ზურა მანჯავიძე: ბაბუა და სიმამრი ერთდროულად გავხდი
ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00
ყველასთვის საყვარელი მომღერალი და შოუმენი, ზურა მანჯავიძე ახალი წლის ტრადიციებსა და გასული წლის მნიშვნელოვან ამბებზე გვიამბობს.
ზურა მანჯავიძე: ძალიან მიყვარს ახალი წელი. მიუხედავად დატვირთვისა და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, ჩემს გემოზე, ჩემს საახლობლო წრეში ვერ ვატარებდე დროს, მაინც განსაკუთრებულად მიხარია. გარშემო ყველას სადღესასწაულო განწყობა აქვს და სიმართლე რომ ვთქვა, ისიც მახარებს, რომ მეც რაღაც წვლილი შემაქვს განწყობის ამაღლებაში.
– როგორია თქვენი ახალი წელი?
– ძირითადად, გარეთ ვხვდები, კორპორატიულ საღამოებსა თუ გარე კონცერტებზე. ამ მხრივ, წელსაც არ ყოფილა გამონაკლისი. გორში შევხვდით და შემდეგ ნატახტარში გავაგრძელეთ ახალი წლის აღნიშვნა. ხან ვმღერი, ხან ვხუმრობ, ხან წამყვანის ამპლუაში ვარ და ნებისმიერ შემთხვევაში, ვცდილობ, ხალხს განწყობა კიდევ უფრო ავუმაღლო.
– ბოლოს როდის შეხვდით ახალ წელს სახლში, ოჯახურ გარემოში?
– პანდემიის დროს (იცინის) და სიმართლე რომ გითხრათ, არ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი, იმდენად გადაჩვეული ვიყავი, რადგან წლებია, სახლში არ შევხვედრივარ.
– 2025 წელი რით იყო გამორჩეული?
– წელს შვილიშვილი შემეძინა, ბაბუა გავხდი... კიდევ ჩემი გოგონა გათხოვდა. ბაბუა და სიმამრი ერთდროულად გავხდი. ასევე, წელს დაიწყო ჩემი – „ზურას შოუ“. ბევრი გასვლა მქონდა როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში. მოკლედ კარგი და საინტერესო წელი მქონდა.
– როგორია ბაბუის ამპლუაში ყოფნა?
– საოცრებაა. რა თქმა უნდა, ყველა იმავეს იტყვის და არც მე ვიქნები განსხვავებული, ისედაც არ ვარ დალაგებული და ახლა მთლად ჭკუიდან ვარ გადასული ამ პატარა არსებით (იცინის). ეს საოცარი ეტაპია ცხოვრებაში. ძალიან საყვარელი, დადებითი ბავშვია, სულ იცინის ჩემი ყველა შვილისგან განსხვავებით, რომლებიც ძირითადად, ტირილზე და ცუდად მოქცევაზე იყვნენ ორიენტირებული (იცინის).
– და როგორია სიმამრის ამპლუაში ყოფნა?
– ამისთვის კარგა ხანია ფსიქოლოგიურად მოვიმზადე თავი. ჩვენ მანამდე გავიცანით ერთმანეთი და შეიძლება ითქვას, რომ დავმეგობრდით. ვეცდები, რომ სიძე-სიმამრული კი არა, მეგობრული ურთიერთობა გვქონდეს.
– რადგან ახალ წელს სახლში ვერ ხვდებით, ახალი წლის შემდეგ რა გეგმები გაქვთ ხოლმე ოჯახთან ერთად?
– მე რომ მოვდივარ ხოლმე, უკვე სძინავთ, მეორე დღესაც გავდივარ და რომ მოვდივარ, ისევ სძინავთ, ასე რომ, სიამტკბილობა გვაქვს (იცინის) ჩემთვის ახალი წელი 18 თებერვლიდან დგება. ხომ არის ახალი წელი, ძველით ახალი წელი და კიდევ გვიანი ახალი წელი. ჩემი უგვიანესია (იცინის).
– რომელია თქვენთვის ყველაზე ძვირფასი და საყვარელი საახალწლო ტრადიცია?
– მთელი ოჯახი რომ ერთად იკრიბება, ჩემი გამოკლებით. ანუ, სხვისი ოჯახების მაგალითზე მომწონს ეს ტრადიცია (იცინის). ასევე, წინასაახლწლო ფუსფუსი მომწონს ყველაზე ძალიან. შეჯიბრი რომ მიდის, ვინ უფრო კარგ საცივს გააკეთებს, გოზინაყი ვის უფრო გემრიელი გამოუვიდა, ვისი რბილი იყო და არ ვარგა, ვის ჩაუტყდა და ასე შემდეგ. მართლა ძალიან მომწონს ეს წინასაახალწლო ფუსფუსი, ასევე მეკვლეობის ინსტიტუტი მიყვარს, ლამაზი დატვირთვა აქვს.
– რადგან შინ გვიან ბრუნდებით, ალბათ, თქვენ გამოდიხართ მეკვლე.
– კი. მაგრამ მე ვიცი, რომ ოჯახის წევრი მეკვლედ არ ითვლება. ისე, მე რომ მივდივარ უკვე მეკვლეც ნამყოფია, მეზობლებიც და ყველა (იცინის)
– მგონია, რომ ბევრს აქვს სურვილი, თქვენ იყოთ მეკვლე. თუ ახერხებთ?
– კი. მაგრამ ვერც და არც ვახერხებ, არ მინდა, მაგ პასუხისმგებლობის აღება, მერე მე უნდა მაბრალონ ყველაფერი ცუდი. კარგი კი არ გაახსენდებათ (იცინის). ნამდვილად ვერიდები ამ ამბავს. ჩემს ოჯახში კი ვცდილობ, პატარა ბავშვი იყოს მეკვლე, მეზობელი ან ახლობელი. ჩემი ბიჭებიც, როცა პატარები იყვნენ, სულ დადიოდნენ მეკვლეებად, სამუშაო გრაფიკივით ჰქონდათ (იცინის).
– რადგან სახლში არ ხვდებით ახალ წელს, ამ „დანაშაულს“ როგორ გამოისყიდით ხოლმე ოჯახის წინაშე?
– გამოსყიდვა ხდება პირდაპირი გაგებით, ანუ, ფინანსურად (იცინის).
– მამაკაცებისთვის, მოლხენის გამო, განსაკუთრებით სასიამოვნოა ეს პერიოდი, თქვენ რამდენად ახერხებთ?
– რაღა დაგიმალოთ და მდგომარეობა და სიტუაციები სხვა დღეებშიც არ მაკლია და ახალი წლისთვის ლოდინი საჭირო არ არის, უბრალოდ, აქ მეტი ინტენსივობით ხდება, მეტ ხალხს უნდა შენთან ერთად დროის გატარება და ცოტა გულდასაწყვეტია ხოლმე, თუ ყველასთან ვერ ახერხებ მისვლას. კი იციან ჩემი დატვირთული გრაფიკის შესახებ, მაგრამ ესმით? (იცინის). მსაყვედურობენ ხოლმე – მაინცდამაინც დღეს რომ არ წახვიდე სადმე და ჩვენთან ერთად აღნიშნო, არ შეიძლებაო.
– რა არის თქვენი საყვარელი კერძი საახალწლო სუფრაზე?
– გაგიკვირდებათ და ოლივიე ვინეგრეტი. რეალურად, ახალ წელთან ასოცირებული ყველა კერძი მიყვარს, რაც გემრიელად არის მომზადებული. თავისთავად ცხადია, რომ მათ შორის საცივიცაა და გოზინაყიც. სხვათა შორის, მინდა გითხრათ, რომ მეც ვიღებ მონაწილეობას გოზინაყის მომზადებაში.
– კიდევ როგორ ერთვებით საახალწლო სამზადისში?
– ვცდილობ, დღის პირველ ნახევრებში მოვასწრო პროდუქტების მოტანა. თუ სადმე არ ვარ წასული, ოჯახის მომარაგება, ძირითადად, ჩემი საქმეა.
– რომელი ახალი წელი გახსენდებათ განსაკუთრებულად?
– ერთხელ ოთარ რამიშვილი მეწვია ახალ წლამდე რამდენიმე წუთით ადრე და მითხრა, წამოდი, ძალიან მაგარ ოჯახში უნდა შევხვდეთ ახალ წელსო. ტაქსი ელოდებოდა და სანამ იქამდე მივედით, ახალი წელიც დადგა, ფეიერვერკების ფონზე, ქუჩაში, ტაქსიში შევხვდი ახალ წელს, ოთარ რამიშვილთან და ტაქსის მძღოლთან ერთად. ვის ოჯახში მივედით, ეგ უკვე ბუნდოვნად მახსოვს (იცინის)
– თუ აჯამებთ ხოლმე, როგორი მიზნები გქონდათ და როგორ ჩაიარა გასულმა წელმა?
– ვცდილობ ხოლმე, მაგრამ ძირითადად, მავიწყდება (იცინის). უფრო სუფრაზე ვაჯამებთ, რა იყო კარგი და რა ცუდი, ცუდმა აჯობა კარგს თუ პირიქით. შემდეგ კი ვგეგმავთ, რა გავაკეთოთ ახალ წელს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





