ზურა ბალანჩივაძე: სიზარმაცე ძალიან დიდი ნარკოტიკია
ავტორი: ქეთი კაპანაძე 16:00

იღბალი და შრომისმოყვარეობა – რომელს რა წვლილი მიუძღვის ზურა ბალანჩივაძის ცხოვრებაში, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
ზურა ბალანჩივაძე: ვინაიდან იღბალი მეცნიერულად არ განიზომება, არ ვიცი, იღბლიანი ვარ თუ არა. ჩემს ცხოვრებაში არის რაღაცები, რაც შეიძლება, იღბალს მივაწერო, მაგრამ რეალურად ყველაფრის უკან შრომა დგას. ამიტომ არ ვიცი, რა იქნება ზუსტი პასუხი კითხვაზე – ვარ თუ არა იღბლიანი.
ჩემს ცხოვრებაში არ მომხდარა მოულოდნელი აფეთქება, ორი წამი რომ გიცვლის ცხოვრებას, ასეთი არაფერი მახსენდება, ამიტომაც იღბლის თემა თითქოს, უფრო უცხოა ჩემთვის. ყველაფერი, რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება, ვფიქრობ, რომ შრომასთან და უფრო მეტად, ლოგიკასთან არის დაკავშირებული. იღბალი ხანდახან ალოგიკურია, ლოგიკის ფარგლებში არ განიზომება. ამის მიუხედავად, ვიტყვი, რომ „ნიჭიერის“ თემა იღბალიც არის. ბოლომდე ჩემი იღბალიც არ ყოფილა, მე არ ვარ ამ პროექტის გამარჯვებული, უბრალოდ, ჟიურის მოვეწონე და ამ ნაწილში კი, იღბლიანი აღმოვჩნდი. რაღაც მხრივ, მჯერა იღბლის, მაგრამ ისე, რომ იღბლიანი ვარ-მეთქი, ვერ ვიტყვი. თუ რამეს ვიღებ, შესაბამის შრომასაც გავცემ.
– რისთვის იშრომე ყველაზე მეტი?
– სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა მიზნისთვის. მაგალითად, ეროვნული გამოცდის ჩასაბარებლად; სხვა, საკმაოდ რთული გამოცდებისთვის, რასაც არაერთი ღამის გათენება დასჭირდა; რთული კლასიკური ნაწარმოების მომზადებისას, რასაც თვეები სჭირდებოდა; როდესაც ტელეჟურნალისტი გავხდი, პირდაპირი ეთერის სპეციფიკის სწავლისთვის – ამისთვის ბევრ რამეზე ვთქვი უარი, ბევრ პროექტს ჩავეხსენი. რაც მიმაჩნია, რომ ჩემია, ვიღებ და მისთვის ბევრს ვაკეთებ. გარდა ამისა, როცა წინათგრძნობა მაქვს, რომ გამომივა, ამ შემთხვევაშიც ბევრს გავაკეთებ. ხანდახან შეიძლება, ჩანდეს, რომ ერთი შეხედვით, უსარგებლო ნივთს ყიდულობ ან ძვირს იხდი რაღაც კონკრეტულში, ან აკეთებ საქმეს, რაც იმწუთას შედეგს არ მოიტანს, მაგრამ სხვა თუ არაფერი, ამ ნაბიჯებს ჩემნაირი ადამიანისთვის მოაქვს თვითრწმენა, თვითკმაყოფილება, რაც მე იმ მომენტში ფსიქოლოგიურად იმ დონეზე ამწევს, რომ შემდეგ ეს მომცემს მოტივაციასაც და ძალასაც სხვა რამის გასაკეთებლად. ამიტომ ჩემ მიერ გაღებული ენერგია თუ თანხა, უბრალოდ, იმისთვის მჭირდება, რომ ეს ჩემთვის ემოციური წამალი იყოს. ეს ემოციური წამალი მერე ახალ საფეხურზე ასვლაში მეხმარება. ამ გზით ჩემს მიზნამდე მისასვლელ კიბეს ავაწყობ ძალიან ჩქარა. უბრალოდ, ეს დამოკიდებულებაში არ გადამდის და ამით რაღაცების გამართლებას არ ვცდილობ.
– ინტუიცია ახსენე, გეხმარება ეს ცხოვრებაში?
– ამას შეიძლება, ინტუიცია დავარქვა, შეიძლება – წინასწარი განცდა ან შფოთვა. მაგალითად, რომ დღეს შეიძლება, ზეგინდელზე ვშფოთავდე და დღეს მოვაგვარო რაღაცები, რომ ზეგ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს და არ გამიჭირდეს. შესაძლოა, ეს უფრო წინდახედულებაა და არა ინტუიცია. უბრალოდ, ვცდილობ, სულ ტონუსში ვიყო და მზად. თუ გამართლდება, თუ სწორად დავიჭირე თადარიგი, პოსტფაქტუმ ვიგებ, რომ ინტუიციაა. დღეს ისეთ გიჟურ ატმოსფეროში ვცხოვრობთ, მუდმივად მზადყოფნაა საჭირო და ეს ინტუიციასთან იგივდება, თორემ გადასარევი ინტუიცია მაქვს-მეთქი, ვერ ვიტყვი. ყოფილა შემთხვევები, რომ მართლა სასწაულად „გამირტყამს“, მაგრამ ძირითადად, მაინც უფრო ლოგიკით მივდივარ. ემოციაც მუდმივად მახასიათებს, მხოლოდ ერთს არ ვეყრდნობი, ხან ემოცია უფრო სწორად მკარნახობს, ხან – ლოგიკა. მთავარია, სწორი არჩევანი გავაკეთო და იმას დავეყრდნო, რომელიც უფრო სწორად მკარნახობს. საერთოდ, ეს მგონია ადამიანის გამოწვევა. მერე უკვე შედეგით განისაზღვრება, ადამიანმა შეცდომა დაუშვა თუ არა.
– არის რამე ისეთი, რაშიც თავს უიღბლოდ მიიჩნევ, სცადე და არ გამოვიდა?
– ხანდახან გული მწყდება, რომ მანქანის მართვა არ ვიცი. ადრე ვცადე, მაგრამ მაინცდამაინც არ მიყვარდა ეს საქმე და დიდი რესურსიც არ ჩამიდევს. უბრალოდ, ადრე ადამიანი სიყვარულის გამო იწყებდა მანქანის მართვას და ახლა საჭიროების გამო.
– როდის აძლევ თავს სიზარმაცის უფლებას და ან როდის გძლევს ეს მომენტი?
– სიზარმაცე – არა, უფრო პროკრასტინაცია, ანუ საქმის გადადებაა. როდის? როცა ძალიან გამოფიტული ვარ ემოციურად და ვხვდები, რომ რესურსი არ მაქვს. ხანდახან შეიძლება, ერთი წინადადება მქონდეს დასაწერი და ვერ დავწერო, ის შინაგანი სისავსის შეგრძნება არ მქონდეს, რომ ონკანს თავი მოვხსნა და თქრიალით წამოვიდეს. თუ დედლაინი არ მიჭერს და ემოციურად დაცლილი ვარ, მაშინ შეიძლება, გადავდო საქმის გაკეთება და საჭირო მომენტში ვმობილიზდე. ზოგადად, როცა დედლაინის ვადა იწურება, ავტომატურად მეძლევა ენერგია. მგონი, ეს ქართველების სენია. ბოლო წუთას ვიცით საქმის გაკეთება. ერთია, რომ ვიცით და მეორეა, რომ უნდა შეგვეძლოს. მე ხშირად დავკვირვებივარ, რომ ბოლო წუთას მომსვლია ყველაზე მაგარი იდეა. თავს არ ვიმართლებ, მაგრამ ხანდახან გამიგზავნია რაღაცის პასუხი, მაგრამ მერე უფრო მაგარი იდეა მომსვლია თავში და მერე მინანია, რომ გაგზავნა ვიჩქარე. სიზარმაცის მეშინია, ჩემი აზრით, სიზარმაცე ძალიან დიდი ნარკოტიკია. რადგანაც მე მარტო ვცხოვრობ და პასუხისმგებლობები მაქვს, მათ შორის, იპოთეკა, სიზარმაცის უფლება არ მაქვს. შინაგანად ეს განცდა ყოველთვის ჩართულია მაღვიძარასავით და ამით ვიცხოვრებ, მინიმუმ, კიდევ რამდენიმე წელი, სანამ იპოთეკას არ დავასრულებ (იცინის).
– რთულ და წარუმატებელ პერიოდებში რა გეხმარება, რომ შემართება არ დაკარგო და ბრძოლის ძალა გქონდეს?
– მაგ დროს ვცდილობ, პირველ რიგში, დავმშვიდდე, ემოციებს არ ავყვე. წარმოვიდგინო, რომ ეს ახლა კი არ ხდება, უკვე მომხდარია და თითქოს, ვაანალიზებ. რამდენად გამომდის, არ ვიცი, მაგრამ ვცდილობ. ვცდილობ, მოვიწესრიგო ძილი, ნაკლებად მივიღო ნეგატიური დამსტრესავი ინფორმაცია, მოვუსმინო მეტ დამამშვიდებელ მუსიკას, რომ ცოტა ხნით მაქსიმალურად შევამცირო ემოციური ფონი. სოციალურ ქსელებში ახალ ამბებს აღარ ვეცნობი, უფრო ვუსმენ პოდკასტებს ისტორიაზე, კულტურაზე, ხელოვნებაზე. ვცდილობ, დაცლილი ბატარეა ავივსო. როცა ამას ვაკეთებ, მერე უკვე შემართებაც მოდის. თუ რამე მიგდებს ბრძოლის უნარს, ეს არის ემოციური გადაღლილობა, სტრესი. ამ გზით ვცდილობ, ვუმკურნალო საკუთარ თავს და ამოვიკერო ეს ემოციური ჭრილობები. შეიძლება, მთელი დღე ვიწვე და თუ არ მეძინება, პოდკასტებს მოვუსმენ, თან დავისვენებ, თან საინტერესო ინფორმაციას მივიღებ, რა თქმა უნდა, არადრამატულ თემაზე, რაც გამომადგება და არ დამსტრესავს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან