შოუბიზნესი

ზურა ხაჩიძე: ეკლესიაში დავდე ფიცი, რომ სხვის ნივთს, სხვის ქონებას ხელს აღარასოდეს მოვკიდებდი

ავტორი: ნონა დათეშიძე 22:00 26.01

ზურა ხაჩიძე
დაკოპირებულია

ვინც მომღერალ ზურა ხაჩიძეს იცნობს, დამეთანხმება, რომ უზომოდ ყურადღებიანი, გულწრფელი და თბილი ადამიანია. მის ცხოვრებაში იყო ბევრი გარდამტეხი პერიოდი, რომელზეც საუბარს არ ერიდება. ფიქრობს, რომ ეს ცხოვრება ერთი დიდი გამოცდაა, მისი ყველაზე დიდი საყრდენი და ჯავშანი კი – მისი ოჯახი. მართალია, ზურა ბოლო პერიოდია, თავს იკავებს ინტერვიუებისგან, თუმცა ჟურნალ „თბილისელებს“ დაგვთანხმდა და საკმაოდ გულახდილი ინტერვიუც შედგა.

ზურა ხაჩიძე: მრავალფეროვანი, ძალიან საინტერესო, ტკივილიანი, გაჭირვებული, დინამიკური ცხოვრება გამოვიარე, თავისი დაცემებით, ფეხზე წამოდგომებით. ერთი სიტყვით, ათ კაცს რომ ეყოფოდა, ნამდვილად ისეთი ცხოვრება მქონდა. ღმერთის წყალობით, ვცდილობდი, ჩემი ცხოვრების ტვირთი ღირსეულად მეზიდა. როგორ გამომდიოდა – ეს მეორე საკითხია. ჩემი ჯვარი დღემდე მომყვება და მადლობელი ვარ უფლის, თითოეული წამისთვის, განსაცდელისთვის, რამაც გამაძლიერა და ფეხზე დამაყენა.

– როდის მიხვდი, რომ ცხოვრება ძალიან რთულია და 15 წლის ასაკში, როცა საბრალდებო სკამზე აღმოჩნდი, როგორ გადაურჩი ციხეს?

– დაოჯახების შემდეგ მივხვდი, რომ ცხოვრება ძალიან რთულია. მანამდეც ვიცოდი, მაგრამ როცა ახალგაზრდა ხარ, მოტივირებული, მიზნისკენ სწრაფული, ცხოვრების სირთულეზე არ ფიქრობ. ჩემს ცხოვრებაში ბევრი გარდატეხის მომენტი იყო. 15 წლის ასაკში მივხვდი, რომ სწორად და წესიერად უნდა მეცხოვრა და ქუჩას გავეშვი, თავი გავანებე. 12 წლამდე ბებია-ბაბუასთან, ლოგინში, შუაში მეძინა. გაჭირვების წლები იყო, ქუჩური ცხოვრების გავლენის ქვეშ ვექცეოდით, ავყევი ქუჩას, პატარა ვიყავი და საბრალდებო სკამზე აღმოვჩნდი. პირველი გარდატეხა მაშინ მოხდა, მაშინ მივედი ეკლესიაში, მეუფე სერაფიმემ მომკიდა ხელი, პირველი აღსარებაც ჩამაბარებინა და მას შემდეგ სწორედ ეკლესიაში დავდე ფიცი, რომ სხვის ნივთს, სხვის ქონებას ხელს აღარასოდეს მოვკიდებდი. მოკლედ, ეს იყო პირველი გარდამტეხი მომენტი ჩემთვის, როცა ჩვეულებრივი ქუჩის, კანფეტების მომპარავი ბიჭი, მეუფე სერაფიმეს წყალობით გადავრჩი და დავადექი სწორ გზას. ზოგადად, ბავშვობიდან არ მიყვარდა ოჯახის წევრებისთვის თანხის თხოვნა და 15 წლიდან დავიწყე მუშაობა, მას შემდეგ, რაც საბრალდებო სკამიდან დამიხსნეს. ვმუშაობდი საქართველოს ბავშვთა ფედერაციაში – „ბორჯომის ბასტი-ბუბუ ერქვა“, იქ ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ქეთინო ნოზაძემ წამიყვანა ქორეოგრაფად და ბავშვებს, სამ ასაკობრივ ჯგუფს, ცეკვას ვასწავლიდი. არ ვიცი, საიდან ვიცოდი, მაგრამ ვასწავლიდი და საკმაოდ კარგ მუსიკალურ ნომრებს ვდგამდი (იცინის). ხელფასი ცოტა იყო, ფაქტობრივად, პურის ფულს მაძლევდნენ, მაგრამ იყო კონცერტები სოფლებში, სადაც ფულს ვერ იხდიდნენ და მოჰქონდათ კარტოფილი... ასე ვთქვათ, 15 წლიდან ოჯახში ჩემი შრომით მიმქონდა საკვები. ბორჯომში შაქრის, პურის ფქვილისა და კანფეტის ქურდობაზე რომ დამაკავეს 15 წლის ბავშვი და ის, რომ გზას არ ავცდი, ციხეს გადავურჩი და ოთხი წელი არ დავყავი საკანში, იმ მოსამართლეს უნდა ვუმადლოდე და დიდი მადლობა ვუთხრა იმ ბავშვების მშობლებს, ვისაც ცეკვას ვასწავლიდი, ასევე, ქეთი ნოზაძეს, რომელიც მოვიდა სასამართლოზე და თქვა: ზურა აღარ არის ის ბიჭი, ვინც ოთხი წლით არასრულწლოვანთა კოლონიაში უნდა გამოკეტოთ. ზურა არის მასწავლებელი და პატიოსანი ბიჭიო. მოკლედ, სანამ ძიებაში მიდიოდა საქმე, მასთან ვმუშაობდი, მშობლებიც დამიდგნენ თავდებში და მოსამართლემაც სარისკო გადაწყვეტილება მიიღიო – გამათავისუფლა. და, ამ დროს მოვხვდი ეკლესიაში მეუფე სერაფიმესთან, ჩავაბარე პირველი აღსარება და დავიწყე საკუთარი თავის განვითარება. ახლა რომ ვუკვირდები, ჩემი განვლილი ცხოვრება კინოს სიუჟეტს ჰგავს.

– იმ პერიოდში ამღერდი, 90-იან წლებს ვგულისხმობ, როცა არავის ემღერებოდა. ვისგან დაგყვა სიმღერის ნიჭი და რამ გიბიძგა ქუჩის ბიჭს სიმღერა დაგეწყო?

– ეკლესიაში მისვლამ, მეუფე სერაფიმეს ქადაგებამ, ეკლესიაში გალობამ გადამაწყვეტინა სიმღერა და ესეც ზემოდან, უფლიდან მოვიდა. როგორც კი წესიერი ცხოვრებისკენ გადავდგი ნაბიჯი, უფალმა არ დააყოვნა და მისი მადლი დღემდე მომყვება. ძალიან კომპლექსიანი ვიყავი და ცხოვრებაში რომ არ მიფიქრია სცენაზე ასვლა, ჩემს მეგობრებთან ერთად შევქმენი ჯგუფი „ქუჩის ბიჭები“ და აგერ უკვე 30 წელზე მეტია, სიმღერით მოვდივართ ერთად. თავიდან სხვა შემადგენლობით ვიყავით, შემდეგ სხვა შემადგენლობა შეიკრა. 30 წლის იუბილის გადახდა გვინდოდა, მაგრამ პოლიტიკურმა პროცესებმა შეგვიშალა ხელი და ვერ გავაკეთეთ. სხვათა შორის, „ქუჩის ბიჭების“ ვარსკვლავის გახსნაც იგეგმებოდა, მაგრამ გადავდეთ. რაც შეეხება მუსიკალურ ნიჭს, არც კი ვიცი, ვისგან დამყვა. მახსოვს, მამა მძღოლი იყო და რომ დალევდა, ნაბახუსევზე პიანინოზე უკრავდა. მოკლედ, მამას სმენა ჰქონდა და პიანინოზეც უკრავდა. ბებიას კი დავყავდი ბორჯომში პიონერთა სასახლეში, ხელოვნებასთან მეტი შეხება არ მქონია. იმდენად კომპლექსიანი ვიყავი, მრცხვენოდა, რომ მემღერა ან მეცეკვა. სამაგიეროდ, დოლზე დაკვრა ვისწავლე და მთელს ჩემს მუსიკალურ ენერგიას მასზე ვხარჯავდი (იცინის). სხვათა შორის, „ქუჩის ბიჭების“ არცერთ წევრს არ აქვს მუსიკალური განათლება, მაგრამ თანდაყოლილი ნიჭისა და ღვთის წყალობით, დღემდე ერთად მოვედით. წარმოიდგინეთ, ოთხი განსხვავებული ბიჭისგან უფლის ძალამ გამაკეთებინა ისეთი ჯგუფი, რომელსაც დასავლეთში ქასთინგით აკეთებენ და პროდიუსერები და დიდი ფული მუშაობს. პრაქტიკულად, ერთი ოჯახი ვართ, ნათელმირონები.

– ამ 30 წლის განმავლობაში, ბევრი მომენტი იყო შენს ცხოვრებაში, როცა არ გემღერებოდა, მაგრამ მაინც სცენაზე იდექი, მიკროფონით ხელში. მათ შორის ყველაზე რთულად რომელი მომენტი გახსენდება?

– დედა რომ გარდამეცვალა, იმ პერიოდში კონცერტები არ მქონია, მაგრამ გამზრდელი ბებია რომ გარდაიცვალა, ერთ-ერთ მონასტერში ბერს შევპირდი, ჩავიდოდი კასპში და ვიმღერებდი რუის-ურბნისის ეპარქიაში. გამზრდელი ბებია გარდამეცვალა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, წავედი და ბავშვებს ვუმღერე. ეს იყო მომენტი, როცა ყველაზე მეტად გამიჭირდა სიმღერა.

თუმცა, არ შევიმჩნიე, რადგან საქველმოქმედო კონცერტი იყო ბავშვებისთვის. ზოგადად, ახლა რომ ვფიქრობ, ცხოვრებაში, მიუხედავად სიძნელეებისა, ყველაფერში გამიმართლა. რვა თვის ვიყავი, დედა და მამა რომ გაშორდნენ, მაგრამ რომ დავიბადე, ეს უკვე გამართლება იყო. გამიმართლა ბებიებში, მამიდაში, რომელიც ემიგრაციაში იყო და მაინც დიდი ენერგია ჩადო ჩემს აღზრდაში, მეუფე სერაფიმეს რომ შევხვდი და ასე შემდეგ. და, გამიმართლა მეგობრებსა და ჩემს ოჯახში. კიდევ ვამბობ, ჩემი ცხოვრების გზა არაერთგვაროვანია, რადგან განსაცდელები, წვალება, შრომა, ასვლა ზევით, ისევ დაბლა ჩამოსვლა – ეს ყველაფერი მახლდა თან. ურთულესი ცხოვრების უღელტეხილი გადავიარე, ხან მთაზე ვიყავი, ხან მწვერვალზე, ხან მეცხრე ცაზე და ხან დანარცხებული. ასე რომ, ძალიან საინტერესო ცხოვრება გამოვიარე იმ ადამიანებთან ერთად, ვინც ამ ცხოვრების გზაზე მხვდებოდნენ, სწორი სავალი დამანახვეს და მაჩვენეს საით წავსულიყავი.

– მახსოვს, როცა შენ და ხათუნა ჟორდანიამ ოჯახი შექმენით, დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა თქვენს დაოჯახებას. ბევრი იმასაც ამბობდა, დიდხანს ვერ გასტანს მათი სიყვარული და ოჯახი მალე დაინგრევაო. თუმცა, უკვე ოცი წელია, ერთად ხართ და ახლა რას ეტყვი მათ, ვისაც ეჭვი ეპარებოდა თქვენს გულწრფელ სიყვარულში?

– მე და ხათუნა, ოცი წელია, ერთად ვართ და ამ ადამიანში ძალიან გამიმართლა. ძალიან ბევრი რამ მომცა ხათუნასთან თანაცხოვრებამ – გამოცდილება, ცხოვრების სხვა ეტაპზე გადასვლა. თუმცა, მე შემდგარი ვიყავი, ჩემი ცხოვრება მქონდა. ჩვენს შორის იყო გულწრფელი სიყვარული და დღემდე ასეა. ასე რომ, ჩემი ოჯახი ჩემი ჯავშანია. კარგად მახსოვს, რასაც ამბობდნენ ჩვენს დაოჯახებაზე და სიმართლე გითხრათ, არ ვაქცევდი ყურადღებას. საერთოდ არ მიყვარს ადამიანების განკითხვა, სხვა ადამიანის პირადში ჩარევა. ვერ იპოვით შოუ-ბიზნესში ადამიანს, ვიზეც ცუდად მიჭორავია. შეიძლება, მეხუმრა, მაგრამ არ ვარ ადამიანი, ვისაც სხვისი ცხოვრება და მათი თეთრეული აინტერესებს. არავის არაფერს ვეტყვი, ღმერთმა შეუნდოთ ის, რასაც ცუდს ლაპარაკობდნენ და არასწორად პროგნოზირებდნენ ჩემი და ხათუნას შეუღლებაზე. არ მინდა, ვინმეს ცუდი ვუსურვო, მინდა, ყველა კარგად იყოს. ზოგადად, ეს ქართველების პრობლემაა – ბევრს ვლაპარაკობთ სხვებზე, ბევრ დროს ვხარჯავთ სხვის განკითხვაში, ჭორაობაში, სხვისი ოჯახური ამბების განქექვაში და ბევრს ვაკლებთ ჩვენს ცხოვრებას. სჯობს, ყველამ საკუთარ განვითარებაზე, საკუთარი საქმის კეთებაზე, ერთმანეთის გატანასა და საკუთარი ქვეყნის მსახურებაზე ვიფიქროთ. სხვათა შორის, მე რომ თბილისში ჩამოვედი, მაშინ სულ სხვა ურთიერთობები იყო. იყო მეტი პატივისცემა, კაცობა, სიტყვა, ერთმანეთთან მისვლა-მოსვლა. ახლა ის თბილისი აღარ არის. რომ ვფიქრობ, ნამდვილად ბედნიერი კაცი ვარ. 25 დეკემბერს, ქრისტეშობას, 47 წლის გავხდი და ამ დღეს დაბადებული ადამიანები, ზოგადად, იღბლიანები არიან. მთელი ჩვენი ცხოვრება ერთი დიდი გამოცდაა და უფლის მადლობელი ვარ ყველა წარმატებისა თუ გასაცდელისთვის, ოჯახისთვის და მეგობრებისთვის. როგორ შეიძლება, არ ვიყო მადლობელი, აქამდე რომ მოვედი, ვარ ჯანმრთელი, ლუკმაპურის ფული არ მაკლია, რეალიზებული ვარ და თუ ჩემს ცხოვრებას რამეს დავუშავებ, ჩემი ბრალი იქნება. ყველა ადამიანი დიდ გამოცდას ვაბარებთ, სანამ სამარადჟამო სასუფეველში წავალთ. მე ჩემი სულიერი სამყარო მაქვს და იქ, სადაც უფალია, მადლია და სიკეთე, ღმერთი გატარებს ადამიანს სწორ გზაზე. სირთულეების არ უნდა შეგეშინდეთ, როგორც რკინა იწრთობა ცეცხლში, ასე ვართ ჩვენც და იმ მომენტში ყველაზე ახლოს ვართ უფალთან. ასაკთან ერთად გამოცდილებაც მოდის და უნდა შეგვეძლოს იმ რთული მომენტების ღირსეულად გავლა.

– რამდენჯერ მოგიწია ცხოვრების თავიდან დაწყება?

– ძალიან ბევრჯერ – გადატანითი და პირდაპირი მნიშვნელობითაც. სანამ ცოლს მოვიყვანდი, ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდი და სამჯერ გამქურდეს, დამტოვეს ერთი ხელი ტანსაცმლით, რაც მეცვა. ერთხელ მე და პაატას საკონცერტო ფორმებიც კი მოგვპარეს. წაქცეული ბევრჯერ წამოვდექი ფეხზე და ამაში დიდი როლი ითამაშეს იმ ადამიანებმაც, ვინც ჩემ გვერდით იყვნენ. სიკვდილისთვისაც ჩამიხედავს თვალებში. არაერთხელ მოვხვდი ავარიაში და მათ შორის, პირველი მანქანა რომ ვიყიდე, ნასვამი დავჯექი საჭესთან, ავარია მომივიდა და იქაც ადამიანები დამეხმარნენ ღმერთის ხელით და გადავრჩი.

– ქალიშვილებს მამებთან განსაკუთრებული ურთიერთობები აქვთ. როგორი მამა ხარ?

– ანასტასია 19 წლის არის, ძალიან კარგი შვილი მყავს, თუმცა როგორი მამა ვარ, მას უნდა ჰკითხოთ. არ მიყვარს ჩემს თავზე საუბარი, მაგრამ გეტყვით, რომ არ მგონია, რომ ცუდი მამა ვარ. თუმცა, შეიძლება, უკეთესიც ვიყო. არ უყვარს საჯაროობა, არის მშვიდი, წყნარი, თავისი ნიჭით ჩააბარა და მაღალი ქულებით საჯარო სკოლიდან გადავიდა ზალდასტანიშვილის სკოლაში. შემდეგ, თავად მოინდომა უცხოეთში სწავლა, მოიპოვა ინგლისის მთავრობის 80-პროცენტიანი დაფინანსება, გადავიდა ინგლისში, ორი წელი ისწავლა და იქ დაამთავრა სკოლა. ძალიან დამოუკიდებელი გოგოა. ახლა საქართველოშია, პრაქტიკულ საქმიანობას ეწევა ერთ-ერთ კომპანიაში. მომავალ წელს დაგეგმილი აქვს, უნივერსიტეტში ჩააბაროს, რომელიმე უცხო ქვეყანაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №2

12-18 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი