ზურა მანჯავიძე: ახლა თავიდან უნდა გავიარო მთელი ცხოვრება - დაბადებიდან სიყმაწვილემდე
ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 09.06

ზურა მანჯავიძე ბაბუა გახდა. ყველასთვის საყვარელი მომღერლის ცხოვრებაში განსაკუთრებული ეტაპი დადგა, რასაც დიდხანს ნატრობდა.
ზურა მანჯავიძე: კარგა ხანია, ბაბუობისთვის მზად ვარ, მაგრამ დამიგვიანდა (იცინის). ძალიან მინდოდა, შვილიშვილი მყოლოდა და ეს დღეც დადგა. ვერ ვიტყვი, რომ უკვე ბაბუის როლში ვარ შესული, მაგრამ უკვე კარგა ხანია, ამ როლისთვის ვემზადები (იცინის). ძალიან ემოციურია ეს ყველაფერი. სრულიად სხვა ეტაპი დაიწყო ჩემს ცხოვრებაში. ჯერ თვითონაც ვგრძნობდი, რა დამემართებოდა, მაგრამ ახლობლებისა და მეგობრებისგან, უკვე გამოცდილი პაპა-ბაბუებისგან რაც მესმის, ნელ-ნელა მეც ვისიგრძეგანებ ამ მდგომარეობას. ხვალ გამოგვყავს სამშობიაროდან და სახლში დიდი სამზადისი გვაქვს, ვაფორმებთ დეკორაციებით. მთელი ოჯახი ამ ამბავში ვართ ჩართულები, განსაკუთრებით ჩემი გოგო და ველოდებით ქალბატონის სახლში მობრძანებას, თორემ, ჩვენს ცხოვრებაში უკვე მობრძანდა და გაგვაბედნიერა. იმედი მაქვს, რომ დიდი ხნის განმავლობაში იქნებიან ჩვენთან და როცა თავის სახლში გადავლენ, მერეც ხშირად მომიყვანენ. იცით, რატომ მაქვს ამის იმედი, უკვე ვატყობ, რომ კარგი ცელქი და მოუსვენარი იქნება, ანუ, ნერვებს დააწყვეტს მშობლებს და გამოაქანებენ ხოლმე ჩემთან დასატოვებლად (იცინის).
– უკვე შეატყვეთ ხასიათი?
– გუშინ ვნახე სამშობიაროში და სულ ჭუჭყუნებდა და რაღაცებს აპროტესტებდა. ძალიან მოუსვენარია, სულ ხელში უნდოდა (იცინის). რაც უფრო მეტად ცუდად მოიქცევა, მით უფრო ხშირად იქნება ჩემთან, მიხარია (იცინის). მე ყველაფრისთვის მზად ვარ, შვილები იმდენად ძნელად აღსაზრდელი ბავშვები იყვნენ, არა მგონია, მათ გადააჭარბოს ამაში (იცინის). ასე რომ, ფსიქოლოგიურად, მორალურად, ფიზიკურად, ყოველმხრივ მზად ვარ (იცინის).
– როგორ ბაბუად წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი?
– ფაქტობრივად, ახლა თავიდან უნდა გავიარო მთელი ცხოვრება დაბადებიდან – სიყმაწვილემდე, ანუ, ჩემი შვილიშვილის თანატოლი და თანამოაზრე ვიქნები. დიდი სიდინჯით არასდროს გამოვირჩეოდი, მაგრამ ახლა მთლად პატარა ასაკში გადავვარდები და ერთად გავიზრდებით. ბაბუა და პაპა ნომინალურად მერქმევა, თორემ ჩვეულებრივი ძმაკაცი ვიქნები, კლასელი, მეგობარი, კოლეგა და რაც დასჭირდება.
– ერთია ეს სიხარული და მეორე, როცა მთელი საქართველო იზიარებს თქვენს სიხარულს...
– სასწაული განცდაა. ასეთ რამეს არ ველოდი. ახლაც ქუჩაში მილოცავდა ხალხი, ეს საოცარი გრძნობაა. ამ დროს იგებ, რომ ხალხს ძალიან უყვარხარ და ეს სიყვარული გადადის შვილებზე და უკვე შვილიშვილზე. იმედი მაქვს, შვილიშვილებზეც მალე ვილაპარაკებ მრავლობითში.
– უკვე დაიწყეთ ამაზე საუბარი?
– მე სულ დაწყებული მაქვს. ახლა ჩემი გოგონაც დასაოჯახებელია, ტყუპებიც ოდესმე ხომ მოიყვანენ ცოლებს... მრავალშვილიანობისთვის თუ ვიყავი მზად, მრავალშვილიშვილიანობისთვის, მით უმეტეს, მზად ვარ.
მოლოცვებს რაც შეეხება, არც ტელეფონი ჩერდება. თან აიკო 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს დაიბადა, 27-ში მისი დედიკოს, ჩემი რძლის, ქეთას დაბადების დღე იყო. სხვათა შორის, ჩემი გიორგიც მაისშია დაბადებული 6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე. მოკლედ, სულ კაი რიცხვებს ვუმიზნებთ (იცინის).
– როგორი განცდები იყო, როცა სამშობიაროში პატარას დაბადებას ელოდით?
– ყველაზე მეტად იმის გამო ვნერვიულობდი, რომ კონცერტზე მაგვიანდებოდა (იცინის). 26 მაისს ახალქალაქში მქონდა კონცერტი. მაქსიმუმ, 12 საათამდე თუ გაჩნდებოდა, მოვასწრებდი წასვლას. ძალიან მინდოდა, სამშობიაროში ვყოფილიყავი და როცა ბავშვი დაიბადებოდა, მინდოდა იქ შევხვედროდი ამ სიხარულს. უკვე რას აღარ ვფიქრობდი, დაგვიანებაც გამორიცხული იყო, როგორია ახლა 26 მაისისადმი მიძღვნილი კონცერტია. არც მეტი, არც ნაკლები, 12-ს აკლდა წუთები რომ გაჩნდა, ანგარიში გამიწია (იცინის). წინა ღამე გავათენეთ, გვიან, ღამის პირველი საათისთვის მივედით და დილის 12-სკენ დაიბადა. ხან ვნერვიულობდით, ხან ვხალისობდით და საბედნიეროდ, ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა, გაგვაბედნიერა პატარა ქალბატონმა თავისი მობრძანებით. ისეთ დღესასწაულზე დაიბადა, ყოველთვის ექნება აღნიშვნის საშუალება, აუცილებლად უქმე დღე იქნება და გაატარებს, როგორც იუბილარს შეეფერება.
– საკმაოდ უცხო სახელი ჰქვია, როგორი ისტორია აქვს?
– ჩვენს შვილებს, ქეთას და გიორგის ძალიან უნდოდათ, რძალსაც, რა თქმა უნდა, ჩემს შვილს ვეძახი, მართლა შვილია და ამიტომ, იშვიათი სახელი დაერქმიათ ბავშვისთვის. თან აზიური კულტურით არის გატაცებული, მაგალითისთვის კორეულ ენას სწავლობს. ბევრი ეძებეს, ვარიანტებს განვიხილავდით და ასე იპოვეს ეს სახელი – აიკო, რომელიც იაპონურია და სიყვარულის შვილს ნიშნავს. ასეთი ლამაზი სახელია. თავიდან ცოტა მეხამუშებოდა და მეუცხოებოდა, მაგრამ ისტორიაც ასეთი ლამაზი აქვს, თან ჟღერადი სახელია, აიკო მანჯავიძე, კარგად ჟღერს. „ფეისბუქზე“ რომ დავწერე, ჩემი მეგობრები „მაშაყირებდნენ“, გვეგონა, ნერვიულობისგან ასოები აგერია და იაკო ერქვა, ან მაიკო დაარქვით და მ-დაგავიწყდაო (იცინის). ვისაც ვუხსნი ამ ისტორიას, ყველას მოსწონს. ჟღერადი სახელია და თან მსოფლიოში არავინ იქნება აიკო მანჯავიძე. ეს პირველი პრეტენდენტი იქნება. საქართველოში აიკო არავის ჰქვია, როგორც მოვიძიე, შეიძლება, ვინმეს ზედმეტ სახელად ეძახდნენ, მაგრამ სახელი – არა. მით უმეტეს, ძალიან მეპარება ეჭვი, რომ იაპონიაში მანჯავიძეები ცხოვრობდნენ და ვინმე აიკო მანჯავიძე ჰყავდეთ (იცინის). ასე რომ, ერთადერთი და განუმეორებელი აიკო მანჯავიძე გვეყოლება.
– როგორც მივხვდი, რძლის მიმართ განსაკუთრებული პატივისცემა და სიყვარული გაქვთ. რას ამბობენ, როგორი მამამთილი ხართ?
– ჩემი რძლისგან რომ აიღებთ ინტერვიუს, ის გეტყვით, რომ საოცარი, განუმეორებელი, უთბილესი და უსაყვარლესი მამამთილი ვარ. მე ხომ ვერ ვიტყვი ჩემს თავზე ასეთი რამეებს (იცინის). რეალურად, თვითონ ქეთა არის ისეთი გოგო, წარმოუდგენელია, რომ არ გიყვარდეს.
– როგორ აპირებთ პატარას ამქვეყნად მოვლენის აღნიშვნას?
– ამ დღეებში ვაპირებთ, რამდენიმედღიანი აღნიშვნა იქნება. ერთიანად რომ მოვუყარო ყველას თავი ნიკოფსიიდან დარუბანდამდე უნდა გავშალო სუფრა და ჯობია, ჯერ ნიკოფსიიდან – განჯამდე, განჯიდან – თბილისამდე, მერე – რიკოთამდე და ასე მივყვები. ამასობაში შეიძლება, აფხაზეთიც დავიბრუნოთ და ასე, აღვნიშნავთ ბედნიერად ყველა ერთად (იცინის).
სიახლეები ამავე კატეგორიიდან