყანა მართლა უყვართ, უფრო მეტიც, უყვართ ისე, როგორც გიორგი ანწუხელიძეს და იმ ქართველებს უყვარდათ, რომლებმაც თვალიც არ დაახამხამეს, ისე შესწირეს სიცოცხლე. აი, ეს არის ჩემთვის სიყვარული.

– ის, რაც ჩემთვის უპატიებელია...

– საოცრად ვერ ვიტან ორპირ ადამიანებს და ღალატს. ყველანაირ სიმართლეს გავუძლებ, ოღონდ ტყუილსა და ზურგს უკან ორპირობას – ვერასოდეს. ოჯახური ღალატიც წარმოუდგენელი ამბავია ჩემთვის. თუ არ უნდათ ერთად ყოფნა, უთხრან ერთმანეთს და ცივილიზებულად დაშორდნენ მეგობრებიც და ოჯახის წევრებიც.

– სამაგიეროს გადახდა...

– ხშირად ყოფილა შემთხვევა, როცა მიფიქრია, რომ მეც ხომ არ მემოქმედა, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ გადაუვლია ამ სიბრაზეს და მალე თავად ის ადამიანი მიმხვდარა საკუთარ შეცდომას, ბევრად უარესი მიუღია ცხოვრებისაგან და ბოდიშიც მოუხდია ჩემთვის. ჩვენ ყველაფერი გვეჩქარება, მაგრამ ამ დროს ცოტა მოთმენა საუკეთესო საშუალებაა. სამაგიერო მეტ ბოროტებას ბადებს, ეს კი ნამდვილად არ მინდა.

– ბოდიშის მოხდა...

– თუ დამნაშავე ვარ, ნამდვილად არ მიჭირს მობოდიშება და ბევრჯერაც მითქვამს, მაგრამ ვიღაცის ახირების გამო არასოდეს მოვიხდი ბოდიშს, თუნდაც ამ ყოველივეს ჩემთვის მძიმე შედეგები მოჰყვეს.

– ვნანობ...

– ბოლო პერიოდში ყველაზე მეტად იმას ვნანობ, რომ ძალიან ბევრი არ ვიყვირე, როცა ჩემი ძმა მეუბნებოდა, ცუდად ვარო. კოვიდი ჰქონდა და როცა მწერდა, ჟანგბადი არ მყოფნისო, ვფიქრობდი, ნერვების ამბავი იყო. თურმე, ჩვენი ჯანდაცვა არ აღმოჩნდა მზად პაციენტების მოზღვავებისთვის და მათ ჟანგბადი იმ დოზით არ მიეწოდებოდათ, რამდენიც საჭირო იყო. ახლა ყველაზე მეტად ამას ვნანობ, ნეტა მაშინ ბევრი მეყვირა...

– ვაგროვებ...

– ბევრ რამეს: მუსიკალურ კასეტებს, დისკებს, ყველა იმ ქვეყნის ბრელოკს, სადაც ჩავსულვარ, მაგნიტებს. მაქვს 300-მდე ბრელოკი და 150-მდე მაგნიტი და აუცილებლად ვეცდები, ეს კოლექცია კიდევ გავზარდო. ასევე, ვაგროვებ ყველა მნიშვნელოვანი ღონისძიების აკრედიტაციებს.

– თავისუფლება არის...

– სილაღე. ის, რომ არ გეშინია არავის და არაფრის. ხორციელ შიშს არ ვგულისხმობ, არ გეშინია ქუჩაში გასვლის, ხალხთან კონტაქტის... თავისუფლება თვითგამოხატვა არ არის, შინაგანი გრძნობაა, რომელიც ადამიანისგან უნდა მოდიოდეს. ჩემს ცხოვრებაში ასეთი ადამიანი ბევრი არ შემხვედრია, ძირითადად თამაშობენ, რაც ყველაზე მეტად მაღიზიანებს.

– რჩევა, რომელიც სულ მახსოვს...

– ერთმა ადამიანმა, რომელიც სამწუხაროდ, ცოცხალი აღარ არის, მკითხა, რამდენი მეგობარი გყავსო? საკმაოდ დიდი ციფრი ვუთხარი და დამცინა, მაგდენი მეგობარი არ არსებობსო. მართალი აღმოჩნდა, ცხოვრებამ მანახვა, რომ 40 წელს ზემოთ თუ 4-5 ნამდვილი მეგობარი შემოგრჩა, ესე იგი, სწორად და კარგად გიცხოვრია. ლხინში ბევრი მეგობარი გყავს, მაგრამ რეალობა სულ სხვანაირია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №25

20-26 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

ლუკა შუბითიძე

როდის იბრძოდა სიცოცხლისთვის ლუკა შუბითიძე დედასთან...