ბესიკ კალანდაძე: ოჯახიდან წასვლა ჩემი ყველაზე დიდი მარცხი იყო
ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 05.06
ბესო კალანდაძის "უცნობი მხარე"👇
– ვინ არის ბესიკ კალანდაძე?
ბესიკ კალანდაძე: ჩვეულებრივი ქართველი კაცი, რომელსაც უყვარს თავის სამშობლო, ოჯახი და მეგობრები.
– გიკეთებიათ საქმე, რომელიც გძულდათ?
– საძულველი საქმე ჩემთვის არავის დაუვალებია, თუმცა არასასურველი სამუშაო შემისრულებია, ოღონდ სხვისი უბედურების ხარჯზე არა. უბრალოდ, ვაკეთებდი იმას, რაც ჩემი საქმე არ იყო. როცა დიდ სცენას დავემშვიდობე, მაღაზიის დირექტორად დავიწყე მუშაობა. სპეციალობით ეკონომისტი ვარ, მაგრამ პრაქტიკული გამოცდილება არ მქონდა. ვაჭრობის სფერო ძალიან სპეციფიკურია. თავიდან ვერ ვიყავი მოწოდების სიმაღლეზე, თუმცა, ძალიან მალე ავუღე ალღო და მერე მე მეკითხებოდნენ ბევრ რამეს. სხვა მომენტიც ყოფილა ჩემს ცხოვრებაში და მე ეს არ მეთაკილება. როცა ფირმას ვაწყობდით, მე და ჩემი მეგობარი, მუშებს ვეხმარებოდით, რომ თანხა დაგვეზოგა. არ გვქონდა იმდენი ფული, რომ ყველაფერში გადაგვეხადა. ამიტომ ჩვენც მათთან ერთად ვშრომობდით. თუმცა, ამას საძულველ საქმეს ვერ დავარქმევ, იმიტომ, რომ ყველა ადამიანი იმას აკეთებს, რაც შეუძლია და ეს დასაფასებელი მგონია.
– გულჩვილი ადამიანი ხართ?
– ალბათ, ზომიერად. ჩემზე არ მოქმედებს ნიანგის ცრემლები. თუ შევამჩნიე, რომ გათამაშებულია, პირიქით მუშაობს.
– ბოლოს როდის იტირეთ და რის გამო?
– ტირილი ჩემთვის უცხო ხილია, თუმცა, არ ვიტყვი, რომ არასდროს მიტირია. მაგალითად, ცხრა აპრილს მოხდა ასეთი რამ. ასევე, მეგობარი დამეღუპა და მაშინაც წამომივიდა ცრემლი. როცა ტრაგედია ხდება, ეს ბუნებრივია, ადამიანური მომენტია, მაგრამ ტირილი მაინც იშვიათი მოვლენაა ჩემს ცხოვრებაში.
– გინდათ, რომ მსოფლიო მასშტაბით ცნობილი ადამიანი იყოთ?
– არა, ასეთი სურვილი არ მქონია. არამცთუ მსოფლიოს, საქართველოს მასშტაბითაც რაც მოვიდა, თავისით მოვიდა. სულ იმას ვამბობ, რომ შემთხვევით აღმოვჩნდი სცენაზე. აქამდეც მითქვამს, რომ ახალგაზრდობაში სპორტით ვიყავი დაკავებული, არაპროფესიული სპორტით, მაგრამ ეს ჩემი ჰობი იყო და საკმაოდ აქტიური ვიყავი. თავიდან წყალბურთზე დავდიოდი, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დავანებე თავი. შემდეგ 20-25 წელი მინიფეხბურთს ვთამაშობდი. როცა წყალბურთს თავი დავანებე, რაღაცით უნდა შემევსო სიცარიელე. ჩემი დატვირთვა არ შეიძლებოდა, ამიტომ გადავერთე მუსიკაზე. გარემოებებმაც ხელი შემიწყო და ასე აღმოვჩნდი სცენაზე. მე არასდროს მქონია ასეთი ჩანაფიქრი. არც პოპულარობაზე მიფიქრია, ეს შემდეგ თავისით მოვიდა. თქვენ წარმოიდგინეთ, მე 1986 წელს დავანებე თავი დიდ სცენას. მაშინ, როდესაც ჩვენი ანსამბლი – „75“, პოპულარობის ზენიტში იყო არა მხოლოდ საქართველოში, მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით. დავიღალე, გაცვდა გრძნობები და მომინდა, სხვა ცხოვრება მქონოდა. ამიტომაც დავიწყე მაღაზიის დირექტორად მუშაობა. ძალიან მარტივად შეველიე პოპულარობას. პირიქით, ვღიზიანდებოდი კიდეც ზედმეტი ყურადღების გამო.
– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე არასწორ საქციელად?
– ადამიანური შეცდომებისგან დაზღვეული არავინ ვართ. ნურავინ იტყვის, რომ არ შემცდარა, მაგრამ ადამიანს უნდა გქონდეს უნარი, ბოდიში მოიხადო. რაღა შორს წავიდეთ, დღეს, მანქანით რომ ვმოძრაობდი, ისე მოხდა, რომ შემთხვევით ავტობუსის ზოლში აღმოვჩნდი, რაც რამდენიმე წუთი ვერ დავაფიქსირე. საპატრულო პოლიციამ გამაჩერა და მიზეზი იმწუთას გავაცნობიერე. მაშინვე ბოდიში მოვიხადე, გნებავთ დამაჯარიმეთ, რაც გაგიხარდეთ ის ქენით, დამნაშავე ვარ-მეთქი. არ ვიცი, აღიარებამ გაჭრა თუ რა იყო, გაფრთხილება მომცეს და გამიშვეს, რისთვისაც მადლობა მათ. ალბათ, მიხვდნენ, რომ ადამიანური მომენტი იყო. ასე იქნება თუ ისე, ადამიანს ალალად ბოდიშის მოხდის უნარი უნდა გქონდეს. შენს ღირსებას უფრო მეტს მატებს, ვიდრე აკლებს, როდესაც შენს დანაშაულს აღიარებ.
– ოდესმე რამე მოგიპარავთ?
– ეს ციცინო შურღაიას შეეკითხეთ, ან 2009 წლის თბილისის სასამართლოს დადგენილებას შეგიძლიათ, გაეცნოთ, იქ წერია, რომ მე მისგან არაფერი მომიპარავს. სკოლის პერიოდში სოფელში კიტრი და ხილი კი მომიპარავს ბიჭებთან ერთად, ვაღიარებ (იცინის).
– როგორი დამოკიდებულება გაქვთ ტყუილთან?
– გურული ბებია მყავდა, ლომთათიძის ქალი. 19 წლის ვიყავი, რომ გარდაიცვალა. ერთხელ მეგობართან ტყუილი გამომივიდა. კინოში მივდიოდით ერთად და მე დროულად ვერ მივედი, ძალიან დავაგვიანე და აღარ დამხვდა. ამაზე ვდარდობდი და ბებიამ მითხრა, ნენა, მაგაზე არ იფიქრო, იგი ტყუილი ტყუილად არ ითვლება, რომელიც სხვას ზიანს არ მიაყენებსო. დღემდე მახსოვს ეს სიტყვები. „ზოგჯერ თქმა სჯობს უთქმელობას, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“ – ხანდახან შეიძლება, ტყუილიც სასარგებლო იყოს იმ კონკრეტული სიტუაციისთვის. თუმცა, ტყუილსაც გააჩნია.
– თვითონ ხვდებით, როცა თქვენს მოტყუებას ცდილობენ?
– როგორ ვერ ვხვდები? (იცინის) თან, ძალიან მარტივად ვხვდები. ფსიქოლოგი არ ვარ, მაგრამ ძალიან პროფესიონალი თაღლითების გაშიფვრაც შემიძლია. თუმცა, არ ვამბობ, რომ არ არსებობს თაღლითი, რომელიც მე ვერ მომატყუებს. როცა ადამიანში ეჭვი მეპარება, ყოველთვის ვამოწმებ. საერთოდ, ახალგაზრდებს სულ ვეუბნები, ადამიანმა სამი საგანი უნდა იცოდეს დილეტანტის დონეზე მაინც – მედიცინა, იურისპრუდენცია და ეკონომიკა. შეიძლება, პროფესიონალი არ იყო, მაგრამ ელემენტარული მაინც უნდა გესმოდეს, რომ საკუთარ თავს თუ სხვებს დახმარება გაუწიო.
– სახალისო შემთხვევა პაემანზე...
– ერთხელ, კახეთში ქალბატონმა დამპატიჟა, სადღაც უნდა წავსულიყავით ერთად. შეხვედრაზე ტაქსით მოვიდა. ვხედავ, ტაქსი გაჩერდა, ეს ქალბატონი გადმოვიდა და ტაქსიში შამპანურები აწყვია. მოტაცების სცენას ჰგავდა (იცინის). ამას ვხუმრობ, მაგრამ მანქანაში ჩაწყობილი შამპანურები რომ დავინახე, მაშინაც სიცილი ამიტყდა და დღემდე მეცინება, ეს რომ მახსენდება. ოჯახში მივდიოდით საქეიფოდ და თურმე, ეს შამპანურები იქ მოჰქონდა, მაგრამ თავიდან ვერ გავიგე. წესით, მე უნდა მეყიდა ის შამპანურები. კაცურად მოიქცა ის ქალბატონი (იცინის). ძალიან გულიანი გოგო იყო, მერე მეგობართან ერთად დამპატიჟა ბუნებაში მწვადებზე. პურის მჭამელი მამის გაზრდილი შვილი იყო და ალბათ, ოჯახში რასაც ხედავდა, იგივე გააკეთა.
– როდის ყოფილხართ ყველაზე სასტიკი?
– ჩემი სისასტიკის მაქსიმუმი ადამიანთან ურთიერთობის გაწყვეტაა. ჩავუსაფრდე და ვცემო, ეს გამორიცხულია. შეიძლება, იმწუთას, როცა რამე მოხდება, ხელი გავარტყა, მაგრამ გულში ჩავიდო და მისთვის რამის დაშავება მოვინდომო, გამორიცხულია. ვერავის განვსჯი, შეიძლება, მე იმდენად არ გავუმწარებივარ ადამიანს, რომ ასე მოვქცეულიყავი და ღმერთმა დამიფაროს, ამ ზომამდე მივიდე.
– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ მარცხად და გამარჯვებად?
– ოჯახიდან წასვლა – ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი მარცხიც და შეცდომაც, ამას ვაღიარებ. სხვას არ დავადანაშაულებ, თუმცა, ჩემს ადგილას ბევრს შეუძლია, სხვა მიზეზებიც მონახოს. ყველაზე დიდ გამარჯვებად ის მიმაჩნია, რომ ოჯახს დავუბრუნდი და ჩემი შვილები ფეხზე დავაყენე. დღეს უკვე წარმატებულები არიან და შეიძლება, იქით შევეკითხო ჭკუა. უკვე ჩამოყალიბებული და თავიანთ საქმეში შემდგარი ადამიანები არიან და ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს?!
– ბევრი წლის შემდეგ, როგორ ისურვებდით სიცოცხლის დასრულებას?
– წარმომიდგენია, ჩემი სახლი, თავისი ლამაზი ბაღით, რომელიც ჩემი მოვლილი იქნება, ხილით, ლამაზი მცენარეებითა და სუფთა ჰაერით, შვილებისა და შვილიშვილების გარემოცვაში. მაშინ, როცა უკვე ასაკის გამო არაფრის უნარი აღარ გაქვს, ამაზე დიდი ბედნიერება რა არის?! ადამიანის მთავარი დანიშნულება რა არის – გამრავლება, ხომ?! შვილებს თუ აღზრდი და შთამომავლობას დატოვებ, მუხასავით რომ გაიზრდები და მყარ ფესვებს გაიდგამ, ეს არის ყველაზე ლამაზი მდგომარეობა და მერე თუ ლამაზ ბუნებაში გაატარებ სიცოცხლის ბოლო წლებს და ტკბები ოჯახით, აბა, ამაზე უკეთესი დასასრული რაღა უნდა ინატრო?!
– ყველაზე დიდი უსამართლობა, რომელსაც ცხოვრებაში შეჯახებიხართ...
– თაღლითებმა მოინდომეს ჩემთვის მიწის აწაპვნა. ეს დიდი ხნის წინ მოხდა. 2010 წელს, როდესაც ნაციონალების დრო იყო და მოგეხსენებათ, პროკურატურას რა ძალა ჰქონდა. მაშინ მე პროკურატურას მოვუგე საქმე. არ ვიცი რატომ, მაგრამ პროკურატურამ დაადგინა, რომ არავითარ სისხლის სამართლის დარღვევას არ ჰქონია ადგილი, მიუხედავად იმისა, რომ მათ ყველანაირი მტკიცებულება წარვუდგინე ამ ადამიანების თაღლითობის დასადასტურებლად. მათი გადაწყვეტილება სასამართლოში გავასაჩივრე და პროცესი მოვიგე. პროკურატურას დაევალა გამოძიება განეახლებინა, მაგრამ ისე მოხდა, რომ მაინც არ წარიმართა გამოძიება და შეიტყაპუნეს ჩემი მიწა იმ თაღლითებმა. ახლაც რომ დავწერო საჩივარი, იტყვიან, რომ გამოძიება მიმდინარეობს. არ ვიცი, ვისი ინტერესი იყო, მაგრამ საქმე მიაფუჩეჩეს. იმ პერიოდში სხვა მიზეზებიც მქონდა სანერვიულოდ, მაგრამ ამაზე საერთოდ გავგიჟდი. ნერვიულობის ნიადაგზე საავადმყოფოში აღმოვჩნდი, მაგრამ ღმერთის წყალობით, დღეს არა მიშავს.
– რა არის ის, რითაც ყველაზე მეტად ამაყობთ?
– ჩემი შვილებითა და ადამიანების ჩემდამი დამოკიდებულებით. იმით, რომ დღესაც მადლობას მიხდიან. ყველანაირი რეგალია და „ჯინჯილები“ მეათეხარისხოვანია. ჩემთვის, როგორც მომღერლისთვის, მთავარია, რომ 40 წელზე მეტი ხნის წინ შესრულებულ სიმღერებს დღესაც ისმენენ და დღესაც ასრულებენ. როცა შენი ხელოვნება ახსოვთ, როცა ის ათეულობით წელს უძლებს, ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან