ზურაბ ნიჟარაძე: ძალიან ბევრი შევძელი ამ ქალაქში, სრულიად უპატრონოდ
ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00
ზურა ნიჟარაძის "უცნობი მხარე"👇
– ვინ არის ზურაბ ნიჟარაძე?
ზურაბ ნიჟარაძე: შვილი, მეუღლე, მამა, მოქალაქე, არტისტი. სამართლიანი და კეთილი კაცი.
– გიკეთებიათ საქმე, რომელიც ძალიან არ გიყვარდათ?
– ყოფილა ასეთი მომენტები. მიკეთებია საქმე გაჭირვებიდან გამომდინარე და არა სიყვარულისა და სიამოვნებისთვის, უბრალოდ, სხვა გზა არ მქონდა.
– რამდენად ემოციური და გულჩვილი ადამიანი ხართ?
– ძალიან ემოციური ვარ. მგონია, რომ ხელოვან ადამიანს ემოციურობა უნდა სდევდეს. გულჩვილიც ვარ. მე მიყვარს ადამიანებზე ფიქრი, თითქოს, მათ სულში შეძრომა და მათი გასაჭირის დანახვა, ოღონდ, ეს, რა თქმა უნდა, ჩემს თავში ხდება. მერე, რაც შემიძლია, იმით ვეხმარები. თუ სხვისი გასაჭირი საკუთარ თავზე არ წარმომდგინე, თუ შენც არ გეტკინა, სხვის ტკივილს ვერ გაიგებ და მისი დახმარებაც გაგიჭირდება.
– იქნებ, გაიხსენოთ ცხოვრებაში ყველაზე ემოციური მომენტები, როცა ცრემლი ვერ შეიკავეთ, ბედნიერების თუ ტკივილის გამო...
– რომ გითხრათ, სიხარულისგან მიტირია-მეთქი – ნაკლებად, მაგრამ ბედნიერებისგან და სიხარულისგან გული ბევრჯერ ამჩქარებია. რაც შეეხება ტკივილს, ამ მიზეზით ბევრჯერ გადმომვარდნია ცრემლი. შეიძლება, ქუჩაში გაჭირვებული დავინახო და მაშინაც ცრემლი ვერ შევიკავო. რამდენ მოწყალების მთხოვნელს დავინახავ, იმდენჯერ არ ვტირი, მაგრამ არის რაღაც, რაც გულზე ისე მოგხვდება, რომ წყენა კი არა, ეს უკვე ტკივილია. ეს განცდები მარტო ადამიანის გარდაცვალებას არ მოჰყვება, კიდევ ბევრი რთული მომენტია ცხოვრებაში, როცა ემოციების შეკავება რთულია და მე საკმაოდ მგრძნობიარე ვარ.
– ბევრ მამაკაცს არ უყვარს საკუთარი ცრემლის სხვისთვის დანახვება...
– „ვაჟკაცსა ცრემლი უხდების...“. მე ვინა ვარ, როცა ტარიელი ტიროდა. ტირილის დროს ადამიანები სხვებს იმიტომ კი არ ემალებიან, რომ ვინმემ საცოდავად არ ჩათვალოს, უბრალოდ, არ უნდათ, სხვებს ატკინონ გული, მე ასე ვფიქრობ. ცრემლის გადმოვარდნა არ ნიშნავს, რომ საცოდავი ხარ, ეს ნიშნავს, რომ ადამიანი ვარ და თანაგრძნობის უნარი მაქვს. რობოტები ხომ არ ვართ?! ხანდახან შეიძლება, ფილმის, სპექტაკლის ან მუსიკის გავლენით, გადმომივარდეს ცრემლი.
– რას გააკეთებდით, ახლა რომ ლატარიაში მილიონები მოიგოთ?
– ანეკდოტისა არ იყოს, ვალებს გავისტუმრებდი. დანარჩენს? დანარჩენს მერე გავისტუმრებდიო (იცინის). ეს ხუმრობით, ალბათ, ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებდი. ჯერ ჩემიანებს მივხედავდი, ვისაც უჭირს. მარტო ფულის მიცემით არა, ვიღაცას პროფესიას მივცემდი, ვიღაცას რაღაც საქმეს ჩავაბარებდი. მე მგონია, ადამიანისთვის სიკეთის გაკეთება თუ გინდა, თევზი კი არ უნდა მისცე, თევზაობა უნდა ასწავლო. არც გააზარმაცებ და საკუთარი შრომით ფულის შოვნის საშუალებას მისცემ.
– სახალისო ამბავი, რომელიც თავს პაემანზე გადაგხდათ.
– სტუდენტობისას ერთი ძალიან სასაცილო ამბავი გადამხდა: მარჯანიშვილის თეატრში ვიყავი, ერთი გოგო მომწონდა, მასაც მოვწონდი და კარგი ურთიერთობა გვქონდა. სპექტკლის შემდეგ თეატრის წინ კაფეში დავპატიჟე. მაშინ სტუდენტი ვიყავი და მოგეხსენებათ, რა ფული მექნებოდა. ამ გოგოს ყავის დალევა შევთავაზე და მიმტანმა გოგოს ჰკითხა, ნამცხვარს ხომ არ ინებებთო. იმანც – კიო, მაგრამ მე ნამცხვრის ფული არ მქონდა. ყავა მოგვიტანეს, შაქარიც, ნამცხვარი – ჯერ არა. შაქარს ჩაგიყრი-მეთქი, შევთავაზე და არა, არა, მე შაქარს არ ვიღებ, არ მინდა გავსუქდეო. მოიტანეს ცოტა ხანში ნამცხვარი, მიირთვა და იმ ბიჭმა კიდევ შესთავაზა, ძალიან მაგარი ნაპოლეონი გვაქვს, ხომ არ გასინჯავთო და ამ გოგომ – კიო. მე ამ დროს ვზივარ საწყლად, ჩემს ჯიბეზე ჩაფიქრებული. ვეღარ მოვითმინე და ვუთხარი, ერთი კოვზი არ ჩაყარე ყავაში და ორი მეტრა ნამცხვარი ჭამე... რას აკეთებ? დავრჩი უსწავლელი, უჭმელი და უსმელი-მეთქი (იცინის). მოგეხსენებათ, ამ ქალაქში ჩამოსული ვარ, მაშინ ნაქირავებში ვცხოვრობდი და ასეთი ამბავი დამემართა. ახლა ძალიან სასაცილოდ მახსენდება, თუმცა, მაშინ ძალიან მტკივნეული იყო (იცინის).
– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?
– შეიძლება გამარჯვება ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ამ ჩამოსულმა ადამიანმა ძალიან ბევრი შევძელი, სრულიად უპატრონოდ. მეორე კურსზე ვიყავი, როცა მამა გარდამეცვალა, რთული პერიოდი იყო. ამ ქალაქშიც მხოლოდ ერთი ნათესავი მყავდა. ჩემს ნიჭიერებას ვერ დავაბრალებ, ალბათ, ღვთის წყალობის, კარგი სამეგობროსა და ურთიერობების დამსახურებაა. თუმცა, არავისთან არასდროს მქონია ურთიერთობა იმის გამო, რომ მაღალი თანამდებობა ჰქონდა ან კარგი მატერიალური მდგომარეობა. ადამიანები ხედავენ, რომ გულწრფელი ხარ, ნამდვილი მეგობარი და ძმაკაცი ხარ და ურთიერთობა კიდევ უფრო ძვირფასი ხდება. გამარჯვებად მიმაჩნია ის, რომ საკუთარ თავთან ვარ მართალი. სრულიად უპატრონო, 17 წლის ბავშვი ჩამოვედი, დღეს კარგ გამარჯობას მეუბნებიან ქუჩაში, ადამიანებს ვუყვარვარ და მეც მიყვარს. ჩემს პროფესიაშიც რაღაც გავაკეთე, განსაკუთრებული ჯერ ვერაფერი, მაგრამ მცირედი მაინც. მეტი რა უნდა ადამიანს?!
მარცხს რაც შეხება, რა გითხრათ, ასეთს ვერ ვიხსენებ. მე პატარ-პატარა გამარჯვებების გზაზე დავდივარ. კუს ნაბიჯებით, მაგრამ წინ მივდივარ.
– პროფესიის მიღმა, ყოველდღიურ ცხოვრებაში რისი კეთება გიყვართ?
– ძალიან მიყვარს მოგზაურობა, ახალი კულტურის შეცნობა, გარემოს დათვალიერება; სამეგობროსთან ერთად, დასვენება, გართობა. ქეიფიც, მოწრუპვაც, ხანდახან – კლუბიც, ჩემიანებთან ერთად.
– თქვენთვის ყველაზე დიდ შიშთან რა ასოცირდება?
– შიშები ბევრია. საყვარელი ადამიანების დაკარგვის მეშინია ძალიან. კიდევ ერთი შიში მაქვს – არ მინდა, გონება ამერიოს და რამეში შევცდე. ამდენი წლის ნაგროვები სიკეთე, სიყვარული, ურთიერთობები საფრთხის წინაშე არ დავაყენო. თუმცა ეს ნაკლებადაა შიში, უფრო სიფრთხილეა. საკუთარ თავს შემოვუძახებ ხოლმე: რამე არ შემეშალოს! ყოველდღე ვფიქრობ, ჩემი საქმით ჩემიანს ჩირქი არ მოვცხო და სწორი გზით განვაგრძო სიარული.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





