საზოგადოება

ანა წითლიძე: ამერიკის საზღვარი რომ გადავკვეთე, ძალიან დიდხანს მაკვირდებოდნენ, ვერაფრით მიხვდნენ, რატომ მქონდა დიპლომატიური პასპორტი და 13 დაკავება

№39

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 02.10

ანა წითლიძე
დაკოპირებულია

მისი პოლიტიკური ცხოვრების შესახებ, ალბათ, ყველამ ყველაფერი იცით, ამიტომ შევეცდებით, ახლა ცოტა განსხვავებული კუთხით დაგანახვოთ.

ანა წითლიძე: დავიბადე და გავიზარდე ზუგდიდში. სკოლაც იქ დავამთავრე და ბაკალავრიც. ჩემი ბავშვობა 90-იან წლებს დაემთხვა, მაგრამ მიუხედავად ყველა იმ სირთულისა, რომელიც მაშინ არსებობდა, მაინც ძალიან კარგად მახსენდება.

ხასიათი მაშინაც ისეთი მქონდა, როგორიც ახლა, ანუ მშვიდი ბავშვი არასდროს ვყოფილვარ. მეამბოხე და რთულად ასატანი ვიყავი, რადგან ყოველთვის ვაპროტესტებდი იმას, რაც არ მომწონდა, ამიტომ გამუდმებით მქონდა პრობლემები, მათ შორის სკოლაშიც, თუმცა „მიტანდნენ“ იმიტომ, რომ ძალიან კარგად ვსწავლობდი. არ ვყოფილვარ სტანდარტული გოგო. დედა მასწავლებელი იყო და იმ სკოლაში მუშაობდა, რომელშიც მე და ჩემი ძმა ვსწავლობდით. ხშირად იტყოდა ხოლმე, ბიჭთან არასდროს მქონია პრობლემა, მაგრამ გოგოსთან სულ პრობლემებიაო. 37 წლის ვხდები და ჩემს სახლში სიყვარულის, სიკეთისა და სწავლის მეტი არაფერი მინახავს და ძალიან მშვიდ ოჯახში უცებ გამოვერიე მე ასეთი ხასიათით (იცინის). ხომ წარმოგიდგენიათ 90-იანი წლების ზუგდიდი, ქუჩა, ბიჭები, საქმის გარჩევები და მე ყოველთვის მოვლენების ეპიცენტრში ვიყავი.

ბუნებით ძალიან სამართლიანი ვარ. ეს არის ჩემი ძალაც და სისუსტეც, რადგან პრობლემებიც, ძირითადად, ამ მიზეზით მექმნება ხოლმე.

– მშობლები როგორ ეგუებოდნენ ამ ყველაფერს?

– როგორც ვთქვი, დედა მასწავლებელია, მამა – ყოფილი ფეხბურთელი. მათ ძალიან თავისუფლად გამზარდეს. მამამ ჩამინერგა აზრი, რომ თავისუფალი ადამიანი ვარ, ჩემი უფროსი არავინაა და უსამართლობა არ უნდა მოვითმინო. ჩემი ღირებულებები ჩემი მშობლების ჩამოყალიბებულია და ამიტომ ვერ მეტყოდნენ, რატომ ხარ ასეთიო. თუმცა კი, მათთვის რთულია, განსაკუთრებით ჩემი პოლიტიკაში ჩართვის შემდეგ. ნაციონალურ მოძრაობაში რომ მოვედი, პირველ წლებში განსაკუთრებულად გაუჭირდათ. მაშინ ხომ პირდაპირ სახლსა და ოფისში მივარდებოდნენ და მუდმივად ფიზიკურ დაპირისპირებებში ვიყავით, ამის გამო ჩემი მშობლები ძალიან ნერვიულობდნენ. მერეც, სულ იმას ხედავენ, რომ ან დაჭერილი ვარ, ან ჩხუბში ჩართული. საერთო ჯამში, 13-ჯერ ვარ დაკავებული. ვხუმრობ ხოლმე ამაზე, ამერიკის საზღვარი რომ გადავკვეთე, ძალიან დიდხანს მაკვირდებოდნენ, ვერაფრით მიხვდნენ რატომ მქონდა დიპლომატიური პასპორტი და 13 დაკავება. აქედან გამომდინარე, მშობლებისთვის რთულია, მაგრამ ჩემი არჩევანია და პატივს სცემენ. მათიც მესმის, ჩემნაირი შვილი რომ მყავდეს ძალიან გამიჭირდებოდა.

– პრანჭია გოგო არ იყავით?

– არა. შედარებით გაპრანჭვა პარლამენტში დავიწყე სავალდებულო დრესკოდიდან გამომდინარე. მე ბავშვობიდან ზუსტად მქონდა დაგეგმილი, რა უნდა მეკეთებინა. მინდოდა პოლიტიკაში, ვიცოდი, რომ დავამთარებდი ბაკალავრს, ვისწავლიდი მაგისტრატურაზე და დავიცავდი დოქტურანტურას. ვიცოდი, რომ დამატებით ენად ვისწავლიდი ფრანგულს, რადგან ინგლისური და რუსული უკვე ვიცოდი. ლატვიაში ყოფნისას მათი ენის სწავლაც მომიწია. მე ეს მიზნები მქონდა და ამიტომ, ბავშვობიდან მოყოლებული, დღე ისე არ გავიდოდა, რომ არ მეკითხა და არ მესწავლა. ჩემი მიზნები დიდ შრომას მოითხოვდა და სხვა რამისთვის დრო არ მრჩებოდა. არ ვიცი, ეს რამდენად ნორმალური იყო, მაგრამ გაპრანჭვა არ ყოფილა ჩემი პრიორიტეტი. თან, სწავლის პარალელურად, მუშაობაც მიწევდა.

– ნათქვამი გაქვთ, სოციალური ფონი მცირე ასაკიდან მოითხოვდა ამასო, თან ბანანს ვყიდდი, თან ინგლისურს ვსწავლობდიო.

– არა მხოლოდ. ბაკალავრზე რომ ვსწავლობდი, მაშინაც ვმუშაობდი. ლატვიაში ორი მაგისტრატურა დავამთავრე და დოქტურანტურაზეც იქ ჩავაბარე. მთელი ეს დრო, რა თქმა უნდა, სამსახურიც მქონდა. იყო პერიოდი, როდესაც იურმალაში ვმუშაობდი ოფიციანტად, რიგაში, სუპერმარკეტში – კონსულტანტად და ლატვიის სახელმწიფო რადიოში საინფორმაციო მიმყავდა. სწავლის გადასახადს სახელმწიფო მიფინანსებდა, მაგრამ ცხოვრებისთვის მნიშვნელოვან საჭიროებებზე თვითონ უნდა მეზრუნა. ამიტომ, სამ და ოთხ სამუშაოზე ვმუშაობდი ხოლმე. ძალიან ადრეული ასაკიდან გავხდი ფინანსურად დამოუკიდებელი და პირიქით, იქით ვეხმარები ჩემს ოჯახს. იქ ცხოვრებისას, დღე-ღამის განმავლობაში, მაქსიმუმ, ორი საათი მძინებოდა და ასე გრძელდებოდა მთელი შვიდი წელი. ახლაც არ მაქვს დიდად განსხვავებული დღის რეჟიმი: პარლამენტი, პარტია, სტუდენტები და რა დროსაც არ უნდა მივიდე სახლში, 5-6 საათი თვითგანვითარებისთვის მუშაობას უნდა დავუთმო. არ არსებობს, დღე ისე გავიდეს, რამე არ წავიკითხო, არ ვთარგმნო და ასე შემდეგ.

– ახლა ვისაუბროთ წონაზე, რომელსაც სულ რაღაც ამბები უკავშირდება.

– სხვათა შორის, ყოველთვის უჭმელი ვიყავი, წელიწადში ერთხელ მშივდება ხოლმე (იცინის). ეს პრობლემა ბავშვობიდან მქონდა. უცნაურია, რადგან ჩემს ოჯახში, დილა ხარჩოთი და ღომით იწყება, სამეგრელოში საერთოდ ასეა. მე შეიძლება, საერთოდ არ გამახსენდეს ჭამა და მთელი დღე ყავაზე გავატარო. ეს წონაზეც მოქმედებს, მაგრამ გენეტიკურადაც გამხდარი ვარ. 12 დღე რომ ვიშიმშილე და ბოლოს 37 კილოგრამამდე ვიყავი ჩამოსული, ექიმებს ვეხუმრებოდი, არ დაპანიკდეთ, არ ინერვიულოთ, რომ ვშიმშილობ ამას ჩემი ორგანიზმი მეექვსე-მეშვიდე დღეს მიხვდება, შეჩვეულია ასე ცხოვრებას-მეთქი (იცინის). თუმცა, ძალიან ჯანმრთელი ვარ, ვვარჯიშობ და ვცდილობ, ჯანსაღად ვიცხოვრო.

– რატომ ეშინიათ ანი წითლიძის სახელის გაგონების? ცოტა ხნის წინ, ზღვაზეც სახალისო ამბავი გადაგხდენიათ...

– ეგ ქოცებმა უნდა თქვან, ალბათ, იმიტომ, რომ არ არსებობს მე რამემ შემაშინოს. ბევრი მცდელობა ჰქონიათ, მაგრამ მიხვდნენ, რომ პირიქით, იქით უნდა ეშინოდეთ ჩემი. საერთოდ, რეგიონში რომ ჩავდივარ, ძალიან იძაბებიან, მაგრამ იციან, რომ მანდ ვცხოვრობ და სხვა რა გზაა?! მე ზუგდიდელი ვარ, სხვაგან ვერ ვიცხოვრებ. სულ მგონია, რომ თბილისში სტუმრად ვარ, აქაურობა ძალიან მიყვარს, მაგრამ ზუგდიდია ჩემი სახლი. ზაფხული ამ თვალსაზრისით წმინდაა, აუცილებლად იქ ვატარებ და რომ ჩავდივარ, ხან პოლიციის უფროსი, ხან ვინ, მეკითხება, დიდი ხნით ხომ არ ხართ ჩამოსულიო?! (იცინის).

ცოტა ხნის წინ ზღვაზე, განმუხურში, მყავდა ძმისშვილი წაყვანილი. მოდის 80 წლამდე ასაკის ადამიანი და მეუბნება: ზუგდიდის დასუფთავების თანამშრომელი ვარ და რაღაც უნდა გთხოვო – დაბადების დღე მაქვს და კაფეში აღვნიშნავ, მინდა, რუსული სიმღერა „ახ ადესა“ ჩამირთონ და არ მირთავენ. მეუბნებიან, პლაჟზე წითლიძეა და ეგ რომ ჩავრთოთ, ისეთს გვიზამს აქ ვერავინ გავჩერდებითო. არ ვარ ქოცი და არც პრორუსი, მაგრამ ჩემს ახალგაზრდობაში სხვა სიმღერა არ იყო და რა ვქნა?! იქ თუ არ მიგიყვანე და თვითონ არ უთხარი, რომ ჩამირთონ, ისე არ დამიჯერებენ და გეხვეწები, გამომყევიო. რა მექნა, მივედი და ვუთხარი, ჩაურთეთ ამ კაცს ეს სიმღერა. ჩემით რატომ აშინებთ და ჩემ გამო რატომ უნდა ჩაუშხამდეს დაბადების დღე-მეთქი (იცინის).

– სხვა მხარეზეც ვისაუბროთ – მეოჯახე თუ ხართ და სახლში რისი კეთება გიყვართ?

– არა, შეიძლება მშიერი მოვკვდე და კვერცხი არ შევიწვა. მგონია, რომ საჭმლის კეთება დროს მაკარგვინებს. მე, ჩემი ძმა და ძმისშვილები თბილისში ერთად ვცხოვრობთ და ამ ფუნქციას ჩემი ძმა ითავსებს. ის ძალიან კარგი მზარეულია.

რაც შეეხება სხვა საქმეებს, ზუგდიდში მაქვს ბაღი, სადაც ყვავილებს ვუვლი. ეზოსაც მე ვუვლი მამასთან ერთად. სამეგრელოსთვის დამახასიათებელი დიდი და ლამაზი ეზო გვაქვს. თხილი გვაქვს და მისი შეგროვებითაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვიყავი დაკავებული. საერთოდ, ძალიან მიყვარს მიწაზე მუშაობა. კიდევ, ჩვევად მაქვს, სახლში რომ მივდივარ, როგორი დალაგებულიც უნდა დამხვდეს, მე მაინც ჩემი ხელით უნდა დავალაგო.

– სიყვარული, სერიოზული ურთიერთობა და დეპრესია...

– თუ რამე არ მსიამოვნებს, ეს ჩემს პირად ურთიერთობაზე საუბარია. მინდა, რაღაც სივრცე მხოლოდ ჩემი იყოს. დეპრესიას რაც შეეხება, ეს ჩემს ამ ურთიერთობას არ უკავშირდებოდა. ეს უკავშირდებოდა პროცესებს, რომელიც დაემთხვა ნიკა მელიას დაპატიმრებას და იმ საშინელებებს, რაც მაშინ ხდებოდა. ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი, რომ დეპრესია მექნებოდა, მაგრამ დილით რომ გავიღვიძე, მივხვდი, რომ ფეხზე ვერ ვდგებოდი. ეს იყო დაგროვილი სტრესი, რომელმაც ერთად იჩინა თავი. ამ პერიოდს დაემთხვა ჩემი ურთიერთობის დასრულება, მაგრამ გამომწვევი მიზეზი ეგ ნამდვილად არ ყოფილა. დეპრესია შეიძლება, ნებისმიერ ადამიანს დაემართოს. ისიც შეიძლება, რომ გქონდეს და ვერ მიხვდე. სამწუხაროდ, ის ძალიან ბევრს აწუხებს. ცუდია, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ერთგვარი ტაბუ არსებობს. მე პირდაპირ საჯაროდ ვთქვი, რომ დეპრესია მქონდა, მაგრამ თავიდან ვერ მივხვდი, რომ ამ პრობლემის წინაშე ვიდექი. დილით რომ ფეხზე ვეღარ ავდექი და გარეთ გასვლა აღარ მინდოდა, მეგონა, რომ ფიზიკურად მჭირდა რაღაც. ასე ფიქრობდნენ ექიმებიც და მთელი რიგი გამოკვლევები ჩავიტარე. ბოლოს უცხოეთში გავაგზავნეთ ჩემი ანალიზები და იქ იკითხეს, ამ ადამიანს რა ცხოვრება აქვსო, რადგან ფიზიკურად იდეალური მდგომარეობა მქონდა. შემდეგ ჩემი სახელი და გვარი რომ დაგუგლეს, ყველაფერი გასაგები გახდა და პირდაპირ ნევროლოგთან გამიშვეს. მერე დავიწყე მკურნალობა და სამწუხაროდ, ძალიან ცუდად მოვიქეცი. არ შეიძლება იმის გაკეთება, რაც მე გავაკეთე – ერთი თვე ვსვამდი წამლებს და მერე მივხვდი, რომ აღარ მინდოდა მათი მიღება, რადგან არ მომწონდა, ჩემს თავს რომ ვერ ვაკონტროლებდი. ერთ დღეს ავიღე ეს წამლები და გადავყარე, რადგან უკვე ვიცოდი, როგორ მემკურნალა თვითონ საკუთარი თავისთვის, როგორ მემართა ეს პრობლემა დამოუკიდებლად. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ცუდად მოვიქეცი და ეს არავინ არ უნდა გაიმეოროს. საბოლოო ჯამში, ეს პრობლემა არსად მიდის, ყველა ახალი სტრესი მის პროვოცირებას ახდენს, მაგრამ შენ სწავლობ ამასთან ერთად ცხოვრებას, ლაპარაკს და გამკლავებას. რეალურად ცხოვრებაში პოზიტივი მეტია, ვიდრე ნეგატივი. უბრალოდ, ნეგატივი იმდენად მოქმედებს ადამიანზე, რომ აღარ ტოვებს ადგილს პოზიტივისთვის, მაგრამ მე მჯერა, რომ სამყარო სიკეთისკენ უფროა, ვიდრე ბოროტებისკენ და ბედნიერების მიზეზი ყოველდღიურობაში ძალიან ბევრია. ბედნიერება არის თითოეულ წვრილმანში და თუ თვითონ არ დაეხმარე საკუთარ თავს მათ შეგრძნებაში, მხოლოდ წამალი ვერ გიშველის. თუმცა, იმასაც ვიტყვი, რომ სპეციალისტთან მისვლა ძალიან მნიშვნელოვანია და საერთოდ, ამ საკითხთან დაკავშირებით სტიგმები არ უნდა გვმართავდეს.

– და ბოლოს, რადგან პირადზე საუბარი არ გიყვართ, ზოგადად შევეხები ამ საკითხს, ოჯახის წევრებს არ აქვთ ტრადიციული შეკითხვა – როდის უნდა დაოჯახდე? როდის უნდა გააჩინო შვილი და ასე შემდეგ?

– როგორც ვთქვი, მე ჩემი ცხოვრება თავიდანვე დაგეგმილი მქონდა და ზუსტად ვიცოდი, რომ 40 წლამდე შვილის გაჩენა არ მინდოდა. მიმაჩნდა, რომ მანამდე უნდა მესწავლა და ფეხზე მყარად დავმდგარიყავი. ეს ევროპაში ძალიან ჩვეულებრივი ამბავია, მე კი იქ ის წლები გავატარე, როცა ჩემში მთავარი ღირებულებები ყალიბდებოდა. მაგალითად, ჩემი კურსელებიდან, რომლებიც იქ ცხოვრობენ, ჯერ არცერთს არ ჰყავს შვილი, თუმცა ყველას თავის საქმე აქვს. მეც ასე ვუყურებ ამ საკითხს, მაგრამ კი, ეს კითხვა ხშირად მესმის. შვილის ყოლა აუცილებლად ქმრის ყოლასთან არ არის დაკავშირებული, თუმცა, ასეც არ ვუყურებ ამ საკითხს, არ მაქვს განსაზღვრული დამოკიდებულება, რომ ასე მინდა ან ისე. მე მგონია, რომ ამას დრო მიჩვენებს. კი, ძალიან მნიშვნელოვანია, შვილი გყავდეს, მაგრამ სიმართლე გითხრა, რომ არ გყავდეს, ამაშიც ვერანაირ ტრაგედიას ვერ ვხედავ. ამას რომ მეუბნებიან, ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ კი, მაგრამ ვიღაცამ უნდა იბრძოლოს იმისთვის, რომ მერე თქვენმა შვილებმა იცხოვრონ თავისუფალ, ევროპულ და წარმატებულ ქვეყანაში. მე ძალიან გვიან ასაკში დავიწყე პირადი ურთიერთობები. არც მქონდა ამის დრო და ახლაც ყველაზე ნაკლები დრო ამისთვის მრჩება. მიზეზი გასაგებია – ქვეყანაში კი არა, რეალურად საგიჟეთში ვცხოვრობთ და მე ამას არ ვუყურებ, როგორც გადამწყვეტ საკითხს. ჩემთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი მოახლოებული არჩევნებია, რადგან ეს ნამდვილად ისტორიული მომენტი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და მთელი ჩემი ყურადღება აქეთ არის მიმართული.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №50

11–18 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი