საზოგადოება

აქვს თუ არა ანალოგი მსოფლიოში მიხეილ ბერიანიძის ნამუშევრებს და როგორ მუშაობს ის იარაღების გარეშე

№27

ავტორი: მარიამ დვალაშვილი 16:00 10.07

მიხეილ ბერიანიძე
დაკოპირებულია

მიხეილ ბერიანიძე მრავალმხრივი ნიჭის მქონე ადამიანია, ვის ცხოვრებაშიც განსაკუთრებული ადგილი ხელოვნებას უჭირავს, მისი საოცარი ნამუშევრები კი გულგრილს არავის დატოვებს.

მიხეილ ბერიანიძე: „თოიძე“ მაქვს დამთავრებული, ხის მხატვრული დამუშავების სპეციალობით. ბავშვობაში პაპასთან ერთად ჩავდიოდი ხოლმე სარდაფში და ვუყურებდი, როგორ მუშაობდა ხეზე. მისგან ბევრ რამეს ვსწავლობდი. დღეს ჩემს ნამუშევრებში განსაკუთრებული ადგილი მუსიკალურ ინსტრუმენტებს უჭირავს. მათი დამზადება ერთი შემთხვევის გამო დავიწყე. ჩვენთან ერთი გოგო ცხოვრობდა, ფანდურზე უკრავდა და გადავწყვიტე, მისთვის პატარა ფანდური ამეწყო, რომელიც საჩუქრად გადავეცი. მერე და მერე დავიწყე მცირე ზომის, სხვადასხვა მუსიკალური ინსტრუმენტის შექმნა და შეგროვება. ინფორმაციებს ვიძიებდი მუსიკალური ინსტრუმენტების შესახებ და მერე თვითონ ვქმნიდი. ნელ-ნელა დავხვეწე ჩემი ნამუშევრები. ეს საქმიანობა, დაახლოებით, 17-18 წლის წინ დავიწყე, თუმცა, უკვე წლებია, შევწყვიტე. დაახლოებით 62 მუსიკალური ინსტრუმენტი მაქვს გაკეთებული. მანამდე ვაკეთებდი ხის ჯვრებს, ხის ყვავილებს, ხის ბუცებს და ასე შემდეგ. განსხვავებული სასმისებიც მაქვს გაკეთებული და გაჩუქებული. ჩემთვის ყველაზე რთული სამუშაო იყო ხის წიგნის შექმნა, ხისავე ფურცლებით. ამისთვის, პირველ რიგში, ხე უნდა შეარჩიო სწორად. ძალიან მძიმე სამუშაოა. ჯერ უნდა დახაზო, მერე დაწერო, ამოჭრა. ლოცვები ნუსხურად მაქვს შესრულებული. წიგნის ყველაზე თხელი ფურცელი 2,5 მილიმეტრიანია. დიდი ნებისყოფაა საჭირო. სიმართლე გითხრათ, ბევრს უთხოვია, მასწავლე შენი ხელობაო, მაგრამ მერე ნამუშევარი შუა გზაში მიუტოვებია. იმიტომ რომ ბევრს არ აქვს საკმარისი ნებისყოფა. გარდა ნებისყოფისა, ამ საქმეში დიდი სიზუსტეა საჭირო და თვალიც კარგად უნდა გიჭრიდეს. ძალიან წვრილი, თუნდაც მილიმეტრ-ნახევრიანი დეტალებიც კარგად უნდა დაამუშავო. მე ყველა დეტალს ხელით ვაკეთებ. ახლა დანებსაც ვამზადებ და მათზე მუშაობისას იარაღი აუცილებელია, მეც, ეგრეთ წოდებულ, „ტაჩილას“ ვიყენებ, თორემ სხვა შემთხვევაში, რასაც არ უნდა ვაკეთებდე, მხოლოდ გარეთა მხარეს კი არა, შიდა მხარესაც კი, რომელიც არ ჩანს, დეტალების დონეზე ჩემი ხელით ვამუშავებ და თუ საჭიროა, იარაღსაც თავად ვქმნი. ალბათ, 70-80 იარაღი მაქვს დამზადებული.

– რა დრო გჭირდებათ თითოეული ნამუშევრის შესაქმნელად?

