ზურა ნიჟარაძე: ის იკადრეს, რაც არ უნდა ეკადრებინათ, უბრალოდ, „გადამაგდეს“
ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 03.01
რა ასაკიდან გახდა მსახიობი ზურა ნიჟარაძე ფინანსურად დამოუკიდებელი, როგორი მხარჯველია ის და რა ეხმარება მას ფინანსების სწორად გადანაწილებაში – ამ კითხვებზე პასუხს მისგან მივიღებთ.
ზურა ნიჟარაძე: პირველი ანაზღაურება პირველ კურსზე ავიღე. ეს იყო რეკლამის თუ ფილმის მასობრივი სცენის გადაღება. ის ფული ბიჭებთან ერთად დავხარჯე. ბევრი არ იყო, მაგრამ ამ ამბის აღსანიშნად გვეყო.
ფინანსური დამოუკიდებლობა ცოტა გვიან მოვიდა. მაშინ უკვე სტუდენტი აღარ ვიყავი. 2006 წლიდან ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა თეატრი, რეკლამები, ფილმები. მაშინ მთავარი და დიდი როლები არ მქონდა, მაგრამ პატარ-პატარა სცენებში მიღებდნენ. არაფერს ვთაკილობდი. მარტო მაშინ არა, ახლაც ასე ვარ. ჩემთვის მთავარია, ვინ იღებს მას, ფინანსებს და როლის მასშტაბს არ აქვს მნიშვნელობა.
– როდის გქონდათ ყველაზე დატვირთული პერიოდი?
– ახლა მაქვს ყველაზე რთულად საქმე. ბოლო სამი თვეა, ძალიან დატვირთული ვარ. ვმუშაობ „რუსთავი 2-ზე“, სერიალ „რიო გრანდეს“ გადაღებები თითქმის ყოველდღე მაქვს, რადგან მთავარ როლში ვარ და ამას ემატება კიდევ ჩემი პარალელური საქმეები, რაც არც თუ ისე ცოტაა. ხელოვანი ადამიანისთვის ასეთი დატვირთული რეჟიმი სასიამოვნოდ დამღლელია. თუ არ მინდა, ვინ მაძალებს?!
– როგორია ფულის მიმართ თქვენი დამოკიდებულება?
– როგორც ყველას, ფული მეც მჭირდება. ფულის გულისთვის ხელს ყველაფერზე არ მოვაწერ, თუმცა ისიც ვიცი, რომ ფული ჯოჯოხეთს ანათებს. ის აუცილებლობას წარმოადგენს და ორმაგად სასიამოვნოა, როცა შენი შრომის ანაზღაურებას იღებ. ფულისგან გაფუჭებული ადამიანებიც ბევრი მინახავს. ისიც მინახავს, ბევრი რომ ჰქონდა, მაგრამ დღეს აღარაფერი აქვს. გაღარიბებული და სულიერად განადგურებული ადამიანებიც მინახავს, ასეთ დროს კაცი შეიძლება, სუიციდამდეც კი მივიდეს. ისეთი ადამიანებიც მინახავს, ფული რომ არასდროს ჰქონიათ, მაგრამ ცოცხლობენ. იმუნიტეტი აქვთ გამომუშავებული. როცა ადამიანი უფულობას არის მიჩვეული, მისთვის დღეში 10 ლარიც კარგია, მაგრამ თუ სხვა „ლუი ვიტონების“ ყიდვას მიეჩვია, უფულოდ დარჩენის შემთხვევაში, მისთვის 50-ლარიანი ფეხსაცმლის შეძენა სიკვდილის ტოლფასია. არადა 50-ლარიანი ფეხსაცმლით უამრავი ადამიანი ცხოვრობს, ბედნიერებიც არიან, ოჯახიც უყვართ, სამშობლოც და ასე შემდეგ. შეიძლება, ვიღაცას 2 მილიონი აჩუქო და ჩვეულებრივად შეხვდეს ამას, ვიღაცას 20 ლარით რომ დაეხმარო, მასზე ბედნიერს მეორეს ვერ ნახავ. ისე დაგლოცავს, შეიძლება, მთელი ცხოვრება გაგყვეს. ასე რომ, ყველაფერი შედარებითია.
– თქვენ რამდენად სტაბილური ხართ ამ საკითხში?
– ტელევიზიასა და სერიალში სტაბილური შემოსავალი მაქვს, მაგრამ ამის გარდა, ღონისძიებების წამყვანის ამპლუაც მაქვს შეთავსებული. აქედან გამომდინარე, ყოველთვიურად ერთნაირი შემოსავალი არ მაქვს. არ ვიცი, თვის განმავლობაში რამდენ კორპორაციულს წავიყვან, რამდენ რეკლამაზე დამიძახებენ და ასე შემდეგ. ამას წინასწარ ვერ განვსაზღვრავ.
– როცა შემოსავალი არასტაბილურია, ალბათ, რთულია მისი ხარჯებზე გადანაწილება?
– ამაში არანაირი სირთულე არ არის. ადამიანს რაღაცები გათვლილი უნდა გქონდეს. იმის მერე თავს აძლევ უფლებას, რომ დამატებითი ფული რამეში დახარჯო. ყველაფერი ელემენტარული მათემატიკაა. მე თუ რამეში ფულს ზედმეტად დავხარჯავ, ესე იგი, დასახარჯი იყო. რაც აუცილებლად მჭირდება, იმ ფულს არაფერს არ მოვაკლებ. ვიცი, რომ ეს საარსებოდ აუცილებელია და მორჩა. სხვა ფული კი იმისთვის არსებობს, რომ გასართობად ან სხვა მიზნით დავხარჯო. შეიძლება, ისეც მომხდარა, რომ აუცილებელი ხარჯებისთვის არ დამრჩენია, მაგრამ ეს ძალიან იშვიათია. ყოველთვის წინასწარ ვთვლი საჭირო ხარჯებს. მგონია, რომ ყველა ადამიანი ასე უნდა იყოს. როგორც ამბობენ, ფეხი იქამდე უნდა გაშალო, სანამდეც საბანი გწვდება. ღმერთმა დამიფაროს კომუნალურების ფული არ მქონდეს.
– ვალთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?
– როცა ჩემთან ამბობენ, ფული მჭირდება და ვერ ვშოულობო, თუ მაქვს, აუცილებლად ვეტყვი, რომ შემიძლია, მე ვასესხო. იმასაც აუცილებლად ვკითხავ, როდის მომიტანს. ყველასთან არა, ეს ჩემს მეგობრებსა და ახლობლებს ეხება. მიყვარს ადამიანებისთვის ფულის სესხება. შექსპირი ამბობს, ნუ ასესხებ ფულს მეგობარს და ნურც მისგან ისესხებ, თორემ ფულიც დაიკარგება და მეგობარიცო. მე არ ვეთანხმები ამაში შექსპირს. თქვენ თუ ჩემი მეგობარი ხართ და გიჭირთ, ამ დროს თუ არ დაგეხმარეთ, მაშინ რას ნიშნავს მეგობრობა?! თუმცა, ისიც ისეთივე ღირსეული უნდა აღმოჩნდეს, როგორი ღირსეული ნაბიჯიც მე გადავდგი მის მიმართ. თუ ის მეგობარი დასაკარგია, ჯობს, თავშივე დავკარგო. თუმცა, ფულის გამო მეგობრის დაკარგვაც უცნაურია. ფულის რაოდენობასა და სიტუაციასაც გააჩნია. თუ იმდენი ფული მიეცი, რომ მისი არდაბრუნებით ცხოვრება დაგენგრა, დაკარგავ, აბა, რა? მაგრამ, თუ უმნიშვნელო თანხაა, შეიძლება, არც მოსთხოვო. თუ ბანკის ვალი დაგადებინა, რისკის ქვეშ დაგაყენა და ასე შემდეგ, ამ დროს შეიძლება, აწყენინო კიდეც. მე, მაგალითად, თუ ვინმეს ფულს მივცემ და თავის დროზე არ დამიბრუნებს, ცოტა ხნის მერე შევახსენებ. ვკითხავ, როგორაა და რატომ არ გამოჩნდა. თუ კიდევ ცოტა დროს მთხოვს, მაგრამ მეორედ დათქმულ დროსაც არ დამიბრუნებს, მეორედ რომ მოვიდეს ჩემთან იმავე თხოვნით, მას ფულს აღარ მივცემ, გინდა, უბრალო ნაცნობი იყოს, გინდა, მეგობარი. ვალის დაბრუნებაზე ადვილი არაფერია. მე რომ თქვენგან ფული ვისესხე და ორჯერ გთხოვეთ გადავადება, ბოლოს მაინც თუ ვერ მოგიტანთ, ესე იგი, ჩემში პრობლემაა. როგორ? შენ გარდა მეგობარი არავინ მყავს, რომ მას გამოვართვა და შენ მოგცე?! გამოართვი სხვას და არ აწყენინო მას, ვინც თავიდანვე გასესხა, მერე კი მეორესაც დაუბრუნე იმ დროისთვის, რა დროისთვისაც დაჰპირდი. ვინც ფულის დაბრუნებას აგვიანებს, ესე იგი, მას ძალიან ცუდად აქვს საქმე. ასეთი შეგონება ჩემგან თქვენ – თუ ვინმე ფულს გამოგართმევთ და დროულად არ დაგიბრუნებთ, ეს ნიშნავს, რომ მას სხვაგან არ მიესვლება. ესე იგი, მას უკვე ფულს აღარავინ აძლევს და თქვენ მისი მორიგი მსხვერპლი ხართ. ეს ფაქტია.
– როცა თვითონ გჭირდებათ ფული, დახმარებისთვის პირველი ვინ გახსენდებათ?
– ძალიან არ მიყვარს ფულის სესხება. ჩემს სიცოცხლეში 3-4-ჯერ მექნება ნასესხები. თუ ძალიან მიჭირდა, მერჩივნა, შავი პური მეჭამა, მაგრამ არავის ვალი არ მქონოდა.
იმ ერთეულ შემთხვევებშიც, მხოლოდ მაშინ მიმიცია ჩემი თავისთვის სხვისგან ფულის თხოვნის უფლება, როცა ზუსტად მცოდნია, რომ დასაბრუნებელი ფული, ეჭვგარეშე, მალე მექნებოდა. ვინმეს ფული იმის იმედად გამოვართვა, რომ მერე რამე გამოჩნდება, ჩემთვის ეს გამორიცხულია.
– ფული ყველაზე წარმატებულად რაში დაგიხარჯავთ?
– რაც ჩამიფიქრებია, ძირითადად, ყველაფერი გამოსულა. დიდი ბიზნესმენი მე არ ვარ, მაგრამ რაღაც ალღო მაქვს ამ საქმეში. რამდენიმე საქმეში წამიგია, მაგრამ არა ჩემი მიზეზით. უბრალოდ, „გადამაგდეს“. ის იკადრეს, რაც არ უნდა ეკადრებინათ და მერე მსგავსი ტექსტებით იმართლებდნენ თავს – „თუ გინდა მომკალი, რა ვქნა!?“ მართლა ხომ არ მოვკლავდი ადამიანს?! თორემ, ჩემი უნიჭობის გამო ფული არასდროს დამიკარგავს.
– ძვირად ღირებული ავტომობილი, აქსესუარები, ბევრი სამოსი – შეგიძლიათ ამ მიმართულებით საკუთარი თავისთვის საზღვრების დაწესება?
– რა თქმა უნდა, ამას ძალიან კარგად ვაკონტროლებ. მაღაზიაში რომ შეხვალ, მთელი თვის ბიუჯეტს თუ ქურთუკში გადაიხდი და მერე ერთი თვე მშიერი იქნები, ეს ნორმალური არ არის. როგორც უკვე გითხარით, ეს ჩვეულებრივი მათემატიკაა და იმდენს ვხარჯავ, რამდენის საშუალებაც მაქვს. ზედმეტი შოპინგი არ მიყვარს. ქალებისგან მსმენია, ყოველდღე რომ უწევდეთ ღონისძიებაზე წასვლა, ყოველდღე ახალ-ახალი უნდა ჩაიცვან. კაცები ასე არ ვართ. რამდენი დაბადების დღესა და ღონისძიებაზე წავალ, ყოველთვის ახლის შეძენის ფუფუნება არ არის და მეორეც – ამდენი ტანსაცმელი ალბათ არავის ექნება. ვის აქვს ამის საშუალება?! თან, მით უმეტეს, თუ ბრენდული და კარგიც უნდა იყოს, მოგახსენებთ, რამდენად ძვირი ღირს. ამდენი ფული ჩვენს ქვეყანაში, მგონი, არავის აქვს. ასე შეიძლება, მილიონერები ხარჯავენ ფულს, მაგრამ მე – ნამდვილად არა. ჩემი აზრით, ყველაფერში ზომიერებაა საჭირო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან