საზოგადოება

Corebook – ინოვაციური ციფრული ინსტრუმენტი უკეთესი პროდუქტის შესაქმნელად

№52

ავტორი: სოფი ლორია 14:00 30.12, 2020 წელი

საქართველოს ბანკი
დაკოპირებულია

დატვირთული გრაფიკისა და მოუცლელობის გამო ადამიანებს მოსაწყენი ბრენდბუქისა და ვრცელი PDF ფაილების კითხვის დრო ხშირად არ გვაქვს. სტარტაპ Corebook-ის თანადამფუძნებელი, იანის ვერზემნიეკსი გვიყვება, რომ ადამიანების 70 პროცენტი არსებულ დოკუმენტებს, უბრალოდ, არ კითხულობს.

სწორედ ამიტომ, ბრენდმენეჯერებსა და დიზაინერებს ბევრად უფრო მარტივი და ეფექტური გზა სჭირდებათ, რათა კომპანიის მისია, თვისებები და ღირებულებები მომხმარებლამდე მიიტანონ. Corebook-მა, სწორედ, ეს მისია აიღო საკუთარ თავზე.

„ჩვენ, უბრალოდ, ბრენდბუქის შესაქმნელ მოწყობილობას არ ვყიდით, გვსურს, დავეხმაროთ იმ ადამიანებს, ვისაც ინვესტიციის ჩადება ახალი ბრენდის შექმნაში ან მის გარდაქმნაში სურს. Corebook-ის მეშვეობით პროექტების შესრულება კოდის გამოყენების გარეშეა შესაძლებელი. ბუნებრივია, ეს ბაზარზე დიდ სიახლეს არ წარმოადგენს, თუმცა ჩვენი კონკურენტული უპირატესობა UX დიზაინია, რომელიც პროდუქტს მარტივად გამოსაყენებელს ხდის. გარწმუნებთ, რომ მისი მოხმარება დამწყებ ბიზნესმენსაც შეუძლია“, – გვიყვება იანისი.
Corebook-ის მოგზაურობა 2018 წელს დაიწყო. თავდაპირველად ამ მიმართულების სიღრმისეული განვითარება გუნდის გეგმებში არ შედიოდა, თუმცა, მათი თქმით, ბაზარზე იმდენად უხარისხო პროდუქტს აწყდებოდნენ, რომ გადაწყვიტეს, თავად წამოეწყოთ ბიზნესი. სტარტაპი სამმა მეგობარმა და პარტნიორმა, მაქსიმ კუსნარევსმა, იანის ვერზემნიეკსმა და აიგარს აბოლტინსმა, შექმნა ლატვიაში. მათ ციფრულ სააგენტოში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება უმაგრებთ ზურგს. მუშაობენ როგორც ხელოვნური ინტელექტის, ისე აუდიოვიზუალური ბრენდინგის, მარკეტინგისა და UI დიზაინის მიმართულებით.

„2019 წელს უკვე გვქონდა საპილოტე პროდუქტი, რომელმაც კლიენტებზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. გადავწყვიტეთ, პროგრამა საჯაროდ ხელმისაწვდომი გაგვეხადა და 28 თებერვალს უკვე Beta ვერსიაც გამოვუშვით. ვფიქრობთ, რომ ბრენდ სტუდიოებს Corebook უკეთესი პროექტებისა და მომხმარებლებისთვის ხარისხიანი პროდუქტების შექმნაში დაეხმარება. ამჟამად უკვე გვყავს 3 ენჯელ ინვესტორი, რომლებმაც 40 ათასი ევროს ინვესტიცია ჩადეს სტარტაპში. მოუთმენლად ველით 500 Startups-ის აქსელერატორში მონაწილეობას. მზად ვართ, ვისწავლოთ მენტორებისგან, რომელთა გამოცდილებაც ფასდაუდებელია. მომავალი წლის დასაწყისში უკვე განახლებული ვერსიის გაშვება გვსურს, რაშიც აქსელერატორში მიღებული გამოცდილება დაგვეხმარება. ეს იქნება ყველაზე მასშტაბური და სიღრმისეული update ჩვენი არსებობის ისტორიაში. ჩვენთვის პირველივე დღიდან ნათელი გახდა, რომ „საქართველოს ბანკისა“ და 500 Startups-ის კოლაბორაციის გარეშე ეს პროგრამა არ შედგებოდა. ძალიან სასიხარულოა, რომ თქვენი ქვეყანა მხარს უჭერს ანტრეპრენერებს და ვამაყობთ, რომ ამ ეკოსისტემის ნაწილი ვართ“, - ამბობს იანის ვერზემნიეკსი.

Corebook 500 Georgia აქსელერაციის პროგრამის იმ 15 რჩეულ სტარტაპში მოხვდა, რომელიც მეორე ნაკადისთვის შეირჩა. „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერითა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, მსოფლიოში წამყვანი გლობალური აქსელერატორი 500 Startups აქსელერაციის პროგრამა გრძელდება. პროექტი რეგიონის მასშტაბით ხორციელდება, მონაწილე კომპანიებს შორის კი წარმოდგენილი არიან როგორც ქართული, ასევე უცხოური კომპანიები, რომლებიც ქართულ კომპანიებად დარეგისტრირდებიან და გახდებიან ქათული ეკოსისტემის წევრები. პროექტის მთავარი მიზანი საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება, საინვესტიციო პოტენციალის განვითარება და სტარტაპ კომპანიების გლობალურ ბაზარზე მასშტაბირებაა. პროექტს უკვე ჰყავს პირველი ნაკადის ორი გამარჯვებული სტარტაპი, Cardeal და Cargon, რომლებიც 2021 წლის გაზაფხულზე „სილიკონ ველიზე“ გაემგზავრებიან და 500 Srartups-ის ერთთვიან პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი