შოუბიზნესი

ზურა მანჯავიძე: რამდენიმე „ოსკარი“ მაქვს აღებული

№48

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 06.12, 2023 წელი

ზურა მანჯავიძე
დაკოპირებულია

ზურა მანჯავიძის "უცნობი მხარე" 👇

– ვინ არის ზურა მანჯავიძე?

ზურა მანჯავიძე: ერთი უბრალო ბიჭი, თავისი ფიქრებით, ოცნებებითა და საყვარელი ადამიანებით გარშემორტყმული, რომელიც მუშაობს საყვარელი პროფესიით. მომღერალიც შეიძლება დაერქვას და წამყვანიც.

– როგორია თქვენი საოცნებო ცხოვრება?

– ცხოვრება, როდესაც შენს საყვარელ საქმეს აკეთებ და თან ჰონორარსაც იღებ (იცინის). ჯერჯერობით გამომდის, საოცნებო ცხოვრებით ვცხოვრობ (იცინის). ვერ გეტყვით, რომ მწვერვალებს ვიპყრობ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ბავშვობაში შეიძლება, მეოცნება ასეთ ცხოვრებაზე.

– გიკეთებიათ საქმე, რომელიც გძულდათ?

– კი, ასეთიც ყოფილა. თუმცა, მაშინაც ვცდილობდი, დადებითი კუთხით შემეხედა ამ საქმისთვის და თავს ვიმშვიდებდი იმ აზრით, რომ გარკვეული მიზეზების გამო, აუცილებელი იყო მისი კეთება. მქონდა სამსახურები, რაც აშკარად არ იყო ჩემი საქმე. სახელმწიფო სტრუქტურაში ვმუშაობდი და საქმე, რომელსაც ვაკეთებდი არ იჯდა ჩემს ხასიათში – საბუთები, გაფორმება და ასე შემდეგ.

– გულჩვილი ხართ?

– საშინლად გულჩვილი ვარ. ცოტა პათოლოგიაში გადამდის (იცინის). მეტირება ფილმებზე, ცხოველებთან დაკავშირებულ ამბებზე, სასიყვარულო ისტორიებზე, რაინდობასთან დაკავშირებულ ამბებზე, თავგანწირვის ისტორიებზე წიგნსა თუ რეალურ ცხოვრებაში. კარგი სიმღერა მიჩუყებს გულს. ცეკვაზე ვტირი. მაგალითად, ბავშვების გულიანად ნაცეკვ მთიულურის ყურებისას შემიძლია, ცხარე ცრემლით ვიტირო. ძვალსა და რბილში ვგრძნობ ემოციას. ეგ კი არა, სარეცხი ფხვნილის რეკლამაზეც შეიძლება, ვიტირო (იცინის).

– ბოლოს როდის იტირეთ და რატომ?

– გადაცემაში ვიყავი და „თბილისის მზე“ ჩვენთან ერთად მთელმა დარბაზმა იმღერა. ვერ შევიკავე ცრემლები. მერე სოლო კონცერტზე, ჩვენი ვარსკვლავის გახსნისას, ისეთი ემოციები მქონდა, არ ვიცი. ისევ და ისევ „თბილისის მზეს“ ვასრულებდით და მსმენელისგან საოცარი ემოცია და ტაში წამოვიდა, ყელში გამეჭედა ბურთი, ცრემლები ისე მომაწვა, რომ ძლივს გამოვთქვამდი სიტყვებს, მეტყობოდა კიდეც ნამღერზე.

– რას გააკეთებდით, ახლა რომ ლატარიაში მილიონები მოიგოთ?

– ჯერ ვალებს გავისტუმრებდი (იცინის). კომუნალურ მდგომარეობას გავიუმჯობესებდი – უკეთეს პირობებში გადავიდოდი საცხოვრებლად. ძალიან ბევრ საქველმოქმედო საქმეს გავაკეთებდი, ფართოდ გავშლიდი ფრთებს და არამარტო ადამიანებს, ცხოველებს დავეხმარებოდი.

– მსოფლიო მასშტაბის ცნობადობასა და გავლენაზე გიფიქრიათ?

– კი, მიოცნებია ამაზე, რაღა დაგიმალოთ (იცინის). მიოცნებია, რომ ვყოფილიყავი მსახიობი და „ოსკარი“ ამეღო მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის. ასევე, როგორც მომღერალს საუკეთესო საუნდტრეკის შესრულებისთვის. მოკლედ, რამდენიმე „ოსკარი“ მაქვს მიღებული (იცინის).

– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე არასწორ საქციელად?

– ის, რომ აფხაზეთის ომში არ წავედი. ეს დღემდე ვერ ვაპატიე ჩემს თავს. მქონდა მცდელობები და რაღაც მიზეზებმა ხელი შემიშალა, მაგრამ უფრო მეტად უნდა მომენდომებინა და წავსულიყავი.

– ყველაზე უხერხული შემთხვევა, რომელიც თავს გადაგხდენიათ...

– ჩემი მეგობრის სანახავად წავედი მასთან, სახლში, შეუძლოდ იყო. სართული შემეშალა და სხვის სახლში შევედი. კიდევ კარგი, მასპინძელი გასული იყო. კარი ღია ჰქონდა დატოვებული. დავჯექი და ველოდებოდი. ვიფიქრე, რომ ჩემს მეგობარს ეძინა, მაგრამ მერე დავაკვირდი, რომ ოთახში განსხვავებული ავეჯი იდგა (იცინის). ისე გამოვვარდი იქიდან, ვერ წარმოიდგენთ. კიდევ კარგი, ბინის პატრონმა არ მომისწრო (იცინის).

გულმავიწყობიდან გამომდინარე, ისეც მომხდარა, რომ კორპორაციული საღამოს წამყვანის ვალის მოსახდელად ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი ღონისძიების ნაცვლად, წინა დღეს მივსულვარ (იცინის). საერთოდ, როცა კორპორაციული საღამოს წამყვანის ან თამადის პასუხისმგებლობა მაბარია, ცოტას ვსვამ ხოლმე. ერთ-ერთ საღამოზე ერთი უცხოელი სტუმარი გადამეკიდა, რა თამადა ხარ, თუ არ სვამო. ერთი დავლიე ასე ძალით, მეორე და კიდევ რამდენიმე დამჭირდა. ისე გავითიშე, რომ საღამო ბოლომდე ვერ ჩავამთავრე. გამოვედი და მანქანაში დავიძინე. მერე ძალიან შემრცხვა ამის გამო. მეორე დღეს სულ ბოდიშები ვიხადე და სხვა საღამოებით მოვახერხე მომხდარის გამოსწორება.

– ოდესმე რამე მოგიპარავთ?

– ბავშვობაში იყო ასეთი მომენტები. კაფეში ვიპარავდით ხოლმე ხაჭაპურებს. ერთხელ „კვასი“ მინდოდა ძალიან, სამი და ხუთი თეთრი ღირდა და ეს ხურდა იქვე, გვერდზე ეყარა. გადავწყვიტე, ამეღო ხურდა და ის მიმეწოდებინა გამყიდვლისთვის, რომ უფასოდ დამელია (იცინის). შემამჩნია, დამიყვირა, ნიკაპზე ხელი მომკიდა და მითხრა, არ გრცხვენიაო? მგონი, ეს იყო ჩემი ბოლო მცდელობა ქურდობასთან დაკავშირებით და კიდევ კარგი, რომ ასე მოხდა (იცინის).

– პაემანზე სახალისო ამბავი გადაგხდენიათ?

– სახალისო არ მახსენდება, მაგრამ ერთხელ, ეგრეთ წოდებულ, „ბრმა პაემანზე“ ვიყავი – ტელეფონზე რომ შემთხვევით სხვაგან მოხვდებოდი, მერე საუბარს შეყვებოდი და პაემანს დავუნიშნავდი ადამიანს. მოკლედ, არც იმან იცოდა, მე როგორი ვიყავი და არც მე ვიცოდი, ის როგორ გამოიყურებოდა. მე ცოტა ჭკუა ვიხმარე, ადრე მივედი პაემანზე და დავიმალე. რომ მოვიდა და შევხედე, არ მომეწონა და ჩემი სამალავიდან არ გამოვედი (იცინის).

– რა მოისმინეთ ბოლოს საკუთარ თავზე კარგი, რაც სასიამოვნო აღმოჩნდა და ცუდი, რამაც გული გატკინათ?

– კარგი ხშირად მესმის ხოლმე, სიმართლე გითხრათ, მათამამებენ. უცხო ადამიანები ხშირად მეუბნებიან კომპლიმენტებს და ძალიან მახარებენ. ქუჩაშიც რომ გავივლი, ვითომ არ მესმის ხოლმე, მაგრამ რომ იტყვიან ან ჩუმად რომ ჩაილაპარაკებენ, „ეს ზურა არ არის მანჯავიძე?“ როგორ მიყვარს! მაგ დროს სმენა მიმახვილდება და ძალიან მიხარია (იცინის). წყენას რაც შეეხება, არის მომენტები, როცა კვანტებს გიდებენ. მაგალითად, ვინმეს თუ უნდოდა, მის ღონისძიებაზე წამყვანი მე ვყოფილიყავი და ანაზღაურების შესახებ უკითხავთ, ვიღაცებს, იმის გამო, რომ ჩემთან კომუნიკაცია არ შემდგარიყო, მოუტყუებიათ, უჰ, ეგ იმდენ ფულს იღებსო და ასტრონომიული თანხა დაუსახელებიათ, რომ მერე იმათ უარი ეთქვათ ჩემზე. უფრო კონკურენციის ან პირადი შეუთავსებლობის ამბავია და ცოტა გულდასაწყვეტია.

– ყოფითი საქმეებიდან რისი გაკეთება გიყვართ?

– სუფრაზე ყოფნას არ ვთვლით? (იცინის). ძალიან მახარებს მეგობრების წრეში ყოფნა, დროსტარება, ჯოკერის თამაში, დასვენება. კარგ კამპანიაში ყოფნა და კარგი სასმელი გამორჩეულად კარგია (იცინის). დასვენება მიყვარს ყველაზე მეტად. ეტყობა, ამ დროს ენერგიებს ვაგროვებ, რომ ისევ წამოვდგე ფეხზე და ჩემი საქმეები გავაგრძელო. სახლის საქმეებზე თუ ვისაუბრებთ, ელემენტარულების გაკეთება მეხერხება. ვარსკვლავებს არ ვწყვეტ, მაგრამ ცოტ-ცოტა კულინარიისაც მესმის. ზამთრის კონსერვების მომზადებაშიც ვიღებ მონაწილეობას და კარგი შეფასებებიც მაქვს ხოლმე (იცინის).

– ვინც ყველაზე კარგად გიცნობთ, რის გამო გაკრიტიკებთ და გაქებთ?

– მაკრიტიკებენ სიფიცხისა და სიჯიუტის გამო. ხანდახან, რაღაცას რომ ამოვიჩემებ, ტვინის ბურღვა ვიცი ხოლმე (იცინის). შეიძლება, მართალი არ ვიყო, მაგრამ მაინც მინდა, ჩემი გავიტანო (იცინის). კიდევ ძალიან ფეთქებადი ხასიათი მაქვს და თუ ავენთები, მერე ემოციების მართვა მიჭირს. პირიქით, უფრო და უფრო ვბრაზდები და შეიძლება, ძალიან ცუდ შედეგამდე მივიდე. ამ დროს თავი ძნელი მოსათოკი ხდება.

მაქებენ კომუნიკაბელურობის, იუმორის, სიმღერის, კარგი კომპანიონობისა და კიდევ ახლობლების მიმართ თავგანწირულობის გამო. როგორი დაღლილი, გამოუძინებელი ან უენერგიოც არ უნდა ვიყო, თუ გავიგე, რომ ახლობელს ჩემი დახმარება სჭირდება, ვერაფერით მოვისვენებ და ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია. მერე შეიძლება, გვერდზე გამოვიდე და დავეცე, მაგრამ მას ჩემს მდგომარეობას არ ვაგრძნობინებ. კიდევ წუწუნი არ მიყვარს. როგორც არ უნდა მიჭირდეს, ფიზიკურად თუ ფინანსურად, რაც ხშირად მომხდარა, ვერავინ იტყვის, რომ ვინმესთან ჩემს მდგომარეობაზე მიწუწუნია. ესეც შემიძლია, ჩემს პლუსად ჩავთვალო. რაღაც თავს მაქებინებ და არ არის კარგი, ადამიანი საკუთარი თავის მიმართ ადვოკატივით კი არა, პროკურორივით უნდა იყოს (იცინის).

– ბევრი წლის შემდეგ როგორ ისურვებდით სიცოცხლის დასრულებას?

– მთელი ცხოვრება ჰეროიკულ სიკვდილზე ვოცნებობდი, სხვას რომ სიცოცხლეს გადაურჩენ, ამაზე ღირებული რა უნდა იყოს?! შეიძლება ეს ძალიან უბრალოდ მოხდეს, მაგრამ სასურველი ნამდვილად ისაა, სხვისი სიცოცხლის გადარჩენას რომ შეძლებ და თავს გაწირავ.

– ყველაზე დიდი შიში როდის განიცადეთ?

– ბოლოს გავიხსენებ, რიკოთის გვირაბზე საავარიო სიტუაცია შექმნა საპირისპირო მიმართულებით წამოსულმა მანქანამ და რასაც ჰქვია ბეწვზე გადავრჩი. მთელმა ცხოვრებამ კადრებად გამიელვა თვალწინ. რომ ამბობენ, ასე ხდებაო, მართალი ყოფილა (იცინის).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული