ანა ჯანჯალია: ფეხზე 14 „მაზოლი“ მქონდა, დღემდე მაქვს იმ დღეს გასისხლიანებული „ბათინკები“
ავტორი: მარიამ დვალაშვილი 16:46 22.05, 2024 წელი

20 წლის ანა ჯანჯალია პენსილვანიის შტატის საუკეთესო ჯარისკაცია. ანა ამერიკის გვარდიაში მსახურობს. ჯარისკაცობა მისი ბავშვობის ოცნება იყო, რომელიც დაუღალავი შრომის შედეგად რეალობად აქცია და დღეს მისი შედეგები და განსაკუთრებული სიყვარული საკუთარი პროფესიისადმი, ძალიან ბევრში იწვევს აღფრთოვანებას.
ანა ჯანჯალია: 15 წლის ვიყავი, როდესაც ამერიკაში ჩამოვედი. ჩემმა მშობლებმა „მწვანე ბარათი“ მოიგეს და გადავწყვიტეთ, საცხოვრებლად შტატებში გადმოვსულიყავით. დედაც და მამაც სამხედროები იყვნენ, 28-წლიანი გამოცდილებით. მათი პროფესიიდან გამომდინარე, ყოველ წელს ვიცვლიდით საცხოვრებელ ქალაქს. ამერიკაში ჩამოსვლამდე რვა სკოლის გამოცვლა მომიწია და აქედან გამომდინარე, არც აქ გამჭირვებია უცხო გარემოსთან შეგუება.
ამერიკაში ხუთი წლის წინ ჩამოვედი, მაშინ მეათე კლასში ვიყავი. თავიდან ენა საერთოდ არ ვიცოდი, მაგრამ აქ მყოფი ქართველები დამეხმარნენ, კარგად მესწავლა და მეთერთმეთე-მეთორმეტე კლასში ფილადელფიაში პირველი მოსწავლე გავხდი. სკოლაში ძალიან კარგად ვსწავლობდი. თან, ძალიან მაგარი მასწავლებლები მყავდა. ამერიკაში დილის 6 საათიდან შუადღის 3 საათამდე ვსწავლობთ, მაგრამ როცა დახმარება გვჭირდებოდა, მასწავლებლები საღამოს 6 საათამდეც სიამოვნებით რჩებოდნენ. მე სკოლის გარეთაც ბევრს ვმეცადინეობდი. მალე მუშაობაც დავიწყე და, იმ დროიდან მოყოლებული დღემდე, დღე-ღამის განმავლობაში 5 საათზე მეტი არ მძინავს. ალბათ, ამ ყველაფრის დამსახურება იყო ის, რომ სკოლაში სწავლის დროს, ფილადელფიის შტატში საუკეთესო შედეგები მქონდა. მშობლების პროფესიის გათვალისწინებით, მეც ყოველთვის პოლიციელობასა და ჯარისკაცობაზე ვფიქრობდი, მაგრამ რადგან ასე კარგად ვსწავლობდი, მშობლებს უნდოდათ, სწავლისთვის თავი არ დამენებებინა და პირდაპირ სამხედრო მიმართულებით არ წავსულიყავი. თან, მე-12 კლასში შტატისგან 60-პროცენტიანი დაფინანსება მქონდა და გადავწყვიტე, უნივერსიტეტში ბიზნესის მიმართულებით ჩამებარებინა. სტუდენტი გავხდი, მაგრამ ისევ ჯარზე ვოცნებობდი. ერთ დღესაც, ჩუმად მივედი გვარდიაში და ჩემი მონაცემები დავტოვე. ოჯახში ამის შესახებ რომ ვთქვი, დედამ მითხრა, კარგი, სცადეო, მაგრამ მარტო არ მიშვებდნენ. მანამდე ერთი დღეც კი არ ყოფილა, რომ დაქალთან მაინც დავრჩენილიყავი, ოჯახზე ძალიან ვიყავი მიჯაჭვული, ჩემი მშობლები განსკუთრებულ სიმკაცრეს იჩენდნენ. ერთი წლით უფროსი და მყავს და მითხრეს, თუ შენი დაც ჩააბარებს შესაბამის გამოცდებს, მხოლოდ ამ შემთხვევაში წახვალთ ორივე ერთად ჯარშიო. ეს პირობა მივიღეთ, მაგრამ სამწუხაროდ, ძალიან გამიცრუვდა იმედი, რადგან ორი წელი შესაბამისი გამოცდების ჩაბარება ვერ მოვახერხე. მართლა არ ვიცი, რა დამემართა, ჩემს ცხოვრებაში პირველად ხდებოდა, რომ გამოცდას ვერ ვაბარებდი. საერთოდ, ძალიან კომუნიკაბელური და მხიარული ადამიანი ვარ, ელემენტარული მაბედნიერებს, მაგრამ ეს ისე განვიცადე, სახლიდან გასვლა აღარ მინდოდა, ყველაფერზე ვტიროდი. ერთხელაც დედამ მითხრა, მოდი, კიდევ ერთხელ სცადეო. ვერც მოვყვები, რამდენი რამ ვისწავლე, რამდენს ვკითხულობდი და მე და ჩემი და კიდევ ერთხელ გავედით გამოცდაზე. ახლაც განვიცდი, ამ მომენტს რომ ვიხსენებ: სერჟანტი გამოვიდა და გვითხრა, ერთისთვის კარგი ინფორმაცია მაქვს, მეორისთვის – ცუდიო. მიუხედავად იმისა, რომ ჩემმა დამ ჩემზე მაღალი ქულა აიღო, რადგან პირველ გამოცდაზე დაბალი ქულა ჰქონდა მიღებული, მასში ეჭვი შეეპარათ და საბოლოო ჯამში, გამოვიდა, რომ მე ჩავაბარე მასზე დაბალი ქულით. რომ მითხრეს, ჩააბარეო, სიხარულისგან კინაღამ გავგიჟდი (იცინის). ამის შემდეგ კიდევ ბევრი ეტაპი გადავლახე და როგორც იქნა, წავედი ჯარში.
მანამდე ფიზიკურად ძალიან სუსტი ვიყავი, მაგრამ ფსიქოლოგიურად – ძლიერი და ძალიან ბედნიერი. ჯარში 2022 წლის 22 თებერვალს წავედი, ყინვა იყო. პირველი ერთი კვირა კოშმარულად მახსენდება. ჩემებს ვერ ვუკავშირდებოდი, ტელეფონი არ გვქონდა. გარემო – უცხო, სიცივეში, გარეთ მოკლესახელოებიანებით ვიყავით. ფსიქოლოგიურად ძალიან გამიჭირდა. პირველად რომ ჩემს ოჯახს დავურეკე, ვერ ვლაპარაკობდი.
მთელი დღეები ვტიროდი, ჩემს თავს ვეკითხებოდი, რა მინდოდა, რატომ გადავდგი ეს ნაბიჯი-მეთქი. სიმძიმეებისგან წელი დამიზიანდა, მაგრამ ხმას არ ვიღებდი. ფიზიკური მომზადების დროს საშინელებები გავიარე. ბოლო დღეს უბედნიერესი რომ უნდა ვყოფილიყავი, რადგან ჯარისკაცის წოდება უნდა მოეცათ, დაახლოებით, 50 კილომეტრი გავიარე ძალიან მძიმე ზურგჩანთით, ხელში იარაღით, პლუს ტყვია-წამალი და ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, რომ ეს დღე საერთოდ არ მახსოვს, მაგრამ პირველი ვიყავი. გამოცდებზეც ყველაზე მაღალი ნიშნები მქონდა, ფიზიკურადაც საუკეთესო შედეგებს ვაჩვენებდი, მხოლოდ ჯარისკაცი არა, საუკეთესო მინდოდა ვყოფილიყავი. მახსოვს, რომ დავამთავრე, ფეხზე 14 „მაზოლი“ მქონდა, დღემდე მაქვს იმ დღეს გასისხლიანებული „ბათინკები“. დღესაც უამრავი დაზიანება მაქვს, მაგრამ ბოლომდე ვაკეთებ ჩემს საქმეს. უკვე ორი-სამი წელია, დაბადების დღეა თუ დღესასწაულები, მე ჩემს ოჯახში არ ვარ, მთელ დროს ჯარში ვატარებ. ოჯახის ყველა მნიშვნელოვან დღეს ვტოვებ.
– ამდენად გიყვარს და ასე მნიშვნელოვანია შენთვის ეს სამყარო?
– ძალიან. სახლში რომ მივდივარ, ასეთი ბედნიერი ვერ ვარ. წესით ხომ, სახლში მშვიდად უნდა ვიყო, მაგრამ მე ვერ ვისვენებ. ხუთთვიანი კარანტინის შემდეგ სახლში რომ მივედი და ამდენი ხნის უნახავი ოჯახი ვნახე, ძალიან გამიხარდა, მაგრამ დილის ოთხ საათზე წამოვხვტი, ჩავიცვი და გარეთ გავვარდი, გარე მოწყობა მაქვს-მეთქი – მეგონა, ისევ ჯარში ვიყავი. კი, დიდი სტრესია, თუმცა, ამ ყველაფერზე ვგიჟდები, ძალიან მიყვარს ჯარი, ეს ჩემს ფსიქიკას ყველანაირად ავსებს.
– რკინის ჯარისკაცის წოდება გაქვს, ეს როგორ მოხდა?
– ეს ტიტული კარანტინიდან მოყოლებული მაქვს. ფიზიოს ვინც ყველაზე მაღალ ქულაზე ჩააბარებს, ის ხდება რკინის ჯარისკაცი. ფიზიოში მე მქონდა ყველაზე მაღალი ქულა, ასევე, ტესტირებაში. ყველაფერში გავიმარჯვე და რკინის ჯარისკაცის წოდება მომცეს. ამის შემდეგ ერთი წელი გავიდა და სულ ცოტა ხნის წინ, პენსილვანიის შტატის ნომერ პირველი ჯარისკაცი გავხდი. ორი თვის წინ უფროსმა მითხრა, 13 დღეში გამოცდა გაქვს ჩასაბარებელიო, რისთვისაც 800-1 000 ფურცლამდე წესები უნდა მესწავლა. უბრალოდ კი არ უნდა წამეკითხა, თითოეული ფურცელი კარგად უნდა დამემახსოვრებინა, ფიზიო ჩამებარებინა და უამრავი წინააღმდეგობა გადამელახა. არ ვაპირებდი დათანხმებას, იქნებ, სხვა ნახოთ-მეთქი, რადგან ჩემი ბატალიონის სახელით უნდა გავსულიყავი და დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი. მითხრეს, ჩვენი ბატალიონიდან შენ პირველად დადე ასეთი შედეგი და შენ გამო მივიღეთ აქ გასვლის შემოთავაზებაო.
ჯარში დილის 7-ის ნახევრიდან საღამოს 5 საათამდე ვმუშაობ, შემდეგ უნივერსიტეტში ვსწავლობ, ოცი წლის ვარ და ჯარის პარალელურად, ბაკალავრს გავდივარ, საოცარი რეჟიმი მაქვს და ამას დამატებული ამდენი სასწავლი სიგიჟედ მეჩვენებოდა. როცა ოჯახს ამის შესახებ შევატყობინე და ისიც ვუთხარი, რომ უარის თქმას ვაპირებდი, დედამ მითხრა: ანი, სახლში არ მოხვალ, თუ მაგ გამოცდაზე არ გახვალო. მამამ მითხრა, არ ინერვიულო, გადი, სცადეო. ჩემი პატარა ძმა კი მეუბნება: შენ მასწავლე, როგორი ძლიერი უნდა ვყოფილიყავი და ახლა თვითონ ყრი ფარ-ხმალსო?! კარგი-მეთქი, დავთანხმდი და მეცადინეობა დავიწყე. ბოლოს გონება ისე გადამეღალა, უკვე ინსტინქტურად ვკითხულობდი, დამახსოვრება აღარ შემეძლო. გამოცდაზე გავედი და თურმე, ყველა კითხვას სწორად ვუპასუხე, რასაც მართლა ვერ წარმოვიდგენდი. ვიცოდი, რომ ფიზიოზე უმაღლეს ქულას დავდებდი და ასეც მოხდა. საბოლოო პასუხს ისე ველოდებოდი, ვერც აღვწერ, ძალიან ვნერვიულობდი. მეილზე მოსული შეტყობინება რომ გავხსენი და დავინახე, პირველ ადგილზე ვიყავი, სიხარულისგან კანკალი დავიწყე, ნახევარი საათი ვერ ვსუნთქავდი (იცინის). ამის შემდეგი საფეხური „ამერიკის პირველი ჯარისკაცია“ და ხომ ხვდებით, რამხელა მასშტაბია.
– ისე რომ მოგწონს ამერიკაში ცხოვრება, საქართველოსთან დაკავშირებით როგორი გეგმა გაქვს?
– თუ ახალგაზრდას საქართველოში პერსპექტივა აქვს, არ ვურჩევდი ამერიკაში წამოსვლას. სამსახურთან ერთად აქ სადმე მეგობრებთან ერთად გასვლა, გართობა, სიამოვნება და ასე შემდეგ ძალიან რთულია. ყველა მუშაობს, დრო არავის აქვს. ამერიკაში 2-3 დღე რომ ჩააგდო უმუშევრად, ჩათვალე, რომ რაღაცის ფულს ვერ გადაიხდი. აქ ბედნიერ მოგონებებს ვერ შეაგროვებ. კარგია კარგი მომავალი, მაგრამ თითქოს, აქ ცხოვრება არ გაქვს, ვერაფრით რელაქსდები. თან, ამერიკაში ძალიან რთულია ნამდვილი ქართველი მეგობრის პოვნა. ამერიკული ცხოვრება მართლა არ არის ისეთი, როგორიც ფილმებშია. საქართველოში ბევრად ჯობს. მთელ ოჯახს ძალიან გვინდა საქართველოში დაბრუნება, მაგრამ ვიცით, რომ ახლო მომავალში ამას ვერ შევძლებთ. მერე – აუცილებლად, მე, პირადად, ზუსტად ვიცი, რომ ქართული ოჯახი უნდა მქონდეს. ჩემი ქმარი აუცილებლად ქართველი უნდა იყოს (იცინის).
სიახლეები ამავე კატეგორიიდან