– როცა საქმე მუსიკალურ ინსტრუმენტს ეხება, მაგალითად, ხუთიდან შვიდ სიმამდე რომ დავამუშავო, სამი დღე მჭირდება, თუ დღეში 5 საათამდე ვიმუშავებ. ასევე, გაკეთებული მაქვს ხის ჯაჭვი ისე, რომ არსად არ არის შეწებებული. ეს „თოიძეში“ ვისწავლე. თავიდან ვერც წარმოვიდგენდი ასეთი რამის გაკეთება თუ იყო შესაძლებელი, მაგრამ მერე და მერე გამიადვილდა. თავიდან ცოტა ძნელია, თან ძალიან შრომატევადი. რაც უფრო პატარაა რგოლი, მით უფრო მეტ შრომას მოითხოვს. ორი ჯაჭვი მაქვს გაკეთებული ჩემი შვილებისთვის, ორსანტიმეტრიანი რგოლები მაქვს დამუშავებული და ამაზე პატარაზე ფიზიკურად ვერ ვიმუშავებდი, რადგან ძალიან რთულია. თუმცა, ნახევარმილიმეტრიანი სამუშაოებიც მქონია. ამ პროცესში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბუნებრივ განათებას. ასევე, განსაკუთრებული მობილიზებაა საჭირო. მცირე ყურადღების მოდუნება და უკვე თვალები მიჭრელდება. გვერდზე გახედვაც კი ხელის შემშლელია.

არ მინდა, ამპარტავნებაში ჩამეთვალოს, მაგრამ რასაც მე ვაკეთებ, მსოფლიოში არავის არ აქვს გაკეთებული, ამის ანალოგი არ არსებობს. ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ თითოეული ნამუშევრისგან ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ. სიმართლე გითხრათ, მე არ ვფიქრობ მათ გაყიდვაზე. თავიდან მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, როგორი გამომივიდოდა მილიმეტრების დონეზე, როგორ დავამუშავებდი და შემდეგ ჩემს ნამუშევარს, მაგალითად, ჯვრებს ადამიანებს რომ ვაჩუქებდი, მათი ემოციები იყო ჩემთვის ყველაფრის ტოლფასი. ძალიან ბევრი ნამუშევარი მაქვს გაჩუქებული. როდესაც მეუღლე შევირთე და შვილები შეგვეძინა, დავიწყე ჩემი ნაკეთობების შეგროვება. თუმცა, გაჩუქებით მერეც არაერთი გამიჩუქებია.

– დანებზე მუშაობა როგორ დაიწყეთ?

– დანებს ბავშვობიდანვე ვაკეთებდი. მეტალს ავიღებდი, დავამუშავებდი. ახლა ლითონს თერმულად არ ვამუშავებ, როგორც ვთქვი, მხოლოდ ერთი პატარა „ბორმანქანა“ მაქვს და პატარა „მატორი“, სხვა იარაღები არ მაქვს და ამიტომ მზა ფოლადს ვყიდულობ და სახელურს მე თვითონ ვაკეთებ, იქნება ხის, ტყავის, რქის თუ ჩანართებით.

– მეუღლისთვის გაგიკეთებიათ საჩუქარი?

– როგორ არა, წიგნი, რომელზეც ვისაუბრე, მეუღლეს ვაჩუქე. ჯვრები გავაკეთე მისთვის და ჩემი შვილებისთვის. ადრე ყვავილიც ვაჩუქე.

გარდა ამისა, ვწერ. სამი რომანი მაქვს დაწერილი. ასევე, ფეხბურთი მიყვარს ძალიან და წიგნიც დავწერე მასზე. ახლა გადაწყვეტილი მაქვს, სამასი ფეხბურთელის ბიოგრაფია დავწერო. 20 წელიწადია, რაც ვწერ, თუმცა, ფეხბურთზე წერა კიდევ უფრო ადრე დავიწყე. თავისუფალ დროს ან უნდა ვწერო, ან ხეზე ვიმუშაო.

ხელოვნების თითქმის ყველა დარგთან მაქვს შეხება. მეტ-ნაკლებად კარგად ვმღერი. კარგად ვიცი საქართველოსა თუ მსოფლიოს ისტორია. ყოველმხრივ ვცდილობ, რამე ვისწავლო. ორი წელიწადია, დიდი ქართველი ადამიანების ბიოგრაფიების წერა დავიწყე, დაახლოებით, 2 000 კაცის და ასე თუ ისე, ვცდილობ, დრო, რომელიც სამსახურის შემდეგ მაქვს, ნაყოფიერად გამოვიყენო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №52

23-29 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა