35 წლის მსახიობი ხათუნა ჭიჭინაძე ბერიას მკვლელობის მცდელობისთვის დახვრიტეს
ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 29.07

მსოფლიო თეატრის ისტორიამ არ იცის ამაზე სასტიკი განაჩენი. გათამაშდა გრადნიოზული ტრაგიკული სპექტაკლი, რომელიც უფრო მეტი იყო, ვიდრე რეალობა. მხოლოდ თავაწყვეტილ ფანტაზიას შეეძლო მოეგონებინა ტანჯვა-წამების ამდენი მრავალსახეობა. მაგალითად, ვის შეეძლო, ყოფილიყო ახმეტელის „კორექტული სადისტი და მისი მორალური მკვლელი“, თუ არა შეკოტიხინი. იცოდით, რომ სწორედ შეკოტიხინი, არტაშიანი, კრიმიანი, ოსიპოვი და ღარიბოვი წყვეტდნენ ქართული თეატრის მოღვაწეთა ბედს?! საბოლოო ბეჭედს უსვამდენენ განაჩენს...
ვინც „სუკის“ არქივებს ჩახედავს, წაიკითხავს „ახმეტელის საქმის“ ათტომეულს, გაეცნობა სხვა მოღვაწეთა პირად საქმეებს, ისეთ ლაბირინთში მოხვდება, რომ გაოგნებისგან შეიძლება; დიდხანს გონს ვერც მოვიდეს... ვინც გადაშლის არქივის ტრაგიკულ ფურცლებს, იქნებ, მოაგონდეს კიდეც კოროსტილიოვის პიესა „ასი წლის შემდეგ“. მისი ერთ-ერთი გმირის სიტყვები: „ჩვენი შთამომავლები ფხიზლად შეაფასებენ წარსულს. სავარუდოა, რომ ისინი ამ ლეგენდასაც შეამოწმობენ სათანადო დოკუმენტებით და რა შერჩებათ ხელში?.. სანამ მუნდირები ეცვათ და თეთრი ხელთათმანები ეკეთათ, არაფერი ჩანდა.“ ქართველ ინტელექტუალთა შეთქმულება დამარცხდა... წამებული რაინდთა სახეები უკვე ისტორიაა. ქართულ თეატრში ისინი უხილავი ძეგლებივით დგანან, ზოგი სულ მაღლა და მაღლა, ვარსკვლავებისკენ აღმართულა. ზოგი დაბლაა, ზოგიც სადმე მიფარებული. ჩვენ ვცადეთ „სუკის-ის“ არქივებიდან დაგვენახა მათი ტანჯული სახეები – სულის ძეგლები, მათი, ვინც ცხოვრებაში ბევრს ეწადა, რაიმე ღირებული შეექმნა, ზოგმა – მეტად, ზოგმა – ნაკლებად, მაგრამ ეს გამოუვიდა.
ქალებს რაინდი არ ეთქმით, მაგრამ თუ რაინდის თვისება, სულიერი სიმტკიცე გამორჩეულ ქალშიც ვლინდება, მაშინ მეტ მომხიბვლელობას იძენს ბუნების ნაზი ქმნილება. ასეთი იყო ახალგაზრდა მსახიობი ხათუნა ჭიჭინაძე. რასაც ახლა გიამობობთ, ეს არ არის მისი რომელიმე თეატრალური როლი, არამედ როგორც თავშივე აღვნიშნე, რეალობაა, რომელიც მისი სიცოცხლის ხელყოფით დასრულდა. თეატრმცოდნე ვასილ კიკნაძე, „სუკის“ არქივებიდან ამოღებულ მასალებზე დაყრდნობით, მსახიობების, რეჟისორების შესახებ გასაოცარ ისტორიებს წერს თეატრის წიგნში – „წამებული რაინდები“. ერთ-ერთი სწორედ 35 წლის ქალის, ხათუნა ჭიჭინაძის გასაოცარი ისტორიაა, რომელსაც ერთ დღეს ასე, პირდაპირ, დაუფარავად დაუგეგმავს ბერიას სიკვდილი რამდენიმე მსახიობთან ერთად და მოდი, ახლა ერთად წავიკითხოთ ეს ამბავი.
მსახიობების გეგმა ბერიას მოსაკლავად
„გამომძიებელი: ხანგრძლივი და შეუპოვარი წინააღმდეგობის შემდეგ, როგორც იქნა, აღიარებთ, რომ იყავით ანტისაბჭოთა ორგანიზაციის წევრი.
პასუხი: ხანგრძლივ, ექვსთვიან გამოძიებასთან წინააღმდეგობის შემდეგ ვადასტურებ ჩემს მონაწილეობას ...
ჩვენ ვიცით, თუ რას ნიშნავს ეს „აღიარება“. ასე „აღიარებდნენ“ ათიათასობით უდანაშაულონი თავიანთ დანაშაულს მეორე თუ მესამე დაკითხვისთანავე. იშვიათად თუ ვინმე უძლებდა ათასგვარ ტანჯვა-წამებას. ექვსი თვით გაძლება კი, მართლაც, საოცარი შემთხვევაა: დაკითხვის ოქმებში არასოდეს წერდნენ მსგავს რამეს. როგორც ჩანს, გამომძიებელი კრიმიანიც კი გაოცდა ბრალდებულის წინააღმდეგობით და ოქმშიც დააფიქსირა, რაკი საწადელს მიაღწია – მაინც გატეხა „ხალხის მტერი“. მე მახსოვს კრიმიანის პროცესი 1956 წელს რკინიგზელთა კლუბში. ხმელ-ხმელი, ცივი, ასკეტურად გამოფიტული კრიმიანი ბრალდებულის სკამზე. შუა აზიიდან ჩამოეყვანათ ერთ-ერთი გადასახლებული ქართველი, რომელიც პირზე წაადგა კრიმიანს, თუ როგორ აწამა იგი დაკითხვის დროს. ჭაბუკი ყოფილა მაშინ, როცა დაუკავებიათ და მესამე სართულზე აუყვანიათ, აღიარე, რომ მამაშენთან იკრიბებოდნენ კონტრრევოლუციონერებიო. ჭაბუკს უარუყვია ბრალდება. მაშინ, წაუქცევიათ, გაუკოჭავთ და ცალი ყური აუგლეჯიათ. გენერალურმა პროკურორმა რუდენკომ კრიმიანს ჰკითხა: მართალია, რასაც ამბობსო. ფეხზე წამოდგა კრიმიანი და წარმოუდგენელი ურცხვობით თქვა: ეგ შემთხვევა მოხდა არა მესამე, არამედ მეორე სართულზეო. აი, ამ „ადამიანმა“ დაჰკითხა ქართველი მსახიობი ხათუნა ჭიჭინაძე. კრიმიანს დაზეპირებული ჰქონდა კითხვარები, ხათუნასაც იგივე ჰკითხა, როგორც იმ ჭაბუკს: თქვენი მეუღლე გიორგი ყურულაშვილი ხალხის მტერი იყო და აღიარეთ, რომ მისი დავალებით მუშაობდითო. დავალება კი, თურმე, ის იყო, რომ ლავრენტი ბერია უნდა მოეკლათ. მერედა ვინ მონაწილეობდა ამ აქციაში? ვერიკო ანჯაფარიძე, სესილია თაყაიშვილი, თამარ ჭავჭავაძე, აკაკი კვანტალიანი, მოგვიანებით წრეს შეუერთდნენ თურმე, თამარ ვახვახიშვილი და სხვებიც. სად უნდა მოეკლათ ბერია? მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლზე დასასწრებად რომ მივიდოდა. შეიძლება, რაიმე სახელი ეწოდოს ამ სცენას? ალბათ, არა!.. ხათუნა ჭიჭინაძის მეუღლეს, გიორგი ყურულაშვილს ერთი კი არა, რამდენიმე ბრალდება ჰქონდა წარდგენილი. სერგო ამაღლობელის „საქმეში“ იგი მოიხსენიება, როგორც მოსკოვში ქართული ცენტრის შექმნის მეთაურთაგანი. რესპუბლიკის ერთ-ერთი პოლიტიკური ხელმძღვანელის ირგვლივ მასალები გროვდებოდა სხვადასხვა მხრიდან. ბევრ რეპრესირებულს ბრალად სდებდნენ მასთან კავშირს, მათ შორის სანდრო ახმეტელსაც. თითქოს ბაქოში 1935 წლის გასტროლების დროს, გიორგი ყურულაშვილის დავალებით, უნდა ეწარმოებინათ ანტისაბჭოური საქმიანობა. ხათუნა ჭიჭინაძის საბრალდებო დოკუმენტში წერია, რომ გიორგი ყურულაშვილს მეუღლისთვის უთქვამს: საქართველო უნდა იყოს დამოუკიდებელი ბურჟაზიულ-დემოკრატიული რესპუბლიკა. საქართველო დამოუკიდებლობის გარეშე ბედნიერი ვერ იქნებაო. რა საოცარი ფიქრებია. როგორ თანადროულად ჟღერს და რამდენ გრძნობას აღძრავს იგი?..
სწორედ მაშინ, როცა ბედნიერი იყო
ხათუნა ჭიჭინაძეს უკვე ნიჭიერი მსახიობის რეპუტაცია ჰქონდა, როცა დააპატიმრეს. მუდამ ხალისიანს, ნათელსა და მომხიბვლელ ქალს, რომელსაც ყველა როლის გათავისება შეეძლო, არასოდეს დასცდენია წუთისოფლის სამდურავი. ორმოცამდე როლის შესრულება მოასწრო. მათ შორის ნახევარზე მეტი – რუსთაველის სცენაზე. სწორედ ამ თეატრს დაუკავშირა თავისი არტისტული კარიერა. აკაკი ფაღავას სტუდიის დამთავრების შემდეგ რუსთაველის თეატრში დაიწყო მოღვაწეობა... ჰქონდა ასევე, როლები კოტე მარჯანიშვილისა და სანდრო ახმეტელის სპექტაკლებში. ხათუნა ჭიჭინაძე პოულობს შეუცვლელ ადგილს, როცა არტისტული ინდივიდუალობა ზუსტად იწერება წარმოდგენის სტრუქტურაში. ტატიანასა და ოფელიას როლის შემსრულებელს ათი წელი მარჯანიშვილის თეატრში მოუხდა მოღვაწეობა. რუსთაველის თეატრიდან მარჯანიშვილში წასვლის მთავარი მიზეზი იყო, რომ მას იქ მეგობრები ეგულებოდა. ვერიკო ანჯაფარიძემ ხათუნა ჭიჭინაძის ხსოვნის საღამოზე (1966 წლის 19 დეკემბერი) გაიხსენა: „ყოველთვის ერთად ვიყავით, ქუთაისმა საოცრად დაგვაკავშირა, გვიყვარდა ერთმანეთი და ყველას უყვარდა ხათუნა“. მისი მდიდარი ბუნება, მოსიყვარულე გული იზიდავდა მეგობრებს. ხათუნასადმი ვერიკო ანჯაფარიძის მიერ მიწერილ ბარათში ჩანს, თუ როგორი ძალა და ავტორიტეტი ჰქონდა ხათუნა ჭიჭინაძეს თეატრში. უშანგი ჩხეიძის წერილი კი ქართული თეატრის 30-იანი წლების ისტორიის, მართლაც და, დრამატული ეპიზოდია. დიდი მსახიობი ლაპარაკობს აქტუალურ პიესებზე, მისი დადგმის საჭიროებაზე. და აქ არის ერთი გასაოცარი დეტალი: „ჩვენ, შეგვიძლია, ვებრძოლოთ ამა თუ იმ თეატრალურ დაჯგუფებებს, მაგრამ არა ხელისუფლებას“... დღეს როგორ ტრაგიკულად ჟღერს თავად ტრაგიკოსი მსახიობის სიტყვები. განა ძალადობის, უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლა არ იყო მისი ჰამლეტი და ურიელი? რა საოცარი ძალის იყო სცენაზე მისი ჰუმანისტური მსოფლგანცდა?.. ხათუნა ჭიჭინაძის მიერ შესრულებული ქალთა სახეები იმითაც გამოირჩეოდნენ, რომ მათი წარმომსახველი კარგად ფლობდა მხატვრულ სიტყვას. სასცენო მეტყველების კულტურა კი საშუალებას აძლევდა, საჯაროდ გამოსულიყო ფილარმონიის კონცერტებში. მარჯანიშვილის თეატრში შექმნა ევა ბერგის („ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ“) ხატიჯეს და სხვა სახეები. ბედნიერება და უბედურება, სიხარული და ტკივილი ისევე განუყოფელნი არიან, როგორც სიკვდილი და სიცოცხლე ანუ ჭიდილი დღისა და ღამისა. ვინ იცის როდის უმტყუნებს ბედი. სწორედ მაშინ, როცა ბედნიერი იყო ხათუნა ჭიჭინაძე, ჰყავდა შვილი, მეუღლე – საზოგადოებაში აღიარებული, ქართული მწერლობისა და თეატრისათვის ახლობელი, თავად კი უკვე ცნობილი მსახიობი იყო, ერთი სიტყვით, თითქოს ყველაფერი ჰქონდა სიხარულისათვის, მაგრამ ტირანიის ჟამს შეიძლება, რისიმე გარანტია გქონდეს? ერთობ დიდხანს გაგრძელდა ხათუნა ჭიჭინაძის საქმის გამოძიება, თუმცა გამოსაძიებელი არაფერი იყო. მსხვერპლად უნდა შეწირვოდა და შეეწირა კიდეც...
ამ სიმართლით...
ხათუნა ჭიჭინაძის საბრალდებო დასკვნას ხელს კრიმიანი და ქობულოვი აწერენ. დასკვნაში წერია: „გამოძიების მასალებით დადგინდა, რომ ხათუნა ჭიჭინაძე იყო ცოლი რესპუბლიკის ერთ-ერთი ხელმძღვანელისა. ყურულაშვილის დავალებით ეწეოდა ტერორისტულ საქმიანობას ლ. ბერიას წინააღმდეგ (გიორგი ყურულაშვილის ცოლი რომ იყო, ამასაც გამოძიება უნდოდა?)“. მსახიობი ხათუნა ჭიჭინაძე თურმე იბრძოდა ბერიას წინააღმდეგ. 1937 წლის 3 მარტს, აი, ამ „სიმართლით“ გამოუტანეს მას განაჩენი – დახვრეტა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან