შოუბიზნესი

ზურა ბალანჩივაძე: თბილისის გალავნის ნაწილი ყალბია

№30

ავტორი: ნინო კანდელაკი 22:00 01.08

ზურა ბალანჩივაძე
დაკოპირებულია

ზურა ბალანჩივაძემ, რომელსაც რამდენიმე პროფესიით ვიცნობთ, მრავალფეროვან აქტივობებს კიდევ ერთი დაუმატა. ბოლო პერიოდში, ის საკუთარი სოციალური ქსელებიდან გვიზიარებს ვიდეოებს, სახელწოდებით – „თბილისის ტური“, რომლებითაც დედაქალაქის შესახებ ბევრ საინტერესო ისტორიას მოგვითხრობს.

ზურა ბალანჩივაძე: ექვსი წელია, გიდი ვარ. „თბილისის ტურის“ სახელწოდებით ვიდეოების გადაღება შარშან დავიწყე და საკუთარ „ტიკ-ტოკზე“ ვაქვეყნებდი. როცა „ინსტაგრამზეც“ გახდა შესაძლებელი, ეს სივრცეც ავითვისე. ჩემი მიზანია, ავამაღლო საზოგადოების ინფორმირებულობა გარკვეულ თემებთან დაკავშირებით, რომელიც მე ვიცი. ყველაფრის თავი და თავი ხომ რაღაცების არცოდნაა?! გიდის პროფესია მუდმივ კვლევასა და ახლის ძიებას მოიცავს და ამ პროცესში რასაც ვიგებ და რაც ვიცი თბილისის შესახებ, იმას ვუყვები ჩემს გამომწერებს, რომელთა რაოდენობაც საკმაოდ დიდია. შეიძლება, ცოტა ზედაპირულადაც ვყვები, იმიტომ, რომ ადამიანები სიღრმისეულ ვიდეოებს ნაკლებად უყურებენ – ეს ერთი და მეორე, სიღრმისეულ ვიდეოს მეტი დრო სჭირდება და ამ ქსელების ალგორითმი ბევრს არ აჩვენებს. ამიტომ, მირჩევნია, მოკლე დროში ჩავეტიო. რეალურად, ეს არის ინტერესის გაღვიძების მცდელობა და ძალიან მიხარია, როდესაც გამომწერებისგან საინტერესო საპასუხო რეაქციას ვიღებ. უკმაყოფილოებიც არიან, მაგრამ ამის ისეთი მიზეზები აქვთ, ვხვდები, რომ რეალობას არიან აცდენილები.

– ჩვენს მკითხველსაც გავუზიაროთ რამდენიმე ისტორია. დავიწყოთ სულ ახალი ამბით...

– კი, ბატონო. ცოტა ხნის წინ, მელიქიშვილის რეაბილიტაციისას, ფილარმონიის წინ, კედელი აღმოაჩინეს, რომელმაც განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. მისი ზუსტი მდებარეობის განსასაზღვრად მელიქიშვილისა და კოსტავას გამზირების შესართავი ავიღოთ. მეცხრამეტე საუკუნეში ერთს წყნეთის, მეორეს ოლგას ქუჩა ერქვა. გასაბჭოების შემდეგ, ოლგას ქუჩას ლენინის სახელი დაერქვა. ზუსტად ამ ადგილას, სადაც დღეს, ფილარმონიის წინა, მიწისქვეშა ჩასასვლელია, 1928 წელს კოოპერატორთა სახლი „ალიონი“ აიგო, თუმცა 1960-იანი წლების მეორე ნახევარში, ეს და კიდევ რამდენიმე შენობა აიღეს და ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი ააგეს. არსებობს უნიკალური ფოტოები, რომლებზეც ეს შენობები ჯერ კიდევ ერთად დგას. ანუ, „ალიონი“ ზედ მიწისქვეშა ჩასასვლელთან იდგა, თუმცა, აღმოჩენილი კედელი მას არ ეკუთვნის. ეს სახლი დღევანდელი 51-ე სკოლის მხარეს იყო, თუმცა, უფრო წინ, რადგან მელიქიშვილის გამზირი, მაშინ უფრო ვიწრო იყო და მხოლოდ 30-იან წლებში გააფართოეს. ამიტომაცაა, რომ მთელ სიგრძეზე თითქმის ყველა შენობა სტალინური კორპუსებით არის ჩანაცვლებული. დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ 1898 წელს ეს სახლი ეკუთვნოდა ვინმე მახათაძეს და დიდი ალბათობით, აღმოჩენილი აგურის კედელი სწორედ მისი საძირკვლის ნაშთებია.

– დღეს შენს გვერდზე პოპულარული შენობების ისტორიებიც შემხვდა.

– საქმე ისაა, რომ დღევანდელი „ბილტმორის“ შენობაში, ადრე მარქსიზმი, ლენინიზმი და სტალინიზმი ისწავლებოდა. 1933 წელს, ლავრენტი ბერიას ინიციატივით, მარქს-ენგელს-ლენინ-სტალინის ინსტიტუტის შენობის პროექტზე დახურული კონკურსი ჩატარდა. გაიმარჯვა რუსი არქიტექტორის, ალექსეი შუსევის პროექტმა. მასვე ეკუთვნის ლენინის მავზოლეუმი კრემლში. ინსტიტუტის მშენებლობა 1934 წელს დაიწყო. ეს შენობა იყო სამხრეთ კავკასიაში პირველი საზოგადიებრივი ნაგებობა, რომლის ასაგებად ახალი სამშენებლო მასალა – არმირებული პემზობეტონი გამოიყენეს. მშენებლობა ოთხი წლის განმავლობაში გრძელდებოდა და 1938 წელს დასრულდა. რადგან 1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას მალევე მოჰყვა სამოქალაქო ომი და პარლამენტი დაიწვა, საქართველოს საკანონმდებლო ორგანო 1992-1995 წლებში სწორედ აქ მუშაობდა. ზუსტად ამ შენობის დარბაზში, ეგრეთ წოდებულ, „ამფითეატრში“, 1995 წელს მიიღეს დამოუკიდებელი საქართველოს კონსტიტუცია. რამდენიმე წლის წინ ეს შენობა გაიყიდა და სასტუმროდ გადაკეთდა. ისტორიული დარბაზი – „ამფითეატრი“ დღეს რესტავრირებულია და მისი პირვანდელი სახისთვის დამახასიათებელი ჭერი და იატაკიც შენარჩუნებული აქვს.

– ცირკისა და გმირთა მოედნის შესახებ რა შეგვიძლია, მოვყვეთ?

– საკმაოდ საინტერესო ამბები. ცირკის ორივე მხარეს არსებული ქვის მოპირკეთება, რომელიც ალბათ, ყველას გვაქვს შემჩნეული, საფლავების ქვებით არის შესრულებული. თუ ამ ქვის ფილებს კარგად დააკვირდებით, მასზედ წარწერებს აღმოაჩენთ. ვერის სასაფლაოსა და ხოჯევანქის სომხური სასაფლაოს ქვები მოხსნეს, დაამუშავეს და შემდეგ ამ ადგილის მოსაპირკეთებლად გამოიყენეს. ეს ამბავი 1934 წელს მოხდა. ბერიამ გამოაცხადა, გადაესვენებინათ ვერის სასაფლაოს მიცვალებულები. ნაწილი გადაასვენეს, ანუ, ვისაც პატრონი ჰყავდა და ნაწილი დაიხურა. ამის შემდეგ, საფლავის ქვები ქუჩების მოსაპირკეთებლად გამოიყენეს.

საინტერესოა ისიც, რომ გმირთა მოედანს, ეს სახელი საბჭოთა გმირების გამო დაერქვა, თუმცა ძალიან ბევრს ჰგონია, რომ თანამედროვე გმირების პატივსაცემად ჰქვია, მაგრამ რეალობა სხვაგვარია. ამ მოედნის ფორმირებაც 1934 წელს მოხდა და ამ ტერიტორიას მაშინ დაერქვა გმირთა მოედანი. ეს სახელი უკავშირდება საბჭოთა კავშირის პირველ გმირებს. ისტორია კი ასეთია: გემ „ჩელიუსკინის“ ეკიპაჟის 104-ვე წევრი გადაარჩინეს მფრინავებმა და სწორედ ეს მფრინავები გახდნენ პირველი საბჭოთა გმირები. კონტექსტი შეგვეცვალა, მაგრამ გმირები დაგვრჩა. დღეს ამ მოედანს ისევ გმირთა მოედანი ჰქვია, მაგრამ ამჯერად საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მოედანი.

– რა შეგვიძლია ვთქვათ თბილისის ისტორიული გალავნის შესახებ?

– ნაკლებად ვიცით ისიც, რომ თბილისის გალავნის ნაწილი ყალბია. თბილისის გალავნის ისტორია მეხუთე საუკუნიდან, ანუ იმ პერიოდიდან იწყება, როცა დაჩი უჯარმელმა მამის, ვახტანგ გორგასლის ანდერძი აღასრულა და ტახტი მცხეთიდან აქ გადმოიტანა. მას შემდეგ დედაქალაქის გალავანი პერიოდულად იზრდებოდა და პიკს „ოქროს ხანაში“ მიაღწია. დავითისა და თამარის დროს ის დღევანდელი ორთაჭალიდან თავისუფლების მოედნამდე აღწევდა, რომელსაც თითქმის მთელ სიგრძეზე გასდევდა ნარიყალას ციხესიმაგრე. თბილისის გალავანს რამდენიმე კარი ჰქონდა: აბანოს – ანუ სეიდაბადის, განჯის – ანუ ციხის, კოჯრის – ანუ ზემო, დიღმის – ანუ შუა, წყლის – ანუ მუხრანის, ავლაბრის და მცირე. გალავნის უდიდესი ნაწილი აღა-მაჰმად ხანის მიერ თბილისის აოხრებას შეეწირა. დანარჩენი კი რუსეთის იმპერიის დროს დაანგრიეს, ან სახლებში ჩაიმალა და ძველ ფოტოებზე ამიტომაც არ ჩანს. მხოლოდ 1970-იანი წლების ბოლოს, არქიტექტორმა შოთა ყავლაშვილმა ბარათაშვილის ქუჩაზე მოხსნა გალავანს მიშენებები და თბილისის გალავნის სიმბოლური სახე შექმნა. მან სპეციალურად დააპროექტა გალავნის ეს ნაწილი, რომ ქალაქში გვქონოდა ერთ-ერთი კარიბჭის, კერძოდ „წყლის კარის“ ანაბეჭდი.

– ერთი შეხედვით, უწყინარ, თუმცა უმძიმესი ისტორიის შენობებზეც უყვებოდი გამომწერებს...

– პარლამენტის უკან, ინგოროყვა-ჩიტაძის ქუჩების კვეთასთან დგას, ერთი შეხედვით, უწყინარი შენობა, რომელშიც ათასობით ადამიანს გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი, რადგან სწორედ აქ იყო განთავსებული „ჩეკა“. „ჩეკა“, ანუ საგანგებო კომისია, 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ შექმნა ლენინმა და მმართველობა ფელიქს ძერჟინსკის ჩააბარა. ეს იყო საბჭოთა კავშირის უსაფრთხოების კომიტეტი, რომელსაც კონტრრევოლუციონერები უნდა ედევნა და ჩამოეყალიბებინა საბჭოთა მილიცია. ამ ორგანიზაციამ სახელი არაერთხელ შეიცვალა და საბჭოთა კავშირის დაშლამდე „კაგებედ“ იწოდებოდა. ლავრენტი ბერიამ კარიერა სწორედ საქართველოს „ჩეკას“ ხელმძღვანელობით გაიკეთა. სწორედ ამ შენობაში, ანუ ჩეკას კედლებში დაკითხავდნენ და აწამებდნენ ათასობით ადამიანს, რომელთა შორის იყვნენ, მწერალი მიხეილ ჯავახიშვილი, მხატვარი დიმიტრი შევარდნაძე, თეატრის მხატვარი პეტრე ოცხელი, რეჟისორი სანდრო ახმეტელი, დირიჟორი ევგენი მიქელაძე, გენერალი გიორგი მაზნიაშვილი და სხვები. „კაგებეს“ ჩამოყალიბების შემდეგ, სისტემამ საქმიანობა სხვაგან განაგრძო. უმძიმესი ისტორიების მქონე ეს ადგილი, დღეს თბილისის ერთ-ერთი ცუდად მოვლილი სახლია..

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №32

8-14 აგვისტო

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 8 - 14 აგვისტო