ბელა ბურძენიძე: ტალახი ისე მიყვარს, როგორც შოკოლადი
ავტორი: ქეთი მოდებაძე 11:00 20.12, 2022 წელი
ბელა ბურძენიძე მოყვარული ავტომრბოლელია, რომელიც ოფროუდერი სრულიად შემთხვევით გახდა და ამ შემთხვევითობის წყალობით, საკუთარ თავს ძალიან დიდი საჩუქარი გაუკეთა.
ბელა ბურძენიძე: გარკვეული დროით საფრანგეთში ვცხოვრობდი. იქ, ჩემს მასპინძელ ოჯახში დაიგეგმა რალი სპეციალურად ქალებისთვის, მათი გაძლიერებისა და ქველმოქმედების მიზნით. საფრანგეთში მცხოვრებმა ვერა მურღულიამ გაუწია ორგანიზება ამ საკითხს, შეუთანხმდა საქართველოში შესაბამის უწყებებს და ასე დაიგეგმა მსოფლიო დონისა და მასშტაბის - ქალთა საერთაშორისო რალი. დაიწყო შესაბამისი ოფროუდერი ქალების მოძიება. ერთმა მამაკაცმა გამოთქვა მასში მონაწილეობის სურვილი, მაგრამ ქალების რალიში ქალის გარეშე ვერ მიიღებდა მონაწილეობას, ამიტომ მთხოვა, მე ვყოფილიყავი ავტომობილის პილოტი, ის კი ჩემი შტურმანი იქნებოდა. მოგეხსენებათ, რალიში ჩართულია როგორც პილოტი, ისე შტურმანი. რადგან მაღალი გამავლობის ავტომობილს ხშირად ვატარებდი, მოყვარულის დონეზე უგზოობასაც ვძლევდი, რის საშუალებასაც ჩემი მანქანა მაძლევდა. ამიტომ, დავთანხმდი და ასე ჩავერთე ამ ამბავში, როგორც პიონერი (იცინის). პირველ წელს რალის მონაწილეებს შორის ქართველი მხოლოდ მე ვიყავი. ყველა სხვა ეკიპაჟი უცხოელებისგან, კერძოდ, ევროპელებისგან შედგებოდა. ეს იყო ჩემი პირველი მცდელობა ოთხი წლის წინ.
- როგორი შედეგი აჩვენეთ?
- რა შედეგზეა ლაპარაკი, არანაირი (იცინის). ნამდვილი, პროფესიონალი ოფროუდერები მონაწილეობდნენ და მე მოყვარული გახლდით. სტარტიდან ფინიშამდე რომ ვაღწევდი ისეთ რთულ გზებზე, ეს იყო ჩემთვის შედეგი. თუმცა, მაშინ გავიცანი საქართველო. თითქოს ყველა კუთხეში ვიყავი ნამყოფი, მაგრამ ასე ტყე-ღრესა და უფსკრულებში, მანამდე არასდროს მივლია. ყველა მოიხიბლა ჩვენი ბუნებით. მე ბუნებასთან ერთად, რალიც ძალიან მომეწონა. წარმოიდგინეთ, ექვსი დღე დადიხარ, სად დაგაღამდება და დაგათენდება, არ იცი. ეს დიდი თავგადასავალი და რისკია. გზად უამრავი სირთულე გხვდება.
მეორედ რომ ტარდებოდა რალი, მაინცდამაინც მაშინ არ მყავდა ოფროუდისთვის შესაბამისი მანქანა, მაგრამ მეგობარმა მათხოვა „ნივა“ და მეორედ უკვე ვინტაჟური ნივით მივიღე მასში მონაწილეობა. „ნივა“ შესაბამისი მანქანაა ოფროუდისთვის, მაგრამ დღეს უკვე ისეთი ავტომობილებია, „ნივამ“ მათ რა კონკურენცია უნდა გაუწიოს?! თუმცა, ხომ გაგიგიათ ლეგენდა: „ნივა“ ყველგან მივა“!? მოკლედ, გამოვედი ნივით და ყველა მხიარულად შემხვდა. სიმართლე გითხრათ, ოღონდ სტარტიდან ფინიშამდე მივსულიყავი და აზრი არ ჰქონდა, როდის და როგორ შევძლებდი ამას. მაგრამ გაგიკვირდებათ და მესამე ადგილი ავიღე.
- თვითონაც არ ელოდით?
- ნამდვილად არა (იცინის). წარმოიდგინეთ, მსოფლიო მასშტაბის შეჯიბრებაა (იცინის).
- მსოფლიო დონის შეჯიბრებაზე, მეორე მცდელობაზე რომ მოყვარულმა „ნივით“ მესამე ადგილი აიღეთ, ალბათ, ეს კიდევ უფრო დიდი მოტივაცია გახდა.
- რა თქმა უნდა. შემდეგ წელს დამასპონსორეს და „ტოიტა პრადოთი“ გამოსვლის საშუალება მომეცა. თუმცა, სხვის მანქანას ძალიან ვუფრთხილდებოდი და შარშან და წელს სტაბილურად მეხუთე ადგილს ვინარჩუნებ (იცინის).
- რამდენ ხანს გრძელდება რალი და ყველაზე რთული გზა სად შეგხვდათ?
- რალი გრძელდება ექვსი დღე, ტარდება ოქტომბრის მეორე კვირას და მოიცავს თითქმის მთელ საქართველოს. ყველაზე რთული იყო წლევანდელი რალი, რადგან ამინდმა არ შეგვიწყო ხელი. თუმცა, პირიქით შეიძლება ითქვას, თუ ტალახი გიყვარს და ცუდი გზები, ამ დროს ნალექი ძალიან კარგია და ადრენალინიც მეტია. ყველაზე რთული გზა იყო რაჭიდან ზემო იმერეთში გადასვლისას კაცხის სვეტთან. ძალიან მეჩხერი ტყე, საშინელი აღმართები, გაუვალი გზა და თუ ტალახი და ნაწვიმარია, მანქანა ხტის და საშინელებაა. საცობი გეგონებოდა, 22 მანქანა იყო ჩავარდნილი ტალახში.
- აქ უკვე კონკურენცია მეორეხარისხოვანია და ერთმანეთს ეხმარებით, არა?
- გუნდურობა ძალიან ბევრს ნიშნავს. შენ ტექნიკური ჯგუფიც დაგყვება, მაგრამ როდესაც ჩავარდნილი ხარ, თუ მათი დახმარება გამოიყენე, ქულები გაკლდება.კი ხარ სხვა ეკიპაჟის წევრი და კონკურენტს ურჩევნია ჩავარდე, მაგრამ ხომ შეიძლება თვითონაც იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდეს?! ამიტომ, თუ თვითონ ძალიან არ უფუჭდება საქმე, ჩაგიბამს და აგიყვანს. უმეტესად ასეც ხდება.
- ქალისთვის დამატებით რა სირთულეებია?
- საბურავები უნდა დაუშვა, დაბერო, შენი ავტომობილი შენვე უნდა შეაკეთო და ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ იმ რთული სიტუაციიდან ამოხვიდე. მაგალითად, ტალახში ტოტები ჩაყარო და ზედ გადაიარო, მცოცავი კლდე რამით გაამაგრო, რომ გავლა შეძლო. ყველაზე რთული ასეთ გზებზე მაინც ღამეა. სიბნელეში სიარული საშიშია. იცით, საქართველო მთაგორიანია და იმდენი გადასავარდნია, ვერ გეტყვით. მდინარე უნდა გადაიარო, ამ დროს არ იცი, წყლის ქვეშ რა გრუნტია და შეიძლება, საერთოდ წაგიღოს. საშინელ სიცივეში ფეხშიშველამ გავიარე მდინარეში, რომ მისი სიღრმე გამეგო. ფაქტობრივად, ეს დღეები სულ სხველი ხარ. ყველაფერი რომ კარგად გქონდეს, შეიძლება, წინ მიმავალი მანქანა ჩავარდეს ტალახში და ამ დროს შენც უნდა ელოდო მისი მდგომარეობის გამოსწორებას. ამ დროს საშინელი სიცივეა, გარეთ ხარ, წვიმს, მაღლობზე ტემპერატურა დაბალია, თოვლია ოქტომბერში და თავად წარმოიდგინეთ ეს ყველაფერი როგორი იქნება.
- სერიოზული საშიშროების წინაშე აღმოჩენილხართ?
- ყოველ წელიწადს ვარ სერიოზული საფრთხის წინაშე. შარშან წამიერად გადავრჩი. სხვა მანქანამ დამინახა, მე კი ვერ ვხედავდი იმ საშიშროებას, რაც მელოდა. ვერ ავედი, მანქანა მომიცურდა და ჩემ უკან კი საშინელი ხრამი ყოფილა. ნახევარი მეტრიც და ვეღარ დავიმორჩილებდი ავტომობილს. ამ დროს ძალიან დამეხმარა ერთი ეკიპაჟი. წელს, მაგალითად, სხვა ეკიპაჟი ჩავიბი, რომელსაც პრობლემა ჰქონდა, მერე კი მეც პრობლემები შემექმნა - საჭის მექანიზმი გამეჭედა და საჭე ძალიან გამაგრდა. მოვიდა სხვა მანქანა, მე ჩამიბა და ორივე ბუქსირით აგვიყვანა. მერე კიდევ რაღაც გაფუჭდა და ეს რაღაც ენით აუწერელი ამბავი იყო, მართლა იქ უნდა იყო და უყურო (იცინის). მე საკუთარ თავს ბრძოლა გამოვუცხადე და ისეთები გამოვიარე, დღეს რომ ძალიან მიკვირს. წარმოიდგინეთ, საველე პირობებში ექვსი დღე ქალისთვის, იქ სადაც ტალახს იქით ვერაფერს ხედავ - ეს ძალიან დიდი ექსტრემია. სულ ვამბობ, ტალახი ისე მიყვარს, როგორც შოკოლადი. არ ვჭამ, მაგრამ ვგიჟდები მასზე-მეთქი (იცინის). უამრავი რამ გადამიტანია, მაგრამ ყველაზე მეტად ღამე, ტყეში მარტო დარჩენა არ მომწონს. თუ სადმე სინათლე ბჟუტავს, მე და ჩემს შტურმან ქალბატონს უკვე ძალიან გვიხარია. არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის, რა პოზიციაზეა, მთავარია, ვიღაც არის. თან, მე ძალიან ემოციური ვარ - ვყვირი, ვანგრევ იქაურობას. თუ არ ვიყვირე, ემოციისგან ვერ დავიცლები. მე არ ვამბობ, რომ ამ პროცესში შიშს არ განვიცდი. როგორ არა, ადვილად არაფერი გამოდის. თუნდაც „პრადოს“ საბურავის ზომა წარმოიდგინეთ, ამხელა საბურავი რომ დაეშვას, მისი მოხსნა და დამაგრება, თან ტალახში, კლდეზე, საშინელ პირობებში, როგორია? თორემ ასფალტზე კიდევ ვინ ჩივის. კარავში ღამის გათენება, როცა სველი, ტალახიანი ხარ, სუფთა აღარაფერი გაქვს - მოკლედ, ძალიან რთულია, მაგრამ თან, საოცრად მიმზიდველი და საინტერესო.
- ფიზიკურად როგორ გრძნობთ თავს ამ ექვსი დღის შემდეგ?
- უფრო ძლიერად, ვიდრე მანამდე ვიყავი - გინდ დაიჯერეთ, გინდ არა (იცინის). იმდენად დიდ სიამოვნებას ვიღებ, საოცარი ძალა მემატება. ჩემი თავი მომწონს, თვითშეფასება მიმაღლდება. ვაკეთებ იმას, რაც მომწონს. ექსტრემი და ეს პირობები ძალიან მიზიდავს.
- ავტომობილებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება ყოველთვის გქონდათ?
- მე 51 წლის ქალი ვარ ჭიათურიდან. „გაგანია“ კომუნიზმის დროს ამ ჭიათურაში სად ნახავდით საჭესთან ქალს (იცინის)?! „ქალი სამზარეულოში“ - მაშინ ასეთი დოგმა იყო, მაგრამ მომეწონა საჭე და რა მექნა?! ქმარს მოვპარავდი ხოლმე მანქანას და ჩემს უბანს დავარტყამდი წრეს - სულ ეგ იყო. მერე, ნელ-ნელა ვისწავლე ტარება, მაგრამ თბილისში რომ ჩამოვედი, მანქანა დიღომში დავტოვე, შემეშინდა. მეგონა, ამდენ მანქანასთან ერთად ვერ ვატარებდი. მერე ჩემმა ქმარმა ძალით გამომიყვანა ქუჩაში ღამე და ქალაქში ტარება მასწავლა. იცით, როგორ დროს ვისწავლე მანქანის ტარება თბილისში? - ქუჩები რომ გადათხრილი იყო და ტანკები და მხედრიონელები დადიოდნენ. მეუღლემ „ნივა“ მიყიდა, ეს არჩევანი სპეციალურად გააკეთა. ორი ბავშვი გვყავდა და განსაკუთრებული ყურადღება გვმართებდა. ბავშვებს უკანა სავარძელზე ვაძინებდით, რადგან კარის გაღების საშიშროება არ იყო და დილის ხუთ საათამდე მშვიდად დავდიოდით თბილისის ქუჩებში, რომ მანქანის ტარება კარგად მესწავლა. ასე, ავტომობილში გავზარდე ბავშვები (იცინის).
- რა პროფესიით ხართ?
-გეოფიზიკოსი, „ჯავახიშვილი“ მაქვს დამთავრებული. შემდეგ გეოგრაფიის მასწავლებლად ვმუშაობდი სკოლაში. თბილისში რომ გადმოვედით, საცხობი გავაკეთე - თონე, რომელიც დღემდე მაქვს, კიდევ პატარა ობიექტები. მერე სრულიად შემთხვევით, დიდ სამკერვალოში მოვხვდი, ძალიან სპონტანურად. საერთოდ, ჩემი ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე. თუ ვინმე რამეს მთავაზობს, უარს არ ვამბობ, რისკი მიზიდავს. ასე გავხდი ბავშვთა გასართობი ცენტრის მენეჯერიც. ამის შემდეგ გავხსენი სამკერვალო. მერე გერმანიაში წავედი, მერე საფრანგეთში და იქიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ მივიღე მონაწილეობა რალიში. ზუსტად მაშინ მივხვდი, რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან მიყვარს. აქამდე სამშობლოს უფრო ზედაპირულად ვიცნობდი, ასეთი პატრიოტიც არ ვყოფილვარ. რალის წყალობით საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭული რომ ვნახე, ძალიან მომეწონა. უკვე სხვა ქვეყნებშიც ვიყავი ნამყოფი და ამ ფონზე მტკიცედ ვამბობ, რომ ჩვენ განსაკუთრებული ბუნება გვაქვს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





