საზოგადოება

22 წლის ოთარ თაქთაქიშვილმა საქართველოს ჰიმნის შექმნისთვის გამართულ დახურულ კონკურსში გაიმარჯვა

№51

ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 27.12, 2022 წელი

ოთარ თაქთაქიშვილი
დაკოპირებულია

ოთარ თაქთაქიშვილი დაიბადა მდიდარი მუსიკალური ტრადიციების მქონე ოჯახში. ბავშვობიდანვე სწავლობდა ფორტეპიანოზე დაკვრას, მღეროდა სკოლის მოსწავლეთა გუნდში. თავიდან უნდოდა, პიანისტი გამხდარიყო. ამ მიზნით შევიდა პირველ სამუსიკო სასწავლებელში. დიდი სარგებლობა მოუტანა მომავალ კომპოზიტორს მოსწავლეებისგან შემდგარ ორკესტრში მონაწილეობამაც. აქ იგი გაეცნო მსოფლიო მუსიკის შედევრებს – ჰაიდნის, შუბერტის, ჩაიკოვსკის ნაწარმოებებს. 1942 წელს ოთარ თაქთაქიშვილი შედის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში კომპოზიციის განხრით, სადაც მეცადინეობს პროფესორ სერგო ბარხუდარიანთან. ის საბჭოთა არმიის რიგებში გაიწვიეს და თბილისის საავიაციო სასწავლებელში გაამწესეს. მიუხედავად ამისა, მას არ მიუტოვებია კონსერვატორია. ოთარ თაქთაქიშვილი კონსერვატორიაში წარჩინებით სწავლობდა, რისთვისაც პერსონალური სტიპენდია ჰქონდა დანიშნული. ამ პერიოდში მას შექმნილი ჰქონდა ორი სიმებიანი და ერთი საფორტეპიანო ტრიო, სავიოლინო სონატა, საფორტეპიანო პიესები.

ოთარ თაქთაქიშვილმა საზოგადოების ყურადღება ჯერ კიდევ სტუდენტობისას მიიპყრო, როცა 22 წლის ახალგაზრდამ საქართველოს ჰიმნის შექმნისათვის გამართულ დახურულ კონკურსში მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა. 1951-1952 წლებში აწყობს საკონცერტო ტურნეს საზღვარგარეთ, სადაც გამოდის, როგორც საკუთარი ნაწარმოებების დირიჟორი. 1961 წელს მას მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება. ამბობენ, სულითა და ხორცით ქართველი კომპოზიტორი იყოო. დიდი როლი შეასრულა ეროვნული ოპერის კლასიკური ტრადიციების განვითარებასა და დამკვიდრებაში. კომპოზიტორი, დირიჟორი და პედაგოგი ოთარ თაქთაქიშვილი თითქმის 20 წელი სახელმწიფო სამსახურში გახლდათ. თბილისის კონსერვატორიის სამწლიანი რექტორობის შემდეგ, 1965 წლიდან, კულტურის მინისტრი გახდა და მის სახელს იმ პერიოდში მომხდარი არაერთი მნიშვნელოვანი ამბავი უკავშირდება. ის იყო კულტურის მინისტრი, რომელმაც ქართული ხელოვნების საბჭოთა და საზღვარგარეთის ქვეყნებში გატანა ყველაზე უკეთ შეძლო.

ირინა ჭირაქაძე (მეუღლე): ოთარს ძალიან კარგი ოჯახი ჰქონდა. ოთარის ბაბუა, მიხეილი მათემატიკოსი გახლდათ. მისი სახელი დავარქვით ჩვენს შვილს. მამა – ვასილი მეღვინე იყო, ბიძები კი მუსიკოსები იყვნენ: შალვა – კომპოზიტორი, გიორგი კი ვიოლენჩელისტი და მუსიკალური ათწლედის დირექტორი იყო. ასე რომ, მის ოჯახში მუსიკა სულ ისმოდა. ოთარის დედა ადრე გაშორდა მეუღლეს და ის, ფაქტობრივად, ბაბუამ გაზარდა. ოთარს უმცროსი ძმა ჰყავდა, ლეო, რომლის მეუღლე პიანისტი ნანა დიმიტრიადი გახლდათ.

მიხეილი (შვილი): მენშევიკების დროს ბებია ღია მანქანით დაჰყავდათ ქუჩებში, ქართული სილამაზის დემონსტრირებისთვის. ოთარი ვერაზე, შიო მღვიმელის ქუჩის ¹9-ში დაიბადა. მათი სახლი ვარაზის ხევს გადაჰყურებდა. 51-ე სკოლაში სწავლობდა. ბაბუამ „გეკო“ აჩუქა და ოთარი, თურმე, ხშირად ნადირობდა. უბნის ბიჭებთან ერთად ფეხბურთს თამაშობდა. ლაღი ბიჭი ყოფილა... მუსიკამ მხოლოდ 14 წლის ასაკში გაიტაცა. მისი მუსიკის პირველი მასწავლებელი გვარად ბაგრატიონი იყო. თურმე, ძალიან ზარმაცობდა და პედაგოგმა ოთარის დედას ეს ამბავი გააგებინა – სახლში ბევრს თუ არ იმეცადინებს, არაფერი გამოვაო. ამის შემდეგ, ოთარი მუსიკაში დღე და ღამე მეცადინეობდა.

ირინა: ფორტეპიანოზე დაკვრა ცნობილ პედაგოგ ევგენია ჩერნიავსკაიასთან რომ დაიწყო, ოთარი სწორედ იქ გავიცანი. მეც ამ ქალბატონთან ვმეცადინეობდი. მერე ამბობდა: პირველი შეხვედრისთანავე შემიყვარდიო. არავის ეგონა, რომ კონსერვატორიაში არ ჩავაბარებდი, მაგრამ სამედიცინო ინსტიტუტში ვარჩიე სწავლა. ამის გამო ოთარი მთელი წელი არ მელაპარაკებოდა. ერთ დღესაც რუსთაველზე შევხვდით ერთმანეთს და შევრიგდით (იღიმის). კულტურის მინისტრობა რომ შესთავაზეს, პირობა წამოაყენა: თუ მინისტრად დამნიშნავთ, კონსერვატორიის ფართობი უნდა გაიზარდოსო და ასეც მოხდა. დღეს კონსერვატორია ორჯერ დიდია იმასთან შედარებით, ვიდრე წლების წინ იყო. ოთარი თავისი საქმისა და ქვეყნის დიდი პატრიოტი გახლდათ.

მიხეილი: ბევრი შემსრულებელი მოდიოდა ჩვენს ოჯახში. ჰოდა, ვინაიდან ოთარს კარგი ხმა ჰქონდა, მათ თავად უმღეროდა ყველა ფრაზას. ასეთი „დღესასწაულები“ ჩვენს ოჯახში ხშირად იყო. საოცრად მოწესრიგებული, ყოველთვის ყველაფერს ასწრებდა. სიცოცხლის ბოლო პერიოდში შექმნა „აკაკის ჩანგი“ და ალბათ, ყველაზე კარგი მელოდია ამ ციკლში ჟღერს. საოცრად შრომისუნარიანი იყო. დასვენების დროსაც კი არ ისვენებდა. სოხუმში ან გაგრაში რომ ჩავიდოდით, იქ მუსიკალურ სკოლას ნახავდა და მუშაობდა. საღამოობით ბილიარდს თამაშობდა. სხვათა შორის, ყველას უგებდა. შინ ყოველთვის გვყავდა ძაღლი და კატა. ერთხელ სანადიროდ აზერბაიჯანისკენ წავედით. მთელი ეს ეპოპეა აბსურდზე იყო აგებული (იღიმის). კომპოზიტორმა იაკობ (იაშა) ბობოხიძემ ოთარს უთხრა: კარგი ადგილი ვიცი, თბილი შენაკადები, იქ იხვები ზამთარს ატარებენ და თუ სანადიროდ წავალთ, ისეთი სიტუაცია იქნება, თითქოს ტირში ვისვრითო. ორი თვე ემზადებოდნენ ამ დღისთვის: იყიდეს კარავი, საძილე ტომრები, თოფები, ტყვიები... მოკლედ, მთელი აღჭურვილობა, რაშიც კოლოსალური თანხა დახარჯეს. ორდღიანი ნადირობის შემდეგ, თბილისში დაბრუნებულმა, ეს ნივთები გააჩუქა. ერთადერთხელ შეძლეს იხვთან მიახლოება და მაშინაც მანქანის ფანჯრებიდან ისროდნენ.

ირინა: ერთხელ ოთარი და იაშა სანადიროდ რომ იყვნენ, იაშამ მელია მოკლა. მიშიკომ იმდენი იტირა, რომ ოთარმა ყველა იარაღი გადაყარა, რაც შინ ჰქონდა. მართალია, ძაღლების ყოლის სურვილი მე მქონდა, მაგრამ ცხოველები მასაც უყვარდა და მიშიკოსაც. დაბეჯითებით ვიტყვი, რაც მე მიყვარდა, ოთარსაც უყვარდა (ავტორი ა.კალანდაძე). ოთარს კიბო ჰქონდა. ხუთი წლის განმავლობაში მოსკოვში სამკურნალოდ ხშირად დავდიოდით. იმ პერიოდში მოსწავლეებიც მოდიოდნენ. უკანასკნელ დღეებში ფანქარი რომ აიღო ხელში, ვეღარ დაწერა და დაუვარდა. იტანჯებოდა, ძალიან მეცოდებოდა. დიაგნოზს არ ვუმხელდი. ექიმი ვარ და ძალიან „კოხტად ვატყუებდი“, მაგრამ ყველაფერს ხვდებოდა. მანამდე ინფარქტი ათჯერ გადაუტანია, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ორი ვიცოდით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა