ბელა ალანია: მაშინაც კი მომიბოდიშებია, როცა მართალი ვყოფილვარ
ავტორი: ეთო ხურციძე 18:00 12.07, 2022 წელი

ბლიცინტერვიუ ბელა ალანიასთან 👇
სახელი: ბელა.
გვარი: ალანია.
პროფესია: ეკონომისტი, იურისტი.
– მოგონება ბავშვობიდან...
– სენაკში ტყესთან ახლოს ვცხოვრობდით. ჩვენი სახლის უკან ჯერ მანდარინების პლანტაცია იწყებოდა და უკან, ფერდობებზე დიდი ტყე იყო, სადაც ბავშვები ხშირად დავდიოდით სათამაშოდ. ერთხელ ძალიან დიდი თოვლი მოვიდა. მშობლები სახლში არ იყვნენ. ჩავიცვი მამიდას მოსკოვიდან გამოგზავნილი ახალი, თეთრი ქურქი და წავედი საგუნდაოდ. ბევრი ვითამაშეთ, ვიგუნდავეთ, ვიმხიარულეთ და ეს ჩემი ქურქი სულ დამისველდა. სახლში მეზობლის ბავშვის დახმარებით დავანთეთ ღუმელი და ქურქი ხის სკამით მივაფიცხეთ გასაშრობად. ჩვენ კი ეზოში გავედით სათამაშოდ. ამასობაში, ამ ქურქს, თურმე, ცეცხლი წაჰკიდებია და დედა რომ მოსულა, ოთახი კვამლში გახვეული დახვედრია. გაგიჟებულა, ეგონა, მეც ვიწვოდი სახლთან ერთად, თუმცა, საბედნიეროდ, მეც და სახლიც გადავრჩით. მეგონა, დედა მისაყვედურებდა, მაგრამ როცა ამ ბოლსა და კვამლში ცოცხალი დამინახა, გულში ჩამიხუტა და ბევრი მეფერა. საყვედურიც კი არ უთქვამს არავის. ეს დღე კი სამუდამოდ დარჩა ჩემს მეხსიერებაში.
– მშობლების როლი...
– თუ რამე მაქვს ხასიათში, მათი დამსახურებაა. ძალიან აქტიური ბავშვი ვიყავი და ყველანაირად მიწყობდნენ ხელს. აი, რელსებზე რომ დაგაყენებს მშობელი, რაღაც პერიოდი ხელს შეგაშველებს და მერე, როცა მყარად იდგები, ხელს გაგიშვებს, ასე მახსენდება მოზარდობის მნიშვნელოვანი წლები, როცა მართლა სჭირდება ბავშვს ხელის შეშველება.
– ბავშვობაში მინდოდა, გამოვსულიყავი...
– ძალიან მინდოდა მსახიობობა. მშობლებიც მიწყობდნენ ხელს, ვმართავდი საღამოებს, სახლიდან გამქონდა ნივთები თეატრალური წარმოდგენებისთვის და ასე შემდეგ. საკმაოდ დატვირთული ვიყავი, მამა ქართულ ცეკვებზე მატარებდა, 10 წელი ვცეკვავდი. ერთი ასეთი სახუმარო ისტორია მახსენდება: ჩემი მეგობარი ფატი, ცეკვავდა ოსურის სოლოს, მე – მთიულურისას. წლების შემდეგ, როცა ერთმანეთს შევხვდით, ფატიმ მითხრა: ბელა, არ დაკვირვებიხარ, იმდენი ხანი ვიცეკვე ოსური, სანამ ოსს არ გავყევი ცოლად, შენ კიდევ – მთიულური, სანამ მთიული არ იპოვეო (იცინის). წლებთან ერთად, პროფესიასთან დაკავშირებით ჩემი შეხედულებები შეიცვალა. დღეს ორი სპეციალობა მაქვს – ვარ ეკონომისტი და იურისტი.
– ადამიანში ვაფასებ...
– სათნოება და კეთილშობილებაა ძალიან დასაფასებელი.
– წარმატებული ადამიანი არის...
– ის, ვინც არ უშინდება დაბრკოლებებს, არ ეგუება მარცხს, ბრძოლისუნარიანია, ყოველთვის შეუძლია ფეხზე წამოდგომა და ორიენტირებულია რაღაც კარგის შექმნაზე.
– მეშინია...
– უსიყვარულობის. ერთ დღესაც იმ ადამიანებისთვის აღარ ვიყო ძვირფასი, ვისთვისაც დღეს ვარ ან პირიქით რომ მოხდეს. სიყვარულის განცდა, ეს არის ყველაზე დიდი რამ, რის დაკარგვასაც ვერ შევეგუები და რასაც ვერასდროს შეველევი.
– მწამს...
– კეთილი ადამიანებისა და უფლის.
– ღმერთის ჩემეული აღქმა...
– სულ წარმოვიდგენ იმ მომენტს, როცა ჯვრიდან ჩამოხსნეს, აი, ეს წუთი არის ჩემს წარმოდგენაში ღმერთი, რომელიც ასე გაიმეტეს და აწამეს, თუმცა მაინც ამაღლდა და დარჩა დიდ სიყვარულად.
– ვრისკავ...
– იმდენი წელია, პოლიტიკაში ვართ და იმდენი წისქვილის ქვა დატრიალებულა ჩვენს თავზე, რომ აქ არავინ გაპატიებს სისუსტეს. ჩვენ ჯუნგლების კანონით ვცხოვრობთ და მიუხედავად იმისა, რომ შემიძლია, ბევრ რამეზე მართლა გულამოსკვნილად ვიტირო, იმავდროულად, ძლიერი ადამიანი ვარ. ამიტომ არ მეშინია არანაირი რისკის, მით უმეტეს, მაშინ, როცა საქმე პრინციპულ თემებს ეხება.
– ვერიდები...
– კონფლიქტურ, შურიან, ბოროტ ადამიანებს. იმიტომ კი არა, რომ მათი მეშინია, უბრალოდ, მეცოდებიან და ძალიან ხშირად ვცდილობ, სიკეთით, სიყვარულით გავცე პასუხი. თუმცა, სამწუხაროდ, უნდა ვაღიარო, ადამიანების მცირე იშვიათობა იცვლება. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე გძულდეს, ადამიანი უნდა გიყვარდეს, მისი მანკიერებები – არა.
– ბედისწერა...
– ზუსტი პასუხი არ მაქვს, რადგან ჩემი შეხედულებები ამ საკითხთან დაკავშირებით მყარი არ არის. ხან მგონია, არსებობს ბედისწერა და ხან კიდევ მჯერა, რომ ადამიანი თავად ქმნის საკუთარ ბედს. როგორც უფალმა თქვა, „ხელს თუ გაანძრევ, გიშველიო“. ჩემთვის, დაახლოებით, ასეა ბედისწერა.
– სიყვარული არის...
– ჩემი არსებობის გამართლება. მზე არის სიყვარული. შეიძლება მზე ოდესმე არ ამოვიდეს? ამის დაშვება ხომ შეუძლებელია, ასევე შეუძლებელია ადამიანისთვის უსიყვარულოდ ცხოვრება.
– დრო და სიყვარული...
– ყვავილივით უნდა კვებო ეს გრძნობა. შენც გაქვს ბედნიერი მოვალეობები ამ გრძნობის მატარებელი ადამიანის მიმართ და ასევეა, პირიქით. თუ ორივემ არ მიაშველეთ ხელი და არ გამოკვებეთ სიყვარული, შეიძლება, „გახმეს“, ისე, როგორც ყვავილი წყლის გარეშე. ვინც გაუფრთხილდება, მისთვის ნამდვილად უკვდავი იქნება.
– შემშურებია...
– ბედნიერი ვარ იმით, რომ ეს გრძნობა არასოდეს მიტარებია, ასევე ბედნიერი ვარ იმით, რომ სიძულვილიც არ ვიცი, რა არის. ის მატერიალური, რაც ჩვენ ირგვლივ არსებობს, იმდენად არაფერია, არ შეიძლება, ამის გამო ვინმესი გშურდეს. „ამქვეყნად შიშვლები მოვედით და შიშვლები უნდა წავიდეთ“. ერთადერთი, რაც ჩვენს ცხოვრებას აზრს აძლევს, ადამიანური ურთიერთობები და შეგრძნებებია.
– სამაგიეროს გადახადა...
– სიმდაბლეა. მე კი პატივს ვცემ კეთილშობილ ადამიანებს, რომელთაც მიზანი კი არ აქვთ სამაგიეროს გადახდის, არამედ თესავენ სიკეთეს და პატიების უნარი აქვთ.
– ბოდიშის მოხდა...
– არასოდეს მიჭირს, მაშინაც კი მომიბოდიშებია, როცა მართალი ვყოფილვარ. ეს იმიტომ, რომ ურთიერთობა გადამერჩინა, არ მემეტებოდა ის ადამიანი დასაკარგად. როცა მართალი ვარ, შემიძლია გაჩუმება, ცხოვრება ისეა მოწყობილი, რომ ხანდახან ამის საჭიროებაცაა. ნათქვამია: არის დრო ქვების შეგროვების და დრო ქვების სროლის. მე ქვები არასდროს მისვრია, ყოველთვის სიკეთით ვცდილობ, სამაგიეროს გადახდას, ასე ბევრად გამარჯვებული გამოდიხარ.
– ვნანობ...
– იმ წლებს, როცა ჩემი მშობლებისგან შორს ვიყავი. რატომღაც მეგონა, სულ იქნებოდნენ ჩემს ცხოვრებაში. მამა 55 წლის გარდაიცვალა და მისთვის ბევრი რამის თქმა ვერ მოვასწარი, ამას ძალიან ვნანობ.
– ვაგროვებ...
– ლამაზ ზღვის კენჭებს ვაგროვებ. ბავშვობაში სოხუმში შეგროვებული კენჭებიც კი მაქვს. ძალიან პატარა ვიყავი, როცა შეგროვება დავიწყე და დედას ზღვის წყალი მოჰქონდა ამ კენჭებისთვის, რომ დაგვესხა ხოლმე – წყალში ბევრად ლამაზები იყვნენ. ერთხელ დედამ მითხრა: ქვები წყალში იზრდებიან და მათთვის წყლის დასხმა არ დაგავიწყდესო. მეც მჯეროდა და მინდოდა, გაზრდილიყვნენ, ამიტომ მათ წლების განმავლობაში ვუსხამდი წყალს. ახლაც, სოხუმიდან ჩამოტანილი კენჭების ნაწილი სახლში მაქვს და მათ დღემდე ვუსხამ წყალს. ეს იმიტომ, რომ მგონია, ერთ დღეს, როცა მათ წყალს აღარ დავუსხამ დამავიწყდება, რომ აფხაზეთიდან მაქვს ჩამოტანილი. ჩემთვის ისინი, გარკვეულწილად, ჩემი ქვეყნის სიმბოლოა. ძალიან მინდა, ეს კენჭები სოხუმში ნამდვილ ზღვას დავუბრუნო.
– რჩევა, რომელიც სულ მახსოვს...
– ჩემი გამზრდელი ჯულია ბებო, რომელიც ძალიან მიყვარდა, გამუდმებით კეთილშობილებისა და სიყვარულის მაგალითს მაძლევდა. ერთხელ ასეთ სიტუაციაში აღმოვჩნდით: სალონში წავედით ერთად. იქ ყველა მიცნობდა, მაგრამ უცებ ერთი ქალბატონი შემოვიდა, ტელევიზორში თვალი მოჰკრა შალვას და დაიწყო ჩემი მეუღლის შეურაცხყოფა. ბებომ ყურში ჩამჩურჩულა არ შეიმჩნიოო. მეც ასე მოვიქეცი და ამ ქალბატონს ვუთხარი: ნეტა იცოდეთ, მეც როგორ მიშლის ნერვებს-მეთქი (იცინის). ყველას სიცილი აუტყდა და დაძაბული სიტუაციაც განიმუხტა. სახლში დაბრუნებისას, ბებომ ასეთი რამ მითხრა: ცხოვრებაში არის მომენტები, როცა რაღაც ისე არ ხდება, როგორც თავად გსურს, თუ ამ დროს შეძლებ იმ უნარის გამოჩენას, რომ არ შეიმჩნიო, მაშინ დამიჯერე, ყოველთვის გამარჯვებული გამოხვალო. ეს სიტყვები მთელი ცხოვრება მომყვება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან