საზოგადოება

ასმათ ტყაბლაძე: საჩუქრების მიღება არ მიყვარს

№8

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 27.02

ასმათ ტყაბლაძე
დაკოპირებულია

მსახიობი ასმათ ტყაბლაძე ძლიერი და დამოუკიდებელი ქალია. საკმაოდ პატარა იყო, როდესაც ფინანსურად დამოუკიდებელი გახდა და მას შემდეგ ფეხზე მყარად დგას. ვნახოთ, რას ნიშნავს მისთვის ფული და როგორ გამოსდის თანხის ხარჯვა.

ასმათ ტყაბლაძე: ვერ გეტყვით, რომ ფული ძალიან მიყვარს. მინდა, იმდენი, რამდენიც ცხოვრებისთვის საჭიროა. ბევრ ფულს ნამდვილად არ ვნატრობ. ფული ადამიანს აფუჭებს. ფულის გულისთვის ბევრს შეუძლია, ყველაფერი იკადროს. კი, ფული საჭიროა იმისთვის, რომ ჭამო, რომ განათლება მიიღო, სახლ-კარი გქონდეს, მაგრამ მასზე დახარბება არასწორია.

ჩემს ახალგაზრდობაში ადამიანს ბევრი ფული არ სჭირდებოდა. უფასო იყო მედიცინა, სწავლა და კიდევ ბევრი რამე. მაშინ ყველაფერი ძალიან იაფი იყო. დღეს გაზის გადასახადი 220 ლარი გადავიხადე. ეს ძალიან ბევრია, მით უმეტეს, როცა პენსია 415 ლარი მაქვს. დღეს ადამიანს ძალიან ბევრი ფული სჭირდება, მაგრამ შემოსავალი არის ამდენი?! ადრე ხუთ მანეთს ვიხდიდით და ამაში შედიოდა გათბობა, ცხელი წყალი, ელექტროენერგია, ტელეფონის გადასახადი. ტელეფონის გადასახადი მანეთი რომ გახდა, მახსოვს გადავირიეთ, მანეთი როგორ უნდა გადავიხადოთო. თითქმის ყველაფერი უფასო იყო ან ძალიან იაფი ღირდა და ხალხი მაინც უკმაყოფილო იყო, ამბობდნენ, რა საშინელებაა ჩვენთან, საზღვარგარეთ რა კარგად ცხოვრობენო. ახლა ხომ ნახეს, რა არის კაპიტალიზმი და როგორ ცხოვრობენ თურმე, იქ. ზოგი ძალიან მდიდარია, მაგრამ ეს ძალიან მცირე ნაწილს ეხება, ზედმეტად მდიდრებიც არიან. გიჟებს ემსგავსებიან ასეთი ადამიანები, აშენებენ და აშენებენ მაღალ კორპუსებს, რომ ბევრი ფული იშოვონ. ყველაფერს აკეთებენ. რაც შეიძლება მეტი და მეტი ფული უნდათ. მიდიან პოლიტიკაში, ისევ და ისევ ფულისთვის. მხოლოდ ფულისთვის გიჟდებიან. ეს ჩემთვის ძალიან მიუღებელია. მე სხვა დროში გავიზარდე, მაშინ ხალხი ფულზე ასეთი დახარბებული არ იყო.

ჩემი პირველი ხელფასი 90 მანეთი იყო, მერე – 130. გადასარევად არ ვყოფილვარ, მაგრამ ვქსოვდი, ვკერავდი და კიდევ რაღაცას ვამატებდი ამ ხელფასს. 14 წლის ვიყავი, როცა მუშაობა დავიწყე. მუსიკალურ სკოლაში პედაგოგი გახლდით. ხელფასიც იმ დროიდან მაქვს. იმის შემდეგ დღემდე არ გავჩერებულვარ, მთელი ცხოვრებაა, ვმუშაობ და ყველაფერი ჩემი შრომით მაქვს.

– გახსოვთ, პირველი პერიოდი რას ახმარდით ხელფასს?

– ჩითის ნაჭერს ვიყიდდი კაბის შესაკერად, დუშეთში ვმუშაობდი და თბილისამდე გზაში ფული ხომ მჭირდებოდა. სულ ვცდილობდი, ჩემი ფული მქონოდა. დედაც მაძლევდა და ბიძაც, მაგრამ მინდოდა, რომ მხოლოდ ჩემს თავზე ვყოფილიყავი დამოკიდებული.

ინსტიტუტში სწავლისას უკვე ლენინური სტიპენდია მქონდა. ეს ყველაზე მაღალი სტიპენდია იყო. ამ ფულს ბინის ქირაში ვიხდიდი. სახარჯო ფულის საშოვნელად ვქსოვდი, ვკერავდი და ვაბარებდი. ასე ვირჩენდი თავს.

– იმ პერიოდში ქალისთვის ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვება, ალბათ, რთული იყო.

– სწავლა რომ დავამთავრე და მუშაობა თეატრში დავიწყე, აბსოლუტურად დამოუკიდებელი გავხდი. ქსოვას და კერვას ისევ ვაგრძელებდი, მთელი ცხოვრება რაღაცას ვცდილობდი. მარტო ერთ საქმეზე არ ვყოფილვარ დამოკიდებული. ახლა, როგორც იცით, ბიზნესიც მაქვს. თუმცა, ამ ბიზნესზეც არ ვარ გადარეული. გაფართოება და კიდევ დამატება არ მინდა, რაც არის, ის მყოფნის. პარალელურად, რეკლამაშიც ვიღებ მონაწილეობას, სერიალშიც, არც ფილმზე ვამბობ უარს. როცა ადამიანი აქტიური ხარ, შემოსავალიც გექნება.

იმათაც ვეხმარები, ვინც დასახმარებელია. თუმცა, არც იმდენი მაქვს, რომ გადავყარო. ფულის სესხებას ძალიან ხშირად მთხოვენ. რამდენი სიკეთე გამიკეთებია, მაგრამ საპასუხოდ ყოველთვის სიკეთე არ მიმიღია. სიკეთეს ძალიან ცოტა აფასებს. ბევრია უმადური, მაგრამ არა უშავს. ზემოთ ღმერთი ყველაფერს ხედავს და ის აფასებს. სულაც არ არის საჭირო, იმან დაგინახოს, ვისაც გაუკეთე. უკვალოდ მაინც არაფერი ჩაივლის.

– ბევრს უთქვამს, ადამიანი ფულთან ურთიერთობაში შეიცნობაო...

– დიახ, ნამდვილად შეიცნობა. ჩემს ბევრ ამხანაგს უთქვამს, რომ ფულთან დამოკიდებულებაში ასმათი ნომერ პირველი ადამიანია, ძალიან სუფთააო. არ არსებობს, მე ამ საკითხში უსამართლოდ მოვიქცე. რადგან ბიზნესში ვარ, ხშირი ურთიერთობა მაქვს დისტრიბუტორებთან. ვისაც გინდათ, ჰკითხეთ, ყველაზე კარგი გადამხდელი მე ვარ. საერთოდ, ვალს ვერ ვიტან. მქონია, კრედიტიც ამიღია, მაგრამ ყველაფერს დროულად ვიხდიდი. იმდენს არასდროს ავიღებ, რამდენის გადახდაც არ შემიძლია. ახლა კი არა, თანხა ახალგაზრდობაშიც ამიღია სესხად, მაგრამ ყოველთვის ვადაზე ადრე დამიბრუნებია. ჩემთვის ვისაც კი უსესხებია ფული, ყველას უთქვამს, შენ როცა გინდა მთხოვე, უარს არასდროს გეტყვიო. იმიტომ, რომ ამ საკითხთან ძალიან სწორი დამოკიდებულება მაქვს. კი, ამ საკითხით ბევრი რამ ისაზღვრება. ზოგმა შეიძლება, ჯიბეში არ ჩაგიყოს ხელი და იქიდან არ ამოგაცალოს ფული, მაგრამ ისე დაგაზარალოს. ადამიანს რომ ფულს ასესხებ და არ დაგიბრუნებს, ეს იგივე მოპარული და წართმეული არ არის?! ტყუილების მოგონებას რომ დაიწყებ, ეს უფრო მეტია.

– გაგფუჭებიათ ამის გამო ურთიერთობები?

– საერთოდ, დიდ ფულს ითხოვენ ხოლმე. ორი ათასი დოლარი, სამი ათასი და ასე შემდეგ. არ მაქვს საშუალება, რომ ადამიანს ამდენი ვასესხო, მით უმეტეს, თუ ვიცი, რომ ვეღარ დამიბრუნებს. ორასი ლარი მიმიცია, სამასიც და უკან აღარ გამომირთმევია. თუ ვიცი, რომ ვეღარ მომცემს, რამდენიც შემიძლია, იმდენს ვაძლევ და იმასაც ვეუბნები, რომ ეს არის, რისი შესაძლებლობაც მაქვს და მეტს ნუღარ მთხოვს.

– ფულთან დაკავშირებული ცრურწმენები გაქვთ?

– საერთოდ, არანაირი ცრურწმენა არ მაქვს, მაგრამ რა ვქნა, მარცხენა ხელი რომ მეფხანება, გამორიცხულია ვინმემ ფული არ მომცეს (იცინის). მართლა არ ვიცი, ეს რა არის, მაგრამ დაკვირვებული ვარ, რომ ყოველთვის ასე ხდება.

– აკვირდებით, ადამიანებს ფული ცვლის თუ არა?

– რა თქმა უნდა, ცვლის. ზოგი ფულის გულისთვის ყველაფერს კადრულობს. მე სხვისი ფულით არასდროს არაფერი გამიკეთებია. არც სხვისი ნაჩუქარი მინდა რამე, ღმერთმა დამიფაროს.

საჩუქრების მიღებაც არ მიყვარს, ფულზე ზედმეტია ლაპარაკი. ჩემი შვილი რომ გადმომირიცხავს ფულს, ეს სასიამოვნოა, მისგან სიამოვნებით ვიღებ, თუ აქვს, მაგრამ სხვისგან გამორიცხულია. არც ივანიშვილის დახმარება მინდა და არც მიმიღია. ერთი ადამიანისთვის მეორეს დახმარება მითხოვია, მაგრამ საკუთარი თავისთვის – არასდროს. მე შრომა მიყვარს, ჩემი შრომით ბევრი რამის გაკეთება შემიძლია და გამიკეთებია კიდეც. ყველაფერი მქონდა და მაქვს.

– როგორი მხარჯველი ხართ?

– სხვათა შორის, ფასებს ვერ ვიმახსოვრებ. რამდენჯერ უკითხავთ, მაგალითად, რაღაც ნივთზე, რა მიეციო და არასდროს მახსოვს. ჩემთვის მთავარი პრინციპი ასეთია – თუ რამე მჭირდება და მისი ყიდვა შემიძლია, ვყიდულობ, თუ არ მაქვს საჭირო შესაძლებლობა, ვჩერდები.

– რეკლამების „მსხვერპლი“ გამხდარხართ და უსარგებლო ნივთები შეგიძენიათ?

– ხშირად, არა, მაგრამ მიყიდია, მაგალითად, კოღოების საწინააღმდეგო საშუალებები, ისეთი რეკლამა ჰქონდა, ვიფიქრე, რომ ავშენდი, მაგრამ პირიქით მოხდა, იმდენი კოღო მოიზიდა, სახლში ვეღარ გაჩერდებოდი, სრული სისულელე იყო. მერე კიდევ ბალახის საჭრელი ვიყიდე დუშეთისთვის. ვიდეოში ვუყურებდი, გადასარევად ასრულებდა თავის მოვალეობას და რეალურად, სამსანტიმეტრიანი ბალახიც ვერ მოჭრა. ასეთი რამეები ხდება, ამიტომ ასეთი რეკლამების აღარ მჯერა. ასეთ აფერისტობებს ვერ ვიტან. ერთი-ორჯერ რომ დამემართა მსგავსი სისულელე, ძალიან ვინანე და ახლა აღარ ვუგდებ ყურს მსგავს რეკლამებს.

– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე კარგ დაბანდებად?

– ჩემს შვილს რომ ვასწავლე ენები კარგად და საერთოდ, კარგი განათლება რომ მივაღებინე. განათლებასა და ჯანმრთელობაში დაბანდებული ფულია ყველაზე სწორად დახარჯული. მინდა, ჩემს შვილიშვილსაც კარგი განათლება ჰქონდეს, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მგონია. კიდევ ძალიან მიყვარს მოგზაურობა და თითქმის ყველა ქვეყანაში ვარ ნამყოფი. ვერც კი დავითვლი, თვითმფრინავით რამდენჯერ მიფრენია. ავტომიბილიც მიყვარს, 42 წელია, რაც მას ვმართავ და ახლა მეექვსე მანქანა მყავს. თუმცა, ძვირად ღირებული ავტომობილების შეძენის განსაკუთრებული სურვილი სულაც არ მაქვს, მთავარია, ადვილად მოსახმარი იყოს და ბევრი არ მაწვალოს.

– თანხის შეგროვება შეგიძლიათ?

– არა, თანხის შეგროვება სისულელეა. ადამიანებს ისეთი ხანმოკლე ცხოვრება გვაქვს, რაც გაქვს, მაშინვე უნდა გამოიყენო. ბებიაჩემი სულ იმას მეუბნებოდა, არ დააგროვოთ ფული და ოქროულობა, ამან იცის, როგორც მოსვლა, ისე წასვლა. ან ბანდიტი დაგხვდება, ან მიწისძვრა მოხდება და ყველაფერს უცებ დაკარგავთ. ისწავლეთ და გაერთეთო. სულ ამას გვეუბნებოდა და მე ძალიან მომწონს ბებიაჩემის რჩევა. ზოგადად კი, მჯერა, რომ თუ იშრომებ, ყველაფერს შეძლებ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული